ახალი ზელანდია


ახალი ზელანდია მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ორ დიდ (რომლებსაც უწოდებენ ჩრდილო კუნძულსა და სამხრეთ კუნძულს) და მრავალ პატარა კუნძულზე. ქვეყანა აგებულია კონსტიტუციური მონარქიისა და დემოკრატიული პარლამენტის პრინციპზე და შედის განვითარებული ქვეყნების სიაში.

კონტინენტებისგან დაშორების გამო ახალი ზელანდია ერთ-ერთი ბოლო ტერიტორია იყო, რომელიც ადამიანებით დასახლდა. იზოლაციის გამო ქვეყანა გამოირჩევა როგორც ცხოველების, ისე მცენარეების მრავალგვარობითა და უნიკალური სახეობებით. ამ მხრივ განსაკუთრებით თვალში საცემია ფრინველების მრავალფეროვნება, რომელთა დიდი ნაწილი გადაშენდა ადამიანების ჩამოსვლისა და სხვადასხვა მტაცებელი ცხოველების შემოყვანის შედეგად. რბილი საზღვაო კლიმატის გამო კუნძულები ძირითადად ტყით იყო დაფარული. ქვეყნის ცვალებადი ტოპოგრაფია და მთიანი არეალები ხმელეთის ტექტონიკური გადაადგილებისა და ვულკანური აქტიურობის შედეგია.

1250-1300 წლებში ახალ ზელანდიაში პოლინეზიელები ჩავიდნენ და შექმნეს უნიკალური მაორის კულტურა, ხოლო ევროპელების პირველი სტუმრობა 1642 წელს ფიქსირდება. ადრეულ მე-19 საუკუნეში აქ კარტოფილი და მუშკეტები შემოიტანეს, რამაც ხალხში დიდი სოციალური ცვლილება გამოიწვია, შემდგომში კი ბიძგი მისცა ტომებს შორის ომსა და დაპირისპირებას (1807-1842 წწ). 1840 წელს ბრიტანეთისა და მაორის მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულება, რამაც ტერიტორია დიდი ბრიტანეთის იმპერიის კოლონიად აქცია. გაიზარდა ემიგრანტების რაოდენობა, რამაც დაპირისპირების ახალი ტალღა წარმოშვა და გადაიზარდა ახალი ზელანდიის ომში (1845-1872 წწ).

ეკონომიკურ უკუსვლას პოლიტიკური რეფორმები მოჰყვა. 1890-იანებში ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. 1930-იანებში მთავრობამ ძირითადად პრიორიტეტად მოსახლეობის კეთილდღეობა დაისახა, რის შედეგადაც 1950-იანებში ახალი ზელანდია გამოირჩეოდა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონით, მაგრამ 70-იანებში სიტუაცია გაუარესდა. 80-იანებში ქვეყანამ განიცადა სერიოზული ეკონომიკური ცვლილებები, რამაც აქცია ის ლიბერალურ, თავისუფალი ვაჭრობის მომხრე ძლიერ ქვეყნად.

ამჟამად ახალ ზელანდიაში თანამედროვე, განვითარებული და აყვავებული საბაზრო ეკონომიკაა. ეროვნული ვალუტაა ახალ ზელანდიური დოლარი, რომელსაც ასევე უწოდებენ ,,კივის დოლარს”. 2011 წელს ადამიანური განვითარების ინდექსის მაჩვენებლით ქვეყანა მეხუთე ადგილზე იყო, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით – მეოთხეზე. დემოკრატიული ინდექსი 9.26-ს შეადგენს, რაც მას მეხუთე ადგილზე აყენებს (ჩამორჩება მხოლოდ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან ნორვეგია, ისლანდია, დანია, შვედეთი). Global Peace Index-მა ახალი ზელანდია აღიარა რიგით მეორე ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად ისლანდიის შემდეგ.

2011 წლის დეკემბრის მონაცემით, უმუშევართა წილი მოსახლეობის 6.3%-ია. 18 წლის ან უფრო ხნიერი ადამიანებისთვის მინიმალური ხელფასი შეადგენს საათში 11 აშშ დოლარს, ხოლო 16-17 წლისთვის – 8.7 აშშ დოლარს. 70-იან წლებში არსებული კრიზისის გამო ბევრმა ახალ ზელანდიელმა საზღვარგარეთს მიაშურა, ძირითადად ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს. ამჟამად კვალიფიცირებული მუშაკების მეოთხედი სხვადასხვა ქვეყნებშია განაწილებული, რაც პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით უდიდესია განვითარებულ ერებს შორის. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ სერიოზულ წარმატებას მიაღწია ბევრ დარგში, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ბოლო წლებში ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან აქ ბევრი პროფესიონალი ჩამოდის.

მოსახლეობაში უდიდესი წილი ევროპელებზე მოდის, ეთნიკური უმცირესობიდან კი ყველაზე მრავალრიცხოვანი მაორელები არიან. ახალი ზელანდიის კულტურის განვითარებაში უდიდესი წვლილი მაორის ხალხსა და ადრეულ ევროპელებს მიუძღვით. დღევანდელობაში ბევრი მხატვარი თავის შემოქმედებაში აერთიანებს ისტორიულ კულტურასა და დასავლურ ელემენტებს, რის შედეგადაც უნიკალურ ნიმუშებს ქმნის.

 
 

ფაქტები ახალ ზელანდიაზე

● მთავრობა: საპარლამენტო დემოკრატია/კონსტიტუციური მონარქია

● მონარქი: ელისაბედ II

● მოსახლეობა: 4.4 მილიონი

● ეთნიკური ჯგუფები: 78% ევროპელი, 14.6% მაორის ტომელი, 9.2% აზიელი, 6.9% წყნარი ოკეანის ხალხი (მოსახლეობის გარკვეული კატეგორია თავს ერთზე მეტ ჯგუფს მიაკუთვნებს, ამიტომ პროცენტთა ჯამი 100-ზე მეტია)

● დედაქალაქი: ველინგტონი

● უდიდესი ქალაქი: ოკლენდი

● ფართობი: 268 680 კმ²

● ოფიციალური ენები: ინგლისური (98%), მაორული, ახალ ზელანდიური ნიშნების ენა

● მთავარი რელიგია: ქრისტიანობის სხვადასხვა შტოები (53.6%), ასევე მაღალია არარელიგიურ/ურწმუნოთა რიცხვი (34.3%). 1996 წლიდან მოყოლებული სტატისტიკით, რელიგიურ ადამიანთა რიცხვი კლებულობს, არარელიგიურთა რაოდენობა კი იმატებს.

● სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა: 78 წელი მამაკაცებისთვის, 82 წელი ქალებისთვის

● ფულადი ერთეული: ახალ ზელანდიური დოლარი (1 აზდ = 84 აშშ ცენტს)

● ქვეყნის კოდი: +64

● დროშა: ლურჯ ფონზე მარცხენა ზედა კუთხეში დიდი ბრიტანეთის დროშაა, მარჯვნივ კი 4 ვარსკვლავი, რომლებიც სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედს გამოხატავენ.

● გერბი: ფარი რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილში 4 ვარსკვლავია, რომლებიც, ისევე როგორც დროშის შემთხვევაში, სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედს გამოხატავენ. მეორე ნაწილში ოქროს ცხვრის ტყავია, რაც ფერმერულ მეურნეობაზე მიგვანიშნებს. ხორბლის ძნა სოფლის მეურნეობის სიმბოლოა, ორი ჩაქუჩი კი – სამთამადნო საქმისა და მრეწველობის. ფარის ცენტრალურ ნაწილს თეთრი ვერტიკალური ზოლი გაჰყვება, სადაც 3 გემს ვხვდებით. ისინი ასახავენ საზღვაო ვაჭრობის მნიშვნელობასა და მოგზაურობის მოყვარული ახალი ზელანდიელების ბუნებას. ფარის მარჯვენა მხარეს მაორის ტომელი მეომარია, მარცხნივ კი – დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენელი.

 
 

ახალი ზელანდიის ფოტოგალერეა

კეთილი მწყემსის ეკლესია, სამხრეთის კუნძული


 

წმინდა სამების საკათედრო ანგლიკანური ტაძარი ოკლენდში


 

კენტერბერის მეჩეთი


 

ფრანც-იოსების მყინვარი, სამხრეთის კუნძული


 

საკათედრო ტაძრის მოედანი, ქალაქი ქრაისთჩერჩი


 

გეოთერმული პარკი, ქალაქი როტორუა


 

ფიორდლენდის ეროვნული პარკი


 

ფიორდლენდის ეროვნული პარკი


 

დელფინები ფიორდლენდის ეროვნულ პარკში


 

აბელ ტასმანის ეროვნული პარკი


 

ფიორდი სახელად ,,მილფორდ საუნდი"


 

პარაკაუნის ჩანჩქერები


 

ანაურას ყურე, გისბორნი


 

მდინარე ვაიაუ


 

ალმასის ტბა


 

კაჰურანგის ეროვნული პარკი


 

სეფტონის ტბა ირეკლება მიულერის მყინვარის ტბაში


 

ტარანაკის მთა, ეგმონტის ეროვნული პარკი


 

პაპაროას ეროვნული პარკი


 

მაორების მისალმების ჟესტი


Advertisements

One response to “ახალი ზელანდია

  1. Z E I T G E I S T 24/02/2012, 1:51 AM

    უი, აქ იყო გილაური, გავამოშიშვლებული კაცები რო დატანტალებდნენ მის წინ 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: