სტივ ჯობსმა თანამდებობა დატოვა!


სტივ ჯობსმა უარი განაცხადა “Apple Inc”-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოზიციაზე და ამით დაასრულა უმაღლეს თანამდებობაზე მოღვაწეობა ტექნოლოგიური გიგანტის კომპანიაში, რომელსაც საფუძველი სტივ ვოზნიაკთან ერთად ჩაუყარა, მშობლების ფარეხში.

კომპანიის დირექტორთა საბჭოს მიმართ წერილში ის მინიშნებას აკეთებს, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სიმსივნესთან ბრძოლაა. “მე ყოველთვის ვამბობდი, რომ თუკი ოდესმე დადგებოდა დრო, როცა ვეღარ შევძლებდი მოვალეობებთან გამკლავებას და იმის შესრულებას, რასაც ელიან ჩემგან, როგორც Apple-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორისგან, პირველს თქვენ შეგატყობინებდით”.

თავისი საქმიანობის გამგრძელებლად სტივ ჯობსმა დაასახელა “Apple Inc”-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ტიმ კუკი. სტივი კი უბრალოდ საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაში გააგრძელებს მუშაობას. მისი აზრით, ტიმი ყველაზე უკეთ გაუძღვება იმ კომპანიას, რომელსაც ჯობსმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი შეალია და აქცია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ და ცნობილ ბრენდად.

“Apple”-ის საბჭოს წევრმა და კომპანია “Genentech Inc”-ის ხელმძღვანელმა, არტ ლევინსონმა, განაცხადა, რომ სტივ ჯობსის ექსტრაორდინალური ხედვა და ლიდერული თვისებები იყო ის, რამაც გადაარჩინა “Apple” და აქცია ყველაზე ძვირფას და ინოვაციურ კომპანიად ტექნოლოგიების სფეროში. “უსაზღვროა სტივის ღვაწლი Apple-ის წარმატების საქმეში, ის იზიდავდა და შთააგონებდა კომპანიის ყველაზე კრეატიულ თანამშრომლებს. ახალ თანამდებობაზე, საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაში, ის ისევ გააგრძელებს Apple-ზე ზრუნვას თავისი უნიკალური თვისებებით – გამჭრიახობით, კრეატიულობითა და შთაგონების უნარით.”

რამდენიმე წლის წინ სტივ ჯობსს პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) კიბო დაუდგინეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. წელს, 17 თებერვალს ის აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა ჩრდილოეთ კალიფორნიაში, სილიკონის მდელოზე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ “Google”-ის CEO ერიკ შმიდტი, “Yahoo!”-ს CEO კეროლ ბარტცი, “Twitter”-ის CEO დიკ კოსტოლო, “Facebook”-ის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და CEO მარკ ცუკერბერგი და ა.შ.

2009 წლის 5 იანვარს სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ როცა დადგებოდა მისი გადადგომის დრო, ამას პირველი საბჭოს წევრები გაიგებდნენ. იმავე წელს ჯობსმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა.

გადადგომის შესახებ წერილი მოკლე, კონკრეტული და საქმიანი იყო, თუმცა მაინც იგრძნობოდა ემოციები. მან მადლობა გადაუხადა თავის “მეგობრებს, რომლებსაც ის არასდროს დაკარგავს” და რომლებიც კომპანიაში მოღვაწეობის დროს შეიძინა.

ტიმ კუკი ხელმძღვანელობდა “Apple”-ს იმ პერიოდებში, როცა სტივ ჯობსი სამედიცინო კვლევებს იტარებდა. კომპანიის თანამშრომელი ის 1998 წლიდან არის. განსაკუთრებული დამსახურებისთვის მას კომპანიამ ახლახანს 5 მილიონი დოლარი და აქციების 75 000 ერთეული გადასცა.

ამ თვეში აშშ-ში “Apple” ოფიციალურად დასახელდა ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად, ის შეფასებულია $338 მილიარდად, რაც 1 მილიარდით მეტია ბუნებრივი აირისა და ნავთობის ამერიკულ მულტინაციონალურ კომპანიაზე, “Exxon Mobil Corporation”-ზე.

მას შემდეგ, რაც 56 წლის სტივ ჯობსის ფიზიკური მდგომარეობა გაუარესდა, გამხდარი და ღონემიხდილი გარეგნობის შემხედვარე უამრავი ჭორი გავრცელდა. თებერვალში ოფიციალურად დადასტურდა, რომ სტივი კიბოს მკურნალობას გადიოდა და თანამდებობიდან ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა გადამდგარიყო. პანკრეასის კიბო ერთ-ერთია სასიკვდილო სიმსივნეებიდან, მათ შორის ყველაზე გავრცელებულიცაა და საშუალოდ 6 თვეში სიკვდილს იწვევს. თუმცა სტივ ჯობსს შედარებით გავრცელებული და განსხვავებული ფორმა ჰქონდა, რომელიც უფრო ნელა ვითარდება პანკრეასის ჰორმონების გამომამუშავებელ არეალში. დიაგნოზი 2003 წელს დაუსვეს.

ახალგაზრდა სტივ ჯობსი:
Apple II-ის კომპიუტერით 1977 წელს (მარცხნივ) და Apple Mac-ით 1998 წელს (მარჯვნივ)

სტენფორდის უნივერსიტეტის ცნობილ გამოსვლაში სტივ ჯობსმა განაცხადა: “არავის სურს სიკვდილი. იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც სამოთხეში უნდათ მოხვედრა, არ სურთ სიკვდილი იქ მოსახვედრად. და მაინც, სიკვდილი არის დანიშნულების ადგილი, რომელიც საერთოა ყველა ჩვენგანისთვის. მას ვერასდროს ვერავინ გაქცევია და ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. ის სიცოცხლის ცვლილების მიზეზია. ის ასუფთავებს გზას ძველებისგან, რათა დაუთმოს ახლებს. ამ მომენტში ახლები თქვენ ხართ. მაგრამ ოდესმე, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, თქვენ იქცევით ძველად და მოგიშორებენ. მაპატიეთ დრამატულობისთვის, მაგრამ ეს სრული სიმართლეა.”

One thought on “სტივ ჯობსმა თანამდებობა დატოვა!

  1. გამოხმაურება: სტივ ჯობსი გარდაიცვალა « ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s