გასული კვირა მეცნიერებაში [11.11-17.11]


● პლანეტარული ობიექტი, რომელიც წყალში იტივტივებს.
პლანეტების შემსწავლელმა მეცნიერმა მაიკლ ბრაუნმა სიმკვრივე გაუზომა კოიპერის სარტყელში მდებარე პლანეტარულ სხეულს, რომლის სიგანეც 650 კმ-ია და აღმოაჩინა, რომ მას წყალზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ამ ციურ სხეულს „2002 UX25″ ეწოდება და მზის სისტემის ჯუჯა პლანეტის კანდიდატს წარმოადგენს. მან შეიძლება შეცვალოს ამჟამინდელი წარმოდგენა პლანეტების ფორმირების თეორიაზე. ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ პლანეტები მზის გარშემო მოძრავი მტვრის გროვისგან ყალიბდებოდნენ. შემდეგ კი დროთა განმავლობაში მტვრის ნაწილაკების შეკავშირებით მიიღებოდა უფრო მყარი და გამძლე მასალა. თუკი ეს შეხედულება სწორია, მაშინ კოიპერის სარტყელში ყველა პლანეტას მსგავსი სიმკვრივე უნდა ჰქონდეს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პატარა სხეულები წყალზე ნაკლებად მკვრივები არიან. თავიდან ეს იმით ახსნეს, რომ დიდი ობიექტები მეტი გრავიტაციული ძალის გამო ნაწილაკებს უფრო მჭიდროდ აკავშირებენ ერთმანეთთან. მაგრამ 2002 UX25 საშუალო ზომისაა და მისი სიმკვრივე არა შუალედური, არამედ პატარა სხეულების მსგავსია. მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი შემცველობაში ყინულის დიდი რაოდენობაა.


 


● დიდი კატები სავარაუდოდ აზიაში წარმოიშვნენ.
ტიბეტში ახლახანს აღმოჩენილი ნამარხები მიანიშნებს, რომ დიდი კატების სამშობლო შეიძლება აზია იყოს და არა აფრიკა, როგორც აქამდე ეგონათ. ამ აღმოჩენამდე პანტერას გვარის კატების ყველაზე ძველი, 3.8 მილიონი წლის ნამარხები აფრიკაში იყო ნაპოვნი. თუმცა მოლეკულური ანალიზი ადგენდა, რომ ისინი 11 მილიონი წლის წინ გადმოვიდნენ აზიიდან. აქამდე ამ ორი ფაქტის შეთანხმება რთული იყო, დიდი კატების ნამარხები იშვიათია და მათი ფილოგენეტიკური ხე ძირითადად არასრულყოფილია. თუმცა ახლახანს აღმოჩენილმა კბილებმა, ქვედა ყბისა და თავის ქალის ნაწილებმა მოლეკულური ანალიზი გაამყარა, რადგან ნამარხის ასაკი 4-6 მილიონი წლით განისაზღვრა. ახლად აღმოჩენილ სახეობას Panthera blytheae შეარქვეს, ის ენათესავება თანამედროვე თოვლის ლეოპარდს. ახალი აღმოჩენის მიხედვით, დიდი კატების გაყოფა მოხდა 16.5 მილიონი წლის წინ, ხოლო მათი ოჯახი დაახლოებით 25 მილიონი წლისაა.

 


● შეიქმნა ახალი ტიპის „უჩინარი ლაბადა”.
მეცნიერებამ შესაძლოა რეალობად აქცია ბევრისთვის საოცნებო და მეცნიერული ფანტასტიკის ნაწარმოებებში ფართოდ გავრცელებული «უჩინმაჩინის ლაბადა». ექსპერიმენტული მოწყობილობა თხელია და მოსახერხებელი, მიესადაგება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ობიექტებს. თუმცა ის პირველი არაა, მსგავსი რამის შექმნაზე წლების განმავლობაში მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები. წინა წლის გაზაფხულზე მიჩიგანის უნივერსიტეტმა დააანონსა მსგავსი მოწყობილობის შექმნა, რომელიც დიელექტრიკულ მეთოდს იყენებდა ელექტრომაგნიტური რადიაციის ტალღების ასარეკლად და გასამრუდებლად. თუმცა ახალი ვარიანტი, რომელიც ტორონტოს უნივერსიტეტში შეიქმნა, იყენებს ულტრათხელი ანტენების ფენას. ამის მეშვეობით აღარ ირეკლება ტალღები და ხდება მათი სრულიად ჩახშობა. წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში დგას საფოსტო ყუთი. მზე მას მიანათებს და არეკლილი სხივები თვალზე მოგხვდებათ, შესაბამისად დაინახავთ მას. თქვენი რადარიდან გაუშვებთ რადიოტალღებს და ისინი უკან დაბრუნდებიან, შესაბამისად დაადგენთ მის მდებარეობას. მაგრამ ახალი ტიპის «უჩინმაჩინის ლაბადა» ახშობს ყველა სიგნალს, აქედან გამომდინარე, ის უჩინარია რადარებისთვისაც კი. გარდა ამისა, მას შეუძლია სიგნალების დამახინჯებაც, რათა ობიექტი გამოჩნდეს უფრო დიდი, პატარა, ან საერთოდაც მდებარეობა შეუცვალოს.

 


● დაზუსტდა ძაღლების მოშინაურების პერიოდი.
ბევრმა იცის, რომ ეს უერთგულესი შინაური ცხოველები შორეულ წარსულში მგლების მოშინაურების შედეგად წარმოიშვნენ, თუმცა ზუსტი პერიოდი დავის საგანი იყო. ზოგიერთი თვლიდა, რომ ეს მოხდა 10 000 წლის წინ პირველი მიწათმოქმედი ადამიანების მიერ, მაგრამ ახალი გენეტიკური ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ მოშინაურებას ადგილი ჰქონდა 19 000 წლის წინანდელ ევროპაში. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ძაღლისებრთა ოჯახის 18 პრეისტორიული ცხოველი შეადარა 49 თანამედროვე მგელს, სხვადასხვა ჯიშის 77 ძაღლს, უძველესი ჩინური ჯიშის 3 ძაღლსა და 4 კოიოტს. მიღებული ინფორმაციით ააგეს ფილოგენეტიკური ხე იმის დასადგენად, როდის გამოეყვნენ ძაღლები რუხ მგლებს. აღმოჩნდა, რომ ამას ადგილი ჰქონდა 18 800 წლის წინ. ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლეს ადამიანებმა ასეთი მძვინვარე მტაცებლების მოთვინიერება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მისდევდნენ ნადირობას და დაჭერილ მგლებს საკვებს უყოფდნენ. დროთა განმავლობაში კი ცხოველებმა თავი კომფორტულად იგრძნეს და ჩვენს წინაპრებს დაუმეგობრდნენ.

 


● კომეტა „აისონი” ტელესკოპის გარეშეც ჩანს.
ბოლო რამდენიმე კვირა ამ კომეტის სიკაშკაშე იზრდებოდა, შემდეგ კი მკვეთრად მოემატა ნათება. ის პირველად და ალბათ უკანასკნელად შემოდის მზის სისტემაში. მისი შემადგენელი ნაწილები ქვები, მტვერი და ყინულია, რომელიც მზესთან მიახლოებისას დნება და აირად (ნახშიროჟანგი, ნახშირბადის მონოქსიდი, ამონიუმი და წყალი) იქცევა. სითბოს შედეგად ისინი მყარი მდგომარეობიდან პირდაპირ აირადში გადადიან (რასაც სუბლიმაცია ჰქვია), სწრაფად ფართოვდებიან, სივრცეში იშლებიან და სინათლეს ირეკლავენ. თუმცა ეს ყველაფერი არაა – ყინულში შერეული მტვრის ნაწილაკები თავისუფლდებიან და კომეტის უკან გრძელ წვრილ კუდს ქმნიან. ძირითადად ის მოყვითალო ან მოწითალოა, რადგან მზის სხივებს ირეკლავს. მზის ქარების შედეგად კი ხდება კომეტის მიერ გამოყოფილი აირების იონიზაცია და დამუხტული ნაწილკები ნათებას იწყებენ, ძირითადად ლურჯ ან მწვანე სპექტრში. ხოლო რადგან მზის ქარები კომეტაზე სწრაფია, ისინი შლიან მის აირებს ნაწილებად და მიიღება რამდენიმე კუდი. ამჟამად „აისონი” მზისგან 60 მილიონ კმ-ზეა, ანუ ვენერაზე მეტად ახლოს და ეს მანძილი კიდევ უფრო შემოკლდება, რაც მას მეტ სიკაშკაშეს შესძენს.

 


● ბოლო 15 წლის მანძილზე პირველად დააფიქსირეს საოლა.
საოლა ანტილოპების მონათესავე აზიური ცხოველია და საკმაოდ იშვიათია. ის მხოლოდ 1992 წელს აღმოაჩინეს და რამდენიმე წელში ისევ გაქრა თვალსაწიერიდან. ბოლოს კამერამ ეს არსება 1999 წელს დააფიქსირა. 2010 წელს ლაოსის ერთ პატარა სოფელში საოლა დაიჭირეს, თუმცა მალე მოკვდა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ საოლა წითელ სიგნში შეტანილია, როგორც კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა. მას უდიდეს ზიანს აყენებს საბინადროს განადგურება, სხვა ცხოველებისთვის დაგებული ხაფანგები და ბრაკონიერობა. ვიეტნამის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან, შედეგად მხოლოდ ბოლო 2 წელში მათი საბინადროდან მოაშორეს 30 000 მახე და 600 ბრაკონიერული ბანაკი. საოლას იშვიათობა მის დახმარებას აძნელებს – მეცნიერებს ეს ცხოველი არ ჰყავთ სათანადოდ შესწავლილი და ძნელია თქმა, რა იქნება მათი შველის საუკეთესო გზა. მონაცემების უმეტესობა ადგილობრივი თვითმხილველების მონაყოლს ეფუძნება. ამჯერად საოლა ვიეტნამში აღმოაჩინეს და ამან გააძლიერა იმედი, რომ მომავალში კიდევ მეტ ინდივიდებს წააწყდებიან, რაც მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების საფუძველი გახდება.

 


● აღმოაჩინეს მორიელის ახალი სახეობა.
სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში აღმოჩენილ მორიელს Euscorpius lycius უწოდეს. აღმოჩენის შესახებ განცხადება თურქმა და იტალიელმა მეცნიერებმა გაავრცელეს. Euscorpius-ის რიგის მორიელები შედარებით პატარები არიან, ზომაში 1.5-დან 5 სმ-მდე მერყეობენ. ბინადრობენ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში (თურქეთის ეს რეგიონი ევროპას ეკუთვნის). ისინი ცნობილი არიან, როგორც ტყის მორიელები, რადგან უპირატესობას ანიჭებენ ტყიან რეგიონებს და იკვებებიან იქაური მწერებით. ახალი სახეობის სხეულის სიგრძე 2.5 სმ-ია და წითელი და მოყავისფრო ტონები დაკრავს, ყველაზე მუქი ადგილი კი მარწუხებია. არიან შხამიანები, თუმცა ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ჯერჯერობით უცნობია, ეს სახეობა რამდენად გავრცელებულია და კიდევ რა ადგილებში ბინადრობს.

 


● ზღვის ლოქორები გამრავლების უჩვეულო მეთოდით.
ცხოველთა სამყაროში სექსუალური ტრადიციები საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ ავსტრალიის სანაპიროსთან აღმოჩენილი ზღვის ლოქორა შეიძლება შეწყვილების ყველაზე უცნაური რიტუალის მქონე არსების ტიტულის მფლობელი გახდეს. Siphopteron quadrispinosum ჰერმაფროდიტია და შეწყვილებისას თითოეული მეწყვილეს შუბლში „ტენის” თავის ბასრ პენისს. ეს აღმოჩენა გერმანელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა ერთობლივად გააკეთეს. მამაკაცური სასქესო ორგანი ერთგვარად დატოტვილია, მისი ერთი ბოლო განაყოფიერების ორგანოში თავსდება, მეორე კი შუბლში და შემდეგ ორგანიზმში იღვრება სითხე. პროცესი დაახლოებით 40 წუთი გრძელდება და მას სახელიც მოუფიქრეს – ცეფალოტრავმატული სეკრეციის გადაცემა. ასეთი უცნაური ქცევის მიზეზი ისაა, რომ ორგანიზმში მოხვედრილი სითხე მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და განაყოფიერების შანსს ზრდის. გარდა ამისა, ლოქორა სითხის ნაწილს საკვებადაც იყენებს, შესაბამისად, ორი მხრიდან „შეტევა” აქტს უფრო წარმატებულს ხდის.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: