ყველაზე საშიში ვეგეტარიანელი ცხოველები


როცა საუბარია საშიშ არსებებზე, პირველ რიგში გვახსენდება მტაცებლები – ვეფხვები, ლომები, დათვები და ა.შ. როგორც წესი, ბალახისმჭამელ ცხოველებს ნაკლებად აღვიქვამთ მკვლელებად. თუმცა ბუნებაში გამონაკლისებიც არსებობს და ვეგეტარიანელი სახეობების ნაწილი მტაცებლებზე არანაკლებ საშიშია. ზოგიერთ მათგანს უვნებლად და თვინიერად ვთვლით, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში ისინი საოცრად აგრესიულები ხდებიან.


 


● ბაბუინი გელადა
ეს მაიმუნები საკმაოდ შთამბეჭდავები არიან უზარმაზარი ფაფრისა და ბრტყელი სახის გამო. ისინი მხოლოდ ეთიოპიის მთებში ბინადრობენ და ძირითადად ბალახით იკვებებიან. მიუხედავად მშვიდი ხასიათისა, გელადები ბუნებამ ბასრი და გრძელი ეშვებით აღჭურვა. ბუნებაში ძალიან იშვიათია, რომ ადამიანს თავს დაესხან, მაგრამ ზოოპარკში გამოკეტილები საშინლად აგრესიულები ხდებიან.

 


● ამერიკული ბიზონი
თითქმის ერთი ტონა წონის მქონე ცხოველი ჩრდილოეთ ამერიკაში გამყინვარების პერიოდის გადაშენების შემდეგ დარჩენილი ორი გიგანტური ბალახისმჭამელიდან ერთ-ერთია (მეორეა ამერიკული ცხენ-ირემი). თანამედროვე ადამიანების მიერ მათზე სისტემატურმა ნადირობამ ეს სახეობა თითქმის სრულად ამოწყვიტა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული პოლიტიკის წყალობით მათ ჯერ კიდევ შეხვდებით ეროვნულ პარკებში. ბევრმა იქ ჩასულმა ტურისტმა არ იცის, რომ ბიზონების ანგარიშზე უფრო მეტი მსხვერპლია, ვიდრე მგლებსა და დათვებზე. ისინი მანამ არ გესხმიან თავს, სანამ მათ „პირად ტერიტორიაზე” არ შეაბიჯებთ. განსაკუთრებით საშიშები მაშინ არიან, როცა თან ახლავთ მათი მფარველობის ქვეშ მყოფი პატარა ბიზონები.

 


● გორილა
შიმპანზეების შემდეგ ადამიანს ყველაზე მეტად გორილა ჰგავს, თუმცა სხვაობაც დიდია. ვერცხლისფერზურგიანი მამრი გორილა, რომელიც ჯგუფის ლიდერია, წონაში 200 კგ-მდე იწონის, ზოგჯერ მეტსაც. მისი ძალა 10 ზრდასრული მამაკაცისას აღემატება. გორილები ძირითადად მშვიდობიანი ვეგეტარიანელები არიან, თუმცა მოზრდილი მამრი უყოყმანოდ დაესხმება თავს ნებისმიერს, ვინც შეიძლება მისი ოჯახისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. აღჭურვილია უზარმაზარი ტორებით და გრძელი ეშვებით. მისგან გაქცევა თითქმის შეუძლებელია, რადგან ოლიმპიურ სპორტსმენებზე სწრაფად დარბის. ხოლო განრისხებული გორილა არცერთ მასიურ მტაცებელს არ ჩამოუვარდება.

 


● კაზუარი
კაზუარი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფრინველია. ის ავსტრალიისა და ახალი გვინეის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს და ბევრი რამით გამორჩეული არსებაა. მაგალითად, მის თავზე არსებული ბიბილოს მსგავსი გამონაზარდი შიგნიდან ცარიელია. ფრინველი მისი მეშვეობით ძალიან დაბალი სიხშირის ხმებს გამოსცემს და შორ მანძილზე მყოფ სხვა კაზუარებს უკავშირდება. ამ სიაში კი იმიტომ მოხვდა, რომ პლანეტის ყველაზე სახიფათო ფრინველია. როცა საფრთხეს გრძნობს, ის გარბის მტრისკენ და სახეში ეცემა გრძელი, სწორი და სამართებელივით ბასრი ბრჭყალებით. ხშირად გამოუფატრავს მას ფერმერები და ადგილობრივი მოსახლეები, ასევე თავს ესხმის ცხოველებსაც – გარეულ ძაღლებს, ცხენებს, ძროხებს და ა.შ. მამრი კაზუარები განსაკუთრებით საშიშნი არიან.

 


● მარტორქა
აფრიკასა და აზიაში მარტორქის 5 სახეობაა და ყველა მათგანი უზარმაზარი, უხეში, ადვილად გაღიზიანებადი და სასიკვდილოდ საშიშია. მათი რქა თმისგან შედგება, თუმცა ძვალზე არანაკლებ მყარია და ძლიერ იარაღს წარმოადგენს მტრის წინააღმდეგ ბრძოლისას. ინდურ მარტორქას ბასრი კბილები აქვს და კბენითაცაა ცნობილი. ისინი 3 ტონამდე იწონიან და ადვილად შეუძლიათ, რამდენიმე ადამიანი ერთად გათელონ. მოკლედ რომ ვთქვათ, მარტორქა არის ცოცხალი მოაზროვნე ტანკი, რომელსაც წარმოუდგენელი სიჩქარის (60 კმ/სთ) განვითარება შეუძლია.

 


● გარეული ღორი
გარეული ღორი სრულად ვეგეტარიანელი არაა, ის ზოგჯერ ეტანება პატარა ცხოველებსაც – ხოჭოებს, ხვლიკებს, ბაყაყებს, ხანდახან ლეშზეც არ ამბობს უარს. თუმცა სხვა ღორების მსგავსად, მათი დიეტის უდიდესი ნაწილი მცენარეულობას უკავია. მამლები 100 კგ-მდე იწონიან (სურათზე ნაჩვენები ნახევარ ტონამდეა) და უზარმაზარი ეშვები აქვთ, რომელთა დახმარებითაც მტაცებელს თავისუფლად გაუფატრავენ მუცელს. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა ერთ გარეულ ღორს მოუგერიებია მგლების მთელი ხროვა. დედლებს პატარა ეშვები აქვთ, მაგრამ ისინიც საშიშები არიან, განსაკუთრებით გოჭებთან ყოფნისას.

 


● აფრიკული კამეჩი
ერთი შეხედვით ისინი უბრალოდ გიგანტურ ძროხებს ჰგვანან, მაგრამ აფრიკაში ძალიან საშიშ ცხოველებად ითვლებიან. მოთმინება სწრაფად ელევათ და რადგანაც ისეთ რეგიონებში გაჩნდნენ, სადაც ლომები და ხალებიანი აფთრები ბინადრობდნენ, ბუნებამ თავისთავად აქცია ისინი უხეშ ქმნილებებად. უშველებელი ბასრი რქები და უხეში ჩლიქები მათი სასიკვდილო იარაღია და მათთან გამკლავება იშვიათად შეუძლია რომელიმე ცხოველს. ამასთან, თუ ჯოგის ერთი წევრი გასაჭირშია, ყველა მის დასახმარებლად გარბის. თუკი ერთი კამეჩი ლომის საკბილო აღმოჩნდა ან მონადირის მიერ დაიჭრა, დანარჩენები თავდამსხმელს მწარედ აზღვევინებენ. იგივე ეხება აფრიკული კამეჩის აზიურ ექვივალენტებსაც – ინდურ ბიზონსა და წყლის კამეჩს.

 


● სპილო
სპილო, როგორ წესი, წყნარ და ზოგჯერ მეგობრულ ცხოველთანაც კი ასოცირდება, მაგრამ საკმაოდ საშიშნი არიან. მსოფლიო მასშტაბით სპილოებს ზოოპარკის უფრო მეტი თანამშრომელი ჰყავთ დახოცილი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ცხოველს. მათი ზომისა და ძალიდან გამომდინარე, შეჩერება შეუძლებელი ხდება ხოლმე. ის გადმოდის შეტევაზე, როცა მის ოჯახს საფრთხე ემუქრება, ტერიტორიაზე უცხო პირია ან როცა უბრალოდ ცუდ ხასიათზეა. მამალ სპილოებს აქვთ პერიოდი, როცა ჰორმონების დონე ძალიან იმატებს, ამ დროს დახეტიალობენ და თავს ესხმიან ნებისმიერ სულიერს: ადამიანს, ლომს, მარტორქას და ა.შ. ამ მიზეზის გამო ყველა ზოოპარკი ერიდება მამალი სპილოს ჩამოყვანას.

 


● თეთრწვერა პეკარი
ბინადრობს მექსიკაში, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, აქვს საკმაოდ ბასრი ეშვები. პეკარები საკმაოდ დიდ ჯოგებს ქმნიან – 500-დან 1000-მდე წევრით და აფრიკული კამეჩის მსგავსად, ნებისმიერ მათგანზე თავდასხმისას მთელი ჯოგი მზადყოფნაშია დასახმარებლად. მათგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება მაღალ ხეზე აძრომაა რაც შეიძლება სწრაფად. სამხრეთ ამერიკაში ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა მონადირემ გაქცევა ვერ მოახერხა და რომელიმე კიდური ან სხეულის ნაწილი დაკარგა, ან პეკარებმა სასიკვდილოდ დაგლიჯეს. ველური მტაცებლები, როგორიცაა იაგუარი და პუმა, საკმარისად ჭკვიანები არიან საიმისოდ, რომ პეკართა ჯოგებს მოერიდონ, ისინი თავს ესხმიან მხოლოდ სუსტებსა და პატარებს, რომლებიც ჯოგს გამოეყოფიან ხოლმე.

 


● ბეჰემოთი
აფრიკაში ბეჰემოთი ყველაზე საშიში ბალახისმჭამელია, ის წლიურად უფრო მეტ ხალხს ხოცავს, ვიდრე ლომი, ლეოპარდი და ნიანგი. ველურ ბუნებაში ხშირად სამ ტონას აჭარბებს. შეტევა შეიძლება განახორციელოს წყალშიც (მათ შორის ნავებისა და კაიაკების გადაყირავება) და ხმელეთზეც, სადაც საკმაოდ სწრაფად (50 კმ/სთ-მდე) დარბის, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად თითქოს ტლანქია. ძუძუმწოვრებში მას ყველაზე ძლიერი და მსხვილი ყბები აქვს, ასევე უგრძესი ეშვები, რომელთა დახმარებითაც შეუძლია, მოზრდილი ნიანგი ორად გახლიჩოს. ამის შემდეგ ძნელი წარმოსადგენი არაა, რას უზამს ადამიანს.

Advertisements

7 responses to “ყველაზე საშიში ვეგეტარიანელი ცხოველები

  1. rati 25/05/2012, 8:35 PM

    ძალიან კარგი პოსტია… 🙂

    Like

  2. Z E I T G E I S T 25/05/2012, 9:11 PM

    მე საკმაოდ უწყინარი ვეგეტარიანელი ვარ!

    Like

  3. sxvadasxvablogi 26/05/2012, 11:45 PM

    kargi postia dzalian! dzalian gtxovt ikneb chemi statia sheapasot!:)

    Like

  4. Lord Vader 28/05/2012, 12:31 AM

    აფრიკული კამეჩი მეტ ადამიანს ბრიდავს ვიდრე ლომი. ლომი საერთოდაც არ ნადირობს ადამიანზე თუ ჩვენ არ ვაიძულეთ 🙂
    რასაც. წარმატებით ვახერხებთ.

    Like

  5. Pingback: ცხოველის მიერ ადამიანის მოკვლის 10 ყველაზე საშინელი ვარიანტი « ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: