დიდი კატები


ტერმინი „დიდი კატები”, რომელიც არ წარმოადგენს ბიოლოგიურ კლასიფიკაციას, გამოიყენება კატისებრთა ოჯახის მსხვილი წევრების გამოსაყოფად უფრო მომცრო თანამოძმეებისგან. „დიდი კატების” ერთ-ერთი განმარტება ამ ტერმინში აქცევს პანტერას გვარის 4 წევრს: ვეფხვი, ლომი, იაგუარი და ლეოპარდი. მხოლოდ ამ გვარის წარმომადგენელ კატისებრებს აქვთ ღრიალის უნარი. ხოლო „დიდი კატების” უფრო ფართო განმარტება ასევე მოიცავს პუმას, ავაზას, თოვლის ლეოპარდსა და ლაქებიან ლეოპარდს. მიუხედავად ზომაში დიდი სხვაობისა, დიდი კატები ერთმანეთს ჰგვანან სხეულის აგებულებითა და ქცევებით. თუმცა აქ გამონაკლისია ავაზა – ის მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც დიდი, ისე პატარა კატებისგან. ყველა მათგანი ხორცისმჭამელია და არაჩვეულებრივი მტაცებელი, საბინადრო არეალი კი მოიცავს ამერიკის კონტინენტებს, აფრიკას, ევროპასა და აზიას.


 
 

● ფიზიკური მონაცემები


ვეფხვი – ვეფხვის სხეულის სიგრძემ შეიძლება 3.3 მეტრი, ხოლო წონამ 300 კგ-ზე მეტი შეადგინოს. ისინი ხმელეთის ხორცისმჭამელებს შორის რიგით მესამე უდიდესი ცხოველები არიან, ჩამორჩებიან მხოლოდ პოლარულ დათვსა და მურა დათვს. ვეფხვის ყველაზე დამახასიათებელი შტრიხია მოწითალო-ნარინჯისფერ ბეწვზე ვერტიკალური მუქი ზოლები. მათ აქვთ საოცრად ძლიერი კბილები, ხოლო ეშვები ყველა კატისებრი ცხოველისას აღემატება ზომით (გვირგვინი აღწევს 9 სმ-მდე). ზოოპარკებში ვეფხვები 20-25 წელს აღწევენ, დაახლოებით ასეთია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ველურ ბუნებაშიც. ვეფხვებს აქვთ დაკუნთული სხეული განსაკუთრებით ძლიერი თათებითა და მსხვილი თავით. ვეფხვის ზოლები იგივეა, რაც ადამიანის თითების ანაბეჭდი – ბუნებაში ორი ერთნაირი ნიმუში არ არსებობს. ზოლების დანიშნულება სავარაუდოდ კამუფლაჟია. თუკი ვეფხვს გავპარსავთ, კანის შეფერილობა ისეთივე იქნება, როგორც ბეწვისა – ზოლებს აქაც შევხვდებით.


ლომი – ვეფხვის შემდეგ ლომი ყველაზე დიდი ცხოველია კატისებრთა ოჯახიდან, მხრებამდე სიმაღლით კი მასაც ჯობნის. ზრდასრული მამრი ლომის წონამ შეიძლება 250, ხოლო მდედრისამ 180 კგ შეადგინოს. ლომის მონაცემები განსხვავდება საბინადრო არეალის მიხედვითაც, მაგალითად, სამხრეთ აფრიკული ლომი 5%-ით უფრო მძიმეა, ვიდრე აღმოსავლეთ აფრიკული. სხეულის სიგრძე მამრისთვის 250, ხოლო მდედრისთვის 175 სმ-მდე ადის. კუდის სიგრძე შესაბამისად 105 და 100 სმ-მდეა, მხრებამდე სიმაღლე კი – 123 და 91 სმ. ყველაზე გრძელი ლომი დაახლოებით 3.6 მეტრი იყო, ის 1973 წლის ოქტომბერში მოკლეს სამხრეთ ანგოლაში. ყველაზე დიდი წონა კი 313 კგ-ია დაფიქსირებული სამხრეთ აფრიკული კაციჭამია ლომის შემთხვევაში, რომელიც 1936 წელს გამოასალმეს სიცოცხლეს. აღსანიშნავია, რომ ეს ცხოველები ტყვეობაში ზოგჯერ უფრო დიდ მონაცემებს აღწევენ ხოლმე. მაგალითად, ინგლისში, კოლჩესტერის ზოოპარკში მობინადრე ლომი, სახელად სიმბა, 1970 წელს 375 კგ იყო. მამრ ლომებს თავის მიდამოში უხვი ფაფარი აქვთ, რაც მათ უნიკალურ ცხოველად აქცევს. ფაფარი საშუალებას აძლევს ლომს, გამოჩნდეს უფრო დიდი, ვიდრე რეალურადაა და დააფრთხოს პოტენციური მტრები, მაგალითად ხალებიანი აფთარი. ძუ ლომი პარტნიორის შერჩევისას უპირატესობას ანიჭებს ხშირ და მუქ ფაფარს. ლომის სიცოცხლის ხანგრძლივობა ველურ ბუნებაში 10-14, ხოლო ტყვეობაში ზოგჯერ 20 წელზე მეტია.


იაგუარი – იაგუარი ერთადერთია პანტერას გვარიდან, რომელსაც ამერიკის კონტინენტებზე შეხვდებით. ფიზიკურად ის ლეოპარდს ჰგავს, თუმცა უფრო მსხვილია და მეტად განვითარებული სხეული აქვს, ზომით მხოლოდ ლომსა და ვეფხვს ჩამორჩება. ტიპიური იაგუარის წონა 100 კგ-მდე აღწევს, დაფიქსირებულია 160 კგ-იანი მაჩვენებელიც. სხეულის სიგრძე 1.2 მეტრიდან 2 მეტრამდე მერყეობს, კუდი კი დამატებით 45-75 სმ-ია. დგომისას მხრებამდე სიმაღლე 63-76 სმ-ს აღწევს. აქვს მასიური, მოქნილი სხეული, მოკლე ფეხები, ფართო თათები და ძლიერი ბრჭყალები. სხეულის შეფერილობა მოწითალო-მოყვითალოა და ამშვენებს ხშირი ლაქები. გავრცელებულია მელანიზმიც – ასეთ იაგუარებს მთლიანად შავი ბეწვი აქვთ. სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-15 წელს შეადგენს, ტყვეობაში – 23 წლამდე.


ლეოპარდი – ლეოპარდს (ჯიქს) შედარებით მოკლე ფეხები და გრძელი სხეული აქვს მოზრდილი თავის ქალით. მისი სხეული იაგუარის მსგავსი ლაქებითაა დაფარული, თუმცა მასთან შედარებით ზომაში პატარაა და უფრო ხშირადაა მოდებული. ლაქის ცენტრში კი იაგუარისგან განსხვავებით, არ აქვს ხალები. ისევე როგორც იაგუარის შემთხვევაში, ლეოპარდშიც გავრცელებულია მელანიზმი. ორივე მათგანს ასეთ შემთხვევაში შავ პანტერას უწოდებენ. ლეოპარდის სხეულის სიგრძე 95-დან 165 სმ-მდეა, კუდი – 60-110 სმ, მხრებამდე სიმაღლე კი – 45-80 სმ. განსაკუთრებით განვითარებული აქვს კუნთები ბეჭის მიდამოში, რაც ხეზე მოხერხებულად აძრომის საშუალებას აძლევს. მამრები 30-დან 90 კგ-მდე იწონიან, მდედრები კი – 23-60 კგ-ს. ლეოპარდები მრავალფეროვნებით გამოირჩევიან ბეწვის შეფერილობასა და ლაქების მოყვანილობაში. მაგალითად, აღმოსავლეთ აფრიკულს მრგვალი ლაქები აქვს, სამხრეთ აფრიკულს – კვადრატული, აზიურებს კი – უფრო მსხვილი. უდაბნოში მობინადრეებს მოყვითალო შეფერილობა აქვთ, ცივ არეალებში მყოფებს – მონაცრისფრო, ტროპიკულ ტყეებში კი მუქი ბეწვით ხასიათდებიან. ლეოპარდი ხშირად ერევათ ავაზასა და იაგუარში. მათი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ლაქებია – ავაზას უბრალოდ შავი ხალები აქვს, იაგუარს – მრავალკუთხედური და შიგნით წერტილი, ლეოპარდს კი – უფრო პატარა ზომის და მომრგვალო. ავაზას გრძელი ფეხები და წვრილი სხეული აქვს, რის გამოც უფრო მაღალია, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, ვიდრე ლეოპარდი. იაგუარი უფრო მეტად ჰგავს ლეოპარდს გარეგნულად, მაგრამ მეტად მსხვილია და დაკუნთული ორგანიზმი აქვს. ლეოპარდი ველურ ბუნებაში 12-17, ხოლო ტყვეობაში 21 წლამდე ცოცხლობს.


პუმა – დასავლეთ ნახევარსფეროში პუმა (მთის ლომი) რიგით მეორე ყველაზე დიდი კატისებრია იაგუარის შემდეგ. მიუხედავად დიდი ზომისა, ის პატარა ცხოველებს უფრო ენათესავება და გენეტიკურად შინაურ კატას უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე ლომს. პატარა კატების მსგავსად პუმაც ღამის ცხოველია. ის ტანადი და მარჯვე არსებაა. მხრებამდე სიმაღლე 90 სმ-ს აღწევს, სიგრძე კი 1.5-დან 2.75 მეტრამდე მერყეობს, სადაც კუდის წილი 63-95 სმ-ია. მამრები 50-100 კგ-ს იწონიან, მდედრები – 30-65-ს. ყველაზე დიდი პუმა არიზონაში მოკლეს, მისი წონა გამოშიგვნის შემდეგ 125.5 კგ-ს შეადგენდა, მანამდე კი სავარაუდოდ 136-ს. პუმას მრგვალი თავი და წაწვეტებული ყურები აქვს, გამოირჩევა ძლიერი მხრებით, კისრითა და ყბებით. პუმა ზოგჯერ იაგუარს უტოლდება ზომაში, მაგრამ მასთან შედარებით ნაკლებად დაკუნთულია და ნაკლებად ძლიერი. შეფერილობა შეიძლება დედმამიშვილებშიც განსხვავდებოდეს. უმეტესად მოწითალო-ყავისფერია, ხანდახან კი მოვერცხლისფრო-რუხი იერი ეძლევა. ყბებზე, ნიკაპსა და ყელზე ღია ფერის ბეწვი აქვს. პროპორციულად პუმას კატისებრებში ყველაზე მსხვილი უკანა ფეხები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ უწევს წყლიან გარემოში ბინადრობა, აქვს ცურვის უნარი. ველურ ბუნებაში პუმა 13, ხოლო ტყვეობაში 20 წლამდე ცოცხლობს.


ავაზა – ზრდასრული ავაზა (გეპარდი) იწონის 70 კგ-მდე, სიგრძეში 1.5 მეტრამდეა, კუდი კი 80 სმ-ს აღწევს. მხრებამდე სიმაღლემ შეიძლება 95 სმ-ს მიაღწიოს. მისი მკერდი განიერია, ხოლო წელი – წვრილი. სხეული დაფარულია 2-3 სმ სიგანის მრგვალი შავი ლაქებით, რაც კამუფლაჟში ეხმარება. ავაზას აქვს პატარა თავი და ღრმად ჩამჯდარი თვალები, რომლის მიდამოშიც ცრემლების კვალის მსგავსი შავი ხაზებია. ისინი სინათლეს შთანთქავენ და მტაცებელს შორ მანძილზე ხედვის საშუალებას აძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ ხმელეთის უსწრაფესი არსებაა, შორ მანძილზე სირბილი არ შეუძლია, მისი სხეული უფრო მეტად მოკლე დისტანციებსაა მორგებული. ზოგადად მამრი უფრო მსხვილია, ვიდრე მდედრი, მაგრამ სხვაობა უმეტესწილად უმნიშვნელოა და მხოლოდ შესახედაობით სქესის დადგენა ძნელია. ავაზას ჩასუნთქვისას შეუძლია კრუტუნი, მაგრამ ამოსუნთქვისას ვერ ღრიალებს. ნამდვილი დიდი კატები კი პირიქით – ღრიალებენ და არ შეუძლიათ კრუტუნი (თუმცა მსგავს ხმას გამოსცემენ ამოსუნთქვისას). ავაზას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ველურ ბუნებაში 12 წელს შეადგენს, ტყვეობაში კი უფრო მეტს – 15-20 წელს.


თოვლის ლეოპარდი – თოვლის ლეოპარდი მოზრდილი, თუმცა სხვა დიდ კატებზე მომცრო არსებაა. მათი წონა ძირითადად 27-55 კგ ფარგლებში მერყეობს, იშვიათად მამრმა შეიძლება 75 კგ-ს მიაღწიოს, ხოლო მდედრი 25 კგ-ზე ნაკლები იყოს. სხეულის სიგრძე 75-დან 130 სმ-მდეა, რასაც ემატება ფაფუკი ბეწვის მქონე კუდი 80-100 სმ-იანი მონაცემით. ამ კატების მხრებამდე სიმაღლე 60 სმ-ს შეადგენს. თოვლის ლეოპარდს სქელი და გრძელი ბეწვი აქვს, შეფერილობა კი მონაცრისფროდან მოყვითალო-მოწითალომდე იცვლება, ხოლო ქვედა მხარე თეთრია. თოვლის ლეოპარდს ტანზე, კუდსა და ფეხებზე მუქი ნაცრისფერი ან შავი მსხვილი ლაქები აქვს, თავზე კი – უფრო მცირე ზომის. თვალის ფერი ღია მწვანე ან ნაცრისფერია, რაც კატისებრებში იშვიათობაა. მკვრივი სხეული, ხშირი ბეწვი და პატარა ყურები უზრუნველყოფს სითბოს მინიმალურ დანაკარგს. განიერი თათები თოვლზე სიარულისას სხეულის წონის კარგად გადანაწილებას უწყობს ხელს, გრძელი და მოქნილი კუდი კი ბალანსირებისთვისაა საჭირო. კუდი დიდი რაოდენობით ქონს შეიცავს, რის გამოც მსხვილია, ასევე ემატება ხშირი ბეწვი და ძილისას საბნის მაგივრობას სწევს სახისთვის. თოვლის ლეოპარდი უმეტესად 15-18 წლამდე ცოცხლობს, ტყვეობაში კი შეიძლება 21 წელს მიაღწიოს.


ლაქებიანი ლეოპარდი – ლაქებიანი ლეოპარდის ბეწვი მუქი ნაცრისფერი ან ჟანგისფერია და უმეტესად უხვად ამშვენებს შავი ან მუქი ნაცრისფერი ლაქები და მოხაზულობები. წონა 11-დან 23 კგ-მდე მერყეობს. მდედრების სხეულის სიგრძე 68-94 სმ-ია, კუდი – 61-82 სმ. მამრები უფრო მასიურები არიან – მათი სიგრძე 81-108 სმ-ია, კუდისა კი – 74-91 სმ. მხრებამდე სიმაღლე მერყეობს 25-დან 40 სმ-მდე. ლაქებიანი ლეოპარდის ფეხები მოკლე და ძლიერია, თათები – განიერი. აქვთ განსაკუთრებულად გრძელი და ბასრი ეშვები. უცნობია, რამდენს ცოცხლობენ ველურ ბუნებაში, ტყვეობაში კი საშუალოდ 11 წელს აღწევენ. თუმცა ერთმა მათგანმა 17 წელი იცოცხლა.

 
 

● საბინადრო არეალი


ვეფხვი – წარსულში ვეფხვები მთელ აზიაში ბინადრობდნენ, კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან ციმბირამდე და ინდონეზიამდე. მეოცე საუკუნეში მათი რაოდენობა სერიოზულად შემცირდა, დღესდღეობით კი ვეფხვების საბინადრო არეალი ინდოეთიდან ჩინეთამდე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე რეგიონს მოიცავს. ჩრდილოეთით კი ციმბირამდე, ამურის მდინარემდე არიან გავრცელებულნი. ერთადერთი დიდი კუნძული, სადაც ვეფხვები ბინადრობენ, არის სუმატრა.


ლომი – აფრიკაში ლომებს სავანის სათიბ-საძოვრებში წააწყდებით, ინდოეთში კი მშრალი სავანის ტყეები იზიდავთ. ლომების საბინადრო წარსულში ევრაზიის სამხრეთ ნაწილს მოიცავდა საბერძნეთიდან ინდოეთამდე, ასევე მთლიან აფრიკას, გარდა ცენტრალური ტროპიკული ტყეების ზონისა და საჰარის უდაბნოსი. გვიან მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეში ლომები სრულიად ამოწყდნენ ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ირანში კი ბოლო ლომი 1941 წელს დაფიქსირდა.


იაგუარი – ამ ცხოველის ისტორიული საბინადრო მოიცავდა აშშ-ის სამხრეთ ნაწილსა და თითქმის მთლიან სამხრეთ ამერიკას, ამჟამად კი შემცირებულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებამდე. იაგუარი მრავალფეროვან ადგილებს ეტანება – სეზონურად დატბორილი დაბლობებიდან მშრალ სათიბ-საძოვრებამდე, თუმცა აუცილებელია, ტერიტორიაზე იყოს წყალი. მას განსაკუთრებით იზიდავს მდინარეები, ჭაობები და ხშირი ტყეები, სადაც მსხვერპლის გამოჭერა ადვილია. დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა იაგუარი ზღვის დონიდან 3800 მ სიმაღლეზე ბინადრობდა, თუმცა მთიან რეგიონებს უმეტესად ერიდებიან.


ლეოპარდი – ლეოპარდს ნებისმიერი გარეულ კატაზე უფრო ფართო საბინადრო არეალი აქვს, გვხვდება აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. მიუხედავად იმისა, რომ სუბ-საჰარული აფრიკის რეგიონში მათი რაოდენობა მუდმივად მცირდება, მათი რიცხვი ჯერ კიდევ დიდია და ფართოდ ედებიან ისეთ ტერიტორიებს, სადაც სხვა კატისებრები გაუჩინარდნენ. მცირე რაოდენობით არიან სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი მათი რაოდენობა საგანგაშოა. შედარებით უხვად არიან ინდოეთის სუბკონტინენტზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩინეთში. ლეოპარდი უმეტესად ბინადრობს სათიბ-საძოვრებში, ტყიან ადგილებში და მდინარეებთან. ისინი უმეტესად თბილ რეგიონებთან ასოცირდებიან, თუმცა რუსეთის წიწვოვან ტყეებში –25°C-ს უძლებენ.


პუმა – ამერიკის კონტინენტებზე პუმას უფრო მეტი საბინადრო ტერიტორია აქვს, ვიდრე ხმელეთის ნებისმიერ სხვა ცხოველს – ჩრდილოეთ იუკონიდან (კანადა) სამხრეთ ანდებამდე. წითურ და კანადურ ფოცხვერებთან ერთად წარმოადგენს იშვიათ კატისებრ ცხოველს, რომელიც კანადის რეგიონის ადგილობრივი მკვიდრია. მისი პოვნა შეიძლება როგორც ტყეებში, ისე დაბლობებსა და მთიან უდაბნოებში. უყვარს ფრიალო კანიონები, ციცაბო კლდეები და სქელი ბუჩქნარი.


ავაზა – არსებობს ავაზების რამდენიმე იზოლირებული დასახლება, ყველა მათგანი აფრიკაში ან სამხრეთ-დასავლეთ აზიაში გვხვდება. მცირე რაოდენობითაა (50-მდე) ირანში, ხორასანის პროვინციაში, სადაც ბუნების დამცველები მათ გამრავლებას ცდილობენ. არსებობს დაუდასტურებელი ცნობები, რომ რამდენიმე ავაზა ინდოეთსა და პაკისტანშიცაა. ავაზას უყვარს ნახევარუდაბნოები, პრერიები, სქელი ბუჩქნარი, ნამიბიაში კი ეტანება სათიბ-საძოვრებს, სავანებს, ხშირ მცენარეულობებსა და მთიან ტერიტორიებს.


თოვლის ლეოპარდი – ამჟამად თოვლის ლეოპარდი მხოლოდ აზიის რამდენიმე ქვეყანაშია – ბუტანი, ჩინეთი, ინდოეთი, ნეპალი, პაკისტანი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ეტანება პამირის მთებს, ტიან-შანს, ყარაყორუმს, კუნლუნს, ჰიმალაის, ალტაის და ა.შ.


ლაქებიანი ლეოპარდი – ლაქებიანი ლეოპარდი ბინადრობს ინდოჩინეთში, ტაილანდში, მალაიზიაში, მიანმარში, ბუტანში, ბანგლადეშში, ინდოეთსა და ნეპალში. წარსულში იყვნენ ტაივანშიც, თუმცა მოგვიანებით სრულად განადგურდნენ. აღმოსავლეთ ინდოეთის ჰიმალაებში ეს ცხოველი 1450 მეტრზე უპოვიათ. თუმცა უმეტესად მშრალი ტროპიკული ტყეები იზიდავთ.

 
 

● ნადირობა და კვება


ვეფხვი – ველურ ბუნებაში ვეფხვების მთავარი საკვები მსხვილი ცხოველებია – ლაქებიანი ირემი, ჭაობის ირემი, ინდური ბიზონი, ტახი, ანტილოპა, იაკი, წყლის კამეჩი და შინაური კამეჩი. ხანდახან ნადირობენ აქლემზე, ლეოპარდზე, პითონზე, ტუჩა დათვსა და ნიანგებზეც. ბევრი მტაცებლის მსგავსად, ხელიდან არ უშვებს პატარა მსხვერპლებსაც, როგორიცაა მაიმუნები, ფარშევანგები, კურდღლები და თევზები. დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა ვეფხვმა ზრდასრულ ინდურ მარტორქას ბოლო მოუღო. ხანდახან იტაცებს სპილოსა და მარტორქის ნაშიერებსაც. რიგ შემთხვევებში პირს იტკბარუნებენ შინაური ცხოველებით – ძაღლებით, ძროხებით, ცხენებითა და ვირებით. დაშავებული, დაჭრილი ან დაბერებული ვეფხვი შეიძლება კაციჭამიად იქცეს. მსგავი რამ ძირითადად ინდოეთში ფიქსირდება. ვეფხვები ღამის მტაცებლები არიან, მაგრამ დამალულ კამერებს ისინი დღის საათებშიც დაუფიქსირებიათ. ნადირობენ მარტო და ბევრი კატისებრის მსგავსად, თავდასხმამდე საფრდებიან, სხეულის ზომისა და ძალის გამოყენებით კი ორიენტაციას ადვილად აკარგვინებენ მსხვერპლს და ძირს აგდებენ, შემდეგ კი ბოლოს უღებენ. დიდი მასის მიუხედავად, ვეფხვის სიჩქარემ შეიძლება 65 კმ/სთ-ს მიაღწიოს, ხოლო ყველაზე დიდი კატა – ციმბირული ვეფხვი 80 კმ/სთ-მდე ადის. მაგრამ ამტანობის ნაკლებობის გამო ამ მაჩვენებლის შენარჩუნებას მხოლოდ მოკლე მანძილზე ახერხებენ. არაჩვეულებრივები არიან ხტომაში – დაფიქსირებულია შემთხვევა, რომ ვეფხვი ჰორიზონტალურად 10 მეტრზე ახტა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნადირობის 20 მცდელობიდან მხოლოდ ერთია წარმატებული. მსხვერპლის დაჭერისას ვეფხვი ყელში კბენს მას და თათებით მიწაზე აგდებს, რომ არ გაექცეს, შემდეგ კი კისერზე აწვება და გუდავს. ამ მეთოდით მასზე 6-ჯერ მძიმე კამეჩებსაც კი ამარცხებს, ხოლო პატარა მსხვერპლებს კისრის მალებსა და ხერხემალს უმსხვრევს, უხვრეტს სასულეს ან კისრის ძარღვს. გადმოცემით ცნობილია, რომ ზოგჯერ ვეფხვს თათის შემორტყმით მოუკლავს ცხოველი. ეს გასაკვირი არცაა, მისი დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ შინაურ ცხოველს თავის ქალას იოლად დაუმსხვრევს.


ლომი – ლომები ძლიერი ცხოველები არიან, რომლებიც კოორდინირებულ ჯგუფებად ნადირობენ. თუმცა ამტანობით დიდად არ გამოირჩევიან – მათი გული ორგანიზმის 0.57%-ს იკავებს, როცა მაგალითად აფთრის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1%-ს უახლოვდება. ამიტომ ვეფხვის მსგავსად, ლომი მაქსიმალურად უახლოვდება მსხვერპლს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის შეტევაზე. შეტევა უეცარი და ეფექტურია, მსხვერპლი უმეტესად დახრჩობით კვდება, რადგან ცერებრალური იშემია ან ასფიქსია ემართება. პატარა ცხოველი კი შეიძლება თათის შემორტყმითაც მოკვდეს. ლომის დიეტაში შედის ანტილოპა გნუ, იმპალა, ზებრა, კამეჩი, ტახი, ირმები და ა.შ. ლომებს ჯგუფური ნადირობის გამო თითქმის ყველა ცხოველის დამარცხება შეუძლიათ, მაგრამ განსაკუთრებით დიდებს ერიდებიან, მაგალითად ზრდასრულ მამრ ჟირაფს. კვლევები აჩვენებს, რომ ლომის კლანჭებში ყველაზე ხშირად ვარდება 190-550 კგ წონის ძუძუმწოვარი. აფრიკაში ასევე ეტანებიან ბეჰემოთს, მარტორქასა და სპილოებს. ლომები თავს ესხმიან შინაურ ცხოველებსაც, შეტაკებისას კი იგერიებენ ან კლავენ სხვა მტაცებლებს – აფთარს, გარეულ ძაღლს, ავაზას, ლეოპარდს და ა.შ. ერთ ჭამაზე ცხოველთა მეფემ შეიძლება 30 კგ-ით ამოივსოს მუცელი. ზრდასრული მდედრის დღიური ნორმა 5 კგ ხორცია, მამრისა კი – 7 კგ. პრაიდში მყოფი ხვადები იშვიათად ნადირობენ, მხოლოდ მაშინ ერევიან საქმეში, როცა საკბილო კამეჩი ან ჟირაფია. ძირითადად ამ საქმეს ძუ ლომები კისრულობენ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ღია ადგილებში ნადირობენ, მათი შემჩნევა ადვილია, რაც წარმატების შანსს ამცირებს. ახალგაზრდა ლომი ეფექტურ ნადირობას 2 წლის ასაკიდან იწყებს.


იაგუარი – ყველა კატისებრის მსგავსად იაგუარიც ხორცისმჭამელია. მის დიეტაში 87 სახეობა შედის, მათ შორის კაიმანი, ირემი, კაპიბარა, ტაპირი, ძაღლი, მელა და ზოგჯერ ანაკონდაც კი. თუმცა უარს არ ამბობს პატარა არსებებზე – თაგვებზე, ბაყაყებზე, ჩიტებზე, თევზებზე, ზარმაცაზე, მაიმუნებსა და კუებზე. ბელიზში მისი ძირითადი საკვები ჯავშნოსანია. ზოგიერთი იგუარი ეტანება შინაურ ცხოველებსაც, მათ შორის ცხენებსა და მსხვილფეხა რქოსან საქონელს. მიუხედავად იმისა, რომ იაგუარი, სხვა კატების მსგავსად, ფლობს ყელში კბენისა და დახრჩობის ტექნიკას, ის თავის უნიკალურ მეთოდს ამჯობინებს: მსხვერპლს თავში ეცემა და კბილებს ღრმად ასობს, რომ ტვინამდე ჩააღწიოს. კბენა უმეტესად ყურების მიდამოში ან საფეთქლის სიახლოვეს ხორციელდება. დიდი ზომის საკბილოს შემთხვევაში შეიძლება უკან გადაინაცვლოს და კისრის მალები დაუმსხვრიოს. ზღვის კუების შემთხვევაში ჯერ თავს აჭამს და შემდეგ მიათრევს პირის ჩასატკბარუნებლად, ხოლო შინაური ძაღლების შემთხვევაში თავის მიდამოში თათის შემორტყმაც საკმარისია მოსაკლავად. იაგუარი ჩასაფრების ტექნიკას უფრო იყენებს, ვიდრე გამოდევნებისას. მისი ნადირობის ტექნიკა ფაქტობრივად შეუდარებლად ითვლება ცხოველთა სამყაროში. მსხვერპლის დაჭერა შეუძლია წყალშიც და საკმაოდ დიდი ზომის ცხოველების ზიდვის უნარიც აქვს ცურვის პარალელურად. ზოგჯერ კი მოკლულ ხბოს ხეზე აათრევს ხოლმე, რომ მშვიდად შეექცეს. დღიური ნორმა საშუალოდ 1.4-2 კგ-ია. პანტერას გვარის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, იაგუარი იშვიათად ესხმის ადამიანს თავს. მსგავს შემთხვევებში ეს ცხოველი ძირითადად სიბერის ასაკშია შესული და კბილები აქვს გაფუჭებული, ან დაშავებულია. შიშის ან საფრთხის შემთხვევაში შეიძლება ზიანი მიაყენონ ზოოპარკის მომვლელებს.


ლეოპარდი – ლეოპარდს ყველაზე მრავალმხრივი დიეტა აქვს პანტერას გვარის წარმომადგენლებში. ის საკვებად იყენებს ყველაფერს, დაწყებული პატარა ხოჭოებიდან დამთავრებული 900 კგ-იანი აფრიკული ანტილოპით. თუმცა უმეტესად ეტანება ისეთ ჩლიქოსნებსა და მაიმუნებს, რომელთა წონა 200 კგ-ზე ნაკლებია. შესაძლებლობის შემთხვევაში ასევე იჭერენ რეპტილიებს, ფრინველებს, მღრღნელებს, ამფიბიებს, მწერებს, თევზებსა და პატარა მტაცებლებს (მელა, ტურა, კვერნა და ა.შ.). დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა იაგუარმა ბოლო მოუღო ნილოსის ნიანგს. ის ასევე წარმოადგენს გორილისა და შიმპანზეს ერთადერთ ბუნებრივ მტერს, თუმცა ზოგჯერ ერიდება მათ საფრთხის გამო, განსაკუთრებით მამრი ვერცხლისფერზურგიანი გორილის შემთხვევაში. აფრიკაში ძირითადად ანტილოპებზე ნადირობენ, განსაკუთრებით გაზელსა და იმპალაზე. მსხვერპლს ჩუმად ეპარებიან და ბოლო მომენტში უეცრად ესხმიან თავს, ეცემიან ყელში და ახრჩობენ. ნადირობა ძირითადად ღამით ხორციელდება, მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე პერიოდში. საშუალო დღიური ნორმაა 3.5 კგ მამრისთვის და 2.8 კგ მდედრისთვის.


პუმა – პუმა ნებისმიერ ცხოველს შეექცევა, რომლის დაჭერასაც შეძლებს, პატარა მწერებიდან დიდ (500 კგ-ზე მეტი) ჩლიქოსნებამდე. ყველაზე ხშირად ირმის სხვადასხვა სახეობებს ეტანება. მისი საკბილოა ასევე ცხვრები, არიზონას ველური ცხენები, შინაური ცხენები და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. ფლორიდულ პუმას კი უმეტესად გარეული ღორები და ჯავშნოსნები იზიდავს. მიუხედავად იმისა, რომ მოკლე დისტანციაზე სწრაფი სირბილი შეუძლია, პუმა მაინც ჩასაფრების მეთოდს იყენებს. ის ბუჩქებს, ხეებს, შვერილებს ან რაიმე სახის საფარს მიუყვება, შემდეგ კი მსხვერპლს ზურგზე ახტება და ძლიერად კბენს კისერში. თუკი საკბილო არც ისე დიდია, პუმა ადვილად ახერხებს მისი კისრის მალების დამსხვრევას. მოკვლის შემდეგ ნადავლი საიმედო ადგილას გადააქვს, ფარავს და რამდენიმე დღეში აკითხავს. პუმა სანიტარი არაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იშვიათად ჭამს ისეთ რამეს, რაც მის მიერ არაა მოკლული. თუმცა ერთხელ კალიფორნიაში შესწავლისთვის განკუთვნილი ირმის სხეულები გაიტაცეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ოპორტუნისტური ხასიათი აქვთ.


ავაზა – ავაზა ძირითადად 40 კგ-ზე ნაკლები წონის ძუძუმწოვრებით იკვებება, მისი საყვარელი საკბილოა იმპალა და გაზელი. შიგადაშიგ ეტანება ზებრებსა და გნუებს, თუმცა ეს უმეტესად მაშინ ხდება, როცა ჯგუფურად ნადირობენ. მსხვერპლთა სიაში შედის ციცარი და კურდღელიც. სხვა დიდი კატების უმეტესობისგან განსხვავებით ავაზა დღისით ნადირობს – ძირითადად დილით ადრე ან საღამოს, როცა არ ცხელა, მაგრამ საკმარისი სინათლეა. ავაზას იარაღი მხედველობა უფროა, ვიდრე ყნოსვა. მსხვერპლს 10-30 მეტრზე უახლოვდება, შემდეგ კი ედევნება. უმეტესად 1 წუთზე ნაკლები სჭირდება, რომ საკბილოს დაეწიოს და ძირს დააგდოს. საშუალოდ ნადირობის 50% წარმატებით სრულდება. ავაზას დიდ დახმარებას უწევს ის, რომ ხმელეთის უსწრაფესი ცხოველია – ავითარებს 120 კმ/სთ-მდე სიჩქარეს და 3 წამში ადის 100 კმ/სთ-ზე. თუმცა ამას უზომოდ დიდი ენერგია სჭირდება და სხეულის ტემპერატურა სწრაფად იწევს, ამიტომ საკბილოს მოხელთების შემდეგ შეიძლება ნახევარ საათზე მეტი დასჭირდეს ენერგიის მოსაკრებად და დასასვენებლად. ავაზის მოკვლის ტექნიკა დახრჩობაში მდგომარეობს, ის ყელში ძლიერად კბენს მსხვერპლს და გაქცევის საშუალებას არ აძლევს. თუმცა სხვა დიდი კატებისგან განსხვავებით, ავაზა არაა ისეთი ძლიერი, რომ თავის ტრადიციულ ოთხფეხა საკბილოებს კისრის მალები დაუმსხვრიოს, მისი კბენა მაქსიმუმ არტერიას გახვრეტს. ამის შემდეგ ავაზა ნადავლის შთანთქმას იწყებს, რათა სხვა, უფრო დიდი ზომის მტაცებლები არ შეეცილონ.


თოვლის ლეოპარდი – როგორც მრავალი კატისებრი, თოვლის ლეოპარდიც ოპორტუნისტური ხასიათისაა და მრავალი სახის ცხოველს ეტანება საკვებად, მათ შორის შინაურ საქონელსა და ლეშს. შეუძლიათ მათზე სამჯერ ან ოთხჯერ დიდი ცხოველი მოკლან, მაგალითად ჰიმალაის ტარი, ჰიმალაის ლურჯი ცხვარი, რქახრახნილი თხა, მთის ცხვარი და ა.შ. თუმცა უარს არ ამბობენ მომცრო არსებებზეც, მაგალითად კურდღლებსა და ჩიტებზე. თავიანთ საბინადროში ნებისმიერ ცხოველს ამარცხებენ, ერთადერთი სავარაუდო გამონაკლისი მამრი იაკია. თოვლის ლეოპარდი ასევე დიდი რაოდენობით ბალახეულს მიირთმევს, რაც კატისებრთა ოჯახში იშვიათობაა. შიგადაშიგ შინაურ საქონელზე თავდასხმის გამო ეს არსება დიდი ხანია, ადამიანის მტრად ითვლება. ხშირად უბრალოდ დაკარგული ცხოველების შემთხვევებიც მას ბრალდება და ადგილობრივი გლეხები აქტიურად იწყებენ ხოლმე მათზე ნადირობას. მიუხედავად ამისა, არასდროს დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ თოვლის ლეოპარდი ადამიანს დასხმოდეს თავს. ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად აგრესიული კატისებრია. ნადირობისას იყენებს ჩასაფრების მეთოდს და მსხვერპლს 14 მეტრზე უახლოვდება, შემდეგ კი შეუძლია, 300 მეტრის მანძილზე სდიოს. მოსაკლავად კისერში კბენას იყენებს, შემდეგ კი გვამი უსაფრთხო ადგილას გადააქვს. ჭამისას თითქმის არაფერს ტოვებს ძვლების გარდა და ერთი ცხვარი ზოგჯერ 2 კვირაც ჰყოფნის.


ლაქებიანი ლეოპარდი – ძალიან მცირე ინფორმაციაა ცნობილი ამ არსებებზე, დაკვირვება მხოლოდ ტყვეობაში მყოფებზე ხორციელდება. დაუზუსტებელია მისი საკვები ეკოლოგიაც. სავარაუდოდ ეტანებიან როგორც ხეზე, ისე მიწაზე მობინადრე ხერხემლიან ცხოველებს. ბრიტანელი ზოოლოგი რეჯინალდ ინეს პოკოკი (1863-1947) წერდა, რომ ლაქებიანი ლეოპარდი ნადირობს დიდი ზომის ბალახისმჭამელებზე, რაშიც დახმარებას უწევს ძლიერი სხეული და გრძელი ეშვები – მძლავრი ნაკბენი მსხვერპლს მალე აცლის ძალას. დაზუსტებული ინფორმაციით, მის დიეტაში შედის ირემი, ლორი, აზიური მაჩვზღარბა, მალაიზიური პანგოლინი და ინდოჩინური მიწის ციყვი. ჩინეთში მათ რიცხვს ემატება ხოხობი და მუნჯაკის ირემი. სავარაუდოდ უარს არ ამბობს ვივერაზე, ფრინველებსა და შინაურ ცხოველებზე, ტყვეობაში მყოფნი კი კვერცხებსაც ეტანებიან.

Advertisements

3 responses to “დიდი კატები

  1. Verzonti 20/06/2012, 8:28 PM

    მათი მუდმივი მტრობის მიუხედავად, ლომი, რაც არ უნდა შიმშილის პერიოდში იმყოფებოდეს, პირს არ დააკარებს მოკლულ აფთარს :respect:

    Like

  2. MrsMarch 27/06/2012, 2:37 AM

    რა ლამაზები არიან, განსაკუთრებით იაგუარი და პუმა მომწონს, თუმცა შეიძლება ვერც განვასხვავო რომელიმე რომ ვნახო : ))

    Like

  3. Pingback: გასული კვირა მეცნიერებაში [11.11-17.11] | ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: