პოსტი [მომავალი] ბლოგერებისთვის.
მკითხველის მისაზიდად პოსტი რომ ინფორმაციული და საინტერესო უნდა იყოს, ყველამ იცის. თუმცა არსებობს პატარა დეტალები, რომლებიც პოსტს უფრო მიმზიდველს ხდიან, მათი უგულველყოფის შემთხვევაში კი შეიძლება სტატიამ ხიბლი დაკარგოს.
პოსტის შიგთავსი
● სათაური და შესავალი – ამ ორ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს, ისინი ერთგვარი ანკესია, რომელიც მკითხველს ითრევს და გაგრძელებისკენ უბიძგებს. ეცადე, შესავალი იყოს „მადისაღმძვრელი”.
● დინამიურობა – მხოლოდ შესავალი არაფერს მოგვცემს, თუკი გაგრძელებაც ანალოგიური არ იქნება. შეიძლება პოსტის დასაწყისმა მკითხველში დიდი ინტერესი გააღვიძოს, მაგრამ შუა ნაწილამდე მისვლისას მთქნარებისგან ყბა ამოუვარდეს. ამას სჯობს, შესავალიც, გაგრძელებაც და დასასრულიც საშუალოდ საინტერესო იყოს.
● ინფორმაციის გამეორება – ეცადე, ერთი და იგივე შინაარსის წინადადებები ბევრჯერ არ გაიმეორო. მკითხველი პოსტს გასართობად და/ან შემეცნებისთვის კითხულობს და არა დასაზეპირებლად.
● აზრის მარტივად გადმოცემა – ცხადია, უცხოენოვანი ტერმინებისა და იშვიათი სიტყვების ცოდნა დასაფასებელია, მაგრამ ბლოგებს, როგორც წესი, ფართო აუდიტორია ჰყავთ. ინფორმაცია უნდა იყოს მარტივად გადმოცემული და ადვილად აღსაქმელი, რათა გასაგები იყოს ყველა კატეგორიის ადამიანისთვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა სტატია ეხება სპეციფიკურ სფეროს ან საკითხს. ცნობილი გამოთქმის არ იყოს, თუკი რამეს ვერ ხსნი მარტივად, ე.ი. თავადაც არ გესმის.
● გამოიყენე მოკლე წინადადებები – 3-4 ხაზზე გაწელილი ერთი წინადადება სჯობს რამდენიმე მოკლე და პატარა ნაწილად დაიყოს. ასე უფრო ადვილი აღსაქმელია და ნაკლებად დამღლელიც.
● გრამატიკულად გამართვა – გამოქვეყნებამდე აუცილებლად გადაიკითხე პოსტი ერთხელ მაინც, რათა შეასწორო სასვენი ნიშნები, გრამატიკული ხარვეზები, ჩასვა შემთხვევით გამოტოვებული ასოები და ა.შ.
პოსტის სპეციფიკა
● სიახლე ინტერნეტში – თუკი შემეცნებითი პოსტების წერას გადაწყვეტ, უმჯობესია უარი თქვა ისეთ საკითხებზე, რომლებსაც მკითხველი ასობით სხვა საიტზეც წააწყდება. მე პირადად ყოველთვის ვცდილობ, პოსტი ეხებოდეს იმ თემას, რაზეც ქართულად ინფორმაცია საერთოდ არ დევს ან ძალიან მწირია, ან სულაც მრავლადაა დეზინფორმაციები (ამის მეტნაკლებად აღმოსაფხვრელად მაქვს შესაბამისი კატეგორია).
● ინფორმაციის სანდოობა – ბევრს ურჩევნია, მკითხველი მიიზიდოს სკანდალური და შოკისმომგვრელი ინფორმაციებით, თუმცა რამდენად რეალურია, ამაზე ნაკლებად ფიქრობს. ეს სხვა არაფერია, თუ არა მკითხველის შეურაცხყოფა. ამიტომ ბლოგზე განთავსებამდე გადაამოწმე ინფორმაციის სანდოობა შესაბამისი კატეგორიის ავტორიტეტულ საიტებზე. ნუ ენდობი ფორუმებს, ბლოგებს (თუკი ცხადია, მისი ავტორი არ არის საკითხში ღრმად გარკვეული ადამიანი) და სხვა არც ისე სანდო საიტებს.
პოსტის ვიზუალი
● შეამცირე სმაილები – ბევრი სმაილი პოსტს არც ისე სახარბიელო ვიზუალს აძლევს, ამიტომ უმჯობესია, თუკი მათ რაოდენობას მინიმუმამდე დაიყვან და მხოლოდ სიტუაციის შესაბამისად გამოიყენებ.
● აბზაცები – დიდი ტექსტი აუცილებლად უნდა დაიყოს საშუალო ზომის აბზაცებად, სხვაგვარად უმეტესობას დაეზარება მისი წაკითხვა.
● სურათებით გაფორმება – როცა ტექსტს თან ახლავს შესაბამისი შინაარსის სურათები, მკითხველს უადვილდება მისი ვიზუალურად წარმოდგენა და უფრო მარტივი აღსაქმელი ხდება. გარდა ამისა, აბზაცების მსგავსად, სურათებიც ჰყოფს ტექსტს გარკვეულ მონაკვეთებად, რაც მართალია ზომაში ადიდებს მას, მაგრამ წასაკითხად უფრო მოსახერხებელს ხდის.
● ფოტოს/ვიდეოს ზომა – თვალისთვის უფრო კარგი და მარტივი აღსაქმელია, როცა ტექსტი და მასში ჩასმული ვიდეო და სურათი ერთი ზომისაა. ზომა დამოკიდებულია ბლოგის თემაზე, ჩემ შემთხვევაში (zBench Theme) ეს არის 630 პიქსელი.
● ტექსტის ფერი და ზომა – ტექსტის ფონტი უნდა იყოს საშუალო ზომის, რათა თვალი არ დაიძაბოს და მკითხველი არ დაღალოს. უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ შავ ფერს (რომელზეც ავტომატურად იწერება), რადგან სხვადასხვა ფერი თვალებს ატკიებს. მოერიდეთ ხასხასა ფერებს, მაგალითად წითელს.
● ტექსტის ფონი – კარგი იქნება, თუკი ღია ფერის თემას შეარჩევთ. შავ ფონზე თეთრი ან წითელი ასოები არც ისე კომფორტულია კითხვის დროს.
● ტექსტის განლაგება – სჯობს, ტექსტი მთლიანად ჩაჯდეს სიგანეში და ხაზები თანაბრად გაიშალოს, ვიდრე სხვადასხვა სიგრძის ხაზები იყოს. ეს აღქმის სიმარტივის ერთ-ერთი ატრიბუტია.
● გამუქება – ტექსტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილისა და მონაკვეთების გამოყოფისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გამუქებაა (იგივე გაბოლდება), ოღონდ გადამეტება აქაც არ ვარგა.
● more ღილაკი – სჯობს, ბლოგის თავფურცელზე მხოლოდ შესავალი იყოს გამოტანილი, დარჩენილი ნაწილის წაკითხვა კი სრულ ვერსიაზე გადასვლით ხდებოდეს. სხვაგვარად more ღილაკის გარეშე გვერდები ძალიან გაიწელება.
როგორც ხედავთ, რთული არაფერია. წარმატებულ ბლოგინგს გისურვებთ!
madloba Charliuss
LikeLike
რამე უცხოური საიტი არ იცი, სადაც ისეთი იმფირმაცია იდება, რომელიც სხვა ქართულ საიტებზე არ იდება? დაწერე რა.
LikeLike