დედა, ჩემს ოთახში პოლტერგეისტია!

ეს გოგონა ელი მენინგია, 11 წლის ინგლისელი ბავშვი. ცხოვრობს ჰოლბრუკსში 6 წლის ძმასთან ჯეიდონთან, დედასთან – ლიზასთან და ლიზას პარტნიორთან, 25 წლის ენტონი პაუელთან ერთად. ბოლო 6 თვეში ის რამდენჯერმე გახდა მოწმე ზებუნებრივი ძალების, იგივე პოლტერგეისტის აქტივობისა და იმდენად დაიზაფრა, რომ საკუთარ საწოლ ოთახში შესვლის შიში აქვს. ერთხელ კი პარანორმალური მოვლენის ვიდეოზე დაფიქსირებაც მოხერხდა.

ოჯახმა სახლში რამდენიმე სხვადასხვა მღვდელი მოიყვანა, რომლებმაც ყველგან მოასხურეს ნაკურთხი წყალი, თან ლოცვები წაიკითხეს. შემდეგ სპირიტუალისტები თავიანთი დამცავი კრისტალებით და მედიუმები, რომლებმაც კარებთან მარილი დააპნიეს, რათა ბოროტი სულისთვის მოქმედებაში ხელი შეეშალათ, მაგრამ ამან არ უშველა საქმეს.

გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული სახლში ფიქსირდებოდა უცნაური მოვლენები: კარები თავისით იღებოდა და იხურებოდა, კიბეებზე ნაბიჯების ხმა ისმოდა, ისე რომ იქ არავინ იყო, სკამები თავისით გადაადგილდებოდნენ, უჯრები იატაკზე ცვიოდნენ, ჩაიდნები ჰაერში მოძრაობდნენ, ჭიქები ტივტივებდნენ და შემდეგ იმსხვრეოდნენ, კედლიდან სურათები წყდებოდა. თუმცა მარტო ეს არ ყოფილა, პოლტერგეისტის მოქმედება საკუთარ თავზე ოჯახის წევრებმაც გამოსცადეს: ის ხელს კრავდა მათ, ესროდა სხვადასხვა რამეებს, ანადგურებდა მათ პირად ნივთებს, ლაპარაკობდა უცნაურ ხმებზე და თავს ესხმოდა ძაღლს.

რამდენიმე დღის წინ, როცა ოჯახმა ადგილობრივ საბჭოს სთხოვა, დახმარებოდა ახალ სახლში გადასვლაში, ლიზამ მოახერხა და კამერაზე აღბეჭდა ის, რასაც მანამდე ამტკიცებდა, თუმცა უმეტესობას საშინელებათა ჟანრის ფილმების გავლენა ეგონა. თავიდან მხოლოდ ჩრდილები ჩანდა, რაც ცხადია, საკმარისი არ იქნებოდა. მაგრამ პარანორმალური აქტივობა რომ დაიწყო, მისი დაფიქსირება მოხერხდა.

ვიდეოში ნამდვილადაა ნაჩვენები, თუ როგორ მოძრაობს სკამი, თუმცა არ ჩანს მისი ფეხი და აქედან გამომდინარე ბევრში ეჭვს იწვევს მისი რეალურობა, რადგან თოკით ან მაგნიტითაც შეიძლებოდა იმავე შედეგის მიღწევა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ ოჯახი პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – ხან გაზეთებიდან იღებდნენ მათგან ინტერვიუს, ხან ტელეარხებიდან. თუმცა ხალხის უმეტესობა მათ მატყუარას ეძახის და მიიჩნევენ, რომ ვიდეო ყალბია.

ლიზას თქმით, ეს ყველაფერი სექტემბერში დაიწყო, როცა ახალ სახლში გადავიდნენ. მანამდე მსგავსი რამ არ გადახდენია თავს, საცხოვრებლის შეცვლის შემდეგ კი ხშირად ჰქონდა შეგრძნება, რომ ვიღაც აკვირდებოდა, განსაკუთრებით სამზარეულოში. თუმცა თავიდან ყურადღებას არ აქცევდა, რადგან მნიშვნელოვნად არ თვლიდა. რამდენიმე კვირაში სინათლემ ჩართვა და გამორთვა დაიწყო, ისმოდა ნაბიჯების ხმა ზემოთა სართულზე, როცა ოჯახის ყველა წევრი ქვემოთ იყო. კარი ზოგჯერ იღებოდა, ზოგჯერ გაჯახუნდებოდა ხოლმე.

ოქტომბრის ერთ ღამეს ლიზა და ენტონი უცნაურმა ხმამ გააღვიძა. კარები, რომელსაც ყოველთვის გასაღებით კეტავდა, ფართოდ იყო გახსნილი და მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა კიბეებზე. თავიდან იფიქრეს, რომ ეს ელი იყო, მაგრამ გოგონას ღრმად ეძინა.

ამის შემდეგ გახშირდა თეფშებისა და ქვაბების იატაკზე ცვენა, რასაც ზოგჯერ ქარს აბრალებდნენ, ზოგჯერ ძაღლს. შემდგომ ელის ოთახში ყოფნისას უცნაური ხმები ესმოდა, რაც სხვებმა ჩათვალეს, რომ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო.

ლიზა, ჯეიდონი, ელი

ერთ დღეს ლიზამ გადაწყვიტა, ჯვარცმა ეყიდა. როგორც კი ხმამაღლა განაცხადა ამ იდეის შესახებ, სამზარეულოდან მინის მძიმე საფერფლე გადმოვარდა, შემდეგ კი ჩაიდანი. სამზარეულოში შესვლისას დაინახეს, რომ ტოლჩა ჰაერში ქანაობდა, ამის შემდეგ ლიზამ და ელიმ იგრძნეს, როგორ უბიძგა ვიღაცამ უკნიდან მხარზე. შემდგომ დღეებში ელის მოულოდნელად მათეთრებელი ფხვნილის ბოთლი მოხვდა, მათი ძაღლი კი კიბეზე დაცურდა და ორივე ფეხი მოიტეხა.

როგორც ენტონი ამბობს, მას ხშირად ეღვიძებოდა ღამით და მკერდზე ნაკაწრებს აღმოაჩენდა ხოლმე, მკლავებზე კი წითელი ხელის კვალს, თითქოს ვიღაცა მაგრად უჭერდა. მსგავსი რამ მანამდე ელისა და ჯეიდონსაც ემართებოდათ, მაგრამ ლიზა არ ჩაძიებია, თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი.

გასაკვირი არაა, რომ ამ მოვლენების შემდეგ ოჯახის თხოვნით, სახლს ესტუმრა უამრავი პარაფსიქოლოგი, მედიუმი და სასულიერო პირი. ისინი სიტუაციის მოგვარებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობდნენ: თეთრი სანთლებით, წმინდა წყლით, ჯვარცმით, ბროლის ყელსაბამებით, კარებთან მარილის დაყრით. ერთ-ერთმა მედიუმმა თქვა, რომ ეს ადგილი სულებისთვის კარიბჭესავით იყო და რაღაცით ავტობუსის გაჩერებას ჰგავს – მოდიან, იყენებენ კარიბჭეს სხვაგან გასასვლელად, მაგრამ თუ ნახეს, რომ აქ ავი სული იყო მანამდე ან ნეგატიური ენერგიაა, რჩებიან.

ლიზას თქმით, ყოველი ასეთი რიტუალის შემდეგ სიტუაცია წყნარდება ხოლმე, მაგრამ მომდევნო კვირებში უარესი მოვლენები იწყება. ოჯახში ყველას თავი სტკივდება, ელის (რომელიც ახლა ბებიასთანაა, სანამ სიტუაცია ჩაწყნარდება) კი მუცელი. ენტონი თავს უცნაურად გრძნობს, ჰაერი თითქოს ჩახუთული და მძიმე ხდება.

დერეკ აკორა

ბრიტანული გადაცემა “ghostbuster”-იდან ოჯახს მედიუმი დერეკ აკორა ეწვია. ის აღჭურვილი იყო კრისტალებით, მარილით, კითხულობდა განწმენდის ლოცვებს და თან ახლდა გადამღები ჯგუფი. დერეკის განცხადებით, ეს მოქმედებები ხდებოდა ერთი კაცის სულის მიერ, რომელსაც ჯიმი ერქვა. ჯიმი ერთ დროს ამ სახლის მობინადრე იყო, გარდაიცვალა 58 წლის ასაკში გულის შეტევით და ელისთან ცდილობდა სულიერი კავშირის გაბმას. დერეკი ირწმუნება, რომ მისი დახმარების შემდეგ პოლტერგეისტი აღარ დაბრუნდება.

კავშირშია ეს მოვლენები ზებუნებრივ ძალებთან? მართლაც პოლტერგეისტი ბინადრობს სახლში და დერეკმა უშველა მათ თუ ეს ყველაფერი ლიზასა და ენტონის ხრიკებია პოპულარობის მოხვეჭის მიზნით? დაზუსტებით თქმა ძნელია, თუმცა ის კი ფაქტია, რომ სახლის წინა მობინადრეებმა მოულოდნელად დატოვეს საცხოვრებელი და სხვაგან გადასვლას ძალიან ჩქარობდნენ, ისე რომ ნივთების რაღაც ნაწილი იქ დატოვეს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: