მეცნიერებმა კვანტური ტელეპორტაცია განახორციელეს


ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კვანტური ტელეპორტაციის საკითხში განახორციელეს სერიოზული წინსვლა, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ აინშტაინი ცდებოდა კვანტური გალახლართვის საკითხში, როცა მას „მოჩვენებითი დისტანციური ქმედება” უწოდა.

დელფტის უნივერსიტეტის ნანომეცნიერების დეპარტამენტის ფიზიკოსებმა შედეგები გამოქვეყნეს ჟურნალში „Science”. მათი თქმით, მოახერხეს კვანტური ინფორმაციის გადაგზავნა ალმასის ორ სხვადასხვა ნაჭერს შორის, რომლებსაც ერთმანეთისგან 3 მეტრი აშორებდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტელეპორტაცია არაა ისეთი პროცესი, რომელიც წარმოდგენილია სამეცნიერო ფანტასტიკაში, კვლევის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ რონალდ ჰანსონის თქმით, შესაძლებელია, ვარსკვლავური გზის (Star Trek) სტილის ტრანსპორტერი მომავალში რეალობად იქცეს.

„რის ტელეპორტირებასაც ვახდენთ, არის ნაწილაკის მდგომარეობა”, აღნიშნა პროფესორმა ჰანსონმა. „თუკი ჩათვლით, რომ ჩვენ სხვა არაფერი ვართ, თუ არა სპეციფიკურად თავმოყრილი ატომების კოლექცია, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს ჩვენი ტელეპორტაცია ერთი ადგილიდან მეორეზე.”

„პრაქტიკაში ამის შანსი დაბალია, თუმცა იმის თქმა, რომ არასდროს გამოვა, ძალიან სახიფათოა. მისი გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან არ არსებობს ფიზიკის ფუნდამენტური კანონი, რომელიც ამას ხელს შეუშლის. თუკი ოდესმე მართლაც განხორციელდება, ეს იქნება შორეულ მომავალში.”

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროფესორ ჰანსონისა და მისი ჯგუფის მიღწევას თანამედროვეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. კვანტური ინფორმაციის ზუსტი ტელეპორტაცია წინ გადადგმული ნაბიჯია კვანტური ქსელების ასაგებად, რომლებიც უფრო ძლიერი და დაცულები იქნებიან, ვიდრე ამჟამინდელი სუპერკომპიუტერები.

ჩვეულებრივი კომპიუტერები ინფორმაციას ინახავენ ბიტებში (სიგნალებში, რომლებიც არსებობენ 0-ის ან 1-ის სახით), ხოლო კვანტური კომპიუტერი გამოიყენებს „კუბიტებს”, რომლებსაც ერთდროულად ორივე მნიშვნელობის დატევა შეეძლებათ. კვანტური ტელეპორტაცია გულისხმობს ფიზიკურად დაშორებული კვანტური ბიტების იძულებით გადაყვანას კვანტური გადახლართვის მდგომარეობაში. ამ ბიტების ერთმანეთთან კომუნიკაცია იმ ფორმით, როგორც დელფტის ფიზიკოსებმა მოახერხეს, დაგვეხმარება კვანტური კომპიუტერების დაუჰაკავი ქსელის შექმნაში.

„კვანტური ტელეპორტაციის მთავარი გამოყენება იქნება ინტერნეტის კვანტური ვერსია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გავრცელდება და მისი დახმარებით კვანტურ ინფორმაციას გავგზავნით”, ამბობს პროფესორი ჰანსონი. „ნაწილაკების გადახლართვას იყენებთ, როგორც საკომუნიკაციო არხს. ინფორმაცია გადაიგზავნება მეორე მხარეს და არ არსებობს გზა, რომლითაც ვინმე შეძლებს ამ ინფორმაციის ხელში ჩაგდებას.”

აინშტაინს ეჭვი ეპარებოდა კვანტური გადახლართვის არსებობაში. ეს არის მოვლენა, როცა ორი ნაწილაკი, გინდაც სამყაროს საპირისპირო მხარეებზე მდებარეობდნენ, გაურკვეველი გზით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. თუკი რაიმე ემართება ერთ ნაწილაკს, იმავდროულად შესაბამისად იცვლება მისი მეწყვილეც, თითქოს კვანტურ ვუდუს თოჯინასთან გვქონდეს საქმე.

ამ შედარების გამო ალბათ გასაკვირი არაა, რომ აინშტაინი – და მასთან ერთად ბევრი ფიზიკოსი – ვერ იჯერებდა გადახლართვას, რომელიც კვანტური მექანიკის თეორიებზე დაყრდნობით იწინასწარმეტყველეს გაცილებით ადრე, ვიდრე მეცნიერებს მის გამოსაცდელად საჭირო ტექნოლოგია ექნებოდათ.

1947 წელს დაწერილ წერილში აინშტაინი ამბობდა, რომ კვანტურ მექანიკას სერიოზულად ვერ აღიქვამდა, რადგან „ფიზიკამ უნდა წარმოაჩინოს რეალობა დროსა და სივრცეში, და მასში არ უნდა იყოს გარეული მოჩვენებითი დისტანციური ქმედებები”.

დელფტის მეცნიერთა ჯგუფის ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ თანდათან სულ უფრო უკეთ ხდება „მოჩვენებითი ქმედებების” შექმნა, მაგრამ საჭირო იქნება მათი ექსპერიმენტების გამეორება გაცილებით შორეულ დისტანციებზე. ივლისში იგეგმება ტელეპორტაცია უნივერსიტეტის კამპუსის ორ შენობას შორის, რომლებსაც ერთმანეთისგან 1300 მეტრი აშორებთ.

ეს მიღწევა სერიოზული წინსვლაა ფიზიკაში, როცა კვანტური ინფორმაცია (მონაცემები ელექტრონის სპინის მდგომარეობაზე) ზუსტად გადაიცა 100%-იანი წარმატებით. ეს გაცილებით დიდი წარმატებაა, ვიდრე წინამორბედი ექსპერიმენტები მერილენდის უნივერსიტეტში 2009 წელს, როცა კვანტური ინფორმაციის გადაგზავნა მხოლოდ 100 მილიონიდან ერთ შემთხვევაში ხერხდებოდა.

ცდები დიდ დისტანციებზე მეცნიერებს აპოვნინებს პასუხს ბელის თეორემის წარმოსახვით ექსპერიმენტზე, რომელიც 1964 წელს წარმოადგინა ირლანდიელმა ფიზიკოსმა ჯონ სტიუარტ ბელმა. ეს არის მეთოდი იმის განსაზღვრისთვის, ნამდვილად ახდენენ თუ არა გადახლართული ნაწილაკები ინფორმაციის გაცვლას სინათლის სიჩქარეზე სწრაფად.

The Independent

The New York Times

Advertisements

One response to “მეცნიერებმა კვანტური ტელეპორტაცია განახორციელეს

  1. Pingback: გასული კვირა მეცნიერებაში [26.05-01.06] | ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: