დღეს, 8 იანვარს, ყველაზე ცნობილ თანამედროვე ფიზიკოსს სტივენ უილიამ ჰოკინგს 70 წელი შეუსრულდა. გარდა პროფესიული მოღვაწეობისა, ჰოკინგი იმითაცაა ცნობილი, რომ მან შოკში ჩააგდო ექიმები და მოლოდინი სასიამოვნოდ გაუცრუა: 21 წლის ასაკში მას მოტორული ნეირონების დეგენერაციის ერთ-ერთი ფორმა, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი (ALS) დაუდგინეს და რამდენიმე წლის სიცოცხლე მისცეს. მაგრამ მას შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა და სტივენმა არამარტო ცხოვრება განაგრძო, არამედ თავისი ეპოქის ყველაზე წარმატებულ ფიზიკოსად იქცა, დაამტკიცა რა შავი ხვრელების არსებობა და სერიოზული აღმოჩენები გააკეთა ადრეული სამყაროს შესწავლის სფეროში.
ჰოკინგის პოპულარობამ ხელი შეუწყო მისი იდეების გავრცელებას არამარტო სამეცნიერო წრეებში, არამედ მთელ მსოფლიოში მეცნიერების მოყვარულთა თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანთა შორის. მისი წიგნი “დროის მოკლე ისტორია” ბესტსელერად იქცა და 10 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მეცნიერს ეპიზოდური როლი მისცეს სერიალ “სიმპსონებსა” და “ვარსკვლავურ გზაში”.
დღეს საღამოს სტივენ ჰოკინგი კემბრიჯის უნივერსიტეტში გამართავს სახალხო ლექციას, რომელსაც “ჩემი მოკლე ისტორია” ერქმევა. მას შეუერთდებიან კოლეგები – ასტრონომიის სამეფო საზოგადოების წევრი, ბრიტანელი კოსმოლოგი მარტინ რისი და გასული წლის ნობელის პრიზის ლაურეატი ფიზიკის დარგში საულ პერლმუტერი. საულმა რამდენიმე ფიზიკოსთან ერთად აღმოაჩინა ბნელი ენერგია – იდუმალი მატერია, რომელიც სამყაროს გაფართოებას უწყობს ხელს.
მარტინ რისის თქმით, ჰოკინგის 70-ე დაბადების დღის აღნიშვნა “არის შანსი, რომ მადლობა გადავუხადოთ მას იმ ღვაწლისთვის, რაც სამყაროს შესწავლასთან დაკავშირებით გაიღო, ასევე იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა, რომ მეცნიერული იდეები ფართო საზოგადოებაში პოპულარული გაეხადა. უპირველესად კი იმისთვის, რომ ის მილიონობით ადამიანის შთაგონებაა, რადგანაც უამრავი დაბრკოლების მიუხედავად ამდენს მიაღწია”.
სამეცნიერო მწერალმა კიტი გეილ ფერგიუსონმა, რომელიც არის ავტორი წიგნისა “სტივენ ჰოკინგი: მისი ცხოვრება და შრომები”, განაცხადა, რომ ჰოკინგი კოლეგებში ყოველთვის გამორჩეულია. “მას უყვარს თეორიული ანალიზი და ავანგარდში ყოფნა, ზოგჯერ განსაცვიფრებელ და შოკურ დასკვნებამდე მიდის ხოლმე, რითაც გარშემო ყველას აშინებს. შემდეგ კი მათემატიკური ანალიზით ამოწმებს, რამდენად სწორია მისი მიდგომა. ის გამოირჩევა თავისი შეუპოვრობით, გაბედულებითა და გულღიობით”.
ფერგიუსონის თქმით, მეცნიერის ბრძოლა დაავადებასთან მისი პიროვნებისა და ნებისყოფის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დეტალია.
“ყველაზე გასაოცარია ის ფაქტი, რომ მას შეუძლია ამ დაავადებით იცხოვროს, ამასთან კარგი ხასიათი და იუმორი აქვს. ჰოკინგი უბრალოდ კი არ იმარჯვებს დაავადებაზე, არამედ თითქოს დაავადება საერთოდ არ არსებობს.”
ამერიკელი თეორეტიკოსი ფიზიკოსი, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი პროფესორი და ჰოკინგის დიდი ხნის თანამშრომელი, კიპ თორნი ამბობს: “როცა სტივენმა ხელების გამოყენების უნარი დაკარგა და ქაღალდზე განტოლებების დაწერას ვეღარ ახერხებდა, მან მოახერხა და თავის თავში განავითარა არაჩვეულებრივი უნარი – რთული ფორმებისა და ტოპოლოგიების ზეპირად გააზრება დიდი სისწრაფით. ეს დაეხმარა მას, ეპოვნა გზები და ამოხსნები ფიზიკის უდიდეს პრობლემებზე, რაც სხვას არავის შეეძლო. რომ არა ეს ახალი უნარი, მას ალბათ არ ექნებოდა ასეთი მიღწევები”.
ხუთშაბათიდან მოყოლებული, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან მეცნიერები ბრიტანეთში იკრიბებიან, რათა დაესწრონ კემბრიჯში გამართულ 3 დღიან ლექციას, რომელიც სამყაროს მდგომარეობას ეხება. სემინარებზე განიხილება შავი ხვრელების თეორიული საზღვრები, ასევე კოსმოლოგიისა და ფუნდამენტური ფიზიკის საკითხები.
დღევანდელი ლექცია კი საჯარო იქნება. კიპ თორნი ისაუბრებს შავ ხვრელებზე, მარტინ რისი კი პლანეტებსა და მულტისამყაროზე, ხოლო საულ პერლმუტერი სტუმრებს მოკლედ გააცნობს სუპერნოვასთან და სამყაროს გაფართოებასთან დაკავშირებულ თანამედროვე შეხედულებებს. სტივენ ჰოკინგი 17:00 საათზე გამოვა სიტყვით (თბილისის დროით 21:00 სთ).
აღსანიშნავია, რომ მეცნიერმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალ “New Scientist”-ს მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ მრავალი პრობლემატური საკითხის გადაჭრის მიუხედავად, არსებობს ერთი საიდუმლო, რომელიც მისთვის დღემდე ამოუხსნელია – ქალები.