ასტრონომებმა დედამიწაზე 17-ჯერ მასიური პლანეტა აღმოაჩინეს


მეცნიერებმა ახლახანს აღმოაჩინეს „დედამიწების გოძილა” – ახალი ტიპის უაზარმაზარი ქვის პლანეტა, რომელიც ჩვენგან 560 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. „მეგადედამიწად” წოდებული ეგზოპლანეტა Kepler-10c-ის დიამეტრი 29 000 კმ-ია, ანუ დედამიწის მაჩვენებელზე 2.3-ჯერ მეტი, თუმცა მასზე გაცილებით მკვრივია და ამიტომ დედამიწაზე 17-ჯერ მეტს იწონის. ის მზის მსგავს ვარსკვლავს უვლის გარშემო დრაკონის თანავარსკვლავედში.

თეორეტიკოსებს აქამდე არ ეგონათ, რომ ამ ეგზოპლანეტის მსგავსი რამ შეიძლებოდა არსებულიყო. ისინი თვლიდნენ, რომ ამ ზომის პლანეტა იქნებოდა აირადი, ზრდასთან ერთად წყალბადს მიიზიდავდა და იუპიტერს დაემსგავსებოდა. თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს პლანეტა დედამიწის მსგავსად მყარია.

„ეს დედამიწების გოძილაა!” განაცხადა დიმიტარ სასელოვმა, ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრის თანამშრომელმა და ჰარვარდის სიცოცხლის წარმოშობის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა. „მაგრამ განსხვავებით ფილმის მონსტრისგან, Kepler-10c-ის აღმოჩენას სიცოცხლის საკითხში დადებითი ქვეტექსტები აქვს.”

Kepler-10c-ის აღმოჩენა გამოცხადდა 2 ივნისს, ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების 224-ე შეხვედრაზე.

მეგადედამიწა მშობელ ვარსკვლავს Kepler-10-ს გარს უვლის ყოველ 45 დღეში. ის სავარაუდოდ ძალიან ახლოსაა მასთან საიმისოდ, რომ სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები ჰქონდეს. თუმცა არამარტო ის უვლის ამ ყვითელ ვარსკვლავს. Kepler-10-ის გარშემო ასევე მოძრაობს Kepler-10b, რომელიც დედამიწაზე სამჯერ მძიმეა და 20 საათიანი ორბიტა აქვს.

ნასას კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა პირველად Kepler-10c შენიშნა, მაგრამ მაშინვე ვერ დადგინდა, ეს უცხო პლანეტა აირადი იყო თუ ქვის. ზომა მიანიშნებდა, რომ ის „მინი-ნეპტუნის” კატეგორიაში უნდა მოხვედრილიყო, ანუ პლანეტას აირის სქელი ფენა ფარავდა.

ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკოსმა ქსავიერ დუმუსკმა თავის ჯგუფთან ერთად კანარის კუნძულებზე მდებარე გალილეოს სახელობის ტელესკოპი და მისი ინსტრუმენტი HARPS-N გამოიყენა Kepler-10c-ს მასის გასაგებად. მათ აღმოაჩინეს, რომ პლანეტა სინამდვილეში ქვისაა და არა მინი-ნეპტუნი.

„Kepler-10c-ს დროთა განმავლობაში ატმოსფერო არ დაუკარგავს. ის საკმარისად მასიურია საიმისოდ, რომ შეენარჩუნებინა, თუკი ოდესმე საერთოდ ჰქონდა”, ამბობს დუმუსკი. „ის ისეთად უნდა ჩამოყალიბებულიყო, როგორადაც ახლა ვხედავთ”.

მეცნიერები თვლიან, რომ Kepler-10c-ს სისტემა საკმაოდ ძველია და დიდი აფეთქებიდან 3 მილიარდ წელზე ნაკლები დროის შემდეგ წარმოიშვა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მიუხედავად საჭირო ნივთიერებების იშვიათობისა, მაინც საკმარისი რაოდენობით იყო ისეთი მძიმე ელემენტები, როგორიცაა სილიციუმი და რკინა, რათა სამყაროს შედარებით ადრეულ პერიოდში ქვის პლანეტები წარმოქმნილიყო.

„Kepler-10c-ის აღმოჩენა მიანიშნებს, რომ ქვის პლანეტები უფრო ადრე ფორმირდებოდნენ, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით. და თუკი არსებობს ქვის პლანეტები, შესაძლებელია სიცოცხლის წარმოშობაც”, აღნიშნა სასელოვმა.

აღმოჩენა მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ძველ ვარსკვლავებს შესაძლოა სისტემაში ქვის პლანეტები ჰყავდეთ, რაც უფრო აფართოებს იმ ვარსკვლავთა რაოდენობას, რომელთა სიახლოვესაც ასტრონომები დედამიწის მსგავს ობიექტებს ეძებენ შესასწავლად. ნაცვლად გამორიცხვისა, ძველი ვარსკვლავები მინიმუმ თვალის შევლებას იმსახურებენ.

space.com
iflscience.com

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: