მეცნიერები ტრადიციული ხორცის ალტერნატივის შექმნაზე მუშაობენ. ოღონდ ეს არ იქნება სოიოსგან დამზადებული და ხორცის არომატის მქონე საკვები ან რაიმე მსგავსი. ის ნამდვილი ხორცია, თუმცა ცხოველების გაზრდის ნაცვლად მკვლევარები ღეროვან უჯრედებს გამოიყენებენ ხორცის შესაქმნელად.
ჰოლანდიაში მდებარე ვაგენინგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კორ ვან დერ ვილმა და იოჰანეს ტრამპერმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელშიც განხილულია ლაბორატორიაში გამოზრდილი ხორცის პრაქტიკული ასპექტები და კვლევის ამჟამინდელი მდგომარეობა. ნაშრომი გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „Science & Society”.
„ლაბორატორიული ხორცი” ნამდვილად არ ჟღერს მაცდუნებლად, მაგრამ გარემოს დამცველები, ცხოველთა უფლებებისთვის მებრძოლნი და ნასაც კი დიდ ინტერესს გამოხატავენ ხორცის კომერციული თვალსაზრისით ვარგისი ალტერნატივის მიმართ, რომელიც ღეროვანი უჯრედებისგან იქნება დამზადებული.
ყველაფერი დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო, როცა ნასამ საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან მიიღო ნებართვა, ემუშავა ხანგრძლივი კოსმოსური მისიებისთვის ვარგისი ხორცის შექმნაზე. 2008 წელს პეტამ 1 მილიონი დოლარის ოდენობის პრიზი დააწესა მათთვის, ვინც ღეროვანი უჯრედებისგან ქათმის ხორცს შექმნიდა. ვადა 2014 წლის 4 მარტს ამოიწურა და ჯილდოს მოპოვება ვერავინ შეძლო, მაგრამ საპრიზო თანხის გარეშეც კი მკვლევარები ისევ აქტიურად განაგრძობენ მუშაობას.
ხელოვნურ ხორცს შეუძლია შეამციროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელიც მესაქონლეობითაა გამოწვეული. შინაური ცხოველების გაზრდასა და მათგან ხორცის მიღებას სჭირდება დიდი რაოდენობით საკვები, წყალი და ენერგია. ამასთან, ცხოველების საჭმლის მომნელებელ სისტემაში წარმოქმნილი მეთანი დიდ ადგილს იკავებს სათბურის აირებში (ატმოსფეროს კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობენ პლანეტის ზედაპირის ტემპერატურის ზრდას). ინ-ვიტრო ხორცს შეუძლია, ენერგიის მოხმარება შეამციროს 45%-ით, სათბურის აირების გამოყოფა 96%-ით და მიწების გამოყენება 99%-ით.
გასული წლის ზაფხულში ჰოლანდიის მაასტრიხტის უნივერსიტეტის მეცნიერმა მარკ პოსტმა მნიშვნელოვანი წინსვლა განახორციელა ღეროვანი უჯრედებისგან მიღებული ხორცის წარმოებაში, როცა ლონდონში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბარბეკიუს უმასპინძლა. ორი კრიტიკოსი და ერთი შეფ-მზარეული იყვნენ მიწვეული ბურგერის გასასინჯად. ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ის ახლოს იყო ხორცთან, მაგრამ არ იყო მასავით წვნიანი, მეორემ კი განაცხადა, რომ ნამდვილ ბურგერს ჰგავდა. თუმცა ასეთი ბურგერის დამზადება 385 000 დოლარი ჯდება და კომერციულ მხარეზე საუბარი ნაადრევია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია, არის გემოს ნაკლებობა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ბუნებრივად წარმოქმნილი ცხიმის არარსებობისას საჭირო ხდება შემავსებლებისა და შემცვლელების გამოყენება, რის გამოც პროდუქტი ხორცის მსგავს საკვებად უფრო რჩება, ვიდრე ხორცად. მკვლევარებს მოუწევთ ხორცის ზრდის პროცესში ცხოველური ცხიმის დამატება, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს და პროდუქტი გაუმჯობესდეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ანტიბიოტიკების გამოყენება. ინ-ვიტრო ხორცს არ გააჩნია ცხოველის ბუნებრივი იმუნოსისტემა, რომელიც მავნე ბაქტერიებს შეებრძოლება, რის გამოც მკვლევარებს ანტიბიოტიკების გამოყენება უწევთ. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამას წინათ გამოაქვეყნა მოხსენება, რომლის მიხედვითაც მიკრობების გამძლეობა წამლების მიმართ სულ უფრო იზრდება, ამიტომ საჭიროა ფრთხილი მოქმედება. მოხსენება ეხება მესაქონლეობასაც, რადგან აშშ-ში გაყიდული ანტიბიოტიკების 80% სწორედ ამ დარგს ხმარდება.
ძნელია ხელოვნურად შექმნილი ხორცის მომავლის განსაზღვრა და იმაზე მსჯელობა, გადაილახება თუ არა მისი ლაბორატორიაში შექმნის ფაქტორისადმი დამოკიდებულება. თუმცა პროდუქტის გაუმჯობესებასა და საზოგადოების განათლების ზრდასთან ერთად დროთა განმავლობაში ეს დიდი პრობლემა აღარ იქნება (რაც ალბათ 10-20 წლის შემდეგ მოხდება). მსოფლიო მოსახლეობის მატებისა და ხორცზე მუდმივად ზრდადი მოთხოვნის გამო გარემოსთვის საზიანო სისტემაში რაღაცის შეცვლა გახდება საჭირო. არის თუ არა ინ-ვიტრო ხორცი პასუხი ამ პრობლემაზე ან პასუხის ნაწილი მაინც? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
თუ ღეროვანი უჯრედებით აკეთებენ,ანტიბიოტიკები რა საჭიროა? ღეროვან უჯრედებს ხომ შეუძლიათ გარდაიქმნან ლეიკოციტებადაც,რატომ არ ექნება ხორცს ცხოველისთვის დამახასიათებელი იმუნოსისტემა?
LikeLike
ლეიკოციტებს ხომ სისხლის მიმოქცევის სისტემა სჭირდებათ მოქმედებისთვის? აქ კიდე უბრალოდ კუნთოვან ქსოვილებს ქმნიან, ცხიმსაც კი მერე ამატებენ
LikeLike