ნეიტრინოების განმეორებითმა ექსპერიმენტმა იგივე შედეგი აჩვენა


როგორც იცით, 23 სექტემბერს “ცერნის” მეცნიერებმა ექსპერიმენტის შედეგებში მიღებული ანომალიის შესახებ გაავრცელეს განცხადება – ელემენტარულმა ნაწილაკებმა ნეიტრინოებმა გადააჭარბეს სიჩქარის ზღვრად მიჩნეულ მაჩვენებელს. ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერთა პოზიცია გაიყო, ზოგის აზრით, წინასწარ რაიმის თქმა რთული იყო და ექსპერიმენტს გადახედვა სჭირდებოდა, ზოგი კი მიიჩნევდა, რომ “ცერნის” ფიზიკოსები გამოთვლებში შეცდნენ. თუმცა გუშინ, 18 ნოემბერს, “ცერნმა” კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა – მათ ექსპერიმენტი გაიმეორეს და ისევ იგივე შედეგი მიიღეს.

კიდევ ერთხელ და ამჯერად უფრო მყარად დგება საკითხი, რომ თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს შეიძლება გადახედვა სჭირდებოდეს. ექსპერიმენტის კრიტიკოსები ადანაშაულებდნენ მეცნიერებს, რომ მათ ნეიტრინოების დიდი რაოდენობა გამოიყენეს (15 000 ცალი). ამჯერად “ცერნის” ფიზიკოსებმა ეს დეტალი შეცვალეს და გაცილებით ნაკლები ნაწილაკი ჩართეს საქმეში, შესაბამისად, უფრო დიდი იყო მათ შორის დაშორება. შედეგები უკვე ამცნეს ფართო საზოგადოებას და გამოქვეყნდა პრესაში, თუმცა სამეცნიერო საზოგადოებას ჯერ არ განუხილავს.

ექსპერიმენტის ჩატარება ისევ Opera-მ (OPERA – Oscillation Project with Emulsion tRacking Apparatus) ითავა. ექსპერიმენტი მოიცავდა “ცერნში” შექმნილი ნეიტრინოების 730 კმ-ზე გაგზავნას იტალიაში მდებარე ლაბორატორიის გიგანტურ დეტექტორამდე. ექსპერიმენტის პირველადი სერიები, რომლებიც მოიცავდა გაზომვის სხვადასხვა მეთოდებს, 3 წლის განმავლობაში ტარდებოდა. მათმა შედეგებმა აჩვენა, რომ ერთსა და იმავე მანძილს ნეიტრინოები სინათლის სხივებთან შედარებით გადიოდნენ წამის 60 მემილიარდედით უფრო სწრაფად. ამჯერად ექსპერიმენტის გაუმჯობესებული ვარიანტი Opera-მ 20-ჯერ ჩაატარა, მაგრამ შედეგი ისევ იგივეა, რაც თავდაპირველად.

იდეა, რომ სინათლის სიჩქარის მაჩვენებელს ვაკუუმში ვერაფერი გადააჭარბებს და ეს სამყაროს მიერ დადგენილი დაუძლეველი ზღვარია, თანამედროვე ფიზიკის საძირკველს წარმოადგენს. ის პირველად ჯეიმს კლარკ მაქსველმა წამოაყენა, მოგვიანებით კი ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის სპეციალურ თეორიაში გაერთიანდა.

“ახალი შედეგები აძლიერებს წინა ექსპერიმენტების მაჩვენებლებს და გამორიცხავს შესაძლო სისტემატურ შეცდომებს, რომლებსაც შეიძლება გამოთვლებზე ემოქმედათ”, განუცხადა BBC News-ს მეცნიერმა ანტონიო ერედიტატომ.

“ჩვენ არც ვფიქრობდით, რომ გამოთვლებში იყო შეცდომა, ახლა კი მტკიცებულებაც გაგვაჩნია. თუმცა ყველაფერი ამით ჯერ კიდევ არ მთავრდება.”

პირველმა განცხადებამ სინათლეზე სწრაფად მოძრავი ნეიტრინოების შესახებ მსოფლიო მასშტაბით მღელვარება გამოიწვია. Opera-ს თანამშრომლებს კარგად ესმით ის ქვეტექსტები, რასაც ეს ინოვაციური აღმოჩენა გულისხმობს, თუკი მისი სისწორე დამტკიცდება.

“ჯერჯერობით ვერანაირი არგუმენტი ვერ წამოაყენეს, რომ ჩვენი ნათქვამი გააქარწყლონ. ჩვენს მიერ ჩატარებული დამატებითი ტესტები თავდაპირველ აღმოჩენას ადასტურებს, მაგრამ მაინც საჭიროა, გამოვიჩინოთ გონიერება და წინდახედულება, სანამ შედეგები აღიარებას მოიპოვებს. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტები ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებენ.”

მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის დარგში, სტეფან სოლდნერ-რემბოლდმა ამ სიახლესთან დაკავშირებით აღტაცება გამოხატა, მაგრამ ამავე დროს ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

“ეს შედეგი აღმაფრთოვანებელია, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ძნელია დაჯერება, რომ არსებობს ისეთი რაღაც, რაც სინათლეზე სწრაფად გადაადგილდება”, განუცხადა მან ბრიტანულ გაზეთ Daily Mail-ს. “თუ ეს სიმართლეა, წინ გველის თანამედროვე ფიზიკის რევოლუცია. ეს ისეთი მოულოდნელი რამაა, რომ ფიზიკოსების უმეტესობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს მას, თუკი აშშ-სა და იაპონიის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები იგივე შედეგს მოგვცემს. “

პირველადი ექსპერიმენტის შედეგების გამოცხადებისას სურეის ფიზიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯიმ ალ-ხალილმა ცინიკურად ასეთი კომენტარი გააკეთა: “თუკი ცერნი დაამტკიცებს, რომ ნეიტრინოებს მართლაც შეუძლიათ, სინათლის სიჩქარეს გადააჭარბონ, მზად ვარ, პირდაპირ ეთერში ჩემი მოკრივის ტრუსები შევჭამო.”

ამჯერად მან განაცხადა: “განმეორებითმა ექსპერიმენტმა შესაძლო ცდომილებების მხოლოდ ნაწილი გამორიცხა. მათ გარდა კიდევ არის დარჩენილი გარკვეული სახის ეჭვები, რომლებსაც გაქარწყლება ესაჭიროებათ. ამისთვის იდენტური დაკვირვება უნდა განხორციელდეს სრულიად სხვა ტერიტორიაზე. “

დადასტურება ან უბრალოდ საკითხის გარკვევა შეიძლება არც ისე მალე მოხდეს. მსოფლიოში სულ რამდენიმეა ისეთი მოწყობილობა, რომლებსაც შეუძლიათ ეს უმცირესი და “ჭირვეული” ნაწილაკები გამოიჭირონ. ისინი მატერიასთან ისე იშვიათად შედიან კონტაქტში, რომ მეტსახელად ხუმრობით “მოჩვენებები” უწოდეს.

მომავალ წელს ექსპერიმენტი იტალიაში ორჯერ განმეორდება – ორი დამოუკიდებელი ტესტი Opera-ს შედეგებს გადაამოწმებს. მათ მოგვიანებით შეუერთდებიან იაპონია და აშშ. ასე რომ საბოლოო პასუხამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვე ან შეიძლება წელიწადი გვაშორებს.

არსებობს ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც ექსპერიმენტის შედეგებიც სწორია და აინშტაინის 106 წლის წინ შექმნილი თეორიაც – მისი მიხედვით, ნეიტრინოებმა სხვა განზომილებაში გადაინაცვლეს და მოკლე გზით გავიდნენ დანიშნულების ადგილამდე. ამ შემთხვევაში სინათლის სიჩქარე ისევ გადაულახავ ზღვრად რჩება.

2 thoughts on “ნეიტრინოების განმეორებითმა ექსპერიმენტმა იგივე შედეგი აჩვენა

  1. თორნიკე

    ამის დადასტურებას ველოდი. ახლა სინქოფაზოტრონიც მაგარ ამბებს ამოყრის ფიზიკის თეორიებზე.

    Like

  2. გამოხმაურება: აინშტაინი, შესაძლოა, სულაც არ ცდებოდა « ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s