წყალქვეშა ნავი ტიტანზე, ასტეროიდების ბადე და ნასას სხვა გეგმები


რა სახის იქნება მზის სისტემისა და მის მიღმა მდებარე სივრცეების საკვლევი მომავალი საოცარი ტექნოლოგია – მოწინავე ტელესკოპი, მაღალი სიჩქარის მისია ნეპტუნზე თუ სრულიად სხვა რამ?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ნასამ შეარჩია 12 კანდიდატი მომდევნო კვლევებისთვის. შერჩევა მოხდა 2014 წლის ნასას ინოვაციური მოწინავე კონცეპტების (NIAC) პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში. NIAC-ის მიზანია, სამეცნიერო ფანტასტიკა მეცნიერულ ფაქტად აქციოს ტექნოლოგიური განვითარების ხარჯზე. გამოყოფილი იქნება თანხები, რათა შერჩეული იდეები გამოიცადოს და მომავალში განხორციელდეს.

მოცემული იდეები მრავალფეროვანია და სხვადასხვა სფეროებს ეხება, მათ შორისაა ტიტანის მეთანური ტბების საკვლევი წყალქვეშა ნავი და ჩამოსავარდნად გამზადებული ასტეროიდების ფრთხილად გამოჭერის ტაქტიკა.

ნასაში იმედოვნებენ, რომ დაფინანსებები საკმარისი იქნება, რათა რეალობად აქციონ ის საოცარი ტექნოლოგიები, რომლებიც საჭიროა მომავალი მისიების განსახორციელებლად დედამიწის დაბალი ორბიტის, ღია კოსმოსისა და მარსის მიდამოებში.

საწყის 12 შემოთავაზებას შეისწავლიან ცხრა თვის განმავლობაში, სანამ ნასა გადაწყვეტს, რომელი იდეები იმსახურებენ დამატებით კვლევებს კიდევ 2 წლით.

„NIAC-ის რჩეულებს შორის არის რამდენიმე ამაღელვებელი კონცეპტი პლანეტების გამოსაკვლევად”, განაცხადა მაიკლ გაზარიკმა, ნასას კოსმოსური ტექნოლოგიების მისიების დირექტორატის ასოცირებულმა ადმინისტრატორმა. „ჩვენ ვმუშაობთ ნოვატორებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა კოსმოსური სივრცის მომავალი შევცვალოთ, იმავდროულად კონცენტრირებული ვართ ამჟამინდელ ინტერესებზე კოსმოსსა და დედამიწასთან მიმართებაში.”

ნასას კოსმოსური ტექნოლოგიების მისიების დირექტორატმა ამ წლის ვარიანტებიდან საუკეთესოები აარჩია მათი პოტენციალის მიხედვით, გარდაქმნილიყვნენ მომავალ კოსმოსურ მისიებად. თითოეული მათგანი ან სრულიად ახალი მისიის საფუძველი გახდება, ან მნიშვნელოვნად განავითარებს მომავალ შესაძლებლობებს, რაც ნასას მიზნების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება.

NIAC-ის პირველი ფაზის ჯილდო 100 000 დოლარს შეადგენს, რაც საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ დაჯილდოებულებმა განახორციელონ თავიანთი კონცეპტების 9 თვიანი კვლევა და ანალიზი. თუკი თავდაპირველი შესწავლა მათ ვარგისიანობაზე წარმატებული იქნება, ავტორები მონაწილეობას მიიღებენ მეორე ფაზაში, სადაც ჯილდო უკვე 500 000 დოლარზე ადის და ითვალისწინებს კონცეპტის 2 წლიან განვითარებას.

 

ნასას 12 ფუტურისტული გეგმა:

ტიტანის წყალქვეშა ნავი: კრაკენის გამოკვლევა
იდეა წყალქვეშა ნავზე ტიტანის უდიდესი ზღვის, კრაკენ მარის გამოსაკვლევად. ხომალდი ავტომატურად განახორციელებს დეტალურ მეცნიერულ კვლევას მეთანის ზღვის ზედაპირის ქვეშ.


ჰელიოპაუზის ელექტროსტატიკის სწრაფი ტრანზიტული სისტემა (Herts)
უპროპელანტო მექანიზმი ღრმა კოსმოსური მისიებისთვის. Herts ელექტრონული მზის იალქნის მსგავსია – ის წარმოადგენს მავთულების წყებას, რომლებიც მბრუნავი ხომალდიდან 30 კმ-მდე ვრცელდებიან. ენერგიის შეგროვება მოხდება მზისგან, ხომალდი განავითარებს წამში 700 კმ-ზე მეტს და მაქსიმალური სიჩქარის პირობებში მზიდან ნეპტუნამდე მანძილს ერთ წელში დაფარავს.

არაგოსკოპი: ულტრამაღალი რეზოლუციის ოპტიკა დაბალი ღირებულებით
გიგანტური დისკი, რომელსაც შეუძლია კოსმოსური ტელესკოპების ხილვადობა გაზარდოს 1000-ჯერ.

საკვლევი არქიტექტურა კვანტური ინერციული გრავიმეტრიითა და ChipSat-ის სენსორებით
ჩიპურ სისტემებზე მომუშავე კოსმოსური ხომალდის ChipSat-ის ანალოგები გაშვებული იქნება სხვა პლანეტებსა და თანამგზავრებზე, როგორიცაა მაგალითად ევროპა, რათა მეცნიერული კვლევა უფრო მოკლე დროში და ნაკლები რისკის პირობებში განხორციელდეს.


ჯგუფური მფრინავი გრავიმეტრია
მეთოდი, რომლითაც მზის სისტემის პატარა სხეულების (როგორიცაა ასტეროიდები და კომეტები) გრავიტაცია და მასა იქნება გამოკვლეული პატარა, დაბალი ღირებულების ზონდების ჯგუფით.

3D ფოტოკატალიზური ჰაერის პროცესორი
მოწყობილობა, რომელიც ადამიანებით დაკომპლექტებულ ხომალდზე მზის სინათლეს ჟანგბადად გარდაქმნის.

ასტეროიდებისა და კოსმოსური ნამსხვრევების შეგროვება
ეს ნანოთანამგზავრის მასშტაბის სუბთანამგზავრი, რომელსაც „მოძიებისა და ზედმეტი ბრუნვის შესამცირებლად ბადეში გაბმის უწონო მექანიზმი” (Wrangler) ეწოდება, შეიპყრობს და შეამცირებს ისეთი ობიექტების ბრუნვას, როგორიცაა ასტეროიდები. ამისთვის გამოიყენებს დიდ „ბადეს” ჯალამბარის მექანიზმთან ერთად.


ტიტანის საჰაერო ხომალდი
პატარა როტორული აპარატი, რომელიც 10 კგ-მდე იწონის, არც ისე ძალიან განსხვავდება დედამიწაზე მოქმედი პორტატული დრონებისგან. მას საჰაერო ბურთით დასვამენ ტიტანზე, რათა ახლოდან გადაიღოს მაღალი გამოსახულების ფოტოები და ზედაპირის რუკა შექმნას.

ყველაზე ცხელი ნაწილაკების გამოყენება ყინულოვანი ციური სხეულების გამოსაკვლევად
მეთოდი, რომლითაც გაიზომება ყინულის სიღრმე სხვა პლანეტების თანამგზავრებზე, როგორიცაა ევროპა, განიმედი და ენცელადი, იყენებს მაღალენერგეტიკული ნაწილაკების ფიზიკაზე დაფუძნებულ ექსპერიმენტულ ტექნოლოგიას.

პერისკოპი: პერიცენტრის მიწისქვეშა ოპტიკური მკვლევარი
შემოთავაზებული მეთოდი თანამგზავრების მიწისქვეშა სტრუქტურების რუკის შესადგენად პერისკოპზე დაფუძნებული ტექნოლოგიის მეშვეობით.


კომეტებით მოგზაური: პატარა ციური სხეულების კინეტიკური ენერგიის ათვისება ღრმა კოსმოსის სწრაფი და იაფი კვლევისთვის
კოსმოსური ხომალდი, რომელიც კომეტებზე მოთავსდება, რათა მზის სისტემაში იმოგზაუროს. ის გამოიყენებს კოსმოსური ანკესის მსგავს ერთგვარ ჰარპუნს, რომლითაც კომეტებს მოეჭიდება და შემდეგ მათზე გადაინაცვლებს.

მარსის ტერაფორმინგის შესწავლა
მოწყობილობა, რომელიც გამოიკვლევს დედამიწის სიცოცხლის ფორმების მარსის ზედაპირზე გადარჩენის შანსებს. ის დედამიწიდან ცოცხალ ორგანიზმებს წაიყვანს, რათა გამოსცადოს წითელ პლანეტაზე მათი სიცოცხლისუნარიანობა, რაც მარსის მომავალი ტერაფორმინგის წინამორბედი იქნება.

„2014 წლის NIAC-ის პირველი ფაზის კანდიდატები გამორჩეულები იყვნენ, რამაც საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება განსაკუთრებით გაართულა”, განაცხადა NIAC-ის პროგრამის ხელმძღვანელმა ჯეი ფოლკერმა. „ამიტომ განვიხილეთ სხვადასხვა სახის პოტენციური სარგებელი და რისკები და გავაკეთეთ არჩევანი, რათა გავაფართოვოთ საზღვრები და გამოვიკვლიოთ ახალი ადგიილები. სწორედ ამის გამოა NIAC-ი უნიკალური”.

ეს წარმოსახვითი, ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი კონცეპტები, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების წინაპირობა იქნება, შეფასდა სააგენტოს მომავალ კოსმოსურ მისიებში პოტენციური ღირებულებისა და ოპერაციული საჭიროების მიხედვით.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კონცეპტებიდან ბევრი იმედისმომცემია, ისინი ჯერ კიდევ იდეებად რჩებიან და მათ ხორცშესხმამდე წინ მრავალი წელია.

Daily Mail

Advertisements

One response to “წყალქვეშა ნავი ტიტანზე, ასტეროიდების ბადე და ნასას სხვა გეგმები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: