ჩარლი ჩაპლინის შთამაგონებელი გამოსვლა


ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი და ამაღელვებელი გამოსვლა ისტორიაში – უდიდესი ინგლისელი კომიკოსის, ჩარლი ჩაპლინის, მონოლოგი ფილმიდან “დიდი დიქტატორი”.

 

– მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია – ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.

ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – მკაცრი და ბოროტი. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება სასტიკი გახდება და ყველაფერს დავკარგავთ.

თვითმფრინავმა და რადიომ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ასეთი გამოგონებები ჩვენში კარგ მხარეს აღვიძებს, გვიხმობს საყოველთაო ძმობისკენ, რათა ყველანი გავერთიანდეთ. ამ მომენტში ჩემი ხმა მილიონობით ადამიანამდე აღწევს მთელ მსოფლიოში, მილიონობით რწმენადაკარგულ მამაკაცამდე, ქალამდე და პატარა ბავშვამდე, იმ სისტემის მსხვერპლებამდე, რომელიც აწამებს და აპატიმრებს უდანაშაულო ადამიანებს.

ვისაც კი ჩემი ესმის, მივმართავ: “იმედს ნუ დაკარგავთ”. ახლა ჩვენს თავზე უბედურება ტრიალებს, რაც იმ ადამიანთა სიხარბისა და სიმკაცრის გამოა, რომლებიც ადამიანური პროგრესის გზას უფრთხიან. ადამიანთა სიძულვილი ჩაივლის და დიქტატორები დაიხოცებიან. ის ძალაუფლება, რომელსაც ხალხისგან იღებენ, ისევ ხალხს დაუბრუნდება და სანამ ადამიანები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება.

ჯარისკაცებო – ნუ ჩაუგდებთ თქვენს თავებს ხელში ულმობელ ადამიანებს, მათ, ვისაც ეზიზღებით, ვინც გჩაგრავთ, ვინც განაგებს თქვენს სიცოცხლეს, გეუბნებათ, რა უნდა აკეთოთ, რა იფიქროთ და რა იგრძნოთ. ვინც გწვრთნით და გკვებავთ, ვინც საქონელივით გექცევათ, გიყენებთ საზარბაზნე ხორცად. ნუ ჩავარდებით ამ შემზარავი ადამიანების ხელში, მანქანა-ადამიანების ხელში, რომელთაც მანქანის ტვინი და მანქანის გული აქვთ! თქვენ არ ხართ მანქანები! თქვენ არ ხართ საქონელი! თქვენ ადამიანები ხართ! თქვენ თქვენს გულებში ადამიანთა მიმართ სიყვარული გაქვთ. თქვენ არ გეზიზღებათ. ზიზღი იმათ აქვთ, ვისაც არავინ უყვარს.

ჯარისკაცებო – ნუ იბრძოლებთ დასამონებლად! იბრძოლეთ თავისუფლებისთვის! წმინდა ლუკას სახარების მე-17 თავში წერია, “ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია”. არა ერთ ადამიანში, არა ადამიანთა ჯგუფში, არამედ ყველაში, თქვენში. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, ძალაუფლება, რომ შექმნათ მანქანები, ძალაუფლება, რომ შექმნათ ბედნიერება. თქვენ გაქვთ იმის ძალაუფლება, გახადოთ ეს ცხოვრება თავისუფალი და ლამაზი, აქციოთ ის გასაოცარ თავგადასავლად.

მაშ, დემოკრატიის სახელით, მოდი გამოვიყენოთ ეს ძალაუფლება! მოდი ყველანი გავერთიანდეთ! ვიბრძოლოთ ახალი მსოფლიოსთვის, წესიერი მსოფლიოსთვის, სადაც ადამიანს ექნება საშუალება, იმუშაოს, რომელიც მოგცემთ მომავალს, ხოლო ხანდაზმულებს შეუქმნის უსაფრთხოებას. ამ დაპირებების მოცემით ულმობელი ადამიანები ძლევამოსილნი გახდნენ, მაგრამ ისინი ტყუიან! ისინი არ ასრულებენ თავიანთ დანაპირებს. მაშ მოდი ვიბრძოლოთ ამ დაპირებების ასასრულებლად! ვიბრძოლოთ, რათა გავათავისუფლოთ მსოფლიო, გადავლახოთ ეროვნული ბარიერები, მოვაშოროთ სიხარბე, სიძულვილი და შეუწყნარებლობა. ვიბრძოლოთ იმ მსოფლიოსთვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი მთლიანად ადამიანთა ბედნიერებისკენაა მიმართული.

ჯარისკაცებო – დემოკრატიის სახელით, გავერთიანდეთ ყველანი!

Advertisements

3 responses to “ჩარლი ჩაპლინის შთამაგონებელი გამოსვლა

  1. თორნიკე 12/09/2011, 2:00 PM

    ბრწყინვალეა.

    Like

  2. Pingback: უთანასწორობა მსოფლიოში « 2200-0600

  3. გია 22/11/2011, 2:37 PM

    ეს ფილმი არა მაქვს ნანახი.ჰიტლერის პიროვნებას გადმოცემს სატირის სახით.მართლა ასეთი კარგი ეგონა ჰიტლერს თავი?არადა რა კარგი და სასარგებლო სიტყვებია ადამიანისათვის,მაგრამ კარგი სიტყვების უკან სატანა დგას და გესლიანად ხარხარებს,ეს ხარხარი ჩვენ არ გვესმის,დროებით,ხმა გვინ მოვა

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: