ცხოველის მიერ ადამიანის მოკვლის 10 ყველაზე საშინელი ვარიანტი


ბუნება ძალიან ლამაზი და მიმზიდველია, მაგრამ ზოგჯერ – მომაკვდინებელი და საძაგელიც კი. წარმოგიდგენთ ყველაზე საშინელ ვარიანტებს, რომლითაც ადამიანმა შეიძლება ცხოველის ხელში დაასრულოს სიცოცხლე.


 


● ელექტროშოკი – ელექტრული გველთევზა
ელექტრული გველთევზები მტკნარი წყლის მოგრძო თევზები არიან და ბინადრობენ სამხრეთ ამერიკაში, ამაზონისა და ორინოკოს მდინარეებში. სახელის მიუხედავად, ეს არსებები მიეკუთვნებიან კობრისნაირთა და არა გველთევზასნაირთა ტაქსონომიურ რიგს. ელექტრული გველთევზა სამხრეთ ამერიკის მდინარეების ყველაზე საშიში მობინადრეების სიაში იკავებს ადგილს. მას აქვს 3 სპეციფიკური ორგანო, რომლებიც საკმაოდ მძლავრ, ზოგჯერ 600 ვოლტზე მეტი ძაბვის ელექტროდენის იმპულსებს წარმოქმნიან. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ზრდასრული ადამიანი თუ არ მოკლას, დაარეტიანოს მაინც.

მიიჩნევენ, რომ იმ „მისტიკური” შემთხვევების უმეტესობა, როცა ამაზონსა და ორინოკოში საცურაოდ შესული ადამიანები უჩინარდებიან, ელექტრულ გველთევზასთან შეხვედრის მიზეზით ხდება. შემდეგ კი მიზეზად პირანიებსა და კაიმანს ასახელებენ ხოლმე. ელექტრული გველთევზა არ ჭამს ადამიანებს, მისი დიეტა პატარა ცხოველებისგან შედგება – კიბორჩხალებისა და მომცრო ძუძუმწოვრებისგან. შეტევას მხოლოდ თავდაცვის მიზნით ახორციელებს, მაგრამ ამის მიუხედავად, უმჯობესია ადამიანი საერთოდ მოერიდოს ისეთ ადგილებს, რომლის სიახლოვესაც ელექტრული გველთევზა ბინადრობს.

 


● გაგუდვა – პითონი, ანაკონდა
მახრჩობელასებრთა ოჯახის გველებს (სადაც შედის პითონი და ანაკონდა) შხამი არ აქვთ. სამაგიეროდ აღჭურვილი არიან ბასრი და გრძელი კბილებით, რათა მსხვერპლი შეაკავონ, თუმცა მოსაკლავად მაინც მოჭერას იყენებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლის სხეულის გარშემო სპირალისებურად ეხვევიან (მას შემდეგ, რაც კბილებს ღრმად ჩაასობენ) და ძლიერად კუმშავენ, ისე რომ საბრალო ცხოველს არც სივრცე აქვს და არც საშუალება, რომ ისუნთქოს. ყოველ ჯერზე, როცა ამოსუნთქვას შეეცდება, გველი უფრო მეტად უჭერს. ეს სასიკვდილო „ჩახუტება” ისეთი ძლიერია, რომ სისხლის მოძრაობაც კი ჩერდება. სიკვდილი, როგორც წესი, გულის შეტევის შედეგად დგება და არა ასფიქსიის გამო, როგორც ძველად ეგონათ.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ტექნიკას იყენებენ უფრო პატარა გველებიც, მაგალითად სამეფო გველი და გოფერის გველი, მაინც პითონები და ანაკონდები არიან უფრო ცნობილი და მეტად საშიში წარმომადგენელები. ეს ცივსისხლიანი მტაცებლები შიგადაშიგ ადამიანებითაც იტკბარუნებენ პირს.

 


● დახრჩობა და დანაწევრება – ნიანგი
მსხვილ მტაცებელ ცხოველებს შორის ნიანგები იმით გამოირჩევიან, რომ ყოველ წელს მათ უზარმაზარ ყბებში არც ისე ცოტა ადამიანი ხვდება. მათ ხშირად ახასიათებენ იმ იშვიათ ცხოველად, რომელიც ჯერ კიდევ აღიქვამს ადამიანს სასურველ საკბილოდ. დიდი ზომის არსებებთან გასამკლავებლად ნიანგი იყენებს „სასიკვდილო საკეტს”, რასაც ზოგიერთები „ფაუნის ყველაზე ძლიერ მკვლელ მექანიზმს” უწოდებენ. ნიანგი მსხვერპლს იჭერს ყბებით (ჩვეულებრივ, კბილებს ასობს ფეხში ან კისერში), მიათრევს წყალში და იწყებს მის ნჯღრევას. მალე კი უმწეო არსება ნაწევრდება და კვდება. ამის გაკეთება ნიანგს ხმელეთზეც შეუძლია.

ყველაზე ცუდი მომენტი ისაა, რომ ნიანგს დიდად არ ანაღვლებს, მისი საკბილო ცოცხალია თუ მკვდარი, როცა მის ჭამას იწყებს. „სასიკვდილო საკეტის” მთავარი ფუნქცია სხეულის პატარა ნაწილებად დანაწევრებაა, რათა ადვილად გადაყლაპოს და მოინელოს. ადამიანები, რომლებიც იღბლიანები აღმოჩნდებიან ხოლმე და ნიანგისგან გაქცევას მოახერხებენ, ხშირად კიდურს კარგავენ. მსხვერპლთა უმეტესობა კი, როგორც წესი, სისხლის ნაკლებობით, ტკივილის შოკით ან დახრჩობით იღუპება, ისე რომ გაქცევის შანსი არც ეძლევა.

 


● თავის გახლეჩა – იაგუარი
დიდი კატების უმეტესობა მსხვერპლს გაგუდვით კლავს. სახლის კატიდან დაწყებული, ვეფხვითა და ლომით დამთავრებული, ყველანი ყელში ან კისერში ეცემიან ხოლმე საკბილოს, კბენენ ძლიერად და მაგრად უჭირავთ, რომ მათ მახეში გაბმულ არსებას უჰაერობით ან გულის შეტევით მოეღოს ბოლო. ზოგჯერ კბენა ისეთი მძლავრია, რომ ხვრეტს სასულეს ან კისრის ვენას, ხანდახან კი მალებსაც ამსხვრევს. დიდ კატას უმეტესად რამდენიმე წუთი სჭირდება, რომ მსხვილი ზომის მსხვერპლს ბოლო მოუღოს. მაგრამ რაც შეეხება იაგუარს, აქ საქმე სრულიად სხვაგვარადაა. ეს გიგანტური კატა, რომელსაც მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში წააწყდებით, მასიური ცხოველებით პირის ჩატკბარუნებისკენაა მიდრეკილი. მის დიეტაში 87 სახეობა შედის, მათ შორის კაიმანი, ირემი, კაპიბარა, ტაპირი, ძაღლი, მელა და ზოგჯერ ანაკონდაც კი. გაგუდვის მისეული მეთოდი უფრო სწრაფი და შემზარავია – ის ღრმად ასობს კბილებს თავის ქალაში და ცდილობს ტვინის დაგლეჯას, რაც დაუყოვნებლივ სიკვდილს იწვევს. იაგუარს განსაკუთრებით გრძელი და მსხვილი ეშვები აქვს, ასევე აღჭურვილია საკმაოდ ძლიერი ყბებით (ზომის პროპორციის გათვალისწინებით, მისი ნაკბენი აღემატება ვეფხვისა და ლომისას).

თავის ქალის მიდამოში კბენა იაგუარს საშუალებას აძლევს, ბოლო მოუღოს ისეთ ცხოველებს, როგორიცაა კაიმანი ან ნახევარტონიანი ხარი, წარსულში კი იგივე მეთოდით წარმატებულად ხოცავდნენ გლიპტოდონტებს (ჯავშნოსანის მონათესავე გიგანტური ცხოველი, ამჟამად გადაშენებულია). ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუკი იაგუარის ტექნიკა ასეთი დახვეწილია და მისი მსხვერპლი მალე განუტევებს სულს, რაღა უნდა ამ სიაში და რატომ არაა მის მაგივრად ლომი ან ვეფხვი? საქმე იმაშია, რომ იაგუარი ხანდახან სხვა მეთოდითაც მოქმედებს: მსხვერპლს თავის არეში ეცემა და ეშვებს ყურების მიდამოში ასობს. კოშმარის ტოლფასია იმის წარმოდგენა, რომ ტყეში სიარულისას შეიძლება უცებ ეს უზარმაზარი ცხოველი გეცეთ და ყურებში გაგიყაროთ ასევე უზარმაზარი ეშვები, რომლებიც ცოტა ხანში ტვინამდე მიაღწევენ.

 


● გამოშიგნვა – კაზუარი
კაზუარი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც ამ სიაში შეხვდებით. ცხადია, საშიშია შვილებზე მზრუნველი ბუ, რომელიც ხეზე ასულ ადამიანს თვალებში ეცემა ამოსაჩიჩქნად და დაბლა მიაბრძანებს, შეიძლება მისი სიკვდილიც გამოიწვიოს, თუმცა ისინი უმეტესად უწყინარი არსებები არიან, თუკი უნებლიედ ან გამიზნულად არ გააღიზიანებთ. რაც შეეხება ვეგეტარიანელ კაზუარს, რომელიც ავსტრალიისა და ახალი გვინეის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს, ჩვეულებრივ მშვიდია და დაპირისპირების არიდებას ცდილობს, თუმცა მამრებს აქვთ პერიოდები, როცა ძალიან აგრესიულები ხდებიან. ზოოპარკის თანამშრომლები თანხმდებიან, რომ შესანახად კაზუარი ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში არსებაა.

გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე სახიფათო ფრინველად მოხსენიებული კაზუარი აღჭურვილია გრძელი და ბასრი ბრჭყალებით. როცა საფრთხეს გრძნობს, ის გარბის მტრისკენ და სერიოზულ დარტყმას აყენებს, ბრჭყალების მეშვეობით კი მის გამოშიგნვას იწყებს. თუმცა ეს უკანასკნელი რომც ვერ მოახერხოს, დარტყმა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შინაგან ორგანოებს ფუნქციონირების სერიოზული პრობლემები შეექმნას და მასიური შინაგანი სისხლდენები დაიწყოს. ალბათ იმის თქმა საჭირო აღარაა, რომ აჯობებს, საერთოდ მოერიდოთ კაზუარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დატყვევებულია ან პატარებს ზედამხედველობს.

 


● სახის გაპობა – ტუჩა დათვი
ტუჩა დათვი შედის დათვის ყველაზე ნაკლებად ცნობილ სახეობებში. მათი საბინადრო უმეტესად ინდოეთი და შრი-ლანკაა, სადაც ადგილობრივები ვეფხვებსა და გველებზე მეტად უფრთხიან. ამის მიზეზი გასაგებიცაა. ამბობენ, რომ კვირაში მინიმუმ 1 ინდოელი ტუჩა დათვის საკბილო ხდება და ხშირად მოულოდნელადაც კი ესხმიან თავს, ისე რომ ადამიანის მხრიდან არანაირი პროვოცირება არ ხდება. ტუჩა დათვი უმეტესად ჭიანჭველებსა და ტერმიტებს ეტანება, ნაკლებად – ხორცს, მაგრამ ადამიანების მიმართ, როგორც ჩანს, შუღლი აქვთ. ეს გასაკვირი არცაა, საუკუნეების განმავლობაში ისინი ნადირობისა და დამცირების ობიექტები იყვნენ (მაგალითად, დათვების დაჭერა და ე.წ. „მოცეკვავე დათვების” წარმოდგენის გამართვა).

ნებისმიერი დათვის კლანჭებში თავის ამოყოფა არც ისე სასიამოვნოა, თუმცა ტუჩა დათვის შემთხვევა მაინც გამორჩეულია მოკვლის განსაკუთრებული მეთოდის გამო. ის იყენებს კბილებსა და საკმაოდ გრძელ ბასრ ბრჭყალებს, რათა მსხვერპლს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, სახე დაუჩეხოს. თუკი ვინმე მოახერხებს და ტუჩა დათვს დაუსხლტება, საშინელი ნაიარევები სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება, რჩებიან თვალების, პირის, ცხვირის და ა.შ. გარეშე, ასევე ცხადია, თან დაჰყვებათ დათვის შიში.

 


● ასფიქსია – სიაფუს ჭიანჭველები
ეს აფრიკული ჭიანჭველები ერთადერთი მწერები არიან, რომლებიც გამიზნულად ესხმიან თავს ადამიანს, როგორც საკვებს. თუმცა ძალიან უიღბლო უნდა იყოთ, რომ სიცოცხლე სიაფუს ჭიანჭველების გარემოცვაში დაასრულოთ. ეს არსებები არიან ძალიან ნელები და ბრმები და თუკი წინ არ გადაეღობებით, არაფერს დაგიშავებენ. უმეტესად იკვებებიან პატარა ცხოველებით, თუმცა დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა თავს დაესხნენ მძინარე ადამიანებსაც, უყურადღებოდ დატოვებულ ბავშვებს და მინიმუმ 1 მთვრალ ადამიანს, რომელმაც ფეხი მოიტეხა და გაქცევა არ შეეძლო, ამიტომ ჭიანჭველების არმიის ტყვედ იქცა.

სიაფუს ჭიანჭველები მიირთმევენ იმ ძროხებსა და თხებს, რომლებსაც პატრონები ღია ცის ქვეშ ბოძზე აბამენ თოკით და ამგვარად, ტოვებენ დაუცველს და არ აძლევენ თავდამსხმელებისგან გაქცევის საშუალებას. ამ ჭიანჭველებს საშიშად აქცევს ის ფაქტი, რომ შეუძლიათ მწარე კბენა და დანესტვრა, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ადამიანის მოკვლას ისინი სხვაგვარად ახერხებენ – შეტევისას ცდილობენ, მსხვერპლს უპოვონ ნებისმიერი სახის ღია ადგილი, მათ შორის პირი ან ცხვირი და როდესაც ათობით და ასობით ჭიანჭველა ფილტვებში გადაინაცვლებს, დგება ასფიქსიის მომენტი.

 


● სასიკვდილო ინფექცია – კანდირუ
კანდირუები საკმაოდ ავბედითი ქმნილებები არიან. ეს პატარა, გრძელი და თითქმის გამჭვირვალე პარაზიტული არსებები წარმოადგენენ იშვიათ ხერხემლიან ჰერმატოფაგებს – იკვებებიან სხვა თევზების სისხლით. ამისთვის ლაყუჩებში უძვრებიან და სხეულზე არსებული მოკაუჭებული გამონაზარდების მეშვეობით კარგად მოკალათდებიან ხოლმე. კანდირუებით აქტიურმა დასნებოვნებამ შეიძლება უიღბლო მსხვერპლის ძლიერ დასუსტება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ისინი ასევე იკვებებიან მკვდარი თევზებით, ძირითადად შიგნეულობით. მიუხედავად იმისა, რომ კანდირუებს სამხრეთ ამერიკაში დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ, მსოფლიო მასშტაბით პოპულარობა ბოლო პერიოდში მოიპოვეს, როგორც ამაზონის ყველაზე საშიშმა მობინადრეებმა. ამ მხრივ დაჯაბნეს პირანიები და ელექტრული გველთევზები.

კანდირუ ზოგჯერ შარდსადენ მილში ან ანუსში უძვრება როგორც ქალს, ისე მამაკაცს და ეკლოვანი გამონაზარდების მეშვეობით იქ ბინავდება. ეს უკიდურესად მტკივნეული და პოტენციურად სასიკვდილო პროცესია, რადგან როცა ადამიანი წყალს ტოვებს, თევზი კვდება და ხრწნას იწყებს. სამხრეთ ამერიკის იმ შორეულ რეგიონებში, სადაც საავადმყოფოების რიცხვი არც ისე ბევრია, მსგავსი შემთხვევები ხშირად სიკვდილით დასრულებულა. თევზის სხეულიდან გამოსაყვანად საკმაოდ ფრთხილი და ზუსტი ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაა საჭირო.

 


● ცოცხლად შეჭმა – მგლები, აფთრები
დიდი კატების უმეტესობა დარწმუნდება, რომ ცოცხალი აღარ ხართ, სანამ თქვენს შეჭმას შეუდგებიან. ისინი სრულყოფილად ახერხებენ მსხვერპლის მალე მოკვლას ბევრი ბრძოლის გარეშე. მაგრამ რაც შეეხება მათ შორეულ ნათესავებს, საქმე სხვაგვარადაა. მიუხედავად იმისა, რომ მგლები და აფთრები პატარა ცხოველებს ეტანებიან და ბოლოს უღებენ ნჯღრევით ან ხერხემლის გადამტვრევით, მათ არ გააჩნიათ საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ მარტოდმარტო თავისუფლად გაუმკლავდნენ დიდ არსებებს, ამიტომ, როგორც წესი, დროს არ კარგავენ და მათ ჭამას მაშინვე იწყებენ, როგორც კი მიწაზე დააგდებენ.

ნამდვილად არაა იშვიათი ისეთი შემთხვევა, როცა მოზრდილი ცხოველი მგლის ან აფთრების ხროვაში აღმოჩნდება და ჯერ კიდევ ცოცხალია, როცა მტაცებლები მის ნაწლავებს ღეჭავენ. ცხადია, სიკვდილის მომენტი მალევე დგება, ამას ან სისხლის დანაკარგი იწვევს, ან შოკი. მაგრამ ის აზრი, რომ საკუთარი თვალებით დაინახავთ, როგორ მიირთმევენ თქვენს შიგნეულობას ეს მსუნაგი მტაცებლები, ბევრი ადამიანისთვის არც ისე სასიამოვნოა.

 


● შიმშილით სიკვდილი – თასმისებრი ჭიები
თასმისებრი ჭიები გიგანტური (ზოგიერთი მათგანი სიგრძეში 20-30 მეტრს აღწევს), თუმცა ძალიან წვრილი პარაზიტები არიან. მათი კვერცხები ან მატლები შეიძლება ორგანიზმში მოხვდეს უმი ან ცუდად მომზადებული ხორცის მეშვეობით. ხოლო როცა ეს ხდება, თასმისებრი ჭია მიეკრობა მასპინძელი სხეულის კუჭ-ნაწლავის კედლებს და გზაში შემხვედრ საკვებ ნივთიერებებს თავის სხეულში გადაუშვებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ იღებთ საკვებს, რომელიც გადადის ორგანიზმში და მოიხმარება პარაზიტის მიერ. შედეგი? შეიძლება უზომოდ ბევრი ჭამოთ, მაგრამ მაინც მშიერი დარჩებით.

უყურადღებობის შემთხვევაში თასმისებრი ჭიის ჩასახლება შიმშილისგან გამოწვეული სიკვდილით დასრულდება, მიუხედავად იმისა, რამდენს შეჭამთ. თუკი ფიქრობთ, რომ ეს არც ისე საშიში სცენარია, გაგაცნობთ ამ პარაზიტის კიდევ ერთ მავნე თვისებას: ზოგჯერ ის მიიწევს ტვინისკენ და იწვევს მისი ფუნქციონირების მოშლას, რის შედეგადაც ნებისმიერი სახის ნევროლოგიური დაავადება შეიძლება განვითარდეს. ასე რომ გემართებათ დაავადება, რომელსაც იწვევს თქვენს ტვინში ჩასახლებული ჭია, რომელიც შემდეგ შიმშილით ამოგხდით სულს. არც ისე მიმზიდველი ვარიანტია სიკვდილისთვის.

Advertisements

15 responses to “ცხოველის მიერ ადამიანის მოკვლის 10 ყველაზე საშინელი ვარიანტი

  1. ketusi.com 05/06/2012, 10:30 PM

    ეჰ, ყველა საშინელი პერსპექტივაა
    არადა იაგუარზე ვგიჟდები,ჩემი ფავორიტი ცხოველია კატისებრთა ოჯახიდან.

    Like

  2. ზი ბერო 06/06/2012, 4:35 PM

    აუ მაგარი ტეხავს კანდირუს რო მოჯ*** 😐

    Like

  3. karamelka 06/06/2012, 8:38 PM

    ვაიმე, ცუდად ვარ:/

    Like

  4. karamelka 06/06/2012, 8:41 PM

    ეს თასმისებრი ჭია სხვაა და ასკარიდა სხვა? მე ასკარიდა მეგონდა ეგეთი.

    Like

    • Charlius 06/06/2012, 9:13 PM

      ასკარიდა შედის მრგვალ ჭიებში, თასმისებრი შედის ბრტყელ ჭიებში და ორივე პარაზიტია. უბრალოდ თასმისებრი უფრო ოხერია :d

      Like

  5. |-| 07/06/2012, 5:48 PM

    posti mogpares nawil nawil fb-ze

    Like

  6. გლეხის ბიჭი 12/06/2012, 9:26 PM

    ეს ბოლო ეტყობა ნეიროტოქსინებს გამოყოფს, თორე ტვინისკენ როგორ მიიწევს ამხელა ჭია, რომელ სისხლძარღვს ან ხვრელს უნდა აჰყვეს. (ამას დავაზუსტებ მერე ჩემით, თუ გამახსენდა)

    Like

  7. natia 21/08/2012, 12:32 PM

    ვაიმე, ცუდ ხასიათზე დავდექი

    Like

  8. K.KOLKHI 24/08/2012, 11:49 PM

    შესანიშნავი სტატიაა და ძალზედ სასარგებლო, გმადლობთ 🙂

    Like

  9. zorbegi 04/05/2013, 11:39 PM

    იდეაში კი ვიცოდი ეს ყველაფერი, მარა მაინც საინტერესო წასაკითხი აღმოჩნდა.
    საინტერესო ბლოგი ჩანს… უნდა ჩავუჯდე

    Like

  10. გვანცა 13/05/2013, 5:08 PM

    ძალიან კარგი სტატიაა, შემთხვევით გადმომიყვანა გუგლმა, კანდირუს ფოტოებსა და ინფორმაციას ვეძებდი. ძალიან უწყინარი და საყვარელი მეგონა, მაგრამ რა დეგენერატი ყოფილა ://

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: