ნასა 2035 წლისთვის მარსზე ადამიანების გაგზავნას გეგმავს


ნასამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2035 წლისთვის მარსზე ადამიანების გაგზავნას აპირებს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის პროექტი, რომელიც მთელი მსოფლიოს თანადგომას მოითხოვს.

ნასას მთავარმა მეცნიერმა ელენ სტოფანმა ორი კვირის წინ ლონდონის სამეფო ინსტიტუტში გამართა შეხვედრა სახელად „მთვარის ევროპული სიმპოზიუმი”, რომლის ჩანაწერებიც ახლახანს გამოქვეყნდა. „ეს არაა ისეთი რამე, რასაც ცალკე აღებული რომელიმე ერი შეძლებს”, ამბობს სტოფანი. „ამას მთელი კაცობრიობა ერთობლივად განახორციელებს.”

სტოფანი მარსის მისიას აღიქვამს, როგორც გადამწყვეტ ნაბიჯს იმ სამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რომლებიც, მისი თქმით, მუდმივად ჩნდება ნასას მისიებში: „ვართ თუ არა მარტონი, როგორ მოვხვდით აქ და როგორ მუშაობს სამყარო.” მეცნიერმა ასევე ისაუბრა ევროპასა და ენცელადზე სიცოცხლის არსებობის პოტენციალზე.

მიუხედავად რობოტული მისიების არსებობისა, რომლებიც მარსზე წყლისა და სიცოცხლის ნიშნებს ეძებდნენ, ნასა ადამიანთა გაგზავნას აუცილებლად თვლის. ადამიანთა უნარი, შეკრიბონ ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მარსის გამოსაკვლევად, გაცილებით აღემატება როვერთა მაქსიმალურ შესაძლებლობებს, აღნიშნა სტოფანმა. სწორედ ამიტომ ნამდვილად ღირს გაცილებით დიდი თანხის გადახდა, რომელიც ადამიანების გაგზავნას უკავშირდება. „მარსზე არა კოსმონავტებს, არამედ მეცნიერებს ვაგზავნით. იქ არ მივდივართ სიამოვნების მისაღებად, ჩვენი მიზანი მეცნიერული კვლევაა.”

პრეზიდენტმა ობამამ 2010 წელს გამოაცხადა მარსის მისიის შესახებ და იგივე გეგმით აგრძელებს მოქმედებას, თუმცა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. ნებისმიერი პროგრამა, რომელსაც ამდენი დრო სჭირდება შედეგების მისაღებად, ადვილად ექვემდებარება პრიორიტეტების ცვლილებებსა და დაფინანსების შემცირებას. სტოფანმაც აღნიშნა, რომ „ჩვენ ვაპირებთ რაღაც ძალიან გაბედულის გაკეთებას ხანგრძლივი დროით, ეს კი გამოწვევაა იმ მსოფლიოში, რომელიც როგორც წესი, არ იყურება 5, 10, 20 წელზე შორს მომავალში.”

სტოფანის თქმით, ადამიანების მარსზე გაგზავნამდე საჭიროა უფრო მეტი ვიცოდეთ, განსაკუთრებით ადამიანებზე მიკროგრავიტაციის ზემოქმედების შესახებ დიდ პერიოდში და როგორ შეიძლება ჯანმრთელი დიეტის შენარჩუნება იმ პირობებში, რომ ახალი საკვების სისტემატური მიწოდება არ მოხდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მარსის მისიასთან დაკავშირებით მისი ხანგრძლივობაა – იქნება ეს სწრაფი ვიზიტი, როგორც მთვარის შემთხვევაში იყო, თუ კოლონიზაციის პროგრამის ნაწილია? „არა მგონია, რომ პირველი ჯგუფი აუცილებლად იქ დარჩება, მაგრამ მისია უნდა აღვიქვათ ისე, როგორც დასახლების შექმნა”, ამბობს სტოფანი. „გვინდა, რომ თუ იქ წასული ადამიანები უკან დაბრუნებას მოინდომებენ, ეს შეძლონ. თუმცა ეს იქნება ადამიანის მარსზე მუდმივი ბინადრობის დასაწყისი.”

ნასას მარსის პროგრამას ყველაზე ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მას ხშირად გადაფარავს ხოლმე სხვა პროგრამები, როგორიცაა მთვარეზე დაბრუნება და ასტეროიდების კვლევა. სტოფანმა აღნიშნა, რომ „მთვარე უკიდურესად მნიშვნელოვანი სამიზნეა, ის ჩვენს ისტორიას ინახავს”, რადგან წარსულში გიგანტურმა ციურმა სხეულმა დედამიწას მოაცილა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ჯიმ ადამსმა, ნასას მთავარი ტექნოლოგის მოადგილემ, და წარმოადგინა გეგმები ასტეროიდების კვლევის შესახებ. „თავიდან ვიფიქრეთ, რომ ასტეროიდზე კოსმონავტს გავგზავნიდით, შემდეგ გავიაზრეთ, რამდენად რთული დავალება იქნებოდა ეს. მხოლოდ ერთი ასტეროიდის გამოჭერაც კი იმდენ რაკეტულ ძრავას მოითხოვს, რომ ეს თითქმის შეუძლებელია. როგორც კი შესაბამის კანდიდატს ვიპოვით, გამოვიყენებთ ყველა საჭირო ტექნოლოგიას. შევიპყრობთ, შევფუთავთ და მთვარის გარშემო ორბიტაზე გავუშვებთ. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ადამიანების გაგზავნა დანიშნულების ადგილას და სერიოზული კოსმოსური ოპერაციების შესრულება.”

ამ მიზნის ფარგლებში ნასა ეძებს 10 მეტრი სიგრძის ასტეროიდებს, რათა ადვილი იყოს მათი გამოჭერა და შემდგომში დასაშვებად გამოყენება. „საქმე ასტეროიდში არაა”, აღნიშნა ადამსმა. „ეს ეხება ერთად ცხოვრებასა და მუშაობას და საქმიანობისთვის საჭირო ტექნოლოგიას.”

სიმპოზიუმზე აღინიშნა, რომ მთვარე და მისი მომავალი თანამგზავრი ასტეროიდი გამოყენებული იქნება, როგორც პრაქტიკის გასავლელი ობიექტები, რათა 20 წლის შემდგომ ადამიანებმა უკვე მარსზე გადაინაცვლონ. ახლო მომავალში გამოიცდება ახალი ტიპის კოსტუმები, რომლებიც კოსმონავტებს დაიცავს ჯანმრთელობისთვის საზიანო პირობებისგან, როგორიცაა მაგალითად მზის ქარები. საუბრის ბოლოს კი ადამსის მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ნასას მიზანი 2030-იან წლებში მარსის ზედაპირზე აღმოჩენაა.

iflscience.com

Natural History Museum

One thought on “ნასა 2035 წლისთვის მარსზე ადამიანების გაგზავნას გეგმავს

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s