მოგზაურობას აპირებთ და ვერ გადაგიწყვეტიათ, საით გაეშუროთ? National Geographic-ის ჟურნალმა “Traveler” შეადგინა 20 პუნქტიანი სია 2012 წლის საუკეთესო ტურისტული წერტილების შესახებ. არჩევანი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია – ხორვატიის რომანტიკული გორაკებიდან ტაილანდის საუცხოო პლაჟებისკენ.
ისლანდიაში, სნაიფელსნესის ნახევარკუნძულზე, პირველყოფილ ლანდშაფტს წააწყდებით. ამ ადგილას შემორჩენილია გამყინვარების პერიოდის ბოლო სტადიის უკანასკნელი კვალი. ჩრდილო ატლანტის რეგიონში მდებარე კუნძული მშვენიერი ხეობების, უზარმაზარი ფიორდების, გასაოცარი ფრიალო კლდეების, შავქვიშიანი სანაპიროების, მქუხარე ჩანჩქერებისა და მდუმარე თეთრი მყინვარების სამყაროა. ბოლო პერიოდში მომხდარი ვულკანური ამოფრქვევები გვახსენებს, რომ ისლანდია ისევ ფორმირებას განიცდის და მუდმივად იცვლება ლანდშაფტი, რომელიც ისლანდიელებსაც კი არ აქვთ მთლიანად შესწავლილი.
სამხრეთ ანდამანის ზღვაში ტაილანდურ საუნჯეს წააწყდებით – ბოლო პერიოდში კო ლიპე თანდათან უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს და ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი პლაჟების სიაში წინაურდება. კუნძულამდე მისასვლელად ტრანსპორტის ერთადერთი გზა გემებია, რომლებიც გზაში გაივლიან ქალაქ კრაბსა და ახლომდებარე მალაიზიურ კუნძულ ლანგკავის. კო ლიპეს გარს არტყია გამჭვირვალე წყლები და უძველესი რიფები. კუნძული ტარუტაოს ეროვნული პარკის შემადგენელი ნაწილია და მის დაცულ წყლებში შეხვდებით ტროპიკული თევზების სახეობების 25%-ს.
გერმანიის ქალაქი დრეზდენი 1700-იან წლებში თავისი დიდების ზენიტში იყო. ამ პერიოდში საქსონიის მეფეები მთელ თავიანთ ქონებას ხარჯავდნენ, რათა მათი დედაქალაქი “ელბას ფლორენციად” ექციათ. მაგრამ 1945 წლის თებერვალში ბრიტანული და ამერიკული არმიის მიერ განხორციელებულმა ორდღიანმა დაბომბვამ დრეზდენის ცენტრის დიდი ნაწილი გაანადგურა, დახოცა ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დაახლოებით 70 წლის შემდეგ ქალაქი ტურისტების ყველაზე ცხელი წერტილია ქვეყანაში. დრეზდენის ღირსშესანიშნაობაა ღვთისმშობლის ტაძარი ფრაუენკირხე, რომელიც თითქმის სრულიად განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს და აღდგენილ იქნა, როგორც ყოფილი მტრების შერიგების ისტორიული სიმბოლო. ტაძრის ფასადის რეკონსტრუქცია დასრულდა 2004 წელს, ინტერიერისა კი – 2005-ში და 13 წლიანი ინტენსიური აღდგენა-მშენებლობის შემდეგ 2005 წლის 30 ოქტომბერს ტაძარი საზეიმოდ კურთხეულ იქნა.
ხორვატიის ნახევარკუნძული ისტრია ცნობილია თირკმელა-სოკოებით მორთული გორაკებით, მალვაზიის თეთრი ღვინოებით, ზეთისხილის ზეთის ნაკვეთებითა და ბორცვებზე გაშენებული ნამცეცა ქალაქებით. ველოსიპედისტებს შეუძლიათ ისეირნონ სპეციალურ გზებზე, რომელთა სიგრძეც დაახლოებით 3200 კმ-ია. სანაპიროზე ზღვის სასიამოვნო ხედებია, მზიანი ამინდი კი საცურაო და წყალქვეშ ჩასაყვინთ განწყობას ქმნის. აღსანიშნავია ადრიატიკის ზღვიდან ამოზრდილი რომანტიკული ქალაქი როვინი, სადაც შებინდებისას შამპანურის კოქტეილებს აგემოვნებენ ადგილობრივ ბარებში, რომლებიც პირდაპირ წყალზეა განლაგებული. საღამოობით სიგრილეა, არემარეს წყალქვეშა ლაჟვარდოვანი განათება აფერადებს. ეს ყველაფერი აუცილებლად გააღვიძებს სულის სიღრმეში მიძინებულ კაზანოვას.
ტაირონას ეროვნული პარკის საუცხოო პლაჟები ჩრდილოეთ კოლუმბიის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აქ მდებარეობს უძველესი და ცნობილი არქეოლოგიური ქალაქი სიუდად პერდიდა. “დაკარგული ქალაქის” მთებზე მდებარე ბალახიანი სუფთა ტერასები მწვანე შუქურებივით არიან, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სამხრეთ ამერიკისა და კარიბების რეგიონის კვეთაზე მდებარე ეს ადგილი ხელმეორედ იშვა და ამჯერად სამოგზაურო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს.
დედამიწაზე ალბათ არ მოიძებნება მეორე ადგილი, სადაც ისე ნათლად გამოჩნდება ვულკანების ერთდროულად ლამაზი და ამავე დროს მავნე მხარე, როგორც ცენტრალური აფრიკის ვირუნგას ვულკანური მთების მასივში. რუანდას, უგანდასა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე გადაჭიმული 8 ვულკანიანი ჯაჭვი დედამიწის ყველაზე აქტიურ ვულკანურ რეგიონებში შედის და გამოირჩევა ახლომახლო მობინადრე ველური ცხოველების მრავალფეროვნებით. აქ შეხვდებით მთის გორილებს, შიმპანზეებს, სპილოებს და ა.შ. სამივე ქვეყნის ლანდშაფტი ზოგჯერ ედემის ბაღს მოგაგონებთ, ზოგჯერ ჯოჯოხეთს.
ყვითლად, ალისფრად და თეთრად შეღებილ ნავებს წააწყდებით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, კოსტა ბრავასთან. აქ შეხვდებით უდიდესი მხატვრის სალვადორ დალის სახლს, რომელიც ამჟამად მუზეუმადაა გადაკეთებული. ექსცენტრიკულობით გამორჩეული დალი კატალონიის ამ რეგიონში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთშია დაბადებული. მისი გიგანტური კვერცხების, გედების შადრევნებისა და დამდნარი საათების შთაგონების წყარო ეს უკაცრიელი ადგილი იყო. შუა საუკუნეების ქალაქი ჟინორა ყოველ გაზაფხულზე აღნიშნავს ყვავილების ფესტივალს, ხოლო სათევზაო სოფელი კალელია დე პალაფრუჟელი ზღვის ნაპირას მდებარე რესტორნებითა და სახლებითაა სახელგანთქმული.
კალიფორნიის ოლქი სონომა, სადაც 300-ზე მეტი ღვინის ქარხანა მდებარეობს, შესანიშნავი ადგილია ღვინის მოყვარულთათვის. მაგრამ ეს არაა ერთადერთი რამ, რის გამოც სონომა სამოგზაურო საუნჯედ ითვლება – ის ბუნების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. შეგიძლიათ იტივტივოთ რუსულ მდინარეზე, ან ისეირნოთ რედვუდის ეროვნულ პარკში უძველეს გიგანტ ხეებს შორის, რომელთაგან ზოგი 1400 წელზე მეტი ხნისაა. გარს შემოუაროთ ყოფილ რუსულ ავანპოსტს ფორტ-როსს, რომელიც 2012 წელს 200 წლის გახდება, დაათვალიეროთ ვიქტორიანული ეპოქის სახლები ქალაქ პეტალუმაში. ასევე არ დაგავიწყდეთ გრავენშტეინის ვაშლის ღვეზელის დაგემოვნება.
მანქანით მგზავრობას სულ რაღაც 2 საათი სჭირდება, მაგრამ სრულიად სხვა სამყაროში აღმოჩნდებით – ტორონტოს ელექტროსადგურიდან ონტარიოს მუნიციპალიტეტ მუსკოკაში. ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა აქ მოსვლისა და ცივილიზაციისგან მოშორებულ ადგილას ნადიმობის ტრადიცია. 6500 კვ. კმ. ფართობის ტერიტორიაში შედის 14 000 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი, 17 ისტორიული ქალაქი და სოფელი, ასევე ურიცხვი ჩანჩქერი და ტბა, რომლებსაც აღმოსავლეთიდან ალგონკინის პარკის მწვერვალები არტყია, დასავლეთიდან კი ჯორჯიან ბეის კუნძულების ეროვნული პარკი.
არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ომანი გარშემორტყმულია ნავთობით მდიდარი და ცათამბჯენებით სახელგანთქმული ქვეყნებით, თვითონ კი ოპერის სახლითა და უდაბნოში გაშენებული ბაღებით იწონებს თავს, ხოლო დედალაქი მასკატი ქვის თეთრი შენობებითაა ცნობილი. სულთანი ქაბუსი ქვეყნის თანამედროვე რენესანსულ აღორძინებას ხელს უწყობს სათავეში მოსვლიდანვე, რაც 1970 წელს მოხდა. მისი ბრძანებით გაიხსნა ახალი სკოლები და საავადმყოფოები, დაგებული გზების სიგრძე 20 წელიწადში გაიზარდა 10-დან 6000 კმ-მდე. მასკატის ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროს ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილიც აქვს. სანაპიროზე იახტის დაქირავება შეგიძლიათ. პლაჟზე გასვლისას შეიძლება დაგავიწყდეთ, რომ არაბეთის ზღვაზე იმყოფებით და არა ხმელთაშუის.
ლონდონი 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. მანამდე მსგავსი რამ 1948 წელს იყო. მაშინ რიგითი მოსახლეობა გაჭირვებაში ცხოვრობდა, ქვეყანას არ გააჩნდა სახსრები ახალი სპორტული ნაგებობების ასაშენებლად და შეჯიბრების მონაწილე სპორტსმენებს სამხედრო ბანაკებში ეძინათ რიჩმონდის პარკში. ამჯერად საქმე სხვანაირადაა – დიდმა ბრიტანეთმა 15 მილიარდი დოლარი დახარჯა დედაქალაქის მოსაწესრიგებლად და ოლიმპიადისთვის შესამზადებლად. ზაფხულში აქ ასობით კულტურული ღონისძიება გაიმართება, ასევე ლონდონის ფესტივალი, რაც მთელ ქვეყანას გამოაცოცხლებს ხოლმე.
ყოველ წელს უამრავი მოგზაური სტუმრობს ერთ დროს დიდებულ მაიას ტომის ქალაქებს – ჩიჩენ-იცა (მექსიკა), ტიკალი (გვატემალა), კარაკოლი (ბელიზი) და კოპანი (ჰონდურასი) – რომელთაგან ამჟამად მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ნახვად ნამდვილად ღირს პირამიდები და ქვის სვეტები, განსაკუთრებით ჯუნგლებით გარემოცული ტიკალი. მაიას ცივილიზაცია არც ისე დიდი ხანია, რაც წარსულს ჩაბარდა. მისმა დიდებამ შეიძლება ჩაიარა, თუმცა დღესაც ცხოვრობს მაიას ტომის მილიონობით ადამიანი, რაც აცოცხლებს მათ უძველეს კულტურას. ყველაზე მაცდური ადგილი მაიას გვატემალაში არის ჩიჩიკასტენანგო – ქალაქი, რომელსაც დედაქალაქიდან 3 საათის გზა აშორებს. აქ მოსახლეობის 95% აბორიგენი ხალხია. ყოველ ხუთშაბათსა და კვირას გამყიდველებს ბაზარში მიაქვთ პროდუქტი – ულამაზესი ქსოვილები, საშიში ხის ნიღბები, ოქროსფერი და ალისფერი სიმინდები, ხელნაკეთი ყელსაბამები და ა.შ.
პირველი რამ, რაც შრი-ლანკაში გაგაოცებთ, კლიმატია. ნოტიო და გამამხნევებლად გრილი ადგილი არ ესადაგება ადამიანთა უმეტესობის წარმოდგენას ამ კუნძულზე, რომელსაც წარსულში ცეილონი ერქვა. ის ინდოეთის სამხრეთით მდებარეობს და წვიმის წვეთის ფორმა აქვს. შრი ლანკას ბორცვებიან ტერიტორიაზე მდებარეობს ცნობილი საკურორტო ქალაქი ნუვარა ელია. ეს მთიანი, ნისლით გაჟღენთილი სამეფო დიდი ხნის განმავლობაში იყო პოპულარული მოხეტიალეებსა და მოგზაურებს შორის ჩაის პლანტაციებისა და ტროპიკული ტყეების გამო. ეს უკანასკნელი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული და იუნესკო მფარველობს.
პატრიკ ლი ფერმორმა, მარჯვე ფილელინმა, რომელიც გასული წლის ივნისში დაიღუპა, რუმელის ხეობებსა და მანის მთებში ფეხით მოგზაურობისას აღმოაჩინა გასაოცარი სილამაზე. საბოლოოდ ის გაჩერდა კარდამილში, პატარა მძინარე სოფელში, რომელიც სამხრეთ პელოპონესში მდებარეობს. ის იმედოვნებდა, რომ რადგანაც ეს ადგილი ძნელად მისაწვდომია, ტურიზმი მკვეთრად ვერასდროს დააზიანებდა. საბედნიეროდ, პატრიკი მართალი იყო. ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად საბერძნეთის ბევრმა კუნძულმა განიცადა ცვლილება, მაგრამ უსწორმასწორო ტერიტორიები ინარჩუნებენ პირვანდელ სილამაზეს. შეგიძლიათ სოკოები დაკრიფოთ ეპირუსში, უცქიროთ ვარდისფერი ვარხვების აფრენას პრესპას ტბიდან, დატკბეთ გასაოცარი გალობით, რომელიც მეტეორას სამონასტრო კომპლექსიდან ისმის – ეს ის მცირეოდენია მრავალი მიზეზიდან, რითიც საბერძნეთი თავისთან მიგიზიდავთ.
ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქი ბელფასტი სწორედ ის ადგილია, სადაც ცნობილი ლაინერი “ტიტანიკი” აიგო. მისი პირველი მგზავრობის 100 წლისთავი – 2012 წლის 10 აპრილი – აქ საზეიმოდ აღინიშნება. ქალაქმა რეგენერაცია განიცადა მას შემდეგ, რაც თავი დააღწია 30 წლიან ძალადობას, რომელიც საბოლოოდ დიდი პარასკევის შეთანხმებით დასრულდა 1998 წელს. ლეგენდარული გემის აშენების ადგილს მდინარე ლაგანთან “ტიტანიკის კვარტალი” უწოდეს. აპრილში გაიხსნება 152.1 მილიონი დოლარის ღირებულების ატრაქციონი, რომელსაც აუდიოვიზუალური ეფექტები ექნება, მოეწყობა მსვლელობები, სადაც სტუმრებს 1911 წლის გემებზე მოუთხრობენ.
მაორის მითოლოგიის მიხედვით, ეს სამყარო მძვინვარე შეტაკების დროს შეიქმნა: ადგილობრივი ახალი ზელანდიელები მიიჩნევენ, რომ თავიდან იყო ცა (მამა) და დედამიწა (დედა), რომლებიც მუდმივად ჩახუტებულნი იყვნენ. მათი გახლეჩვის შედეგად, რომელიც ძალდატანებით მოხდა მათი შვილების მიერ, გაჩნდა სივრცე და შეიქმნა მთები, ტყეები და ოკეანეები. როტორუა მაორის ტომის მთავარი საბინადროა, სადაც მინერალებით მდიდარი შამპანურის ტბორი მდებარეობს. აქ მოხვედრისას იფიქრებთ, რომ ბრძოლა ისევ მიმდინარეობს, რადგან შემაძრწუნებელი ლანდშაფტი მოშუშულ ხორცს ჰგავს და ბუშტებითაა დაფარული. იფრქვევა გეიზერები, ტალახი დუღს, ფრიალო კლდეებიდან და ტროტუარებიდან ორთქლი გამოდის, რაც ჰაერს გოგირდის სუნით ჟღინთავს. 16 000 კმ სიგრძის სანაპირო ხაზი არაჩვეულებრივი ადგილია ადრენალინის მოყვარული ველოსიპედისტებისთვის, რადგან მას გარს არტყია ცხელი ნაკადულები, მყინვარები, ტროპიკული ტყეები და ვულკანები.
პანამაში გაყვანილია ორი კონტიტენტის ხიდი – 82 კმ სიგრძის პანამის არხი. მისი ერთი ბოლო წყნარ ოკეანეს უერთდება, მეორე კი – ატლანტისას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომელიც არხის გაფართოებას ისახავს მიზნად და 2014 წელს დასრულდება. ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება უფრო მეტი და უფრო მასიური სატვირთო გემების ტრანსპორტირება. პანამა გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებითა და ადგილობრივი კულტურით. არხს ესაზღვრება სობერანიას ეროვნული პარკის ტროპიკული დაბლობები, სადაც მუდამ ისმის ღრიალა მაიმუნების ხმა და ტუკანების ხმაურობა. გრილ და ყვავილებით სავსე ზეგანზე გაშენებული ქალაქი ბუკე ქვეყნის უმაღლესი ვულკანის სიახლოვეს მდებარეობს. ემბერას ტომის ინდიელი ქალები სხეულს იხატავენ და საგულდაგულოდ დამუშავებულ ყელსაბამებს ატარებენ. კოიბას ეროვნულ პარკში მხოლოდ 40 ადამიანის შესვლაა დაშვებული მთელი ღამის განმავლობაში. აქ ხშირად მოდიან მყვინთავები და სუფთა წყლებში დაცურავენ მკვლევარ მეცნიერებსა და ვეშაპისებრ ზვიგენებთან ერთად.
ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ მოინახულოთ პერუ: დაათვალიეროთ უძველესი ქალაქის მაჩუ-პიქჩუს ნანგრევები, აღმოაჩინოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფრინველები ან სულაც პლანეტის ყველაზე ღრმა კანიონებში გაისეირნოთ. ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრის ტროპიკული ტყეებიდან სამხრეთის გვალვიან მაღალ პლატოებამდე პერუს შეუძლია თავისუფლად დაიკვეხნოს ბიომრავალფეროვნებით. პერუელები განსაკუთრებით ამაყობენ ეროვნული კერძებით. 2008 წელს ქვეყნის საუკეთესო შეფ-მზარეულმა გასტონ აკურიომ დააარსა მისტურა – ფესტივალი, რომელიც ლიმაში ტარდება და უკვე იქცა სამხრეთ ამერიკის უმთავრეს ყოველწლიურ კულინარიულ მოვლენად.
პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგის ტრანსფორმაცია ბოლო 25 წლის მანძილზე ითვლება რევოლუციურად. გამოსწორდა დასაქმებისა და სამუშაო პირობები, გაუმჯობესდა ადგილობრივი ეკონომიკა, წარსულში დარჩა დაშვებული შეცდომები და ამჟამინდელი ამბიციებით ქალაქს ლისაბონისა და სან-ფრანცისკოს დაჯაბნა აქვს გადაწყვეტილი. პიტსბურგის არქიტექტურა უკვე 1 საუკუნეს ითვლის. მშენებლობის აქაური სტილი შთაგონება იყო ბრიტანელი რეჟისორის ქრისტოფერ ნოლანისთვის, რომელმაც ფილმ “The Dark Knight Rises”-თვის გოთემის ეპიზოდების გადაღება ქალაქის საქმიან ნაწილში გადაწყვიტა. თანამედროვე დიზაინმა ჩაანაცვლა ძველი ვიქტორიანული სტილის შენობები, მაგალითად შუშის გუმბათიანი ფიპსის კონსერვატორია, და დანერგა ახალი მოდა, მაგალითად დევიდ ლოურენსის სახელობის კონგრეს ცენტრი.
თუკი ველურ ბუნებასთან კავშირი გწყურიათ, მონღოლეთი სწორედ თქვენთვისაა. ხუბსუგული ერთ-ერთია უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე 21 იამაკიდან (პროვინცია), რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან და დიდ ციმბირულ ტაიგას (სუბარქტიკული წიწვოვანი ტყეები) ინაწილებენ. აქ შეგხვდებათ რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე გაჭიმული მწვანე და ნარინჯისფერი ხავსები, ასევე წმინდად მიჩნეული მდინარეები, რომლებიც, გადმოცემის მიხედვით, არასდროს იყინებიან, ტბები, რომლებიც, თოვლით დაფარულ მთებს შორის არიან მოქცეულნი. ხუბსუგული შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვისაც სურს, დაიჭიროს და შემდეგ გაუშვას ტაიმენი, გიგანტური ევრაზიული კალმახი, რომლებსაც “მდინარის მგლებს” უწოდებენ. სხვები მონღოლური პონებით დასეირნობენ და თვალს ადევნებენ ადგილობრივი ირმების მეჯოგეებს, რომლებიც ბანაკებში ცხოვრობენ და შამანურ მრწამსს მიჰყვებიან.
აუ რა მაგარია!!! ფული რომ მქონდეს დღესვე ვალაგებ ბარგს და მივდივარ! 🙂
LikeLike
ისლანდია ,ჩრდილოეთ კოლუმბია,კოსტა ბრავა,ბელფასტი,მუსკოკა აი სად ვიმოგზაურებდი ჩამოთვლილთაგან.
ისე კი ჩრდილოეთის ციალის გამო ნორვეგია მაქვს გეგმაში.საოცარია
LikeLike
როტორუა განსაკუთრებულად მომეწობა
LikeLike