მთვარის ქვების ახალმა ანალიზმა გამოავლინა პირველი პირდაპირი მტკიცებულება, რომ მთვარე უძველეს დროში მომხდარი შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა, რაც დიდი ხნის განმავლობაში მხარდაჭერილ თეორიას ადასტურებს.
ქვები ნასას კოსმონავტებმა შეაგროვეს აპოლოს მისიების პერიოდში. ელექტრონულ მიკროსკოპში ჩატარებული სკანირების შედეგად მეცნიერებს საშუალება მიეცათ, მათში აღმოეჩინათ ქიმიური ნაკვალევი მარსის ზომის პლანეტისგან, რომელიც პირველყოფილ დედამიწას 4.5 მილიარდი წლის წინ შეეჯახა.
როცა უძველესი პლანეტა თეია დედამიწას შეეჯახა, წარმოქმნილი ნამსხვრევები კოსმოსში აღმოჩნდა. მთვარე სწორედ ამ ნამსხვრევებისგან წარმოიქმნა. პლანეტების მკვლევარმა მეცნიერებმა ეს თეორია შეიმუშავეს აპოლოს მთვარეზე დასმის (1969 წლის 20 ივლისი) კვალდაკვალ, რათა აეხსნათ, რატომ ყავს დედამიწას ამხელა თანამგზავრი.
გოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) მეცნიერებმა, რომელთაც დენიელ ჰერვარცი ხელმძღვანელობდა, ამ აღმოჩენის შესახებ ხუთშაბათს განაცხადეს სამეცნიერო ჟურნალში „Science”.
„თუკი მთვარე ძირითადად თეიას ფრაგმენტებისგან ჩამოყალიბდა, როგორც რიცხვობრივი მოდელების უმეტესობა წინასწარმეტყველებს, მაშინ დედამიწა და მთვარე უნდა განსხვავდებოდნენ”, აღნიშნულია კვლევაში.
მთვარის ქვების ადრეული შესწავლა არ ყოფილა ისეთი დეტალური, რომ მათსა და დედამიწის ქიმიურ შემადგენლობაში განსხვავებები აღმოჩენილიყო. მაგრამ ამჯერად ჯგუფი წააწყდა პატარა, თუმცა მნიშვნელოვან განსხვავებას – მთვარის ქვებში ჟანგბადის მძიმე ატომები შედარებით მეტია (მილიონში 12-ით მეტი). ეს კი თეიას კვალზე მიანიშნებს.
თეიას ეს სახელი ბერძნული ქალღმერთის მიხედვით ეწოდა, ის სელენას, მთვარის ქალღმერთის დედა იყო. ადრინდელ კვლევებზე დაყრდნობით მთვარეს მთლიანად დედამიწის ნაწილად თვლიდნენ, თუმცა კომპიუტერული სიმულაციები თეიას ნარჩენებზე უფრო მიანიშნებდა.
„ადრეული მზის სისტემა ტირი იყო”, ამბობს ჰერვარცი. დისკოს ფორმის მტვრის გროვებისგან ამოიზრდებოდნენ პლანეტები, რომლებიც ბრუნავდნენ ახალგაზრდა მზის გარშემო და ზოგჯერ ერთმანეთს ეჯახებოდნენ.
„ვფიქრობ, რომ თეია და პროტო-დედამიწა პროტოპლანეტარული დისკოს ერთ რეგიონში ჩამოყალიბდნენ მეტნაკლებად ერთნაირი მასალისგან”, განაცხადა ჰერვარცმა. მისი აზრით, მთვარის 30-დან 50%-მდე ნაწილი შეიძლება თეიას ნარჩენები იყოს. ხოლო თუკი თეია განსაკუთრებით მდიდარი იყო ჟანგბადის ატომის მძიმე ფორმით, ანუ იზოტოპით, რომელიც ცნობილია, როგორც ჟანგბადი-17, მაშინ შეიძლება მთვარის 30%-ზე ნაკლები ეკავოს.
არსებობს ალტერნატივაც, რომ თეია და დედამიწა ქიმიურად იდენტურები იყვნენ და დედამიწას მოგვიანებით შეეჯახა კომეტა ან ასტეროიდი, რომელსაც გადაჰქონდა დიდი რაოდენობით წყალი – პროტო-ოკეანეები – რამაც დედამიწაზე ჟანგბადის შემადგენლობა შეცვალა.
„ეს შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელი”, ამბობს ჰერვარცი. „თუმცა თუკი ასე მოხდა, მთვარის ჩამოყალიბების შემდეგ დედამიწაზე შემოტანილი მასალა ძალიან ეგზოტიკური უნდა ყოფილიყო”. ხოლო ასეთი ეგზოტიკური შემადგენლობით გამორჩეულ მეტეორიტებს წყალიც უხვად აქვთ ხოლმე.
კიდევ ერთი ვერსია, რომელიც გრონინგენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) პროფესორს რობ დე მეიჯერს ეკუთვნის, ბუნებრივი ბირთვული აფეთქების მოსაზრებას აყენებს. დედამიწის ზედაპირიდან 2900 კმ სიღრმეში დიდი რაოდენობით ბირთვული მასალის (რადიოაქტიური ელემენტები, როგორიცაა თორიუმი და ურანი) დაგროვების გამო მოხდა ძლიერი აფეთქება და დედამიწის ქერქი და მანტია კოსმოსში გაიფანტა. სწორედ ეს იყო ის ნამსხვრევების გროვა, რომლისგანაც შემდგომში მთვარე შეიკრა. რობ დე მეიჯერი ამბობს, რომ ახალი აღმოჩენა მის მოსაზრებას არ ეწინააღმდეგება, რადგან „განსხვავება მცირეა. საჭიროა მთვარეზე ადამიანებით დაკომპლექტებული მისიის გაგზავნა და მის სიღრმეებში არსებული ისეთი ნიმუშების გამოკვლევა, რომლებიც მეტეორიტებითა და მზის ქარებით არ იქნება დაბინძურებული.”
Reblogged this on lobjalasha.
LikeLike