პერუში სავარაუდოდ უცხოპლანეტელის სხეული აღმოაჩინეს


არის თუ არა ეს უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლის თავის ქალა? მისი ყიფლიბანდი (ქალასარქვლის ძვლებს შორის დარჩენილი გაუძვალებელი უბნები) ისეთივეა, როგორიც ახალშობილებში, თუმცა აქვს ორი მოზრდილი ძირითადი კბილი, რომლებიც ადამიანებში ზრდას დაახლოებით 3 წლის ასაკში ამთავრებს. სამმა ანთროპოლოგმა მისი დათვალიერების შემდეგ განაცხადა: “ეს ადამიანი არ არის”.

წაგრძელებული მუმიფიცრებული თავის ქალა შესაძლოა იმის მტკიცებულება აღმოჩნდეს, რომ სამყაროში ადამიანების გარდა სხვა ინტელექტუალური არსებებიც არიან. თავს უცნაური ფორმა აქვს, ზომაში კი 50 სმ-ს აღწევს, რაც თითქმის უტოლდება ტანს. სწორედ ამან ჩააგდო საგონებელში ანთროპოლოგი მეცნიერები.

აღმოჩენა პერუს სამხრეთში, კისპიკანჩის პროვინციის ქალაქ ანდაუაილილასში მოხდა. მკვლევარები აქ ნარჩენების ორ წყებას წააწყდნენ, თავის ქალებს კი რენატო დავილა რიკელმემ მიაგნო. ის პრივადო რიტოს ანდინოსის მუზეუმის თანამშრომელია სამხრეთ-აღმოსავლეთ პერუს ქალაქ კუსკოში.

რენატოს განცხადებით, ამ უცნობი არსების თვალის ბუდეები გაცილებით დიდი და ღრმაა, ვიდრე ადამიანებში გვხვდება. ღია ყიფლიბანდიც უჩვეულოა, რადგან ის 1 წლამდე იკვრება ხოლმე. ხოლო თუ მისი ასაკი 1 წელზე მეტი არაა, მაშინ ძირითადი კბილები საერთოდ არ უნდა ამოსულიყო.

დავილა რიკელმემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავის ქალა გასულ კვირას შემოწმდა სამი ანთროპოლოგის მიერ, რომლებიც რუსეთიდან და ესპანეთიდან ჩამოვიდნენ აღმოჩენის გამოსაძიებლად. სამივემ ერთხმად დაასკვნა, რომ ის ადამიანს არ ეკუთვნოდა და დამატებითი კვლევების ჩატარება იყო საჭირო.

რიკელმემ ასევე განაცხადა, რომ მართალია, შეფასება ზედაპირული იყო, მაგრამ აშკარაა, რომ ამ არსების ნაკვთები და თავისებურებები არ ესადაგება დედამიწაზე არსებული და მეცნიერებისთვის ცნობილი ცოცხალი ორგანიზმების რომელიმე ჯგუფს.

საბედნიეროდ, მარჯვენა ბუდეში თვალის კაკლის ქსოვილის ნარჩენებია, რაც ანალიზის შემდეგ მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემს მეცნიერებს და დაეხმარებათ, გენეტიკური კვლევის მიხედვით მისი დნმ განსაზღვრონ. ამით საბოლოოდ მოეღება დავა პოლემიკას, ადამიანია თუ არა ეს ქმნილება.

ასევე აღმოჩენილია მეორე მუმიაც, რომელიც არასრულია და მხოლოდ 30 სმ-ს აღწევს. მას არა აქვს თავი და პლაცენტასავითაა შეხვეული ჩანასახის პოზიციაში.

აღმოჩენამ ბევრს მოაგონა 2008 წელს გადაღებული ფილმი “ინდიანა ჯონსი და ბროლის თავის ქალის სამეფო”. ამ ფილმში კრისტალისგან დამზადებული სამკუთხა ფორმის თავის ქალაა, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ არამიწიერი წარმოშობისაა და ზებუნებრივი თვისებები გააჩნია.

ამ უცნაური აღმოჩენის ალტერნატიული ახსნა ისაა, რომ თავის ქალის დეფორმირება ხელოვნურად მოხდა ადამიანთა ხელით, რადგან ეს ველური ტომების სარიტუალო წეს-ჩვეულებას წარმოადგენდა.

თავის ქალის წაგრძელების ტრადიცია, რომელიც რომელიმე ჯგუფის წევრობას ან სოციალურ სტატუსს განსაზღვრავდა, 9000 წლის წინ იღებს სათავეს. ის გავრცელებული იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მობინადრე ტომებში – მაგალითად მაიაში, ჩრდილო ამერიკელ პირველმოსახლეებსა და ავსტრალიელ აბორიგენებში.

თავის ფორმირების რამდენიმე სტილი არსებობდა, რომლებიც სამ ჯგუფად იყოფოდა: ბრტყელი, მრგვალი და კონუსისებრი. სასურველი ფორმის მისაღებად თავს ადრეული ასაკიდანვე მჭიდროდ ახვევდნენ ქსოვილებში. გაბრტყელების შემთხვევაში თავს ხის ორ ნაჭერს შორის ათავსებდნენ.

ეს ტექნიკა ძირითადად ჩვილობის ასაკიდანვე გამოიყენებოდა, რადგან ამ დროს თავის ქალა და ზოგადად ძვლები ყველაზე რბილი, მოქნილი და დამყოლია. ქსოვილებს დაბადებიდან 1 თვეში ახვევდნენ თავზე და დაახლოებით 6 თვე ჩვილები ამ მდგომარეობაში ჰყავდათ.

One thought on “პერუში სავარაუდოდ უცხოპლანეტელის სხეული აღმოაჩინეს

  1. თავის წაგრძელების ტრადიციის შესახებ მსმენია მეც. რამდენადაც ვიცი საშინელი თავის ტკივილები ტანჯავთ მერე..

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s