წმინდა შუბის ისტორია


2000 წლის წინ ჩვეულებრივმა იარაღმა ზებუნებრივი თვისებები შეიძინა. მას შემდეგ მისი ასლებიც დამზადდა და ამჟამად 3 შუბი არსებობს. შესაძლებელია თუ არა, რომელიმე მათგანი გამოყენებული ყოფილიყო ჯვარცმისას? შეუძლია თუ არა მეცნიერებას, გასცეს პასუხი საუკუნოვან კითხვებს?

წმინდა შუბის ლეგენდა იესო ქრისტეს ჯვარცმით იწყება. ბიბლია გვამცნობს, რომ მისი სიკვდილი სწრაფად დადგა და რომაელმა ჯარისკაცმა შესამოწმებლად შუბი აძგერა ფერდში. შუბი მალე იქცა მნიშვნელოვან ქრისტიანულ რელიკვიად, საუკუნეების შემდგომ კი ლეგენდის სახე მიიღო. გადმოცემით, იმპერატორ კონტანტინეს თან ჰქონდა შუბი, როცა რომში ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო, კარლოს დიდმა (შარლემანი) კი ამ ნივთის დახმარებით შუა საუკუნეებში არსებული არეულობიდან პირველი ევროპული გაერთიანება შექმნა. ნაპოლეონი და ჰიტლერი შეპყრობილი იყვნენ შუბის ხელში ჩაგდების სურვილით, რათა მისი ძალის დახმარებით მთელი მსოფლიო ემართათ. დღეს სამი შუბი არსებობს – ერთი მათგანი სომხეთშია, მეორე ვატიკანში და მესამე ვენაში.

ანგლიკანური ეკლესიის მღვდელს პიტერ ოუენ-ჯონსს ყოველთვის სურდა ამ ამბავთან დაკავშირებული ამოცანის ამოხსნა და თითოეული შუბის ისტორიის გამოძიება გადაწყვიტა. რობერტ ფეზერი კი უძველესი მეტალებისა და არტეფაქტების სპეციალისტია. მან მეცნიერულად გამოიკვლია სამივე შუბი, რათა მათი ასაკი და წარმომავლობა დაედგინა. ორივე მათგანი მნიშვნელოვნად თვლის ამ საკითხის გამოძიებას, რადგან წმინდა შუბმა დიდი გავლენა იქონია არამარტო ქრისტიანულ სამყაროზე, არამედ ზოგადად კაცობრიობის ისტორიაზეც.


სომხები ირწმუნებიან, რომ წმინდა შუბი მათთან ინახება, პიტერმაც აქედან დაიწყო კვლევა. სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ცნობით, შუბი აქ იესოს ერთ-ერთმა მოციქულმა, თადეოზმა, ჩამოიტანა ჯვარცმიდან რამდენიმე წელიწადში. მრავალგვარი წამების შემდეგ მას თავი მოკვეთეს, თუმცა მანამდე ბევრის მოქცევა შეძლო ქრისტიანობაზე. მათ შუბის დაცვა გადაწყვიტეს და მალავდნენ საიდუმლო გამოქვაბულში, სადაც შემდგომ გეჰარდის (რაც სომხურად „შუბს” ნიშნავს) მონასტერი აიგო. შუბი აქ 200 წელი ინახებოდა, სანამ ადგილობრივმა მოსახლემ, სახელად გრიგორიმ, არ გამოიწვია წარმართი მღვდლების გაღიზიანება, რადგან სომხეთში სახარების ქადაგება დაიწყო. ძალაუფლება წარმართებს ეპყრათ, ამიტომ გრიგორი დაატუსაღეს და აწამეს.

არარატის მთის ჩრდილში, სადაც გადმოცემის მიხედვით ნოეს კიდობანი გაჩერდა, მდებარეობს სომხური მონასტერი ხორ-ვირაპი. პიტერი ამ ადგილს ესტუმრა, რათა გრიგორის ბედი გაერკვია. გრიგორი აწამეს და ჩააგდეს გველებით სავსე ორმოში, რომელიც ამჟამინდელი ხორ-ვირაპის შესასვლელთან მდებარეობდა. აქ ტყვეობაში გრიგორიმ 13 მტანჯველი წელი გაატარა. გადმოცემა გვამცნობს, რომ გრიგორი სასწაულებრივად გადარჩა და 13 წელი მას გველები არ შეხებიან. ეს ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ მას წმინდა შუბი ეპყრა ხელთ. მან დაამარცხა წარმართული ღმერთები და უამრავი ადამიანი გააქრისტიანა, რის შედეგადაც 301 წელს სომხეთი გამოცხადდა პირველ ქრისტიანულ ქვეყნად.

ამის შემდეგ შუბი გადაიტანეს სომხური დედა ეკლესიის გულში – ეჩმიაძინის ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ შუბის საცავს მხოლოდ 7 წელში ერთხელ ხსნიდნენ, პიტერს მისი ნახვის უფლება მისცეს. რობერტ ფეზერმა კი მისი ასლი დაამზადებინა და წარუდგინა რომაული იარაღების ექსპერტს, მარკ ჰასელს. მარკის დასკვნა კატეგორიულად უარყოფითი იყო – სომხეთში შენახული რელიკვია არ წარმოადგენს რომაულ იარაღს, რადგან რომაულ შუბებს მსგავსი წვერი არ ჰქონდათ. სომხური ვერსია მსხვილი და ფართოა, რომაული კი წვრილი და გრძელი იყო. სომხური ეკლესია აღიარებს, რომ ეს არაა რომაული იარაღი. მათი ვერსიით, მსგავსი შუბები ეკუთვნოდათ ებრაელ ჯარისკაცებს, რომლებიც ჯვრის მსგავს ფორმას ჭრიდნენ შიგნით.

შემდეგი შუბი, რომელსაც პიტერი მიადგა გამოსაძიებლად, ვატიკანში მდებარეობს. მან მშვიდობა დაამყარა ორ სასიკვდილო მტერს – ქრისტიანებსა და მუსლიმებს – შორის. პიტერმა გამოძიება დაიწყო სტამბულის ტერიტორიაზე, სადაც კონსტანტინოპოლის ნანგრევები მდებარეობს. ჯვარცმიდან 600 წლის შემდეგ იერუსალიმი სპარსებმა დაიპყრეს. აქედან კი შუბის ვატიკანური ისტორია ორად იყოფა. შუბს წვერი მოტყდა და აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქში, კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა. ის მოათავსეს აია-სოფიას ტაძარში და 80 წლის შემდეგ შუბის დანარჩენი ნაწილიც აქ გადმოიტანეს.

შემდეგი 600 წელიწადი შუბი კონსტანტინოპოლში ინახებოდა, შემდეგ კი საფრანგეთის მეფემ ლუი IX-მ შუბის წვერი შეიძინა. ის თვლიდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი რელიკვიის ფლობით მოიპოვებდა ღმერთის მხარდაჭერას, შესაბამისად – ღირსებასა და პრესტიჟს ხალხისგან. შუბის წვერი რამდენიმე საუკუნე პარიზში იყო, შემდეგ კი საფრანგეთის რევოლუციისას (1789-1799) გაუჩინარდა. შუბის დანარჩენი ნაწილი კონსტანტინოპოლში რჩებოდა, ვიდრე მე-15 საუკუნეში ქალაქს მუსლიმები არ შეესივნენ. თითქმის მთელი მსოფლიო დაყოფილი იყო ორ ნაწილად – ქრისტიანულად და ისლამურად. შუბის წვერი პარიზში ინახებოდა, დანარჩენი ნაწილი კი – მუსლიმთა მიერ კონტროლირებად კონსტანტინოპოლში.

1492 წელს სულთანმა ბაიეზიდ II-მ შუბის მეორე ნაწილი რომის პაპ ინოკენტი VIII-ს გადასცა, რათა ამ უკანასკნელს არ გამოეშვა სულთნის ძმა და მეტოქე ზიზიმი. ეს იყო დაუჯერებელი შეთანხმება იმ ორ რელიგიური სამყაროს შორის, რომლებსაც მუდმივი ომი ჰქონდათ. უწვერო შუბი პეტრეს ბაზილიკაში განათავსეს და მას შემდეგ რომი არასდროს დაუტოვებია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვატიკანს არ აქვს პრეტენზია შუბის უტყუარობაზე. სამწუხაროდ, ვატიკანი არ იძლევა უფლებას, შუბი მკვლევარებმა დაათვალიერონ ან მეცნიერული ანალიზი ჩაუტარონ.

რობერტ ფეზერმა მოახერხა და მოიპოვა ვატიკანში შენახული შუბის ნახაზები, რომლებიც ადრეულ 1900-იანებშია შესრულებული. ნიმუშები ისევ მარკ ჰასელს წარუდგინა. ჰასელმა ამჯერად დაადასტურა, რომ ვატიკანში დაცული რელიკვია შესაძლოა, რომაული წარმოშობის ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც სომხეთში, ისე ვატიკანში დაცულმა შუბებმა ისტორიაზე გავლენა მოახდინეს, ჰეზერმა ვერ შეძლო მათი დაკავშირება იესო ქრისტეს ჯვარცმასთან. მასა და პიტერს მხოლოდ ისღა დარჩენოდათ, ვენაში შენახული შუბი გამოეკვლიათ.


ვენის შუბს „კონკურენტებთან” შედარებით უფრო მაღალი რეპუტაცია აქვს და მისი კვლევა ბევრ დეტალს ააშკარავებს. ვენაში მდებარე კუნსტისტორიშესის (იგივე ხელოვნების ისტორიის) მუზეუმში არის საგანძურის ოთახი, იგივე შატცკამერი. სწორედ აქ ინახება ვენის შუბი. ის წარმოადგენს ევროპის ლეგენდარული ძვირფასეულობებისა და რელიკვიების კრებულის ნაწილს. განსხვავებით სომხეთსა და ვატიკანში მდებარე შუბებისგან, ვენის რელიკვია არ ეკუთვნის რომელიმე ეკლესიას. მუზეუმმა რობერტ ფეზერს მისცა უნიკალური საშუალება, გამოეკვლია ეს შეუფასებელი ნივთი. თუმცა მას არ მიეცა ისეთი ექსპერიმენტების ჩატარების უფლება, რამაც შეიძლება შუბს ავნოს, მაგალითად რადიონახშირბადული დათარიღება.

პირველ რიგში ფეზერმა შუბის ზომები და წონა განსაზღვრა, რათა დაედგინა, მიესადაგებოდა თუ არა ტრადიციულ რომაულ იარაღს. მაგნიტით შემოწმებამ აჩვენა, რომ შუბის ძირითადი მასალა რკინა იყო. ფეზერმა სველი ბამბა გაუსვა შუბის ზედაპირს იმ იმედით, რომ ადამიანის უჯრედს ან რაიმე ბიოლოგიურ მასალას იპოვიდა, მაგრამ მუზეუმში შუბი 1970 წელს გულმოდგინედ გაწმინდეს, ამიტომ ამ ანალიზს შედეგი არ მოჰყოლია. გაწმენამდე შუბს ფოტოები გადაუღეს, სადაც ნათლად ჩანდა, რომ ეს რელიკვია რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ასევე გამოჩნდა, რომ შუბის საფარველის ოქროს ფენის მიღმა კიდევ ერთი, ვერცხლის ფენა იყო, სადაც მოჩანდა წარწერა: „წმინდა მავრიკის შუბი”.

პიტერ ოუენ-ჯონსმა წმინდა მავრიკის ლეგენდის გამოკვლევა გადაწყვიტა. მან გაიგო, რომ ამ ვერსიით, წმინდა შუბი ჯვარცმის შემდეგ გადაეცათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს, მოგვიანებით კი ეგვიპტეში გადაინაცვლა. მალე ის რომაელი ცენტურიონის, მავრიკის ხელში აღმოჩნდა. მავრიკი ქრისტიანი იყო და ქრისტიანებით დაკომპლექტებულ ლეგიონს მეთაურობდა. 286 წელს კი შუბი ევროპაში წაიღო. რომის იმპერატორმა მაქსიმიანემ მავრიკს უბრძანა, დასახმარებლად ჩამოსულიყო გალიაში, რომელიც თანამედროვე შვეიცარიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. თუმცა იქ ჩასვლისას ბრძოლა უკვე მომდარიყო და დახოცილ აჯანყებულთა გვამები ეყარა. მავრიკი შეძრწუნდა, როცა აღმოაჩინა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. მომავალი წარმატებისთვის მაქსიმიანემ გამოსცა ბრძანება, წარმართული ღმერთებისთვის შესაწირი მიეძღვნათ. მავრიკმა და მისმა თანამებრძოლებმა ამაზე უარი განაცხადეს. მსგავსი რამ მაშინ საშინელ დანაშაულად ითვლებოდა და გაცოფებულმა მაქსიმიანემ მთელი ლეგიონის (6666 მებრძოლი) ამოჟლეტა ბრძანა. მავრიკი წმინდანად შეირაცხა და ღამის, ჯარისკაცებისა და არმიის მფარველი გახდა.

ვისაც უნდა ამოეკვეთა წარწერა, აშკარა იყო, რომ მისი რწმენით, მავრიკი ამ შუბს ატარებდა. მაგრამ ვინ იყო ის ადამიანი? ან რატომ დაემატა შუბს ვერცხლის საფარველი? ფოტოების შესწავლისას რობერტ ფეზერმა აღმოაჩინა, რომ შუბი ორად იყოფოდა. როგორც აღმოჩნდა, ვერცხლის ფენა მას სიმტკიცეს აძლევდა და კრავდა, ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც შუბი გატყდა. შუბის გატეხვის მიზეზი სავარაუდოდ მასში ლურსმნის მოთავსების მცდელობა იყო. დაზიანებული არეების უკეთ გამოსაკვლევად ფეზერმა რენტგენით სხივებით გადაიღო ფოტოები. ვინ მოათავსა ლურსმანი შუბში ან რაში დასჭირდა ამის გაკეთება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გადავიდეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილების მიღების მომენტში.


მავრიკისა და მისი მებრძოლების ამოხოცვის შემდეგ შუბი იმ ადამიანის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალა. ეს ადამიანი გახლავთ რომის იმპერატორი კონსტანტინე დიდი. მისი გამოჩენისას რომის იმპერია დანაწევრებული იყო როგორც პოლიტიკურად, ისე რელიგიურად. კონსტანტინე ამბიციური ადამიანი აღმოჩნდა, მას სურდა, რომისთვის ძველი დიდება დაებრუნებინა ერთი ლიდერის, საკუთარი თავის გარშემო.

ლეგენდა გვიამბობს, რომ გადამწყვეტი ბრძოლის წინ, რომლის შემდეგაც კონსტანტინე მთელი იმპერიის გაკონტროლებას მოახერხებს, იმპერატორს ხილვა ჰქონდა. მზის ადგილას გამოჩნდა ალმოდებული ჯვარი და წარწერა: „უნდა დაიპყრო!” ხილვით შეგულიანებულმა კონსტანტინემ თავის და ჯარისკაცების ფარებზე ქრისტეს სახელი ამოკვეთა. ლეგენდა ასევე გვამცნობს, რომ ამ ბრძოლაში მას წმინდა შუბი ჰქონდა თან. მან გაიმარჯვა და ქრისტიანობის გაძლიერება დაიწყო.

კონსტანტინე თვლიდა, რომ როგორც ქრისტიან იმპერატორს, ვინმეს სიკვდილით დასჯის უფლება არ ექნებოდა. ამიტომ თავისი ნათლობის თარიღი გადადო, რადგან ქრისტიანული რწმენით, ნათლობა ადამიანს აშორებდა წარსულის ცოდვებს, მაგრამ არა შემდგომში ჩადენილს. კონსტანტინე ამ ახალ რელიგიაში ხედავდა საშუალებას, გაეერთიანებინა დაქუცმაცებული იმპერია. ამიტომ გადაწყვიტა, კაცობრიობა ახალ რწმენაზე მოექცია. ქრისტიანობა რომის სახელმწიფო რელიგია გახდა. ლეგენდის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტშიც ხელში შუბი ეჭირა.

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ კონსტანტინემ რომის იმპერიის ახალი დედაქალაქის შენება დაიწყო და სახელად კონსტანტინოპოლი უწოდა. მისი დედა, ელენე, შვილზე გაცილებით ადრე მოინათლა ქრისტიანად და წმინდა მიწაზე გაეშურა, რათა ქრისტიანული რელიკვიებისთვის მიეგნო. რომში მან მრავალი ნივთი ჩამოიტანა, მათ შორის იყო ხის ნაჭერი, რომელიც მისი აზრით, წმინდა ჯვრის ნაწილს წარმოადგენდა, ასევე ჯვარცმისას გამოყენებული ლურსმნები. იმისთვის, რომ შვილი დაეცვა, ლურსმნები მის აბჯარში მოათავსა, ერთიც – შუბში.

რობერტ ფეზერმა შუბს მიკროსკოპული ფოტოები გადაუღო. მან აღმოაჩინა, რომ შუბში მოთავსებული იყო არა ლურსმანი, არამედ რკინის გრძელი ქინძისთავის მსგავსი რამ, რომელზეც ოქროს ჯვრები გამოესახათ. მიზეზის გასარკვევად ფეზერმა შუბის დანარჩენი ნაწილების კვლევა დაიწყო. რენტგენის ფოტოებით მან შექმნა ვირტუალური კომპიუტერული მოდელი იმის დასადგენად, როგორ უკავშირდებოდნენ შუბის ნაწილები ერთმანეთს. ფეზერმა კიდევ უფრო საინტერესო რამ აღმოაჩინა: შუბის წვერის ძირითად ნაწილში არსებული ორი ფრთა (პირი), რომლებიც სავარაუდოდ მოგვიანებით დაამატეს, რომაულს არ ჰგავდა. თავისი აღმოჩენა ფეზერმა მარკ ჰასელს წარუდგინა. განხილვისას მათ დაასკვნეს, რომ ზოგიერთი ნაწილი მე-7-8 საუკუნეში უნდა ყოფილიყო დამზადებული (ფოტო). როგორც ჩანს, შუბმა შუა საუკუნეებში ცვლილებები განიცადა. შესაძლებელია თუ არა, მთლიანად ვენას შუბიც შუა საუკუნეების იყოს? ჰასელი თვლის, რომ შუბი შესაძლოა, რომაული წარმოშობის იყოს, არც ქრისტეს პერიოდში დამზადებას გამორიცხავს. ფეზერმა გადაწყვიტა, გამოეკვლია, ჰქონდა თუ არა მას კავშირი ჯვარცმასთან.

ვენის შუბის ისტორიის კვლევისას პიტერ ოუენ-ჯონსმა აღმოაჩინა, რომ შუა საუკუნეებში მასაც მოეხდინა გავლენა კაცობრიობის ბედზე. 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიამ დაცემა დაიწყო, რაშიც მთავარი წვლილი გერმანულ ტომებს მიუძღოდათ. იმპერიის წესრიგი ქაოსმა და ძალადობამ ჩაანაცვლა. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ გაუტანლობისა და შიშის პერიოდში ვენას შუბს რამდენიმე ნაწილი დაუმატეს. შემდეგი 200 წლის განმავლობაში შუბის შესახებ არაფერი ისმოდა, სანამ ის არ აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პირის, მეომარი მეფის კარლოს დიდის ხელში, სხვაგვარად ცნობილი, როგორც შარლემანი.


შარლემანი მორწმუნე ქრისტიანი იყო და რომის იმპერიის აღდგენა სურდა. ლეგენდა გვიამბობს, რომ მას შუბი ეპყრა ხელთ, როცა 12 თანამედროვე ევროპული სახელმწიფო გააერთიანა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა თითქმის მუდმივი ომის პერიოდში იმყოფებოდა. 800 წლის შობა დღეს რომის პაპმა ლეო III-მ კარლოს დიდი ამ უზარმაზარი ტერიტორიის იმპერატორად აკურთხა. მოგვიანებით ამ გაერთიანებას საღვთო რომის იმპერია ეწოდა. შარლემანი ევროპის ყველაზე ძლევამოსილ ადამიანად იქცა. შესაძლოა, შუბს სწორედ მან დაუმატა ზემოთხსენებული ნაწილები. ამის დასადგენად ოუენ-ჯონსი საღვთო რომის იმპერიის გულში, ნიურნბერგში გაეშურა.

ნიურნბერგის ციხესიმაგრე 1500-იან წლებამდე საღვთო რომის იმპერიის მფლობელობაში იყო. შარლემანის პერიოდის ჩანაწერების მიხედვით, დიდი შანსია, რომ მისი შუბი წარსულში იმპერატორ კონსტანტინეს ხელში ყოფილიყო. შარლემანს სავარაუდოდ გაგონილი ჰქონდა, რომ კონსტანტინე ფლობდა ძალაუფლების მომტან შუბს და მის მსგავსად გააერთიანა რომის სხვადასხვა ნაწილები ერთი რელიგიის, ქრისტიანობის, ქვეშ. წმინდა შუბის ფლობა ავტომატურად ასოცირდებოდა მართვასთან და ღმერთისგან მიცემულ დაპყრობის უფლებასთან. ალბათ სწორედ ამიტომ ამოიკვეთა მოგვიანებით წარწერა ვერცხლის საფარველზე – ამით უნდა გაძლიერებულიყო ის აზრი, რომ ნაკეთობა ნამდვილად წმინდა შუბს წარმოადგენდა.

რობერტ ფეზერმა განმეორებითი ანალიზი ჩაატარა ვერცხლის ფენაზე იმის დასადგენად, თუ ვის მიერ იყო დამატებული. ის წააწყდა ცნობილი მმართველის, ჰენრი III-ის სახელს. ჰენრი III შარლემანის შთამომავალი იყო და საღვთო რომის იმპერატორად 1046 წელს ეკურთხა. ეს მონაცემი დაეხმარა ფეზერს ვერცხლის საფარველის თარიღის დადგენაში – მისი დამზადების პერიოდად მე-11 საუკუნე განისაზღვრა. ვენას შუბის ჯვარცმასთან კავშირის კვლევისას ფეზერმა მორიგი ლეგენდა აღმოაჩინა, რომლის მიხედვითაც შუბმა კიდევ ერთხელ იქონია გავლენა ისტორიაზე, ამჯერად ევროპის მიღმა.

1097 წელს, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, მთელი ევროპიდან დაახლოებით 70 000 ქალი და მამაკაცი გაეშურა წმინდა მიწის მუსლიმებისგან გასათავისუფლებლად. იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე მათ ალყა შემოარტყეს ქალაქ ანტიოქიას. ანტიოქია მდინარე ორონტესის აღმოსავლეთ სანაპიროს ხეობაში მდებარეობდა, გარშემო კი მაღალი ბორცვები ერტყა. რვათვიანი ალყის შემდეგ ჯვაროსნებმა ანტიოქია აიღეს. მალე ქალაქს თურქების მასიური არმია მოუახლოვდა. საქმე უარესობისკენ შეიცვალა – მეომრებს გამოელიათ საკვები და წყალი, ბევრი დაიხოცა. სწორედ ამ დროს ღარიბ გლეხს, სახელად პიტერ ბართლომეს ხილვა ჰქონდა. მისი თქმით, მას წმინდა ანდრია გამოეცხადა და გაუმხილა, რომ წმინდა შუბი აქვე იყო, ანტიოქიის ბაზილიკაში. ბაზილიკა დღეს აღარ არსებობს, თუმცა წმინდა პეტრეს სახელობის სამლოცველო გადარჩა.

ჯვაროსნებმა ბაზილიკის იატაკი გადათხარეს და წმინდა შუბს მიაგნეს. პიტერ ბართლომეს აზრით, ეს ღმერთისგან მოცემული ნიშანი იყო. მათ ორი ვარიანტი ჰქონდათ: ებრძოლათ ან დანებებოდნენ. ჯვაროსნებმა ბრძოლა არჩიეს და სასწაულებრივად გაიმარჯვეს. ამის შემდეგ მათ გეზი იერუსალიმისკენ აიღეს. აქედან შუბის შესახებ ინფორმაცია წყდება.


შემდეგი მინიშნება ვენის შუბის ისტორიულ მდებარეობაზე ინახება ვერცხლის ფენის ზემოთ მოქცეულ ოქროს საფარველში. მასზე ასევე ამოტვიფრულია ლათინური წარწერა: „უფლის შუბი და ლურსმანი”. ვინ ამოკვეთა ეს ფრაზა და რატომ? ნიურნბერგის ციხესიმაგრეში ფეზერმა აღმოაჩინა, რომ შუბის შემდეგი დადასტურებული მფლობელი იყო მე-14 საუკუნის ძლევამოსილი მმართველი – კარლ IV. XIV საუკუნის შუახანებში ის გერმანიის მეფე იყო, თუმცა სურდა, საღვთო რომის შემდეგი იმპერატორი გამხდარიყო. მაგრამ ამისთვის სჭირდებოდა ისეთი რელიკვია, რაც მას ძალაუფლებას მიანიჭებდა, ამიტომ წმინდა შუბი ჩაიგდო ხელში. რელიკვიების დასაცავად კარლ IV-მ ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღის სიახლოვეს, მიუვალი ციხესიმაგრე ააგო და კარლშტეინის ციხე უწოდა. მეფის ბრძანებით კარლშტეინის ციხეში ძვირფასი ქვებითა და ხელოვნების შეუფასებელი ნიმუშებით მორთული სამლოცველო აიგო. წმინდა შუბი და სხვა რელიკვიები საკურთხევლის უკან მდებარე საიდუმლო საცავში მოათავსეს.

კარლ IV-ს სჯეროდა, რომ წმინდა შუბი იყო საშუალება, უშუალო კავშირი ჰქონოდა ყველა წმინდანთან, რომლებიც მეორედ მოსვლისას დედამიწაზე დაბრუნდებოდნენ მის წასაღებად, შუბის მფლობელებს კი დააჯილდოვებდნენ. მიიჩნევა, რომ სწორედ კარლ IV-მ დაუმატა შუბს ოქროს საფარველი ვერცხლის ზემოთ, სავარაუდოდ იმისთვის, რომ წმინდანების გული უფრო მეტად მოეგო. აშკარაა, რომ ოქროს ფენა მე-14 საუკუნით თარიღდება. ორივე ფენაზე არსებული წარწერები ახსენებენ „უფლის ლურსმანს”. იყო თუ არა ეს ჯვარცმისას გამოყენებული ლურსმნები?

პიტერ ოუენ-ჯონსი ძიებას აგრძელებდა და შუბის ისტორიული მფლობელების ვინაობას იკვლევდა. ადრეულ 1400-იანებში კარლ IV-ს ფული დასჭირდა და შუბი ქალაქ ნიურნბერგის საბჭოს მიჰყიდა. ქალაქის შუაგულში არსებული ტაძრის სალოცველო მოამზადეს, წარჩინებული პირები და სამღვდელოება რელიკვიების გამოფენაზე დასასწრებად შეიკრიბა. გამოფენის შემდეგ წმინდა შუბი სხვა რელიკვიებთან ერთად დაბინავდა ტაძარში, ის ორნამენტებიან ვერცხლის ზარდახშაში მოათავსეს და შემდეგი 400 წლის მანძილზე თითქმის მივიწყებული იყო.

რობერტ ფეზერი აგრძელებდა კვლევას, რათა მიეგნო რაიმე მინიშნებისთვის, თუ როგორ აღმოჩნდა იდუმალი რკინის ქინძისთავი შუბში. მან შუბის რენტგენის სხივებით სკანირება მოახდინა, რათა მისი მეტალური შემადგენლობა დაედგინა. თუმცა ამ მეთოდით რკინის დათარიღება ვერ ხერხდება, რის გამოც ფეზერი დაეყრდნო მარკ ჰასელის მოსაზრებას, რომ შუბის ზედა ნაწილი დამზადებული იყო I-IV საუკუნეებს შორის პერიოდში, სავარაუდოდ რომში. რაც შეეხება ქინძისთავს, სიტუაცია აქ უფრო საინტერესოა.

შუბში ჩამაგრებულ ქინძისთავს რობერტ ფეზერი მიკროსკოპში დააკვირდა ძლიერი გამადიდებელი ლინზებით. შემდეგ კი კრიტიკული ანალიზი ჩაუტარა რომაულ ლურსმანს და მისი შემადგენლობა გამოიკვლია, რათა დაედგინა, რამდენად ახლოს იყო რეალობასთან ის აზრი, რომ შუბი ჯვარცმის ლურსმნების ფრაგმენტებს შეიცავდა?


პიტერ ოუენ-ჯონსი ამჯერად მღელვარე მე-18 საუკუნეს მიადგა, სადაც ცნობილი დამპყრობელი გვხვდება. 1796 წელს ევროპაში ნაპოლეონი მძვინვარებდა. მისი დიდი სურვილი იყო, ხელში ჩაეგდო წმინდა შუბი, რადგან სწამდა, რომ ამის შემდეგ წარმოუდგენელი ძალაუფლების პატრონი გახდებოდა. ნიურნბერგის საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, შუბი ვენაში დაემალათ. ვენის მხარე შეპირდა მათ, რომ მშვიდობის დადგომისთანავე უკან დაუბრუნებდნენ. 7 წლის შემდეგ ნაპოლეონმა დაიპყრო დასავლეთ ევროპა, მათ შორის გერმანია. არეულობის, უწესრიგობისა და ომების დროს შუბი ვენაში ინახებოდა.

ოუენ-ჯონსის კვლევის ბოლო ეტაპი იყო წმინდა შუბის ისტორიის ყველაზე ბნელი მონაკვეთი. 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შუბი ვენაში რჩებოდა. 1933 წელს კი ძალაუფლება ადოლფ ჰიტლერის ხელში ჩავარდა. 5 წლის შემდეგ მან ავსტრია შემოიერთა. ეს იყო პირველი ეტაპი ნაცისტური იმპერიის, იგივე მესამე რაიხის მისეული ხედვის რეალიზებისკენ. იმპერიის დიდებული წარსულიდან დარჩენილი ძვირფასი ქვებისა და რელიკვიების მითვისებაში ჰიტლერს დროის დახარჯვა არც დასჭირვებია. წმინდა შუბის მფლობელი გახდა ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიქტატორი. ბედის ირონიით, ნიურნბერგი ნაცისტების სულიერი თავშესაფარი გახდა.

ჰიტლერმა წმინდა შუბი დააბრუნა ნიურნბერგში, სადაც ეს რელიკვია მანამდე დაახლოებით 400 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. თუმცა გავიდა დრო და ჰიტლერის ოცნება ნაცისტურ იმპერიაზე დაემხო. 1945 წლის აპრილში რუსულმა არიამ ბერლინი აიღო. დამარცხებულ გერმანიაში ამერიკელები შეიჭრნენ და დაიწყეს ყველა იმ ძვირფასი ხელოვნების ნიმუშისა და რელიკვიების ძებნა, რომლებიც ნაცისტებს ჰქონდათ მითვისებული. ისინი წმინდა შუბსაც წააწყდნენ და დააბრუნეს კუნსტისტორიშესის მუზეუმში, ვენაში, სადაც დღემდე ინახება.

რობერტ ფეზერის მიერ პირველი საუკუნის რომაულ ლურსმანზე რენტგენის სხივებით ჩატარებული ანალიზის შედეგი საინტერესო აღმოჩნდა. ქინძისთავის მსგავსად ლურსმანიც შეიცავდა კობალტს. ხოლო დეტალურმა დაკვირვებამ გამოავლინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც შეუიარაღებელი თვალისთვის მანამდე უჩინარი იყო: ქინძისთავის მონაკვეთზე ფეზერმა თევზის მოხაზულობა შენიშნა, რომელიც აშკარად შეგნებულად ამოკვეთილს ჰგავდა და არა შემთხვევით ნაკაწრს. თევზი ძველი ქრისტიანული სიმბოლოა, რომელსაც ადრეული ქრისტიანები იყენებდნენ რომის გაქრისტიანებამდელ პერიოდში, დევნის, წამებისა და სიკვდილით დასჯის ხანაში.

თევზის გამოსახულების გვერდით ფეზერმა ორი რომაული ასო შეამჩნია: I და R. მათი მოხაზულობა ადრეული პერიოდის რომაულ სტილს შეესაბამება. რას აღნიშნავდა ზუსტად ეს ასოები, დაუდგენელია და სპეკულაციის სფეროს წარმოადგენს. ფეზერი თვლის, რომ ეს ორი ასო იშიფრება როგორც „მეფე იესო”. ჯვარცმისას იესოს თავთან გააკრეს აბრა წარწერით INRI, რაც ნიშნავდა: Iēsus Nazarēnus, Rēx Iūdaeōrum – იესო ნაზარეველი, ებრაელთა მეფე. ზემოთხსენებული ფრაზა (Iēsus Rēx) კი მისი შემოკლებული ვარიანტია. თევზისა და ასოების დანახვა მხოლოდ მიკროსკოპული ანალიზის დროსაა შესაძლებელი. რამდენად რეალურია, რომ ქრისტიანობის საწყის პერიოდში ლურსმანზე ასეთი პატარა რამ ამოკვეთეს?

ლონდონში მდებარე პეტრის მუზეუმი მრავალ საინტერესო და იშვიათ ეგვიპტურ არტეფაქტს ინახავს. მათ შორისაა ფარაონის მცველი ქალღმერთის, ნეჰბეტის, გასაოცარი მინიატურული ნახატი. მისი დანახვა გამადიდებელი შუშითაც კი ძნელია. მუზეუმში ასევე ინახება რომის იმპერიის პერიოდის ლინზა, რომელსაც გამადიდებელი შუშის ფუნქცია ჰქონდა, მისი ასაკი დაახლოებით 2000 წელია. ასე რომ ჯვარცმის პერიოდში ნამდვილად არსებობდა ისეთი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ლურსმანზე თევზისა და რომაული ასოების ამოკვეთა იქნებოდა შესაძლებელი. ეს უბიძგებს ფეზერს გასაოცარი დასკვნისკენ – მოსაზრებას, რომ წმინდა შუბში დატანილია იესოს ჯვარცმისას გამოყენებული ლურსმნის ფრაგმენტი, ნამდვილად აქვს შანსი, იდგეს რეალობასთან ახლოს და მისი გამორიცხვა არ შეიძლება.

ფეზერის გამოძიებამ ვენის შუბი უფრო მეტად დააკავშირა ჯვარცმასთან, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა, რაც ქრისტიანებისთვის კარგი სიახლეა. წმინდა შუბთან დაკავშირებული ამბების ნაწილი ისტორიაა, ნაწილი კი ლეგენდა. თუმცა ყველა ქრისტიანისთვის წმინდა შუბი შეუფასებელი რელიკვია და მათი რწმენის შემადგენელი მყარი ნაწილია.

მომზადებულია National Geographic-ის დოკუმენტური ფილმის მიხედვით.

Advertisements

5 responses to “წმინდა შუბის ისტორია

  1. giochafrava 09/09/2012, 3:16 PM

    ძალიან საინტერესო იყო გმადლობთ

    Like

  2. harry713 16/09/2012, 1:19 PM

    ჩარლი სად დაიკარგე? ბოლო პოსტები 7-ჯერ გადავიკითხე… ახალი დადე რამე…

    Like

    • Charlius 16/09/2012, 4:41 PM

      რავიცი, ვერ მოვიცალე ეს დღეები საწერად 😦 ახლა დაწყებული მაქვს პოსტი და ხვალ გამოვაქვეყნებ

      Like

  3. mari 28/11/2012, 4:33 PM

    ჩარლი, თუ საიდუმლო არ არის შეიძება გკითხო რაზე სწავლობ?

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: