თუკი რომელიმე საიტზე რეგისტრირდებით და პაროლად ირჩევთ სიტყვას “password”, იცოდეთ, რომ ეს არც ისე კარგი იდეაა. თუ, რა თქმა უნდა, არ გსურთ, რომ ჰაკერების ან უბრალოდ დაინტერესებული ადამიანებისთვის იოლი სამიზნე გახდეთ. “password” ამ შემთხვევაში ყველაზე პრიმიტიული ვარიანტია, რადგან პირველ ადგილზე დგას SplashData-ს 2011 წლის სიაში.
SplashData ყოველწლიურად აქვეყნებს ყველაზე ცუდი პაროლების სიას. სია დგება იმის მიხედვით, რამდენად გავრცელებულია ესა თუ ის პაროლი. თუკი სიმარტივისთვის მაინც “password” გინდათ, მაგრამ “ჭკუა იხმარეთ” და მის მაგივრად დააყენეთ “Passw0rd”, დაცული მაინც არ ხართ, რადგან ეს პაროლი მე-18 ადგილს იკავებს.
სიაში ალბათ მოულოდნელი არაფერია – აქ ძირითადი ადგილი უკავია ასოების ან ციფრების წყობას კლავიატურაზე განლაგების მიხედვით, როგორიცაა “qwerty” და “123456”. ასევე შეხვდებით მარტივ და პოპულარულ სახელებსაც – “ashley” და “michael”. თუმცა ცოტა ძნელი ასახსნელია სხვა ვარიანტები, როგორიცაა “monkey” და “shadow”.
ვებსაიტების გარკვეული ნაწილი რეგისტრაციისას ითხოვს პაროლში როგორც ასოების, ისე ციფრების შეყვანას. აქედან გამომდინარე, რთული მისახვედრი არაა, რატომ აყენებს ბევრი ისეთ რამეს, როგორიცაა “abc123” და “trustno1”. ამ ტიპის საიტებზე ეს ორი ყველაზე გავრცელებული პაროლია.
SplashData-მ სია შეადგინა იმ მილიონობით პაროლის მიხედვით, რომლებიც ჰაკერებმა გატეხეს და შემდეგ ინტერნეტში გამოაქვეყნეს. ესეც სრული სია:
1. password (პაროლი)
2. 123456
3.12345678
4. qwerty
5. abc123
6. monkey (მაიმუნი)
7. 1234567
8. letmein (შემომიშვი)
9. trustno1 (არ ენდო)
10. dragon (დრაკონი)
11. baseball (ბეისბოლი)
12. 111111
13. iloveyou (მიყვარხარ)
14. master (ოსტატი)
15. sunshine (მზის შუქი)
16. ashley
17. bailey
18. passw0rd
19. shadow (ჩრდილი)
20. 123123
21. 654321
22. superman
23. qazwsx
24. michael
25. football (ფეხბურთი)
SplashData-ს აღმასრულებელი დირექტორი, მორგან სლეინი ურჩევს ბიზნეს ორგანიზაციებსა და უბრალოდ ინტერნეტის მომხმარებლებს, რომ თუკი მათი პაროლი ემთხვევა სიაში მყოფთაგან რომელიმეს, დაუყოვნებლივ შეცვალონ.
“ჰაკერები ხშირად ანგარიშებს უბრალოდ გავრცელებული პაროლების ხშირი აკრეფით ტეხენ”, აცხადებს სლეინი. “ხალხმა იცის, რომ უნდა აირჩიონ დაცული და ძლიერი პაროლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ამჯობინებენ სუსტს და ადვილად გამოსაცნობს, შესაბამისად თაღლითებს საქმეს უმარტივებენ.”
კომპანიამ რამდენიმე რჩევაც შემოგვთავაზა ძლიერი პაროლის შესაქმნელად:
1. აირჩიეთ განსხვავებული სიმბოლოები, რომლებიც კლავიატურაზე ერთმანეთისგან დაშორებულია. შეიყვანეთ ციფრები და როცა შესაძლებელია, სხვადასხვა სახის სპეციფიკური სიმბოლოებიც.
2. პაროლი შექმენით მინიმუმ 8 ან მეტი სიმბოლოსგან. მოკლე სიტყვები ერთმანეთისგან გამოყავით შუალედით ან დაბალი ტირეთი ( _ ).
3. ერთი და იგივე მომხმარებლის სახელი და პაროლი არ გამოიყენოთ ბევრ საიტზე. თუ მახსოვრობას არ ენდობით, არსებობს Password Manager ტიპის პროგრამები, სადაც მათი შეტანა და დამახსოვრება შეგიძლიათ.
ოიჰ ოიჰ,აბა მე ყველგან 9 სიმბოლოიან პაროლებს ვიყენებ,ყველგან განსხვავებულია
LikeLike