აღმოაჩინეს დედამიწის ზომის პირველი პლანეტა დასახლებად ზონაში


ნასას კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით ასტრონომებმა აღმოაჩინეს დედამიწის ზომის პირველი პლანეტა, რომელიც მდებარეობს თავისი ვარსკვლავის დასახლებად ზონაში – არეალში, სადაც პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობა შესაძლებელია. Kepler-186f-ის აღმოჩენა ადასტურებს, რომ ჩვენი მზის სისტემის გარდა სხვაგანაც არის დედამიწის მსგავსი, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტები.

დასახლებად ზონაში მყოფი პლანეტები აქამდეც აღმოუჩენიათ, თუმცა ყოველი მათგანი მინიმუმ 40%-ით დიდია დედამიწაზე და მათი შემადგენლობა საკამათოა. Kepler-186f კი უფრო მეტად ჰგავს დედამიწას.

„Kepler-186f-ის აღმოჩენა მნიშვნელოვანი ნაბიჯია დედამიწის მსგავსი პლანეტების ძიების საკითხში”, განაცხადა პოლ ჰერცმა, ნასას ვაშინგტონში მდებარე შტაბის ასტროფიზიკის განყოფილების დირექტორმა. „ნასას მომავალი მისიები, როგორიცაა ტრანზიტული ეგზოპლანეტების საკვლევი თანამგზავრი და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, აღმოაჩენენ უახლოეს ქვის ეგზოპლანეტებს და განსაზღვრავენ მათ შემადგენლობასა და ატმოსფერულ პირობებს, რაც აგრძელებს კაცობრიობის მისწრაფებას, აღმოაჩინოს დედამიწის ყველაზე მეტად მსგავსი ადგილები”.

მიუხედავად იმისა, რომ Kepler-186f-ის ზომა ცნობილია, მისი მასა და აგებულება უცნობია. თუმცა წინა კვლევის მიხედვით, Kepler-186f-ის ზომის პლანეტა სავარაუდოდ ქვის უნდა იყოს (ანუ ძირითადად სილიკატური ქვებისგან ან მეტალებისგან შედგება).

„ჩვენ მხოლოდ ერთი პლანეტა ვიცით, სადაც სიცოცხლე არსებობს – დედამიწა. როცა სიცოცხლეს მზის სისტემის მიღმა ვეძებთ, ფოკუსირებას ვახდენთ ისეთი პლანეტების პოვნაზე, რომლებიც თვისებებით დედამიწას ჰგვანან”, ამბობს ელისა ქვინტანა, მკვლევარი მეცნიერი სეტის ინსტიტუტიდან ნასას ეიმესის კვლევით ცენტრში. „დასახლებად ზონაში მყოფი პლანეტის აღმოჩენა, რომელიც ზომით დედამიწის მსგავსია, წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია”.

Kepler-186f მდებარეობს Kepler-186 სისტემაში, დაახლოებით 500 სინათლის წლის მოშორებით გედის თანავარსკვლავედში. ამ სისტემაში ასევე მდებარეობს 4 კომპანიონი პლანეტა, რომლებიც მოძრაობენ მზეზე ორჯერ პატარა და მსუბუქი ვარსკვლავის გარშემო. ვარსკვლავს მინიჭებული აქვს M ჯუჯას, იგივე წითელი ჯუჯას სტატუსი. ამ კლასში შედის ირმის ნახტომის გალაქტიკის ვარსკვლავთა 70%.

„M ჯუჯები ყველაზე მრავალრიცხოვანი ვარსკვლავები არიან”, ამბობს ქვინტანა. „გალაქტიკაში სხვაგან სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები შეიძლება სწორედ M ჯუჯის გარშემო მოძრავი პლანეტებისგან მივიღოთ.”


დედამიწაზე 1.1-ჯერ დიდი Kepler-186f თავის ვარსკვლავს ყოველ 130 დღეში უვლის გარშემო და დედამიწასთან შედარებით სამჯერ ნაკლებ ენერგიას იღებს, რის გამოც ის დასახლებადი ზონის კიდესთან უფრო ახლოსაა. Kepler-186f-ის ზედაპირზე შუადღით მისი ვარსკვლავის ნათება ისეთივეა, როგორც ჩვენთან – მზისა, ჩასვლამდე ერთი საათით ადრე.

„დასახლებად ზონაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ზუსტად ვიცით, პლანეტა დასახლებადია თუ არა. პლანეტის ტემპერატურა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის ატმოსფეროზე”, აღნიშნა ტომას ბერკლიმ, მკვლევარმა მეცნიერმა ეიმესის გარემოს კვლევის ინსტიტუტიდან. „Kepler-186f დედამიწის ბიძაშვილად უფრო შეიძლება განვიხილოთ, ვიდრე ტყუპისცალად. მას დედამიწის მსგავსი ბევრი მახასიათებელი აქვს”.

ოთხი კომპანიონი პლანეტა, Kepler-186b, Kepler-186c, Kepler-186d და Kepler-186e, თავიანთ ვარსკვლავს გარს უვლიან ყოველ 4, 7, 13 და 22 დღეში, რის გამოც ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის საარსებოდ ზედმეტად ცხელები არიან. ოთხივე მათგანი დედამიწას აღემატება 1.08-1.4-ჯერ.

შორეული სიცოცხლის ძიებაში შემდეგი ნაბიჯები მოიცავს დედამიწის ნამდვილი ტყუპისცალების – მზის მსგავსი ვარსკვლავების დასახლებად ზონაში მდებარე დედამიწის ზომის პლანეტების – ძიებას და მათი ქიმიური შემადგენლობის ანალიზს. კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ერთდროულად ზომავდა 150,000-ზე მეტი ვარსკვლავის სიკაშკაშეს, ნასას პირველი მისიაა, სადაც შესაძლებელია ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავების გარშემო მოძრავი დედამიწის ზომის პლანეტების აღმოჩენა.

NASA

2 thoughts on “აღმოაჩინეს დედამიწის ზომის პირველი პლანეტა დასახლებად ზონაში

დატოვე კომენტარი