მეცნიერებმა ნანობუშტებით კიბოს უჯრედები გაანადგურეს


კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა რაისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ორი წლის წინ მოფიქრებულ მეთოდს კიბოსთან საბრძოლველად, გამოავლინა მისი მაღალი პოტენციალი ცხოველებში. მეთოდი უმკლავდება „ჯიუტ” კიბოსაც, რომელზეც ჩვეულებრივი წამლები არ მოქმედებს. ტექნოლოგიას „კვადრაპევტიკა” უწოდეს და უკვე არსებულ ოთხ კლინიკურად დადასტურებულ მეთოდს აერთიანებს სასიკვდილო კომბინაციაში, რომელსაც შეუძლია მოძებნოს და გაანადგუროს სიმსივნური უჯრედები, ხოლო გარშემო მდებარე სხვა ქსოვილები უვნებელი დატოვოს. კვლევა გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში „Nature Medicine”.

ზოგიერთი განსაკუთრებით აგრესიული კიბოები, როგორიცაა თავის, კისრის ან ტვინის, გამოირჩევიან ქიმიო- და რადიოთერაპიისადმი მაღალი გამძლეობით და აქედან გამომდინარე, მათი მკურნალობა განსაკუთრებით ძნელია, გადარჩენის შანსი კი – დაბალი. უფრო მეტიც, თუკი სიმსივნე ჩახლართულია არასიმსივნურ ქსოვილებში, ქირურგიული ჩარევით შეიძლება ვერ მოხერხდეს სიმსივნის ქსოვილების მთლიანად ამოკვეთა. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ინოვაციური თერაპიის განვითარება, რომელიც არსებულ მკურნალობის მეთოდს გააძლიერებს და ჯანმრთელ ქსოვილებს ზიანს არ მიაყენებს.

ამის მისაღწევად რაისის უნივერსიტეტში წამლები, კოლოიდური ოქროს ნანონაწილაკები, მოკლე ლაზერული პულსები და იქს-სხივები გააერთიანეს ერთ ახალ სისტემაში, რომელიც აძლიერებს ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის მოქმედებას სიმსივნურ უჯრედებზე.

„კვადრაპევტიკას კიბოს თერაპიული პარადიგმა გადააქვს მასალიდან – წამლებიდან ან ნანონაწილაკებიდან – მექანიკურ მოვლენებამდე, რომლებიც მოქმედებენ ბრძანების მიხედვით მხოლოდ კიბოს უჯრედებში”, ამბობს დიმიტრი ლაპოტკო, კვლევის მთავარი ავტორი. „კიდევ ერთი სტრატეგიული ინოვაცია არის ამჟამინდელი მაკროთერაპიის გაერთიანება მიკრომკურნალობასთან. ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით გადაგვაქვს ქირურგია, ქიმიოთერაპია და რადიაციული თერაპია კიბოს უჯრედებში”.

თერაპია რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. თავდაპირველად კიბოს კლინიკურად დადასტურებულ წამალს ემატება ანტისხეულები, რომელთა სპეციფიკური სამიზნეა სიმსივნური უჯრედები. შემდეგ შეყავთ კოლოიდური ოქროს ნანონაწილაკები, რომლებსაც ასევე აქვთ დამატებული ანტისხეულები. ხდება მათი თავმოყრა და აკუმულირება სამიზნე უჯრედებში. ეს ნანოკლასტერები უმოქმედონი არიან, სანამ არ მოხდება მათი გააქტიურება ლაზერული პულსებით ან რადიაციით.

თერაპიის მესამე ფაზაა თითქმის ინფრაწითელი ლაზერული პულსის მიმართვა სიმსივნეზე, რაც იწვევს სითხის აორთქლებას და პლაზმონური ნანობუშტების აფეთქებას. შედეგად ეს ნანობუშტები მექანიკურად ანადგურებენ უჯრედებს და ქიმიოთერაპიული წამლის დოზებს აძლიერებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ნაკლები მოცულობის კიბოს წამლების გამოყენებაა შესაძლებელი. საბოლოოდ ხდება მცირე დოზის იქს-სხივების რადიაციის მიმართვა სიმსივნისკენ.

კიბოს იმ უჯრედებში, რომლებიც თავდაპირველ შეტევას გადაურჩებიან, ნანონაწილაკების აფეთქება მნიშვნელოვნად აძლიერებს როგორც ქიმიოთერაპიულ წამლებს, ისე რადიაციას. სამივე მოვლენა – უჯრედების მექანიკური განადგურება, ინტრაცელულარული წამლის შეყვანა და რადიაციის ზრდა – ხდება მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებში და არ ვნებს ჯანმრთელ უჯრედებს.

„გამძლე სიმსივნური უჯრედების უმეტესობას კლავს ამ კომპონენტების ინტრაცელულარული სინერგია და ის მოვლენები, რომლებსაც უჯრედებში ვიწვევთ”, განაცხადა ლაპოტკომ. „ამ სინერგიამ ექსპერიმენტში აჩვენა კიბოს უჯრედებზე სტანდარტული ქიმიორადიაციის თერაპიული ძალის 17-ჯერ ზრდა”.

როცა სისტემა თაგვებში გამოიცადა აგრესიულ, ქიმიოთერაპიისადმი გამძლე თავისა და კისრის სიმსივნეებზე, იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ წამლების კლინიკური დოზებისა და იქს-სხივების მხოლოდ 2-6% იყო საჭირო. თანაც სიმსივნის მოცილება მოხდა ერთ კვირაში, ახლომდებარე ნორმალური ქსოვილები კი ხელუხლებელი დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მხოლოდ თავისა და კისრის სიმსივნეები გამოიკვლიეს, მკურნალობის ეს მეთოდი უნდა მიესადაგოს კიბოს სხვადასხვა ვარიანტებს. მკვლევარები თანამშრომლობენ სხვა ინსტიტუტებთან, რათა კიდევ უფრო განავითარონ ეს იმედისმომცემი შედეგები და კლინიკური ცდები უკვე ადამიანებზე დაიწყონ.

iflscience.com

Rice University

Advertisements

One response to “მეცნიერებმა ნანობუშტებით კიბოს უჯრედები გაანადგურეს

  1. georobot 09/06/2014, 3:12 AM

    კიბოს უჯრედები იმით გასხვავდებიან , რომ მათი გაყოფის (გამრავლების) ინტენსივობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულიბრივი უჯრედების. სწორედ ამ ფაქტორზე არის დამყარებული მათთან ბრძოლის სტრატეგიაც. მაგ., რადიაციული მეთოდი დამყარებულია იმაზე, რომ უჯრედის გაყოფისას მაღალი ენერგიის გამოსხივებით დავამახინჯოთ დნმ ისე, რომ ახალი უჯრედი სიცოცხლის უუნარო იყოს. რა თქმა უნდა, ეს გამოსხივება კლავს ნორმალურ უჯერდსაც, მაგრამ, რადგანაც კიბოს უჯრედები უფრო ხშირად იყოფიან, ამიტომ ისინი უფრო მაგრად ზარალდებიან.იგივე ითქმის კიბოს საწინააღმდეგო ყველა დანარჩენ მეთოდებზეც. ანუ, საქმე გვაქვს უჯრედების გაყოფისას ინფორმაციის დამახინჯებასთან გაყოფის ინტენსივობის მიხედვით, (არ გამომივიდა მთლად გამართულად!!!). გასული საუკუნის 90-ან წლებში ქართველმა?! მეცნიერმა მარკ პერელმანმა წამოაყენა სრულიად ახალი ალტერნატივა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: არსებობს რიგი ნივთიერებებისა, რომლებსაც გააჩნიათ ე.წ. მაგნიტოსტრიქციული თვისება – თვისება, შეიცალონ გეომეტრიული ზომები გარეშე მაგნიტური ველის ინტენსივობის მიხედვით. თუ ამგვარ ნივთიერებებს ცვლად მანიტურ ველში მოვათავსებთ, ისინი ველის ცვლილების სიხშირით შეიცვლიან ზომებს და ამ დროს დააზიანებენ (მაქანიკურად) მათს გარემომცველ უჯრედებს. საჭიროა მხოლოდ, რომ მათი ზომები ისეთი იყოს, რომ რეზონანსი მიიღწეოდეს უჯრედების გაყოფის თანხმლები ელექტრომაგნიტური ველის სიხშირეზე. ნანოტექნოლოგიების ახალი მიღწევები, ალბათ შესაძლებელს გახდიან ასეთი ზომის და თვისებების მქონე მაგნოსტრიქციული სტრუქტურების შექმნას.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: