ნაცისტთა ექსპერიმენტები ადამიანებზე


გარკვეული სამედიცინო საკითხების გამოსაკვლევად ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკებში ჩაატარეს ექსპერიმენტების სერია, სადაც ლაბორატორიის ვირთხის როლში ძირითადად ევროპაში მცხოვრები ებრაელები აღმოჩნდნენ, ასევე ბოშები და უნარშეზღუდული არაებრაელი გერმანელებიც. ექსპერიმენტები უმეტესად ადრეულ 1940-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომსა და ჰოლოკოსტის დროს მიმდინარეობდა. ცდები, როგორც წესი, სიკვდილით, სერიოზული ზიანით ან სამუდამო უნარშეზღუდულობით სრულდებოდა, რის გამოც განიხილება სამედიცინო წამების ნათელ მაგალითად.

ნიურნბერგის სასამართლო პროცესების ჩანაწერების მიხედვით, ექსპერიმენტები იყო შემდეგი სახის:

● ექსპერიმენტი ტყუპებზე
საკონცენტრაციო ბანაკებში აქტიურად სწავლობდნენ იდენტურ ტყუპებს, რათა მათი მსგავსებები და განსხვავებები დაწვრილებით გამოეაშკარავებინათ, ასევე გაეგოთ, შესაძლებელი იყო თუ არა ტყუპების ჩასახვის ხელოვნურად გამოწვევა და ამ გზით არიული რასის სწრაფად გაფართოება. ამ ექსპერიმენტების ლიდერი და მეთვალყურე იყო იოზეფ მენგელე, რომელიც სისასტიკის გამო ცნობილი გახდა, როგორც „სიკვდილის ანგელოზი”. 1943-44 წლებში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მან დაახლოებით 1500 წყვილი გამოიკვლია და მათგან მხოლოდ ასიოდე გადარჩა. მიუნხენის უნივერსიტეტში მედიცინისა და ფილოსოფიის სწავლისას მენგელე ამბობდა, რომ „ეს მარტივი პოლიტიკური კონცეფცია (ფაშიზმი) ჩემი ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გახდა.” ამან თავის მხრივ უბიძგა მას, პოლიტიკა და მედიცინა ერთმანეთთან დაეკავშირებინა. დოქტორის ხარისხის ასაღებად მან წარმოადგინა დისერტაცია, რომლის მიხედვითაც ადამიანის რასის ამოცნობა მხოლოდ ყბის ფორმითაც შეიძლებოდა.

ნაცისტურმა ორგანიზაციამ მენგელეში ტალანტი დაინახა და 1943 წლის 30 მაისს პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად გაგზავნა ოსვენციმის ბანაკში, რომელიც ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. აქ მენგელემ ასაკისა და სქესის მიხედვით დაჯგუფებულ ტყუპებზე დაიწყო გენეტიკასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ექსპერიმენტების ჩატარება, დაწყებული თვალში წამლის შეშხაპუნებიდან იმის გასარკვევად, შესაძლებელი იყო თუ არა გარსის ფერის შეცვლა, დამთავრებული ტყუპების ერთმანეთზე მიკერებით, რათა ხელოვნურად მიეღო ერთი ორგანიზმი (სიამის ტყუპები). მათ, ვისაც ექსპერიმენტში სარგებელი აღარ ჰქონდათ, მენგელე პირდაპირ გულში უკეთებდა ქლოროფორმის დოზას.

● ექსპერიმენტი ძვლებზე, კუნთებსა და ნერვულ სისტემაზე
1942 წლის სექტემბრიდან 1943 წლის დეკემბრამდე რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში ტარდებოდა ექსპერიმენტები, რომლის მიზანიც გერმანიის სამხედრო ძალების დახმარება იყო. ექსპერიმენტების ფარგლებში სწავლობდნენ ძვლოვან სისტემას, მუსკულატურას, ნერვის აღდგენასა და ძვლის გადანერგვას ერთი ადამიანიდან მეორეზე. პაციენტებს ქირურგიული ჩარევის გზით აჭრიდნენ ძვლების, კუნთებისა და ნერვების ნაწილს, ზოგჯერ მთლიან კიდურსაც და ეს ყველაფერი ანესთეზიის გარეშე ხდებოდა. ამ ოპერაციების შედეგად პაციენტებს ეწყებოდათ ძლიერი აგონია, გადარჩენილებს სახსოვრად რჩებოდათ საშინელი დასახიჩრებები და სამუდამო უუნარობა.

● ექსპერიმენტი თავის დაზიანებაზე
1942 წელს პოლონეთის ქალაქ ბარანოვიჩში მდებარე პატარა შენობაში დაიწყეს საიდუმლო ექსპერიმენტები, რომელიც ნაცისტური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერის, დოქტორ ვიჩმანის მეთვალყურეობით ტარდებოდა. ექსპერიმენტში 11-12 წლის ბიჭი მაგრად დააბეს სკამზე, რათა არ ემოძრავა. მის ზემოთ იყო მექანიკური ჩაქუჩი, რომელიც რამდენიმე წამში ერთხელ ცდის ობიექტის თავზე ეშვებოდა და მსუბუქ დარტყმას აყენებდა. ვიჩმანი მშვიდად ადევნებდა თვალს მის ნელ, შეუბრალებელ და დაუსრულებელ წვალებას, ბიჭმა კი ვერ გაუძლო წამების ამ მეთოდს და საბოლოოდ ჭკუიდან შეიშალა.

● ექსპერიმენტი ხელოვნურ განაყოფიერებაზე
თავად ჰაინრიხ ჰიმლერმა უბრძანა გერმანელ ექიმებს, სხვადასხვა მეთოდებით მოეხდინათ ბანაკის მაცხოვრებელ ქალთა ხელოვნური განაყოფიერება. კარლ კლაუბერგმა ოსვენციმში 300 ქალზე ჩაატარა ექსპერიმენტი, განაყოფიერებისას აბამდა და ამცირებდა მათ. ეუბნებოდა, რომ იყენებდა ცხოველის სპერმას, რათა მათსა და ადამიანს შორის შუალედური არსება შეექმნა და ისინი მალე მუცლით მონსტრის მატარებლები გახდებოდნენ. თუმცა რეალურად სპერმას ებრაელი ტუსაღებისგან მოიპოვებდნენ ხოლმე. განაყოფიერება ტარდებოდა სიფრთხილის გარეშე და იწვევდა ქალური გენიტალიების დაზიანებასა და ინფექციებს.

● ექსპერიმენტი გაყინვაზე
1941 წელს „ლიუფტვაფემ” (გერმანიის საჰაერო ძალები) დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება იმ განზრახვით, რომ ეპოვათ ჰიპოთერმიის ასარიდებელი და სამკურნალო მეთოდები. ერთ-ერთი გზა საამისოდ იყო ადამიანების იძულება, დიდი ხნით ყოფილიყვნენ ყინულიანი წყლით სავსე რეზერვუარში.

გერმანელი ექიმის ზიგმუნდ რაშერის „სიკვდილის ცხრილი”:

ტესტი № წყლის ტემპერატურა სხეულის ტემპერატურა წყლიდან ამოსვლისას სხეულის ტემპერატურა სიკვდილისას წყალში ყოფნის დრო სიკვდილის დადგომის დრო
5 5.2° 27.7° 27.7° 66 წთ 66 წთ
13 29.2° 29.2° 80 წთ 87 წთ
14 27.8° 27.5° 95 წთ 100 წთ
16 28.7° 26° 60 წთ 74 წთ
23 4.5° 27.8° 25.7° 57 წთ 65 წთ
25 4.5° 27.8° 26.6° 51 წთ 65 წთ
4.2° 26.7° 25.9° 53 წთ 53 წთ

კიდევ ერთი მეთოდი შიშველი პატიმრების გარეთ გაყვანა და რამდენიმე საათით გაჩერება იყო, ამ დროს ჰაერის ტემპერატურა -6°C-მდე ეცემოდა ხოლმე. გარდა იმისა, რომ აკვირდებოდნენ სხეულზე სიცივის გავლენას და გამოვლენილ ფიზიკურ ნიშნებს, ასევე სწავლობდნენ სწრაფი გახურებისა და გათბობის მეთოდებს.


გაყინვისა და ჰიპოთერმიის ექსპერიმენტები ტარდებოდა იმისთვის, რომ ნაცისტი ჯარისკაცები გადარჩენილიყვნენ აღმოსავლეთის ფრონტზე ყოფნისას, რადგან გერმანული არმია სუსხიანი ამინდისთვის ცუდად მომზადებული გახლდათ. ექსპერიმენტების დიდი ნაწილი დატყვევებულ რუსებზე ტარდებოდა, ნაცისტებს აინტერესებდათ, მათი გენეტიკის კვლევით თუ იქნებოდა შესაძლებელი, ორგანიზმისთვის გამოემუშავებინათ სიცივისადმი მაღალი წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ეს ცდები ძირითადად დახაუსა და ოსვენციმში მიმდინარეობდა და დაახლოებით 100 ადამიანი იმსხვერპლა.

● ექსპერიმენტი მალარიაზე
1942 წლის თებერვლიდან 1945 წლის აპრილამდე დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში მიმდინარეობდა ექსპერიმენტები მალარიის მკურნალობისა და იმუნიზაციის საკითხების გამოსაკვლევად. ჯანმრთელ ადამიანებს კოღოების მეშვეობით ასნეულებდნენ ან მდედრი კოღოების სხეულიდან ამოღებულ სითხეს უშვებდნენ პაციენტის ორგანიზმში. მას შემდეგ, რაც დაავადება შეეყრებოდათ, სხვადასხვა სახის წამლებს ასმევდნენ, რომ მათი ეფექტურობა გამოეცადათ. ამ ტიპის ექსპერიმენტებში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ნახევარზე მეტი გარდაიცვალა.

● ექსპერიმენტი მდოგვის აირზე
1939 წლის სექტემბრიდან 1945 წლის აპრილამდე პერიოდში ზაკსენჰაუზენში, ნაცვეილერ-შტრუტჰოფსა და სხვა საკონცენტრაციო ბანაკებში მრავალჯერ ჩატარდა ექსპერიმენტები, რომლის მიზანიც იყო, გამოეკვლიათ მდოგვის აირისგან გამოწვეული ჭრილობების სიმწვავე და შეექმნათ განკურნების ეფექტური და სწრაფი მეთოდი. ცდის ობიექტებს ასხურებდნენ მდოგვის აირს, ლუიზიტსა და მსგავს ნივთიერებებს, რომლებიც იწვევდნენ კანზე ამობურცულობებს, ბებერებს, დაჩირქებას, მძიმე ქიმიურ დამწვრობებს და ა.შ. შემდეგ ჭრილობებზე სხვადასხვა სითხეებსა და მალამოებს უსვამდნენ, რათა მოშუშების ყველაზე ეფექტური მეთოდისთვის მიეგნოთ.

● ექსპერიმენტი სულფონამიდზე
1942 წლის ივლისიდან 1943 წლის სექტემბრამდე რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში ტარდებოდა ექსპერიმენტები, რათა გამოეძიათ სულფონამიდის, სინთეტიკური ანტიმიკრობული საშუალების ეფექტურობა. ცდის ობიექტებს სხვადასხვა ხერხებით ჭრილობას აყენებდნენ და შემდეგ ღია ადგილს ასნებოვნებდნენ ისეთი ბაქტერიებით, როგორიცაა სტრეპტოკოკი, Clostridium perfringens (იწვევს აიროვან განგრენას) და Clostridium tetani (იწვევს ტეტანუსს). ჭრილობის ორივე მხარეს სისხლძარღვების გარშემო მაგრად კრავდნენ თოკებით, რის შედეგადაც სისხლის მოძრაობა ფერხდებოდა. ამით მაქსიმალურად უახლოვებდნენ ომში ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობის პირობებს. ჭრილობაში ნახერხსა და მინის ნატეხებს ყრიდნენ, რაც მდგომარეობას უფრო მეტად აუარესებდა. შემდეგ კი სულფონამიდისა და სხვა საშუალებების გამოცდა იწყებოდა.

● ექსპერიმენტი ზღვის წყალზე
1944 წლის ივლისიდან სექტემბრამდე დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში ნაცისტები შეისწავლიდნენ სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც, მათი აზრით, მარილიანი წყალი სასმელად ვარგისი გახდებოდა.


ჰანს ეპინგერის მეთვალყურეობის ქვეშ დაახლოებით 90 ბოშა საკვების გარეშე დატოვეს, სასმელად კი მხოლოდ ზღვის წყალს აძლევდნენ. ამან ცხადია, მათ ორგანიზმს სერიოზული ზიანი მიაყენა. სხეული იმდენად გამოეფიტათ, რომ მალე ახლად მოწმენდილი იატაკის ლოკვა დაიწყეს, რათა სასმელად ვარგისი წყლის წვეთები ამ გზით მაინც მიეღოთ.

● ექსპერიმენტი სტერილიზაციაზე
1933 წლის 14 ივლისს გერმანიაში შემოიღეს კანონი, რომელიც მიმართული იყო გენეტიკური დაავადებების მქონე შთამომავლობის გაჩენის შეჩერებისკენ. ამ კანონის შედეგად ნაცისტებს მწვანე შუქი აენთოთ „არასასურველი” ადამიანების სტერილიზაციისთვის. კონკრეტულად კი ამ ადამიანთა რიცხვში შედიოდნენ გონებასუსტები, შიზოფრენიით დაავადებულნი, ალკოჰოლისკენ მიდრეკილები, გიჟები, ბრმები, ყრუები და ფიზიკური სიმახინჯის მქონეები. ასეთებს გენეტიკურად დეფექტურებს უწოდებდნენ და მათი შემცირების ხარჯზე არიული რასის გაზრდა იგეგმებოდა. კანონის მიღებიდან ორ წელიწადში სტერილიზაცია გაუკეთეს მოსახლეობის 1%-ს, რომელთა ასაკი 17-დან 24 წლამდე იყო, 4 წელიწადში კი მათმა რიცხვმა 300 000 სული შეადგინა. 1941 წლის მარტიდან 1945 წლის იანვრამდე ამ ტიპის ექსპერიმენტებს ოსვენციმში, რავენსბრიუკსა და სხვა ადგილებში ხელმძღვანელობდა ექიმი კარლ კლაუბერგი. მისი მიზანი იყო სტერილიზაციის ისეთი მეთოდის შექმნა, რომლის მეშვეობითაც მინიმალურ დროში და უმცირესი ძალისხმევით მილიონობით ადამიანს ჩამოართმევდნენ შთამომავლობის დატოვების უნარს. ექსპერიმენტებში გამოიყენებოდა იქს-სხივები, ქირურგიული ჩარევა და სხვადასხვა წამლები, ეს მეთოდები ათასობით ადამიანზე გამოსცადეს. ექსპერიმენტის ფარგლებს გარეთ კი ნაცისტურმა მთავრობამ 400 000 ადამიანს გაუკეთა იგივე, როგორც „იძულებითი სტერილიზაციის” პროგრამა. იოდისა და ვერცხლის ნიტრატიანი ხსნარის ვენაში ინექციას ნაცისტებისთვის სასარგებლო შედეგები მოჰქონდა, თუმცა მძიმე გვერდითი ეფექტებიც გააჩნდა, როგორიც იყო ვაგინალური სისხლდენა, ძლიერი ტკივილები მუცლის არეში და საშვილოსნოს ყელის კიბო. ამის გამო სტერილიზაციის საუკეთესო გზად რადიაცია აღიარეს. გარკვეული დოზით დასხივებები ორგანიზმს უსპობდა კვერცხუჯრედის ან სპერმის წარმოქმნის უნარს. ამასთან, ეს ხდებოდა პაციენტთა მოტყუების გზით – ისინი შეჰყავდათ სპეციალურ ოთახში და კითხვარების შევსებას სთხოვდნენ, რასაც 2-3 წუთი სჭირდებოდა. ამ დროს ირთვებოდა რადიაციის აპარატი და ოთახიდან გასული ადამიანი უკვე უშვილო იყო. თუმცა დოზის გადამეტების გამო ბევრ მათგანს რადიაციული დამწვრობა ემართებოდა.

● ექსპერიმენტი შხამზე
1943 წლის დეკემბრიდან 1944 წლის ოქტომბრამდე პერიოდში ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში სხვადასხვა სახის საწამლავების ეფექტურობას ცდიდნენ. ბანაკში დატყვევებულ ადამიანებს ყოველდღიურ საკვებ ულუფაში ჩუმად ურევდნენ შხამს, ისე რომ მათ ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. პატიმრები მალევე იღუპებოდნენ ან მოწამვლის გამო, ან ნაცისტი ჯალათების ხელით, რათა შემდეგ ექიმებს გვამი გაეკვეთათ და ორგანიზმი დაეთვალიერებინათ. 1944 წლის სექტემბერში ექსპერიმენტის ობიექტებს მომწამლავ ტყვიებს ესროდნენ, რაც მათ ტანჯვას და ხშირად სიკვდილს იწვევდა.

● ექსპერიმენტი ცეცხლგამჩენ ბომბზე
1943 წლის ნოემბრიდან 1944 წლის იანვრამდე ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში ტარდებოდა ექსპერიმენტები, რათა გამოეცადათ ფოსფორისგან მიყენებული დამწვრობის საწინააღმდეგო სხვადასხვა ფარმაცევტული საშუალებები. მანამდე კი პატიმრებს დამწვრობებს აყენებდნენ ფოსფორიანი ნივთიერებებით, რომლებსაც ცეცხლგამჩენი ბომბები შეიცავდნენ.

● ექსპერიმენტი დიდ სიმაღლეზე
1942 წელს დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში ზიგმუნდ რაშერმა დაიწყო ექსპერიმენტები, რომლის მიზანიც გერმანელი პილოტებისთვის დახმარება გახლდათ. პილოტებს ხშირად უწევდათ დიდი სიმაღლიდან გადმოხტომა და გამომდინარე იქიდან, რომ სიმაღლესთან ერთად ჰაერის წნევა იცვლება და ჟანგბადის შემცველობა იკლებს, გაძლებას შესაბამისი ჯანმრთელობა სჭირდებოდა.


ნაცისტებს გამზადებული ჰქონდათ პალატა, რომელშიც ხელოვნურად იქმნებოდა დაბალი წნევა და ემსგავსებოდა ზღვის დონიდან 20 000 მეტრის სიმაღლეზე არსებულ პირობებს. ამ პალატაში კი ცხადია, ბანაკის ტუსაღებს ათავსებდნენ. ამბობენ, რომ რაშერმა ტვინის ვივისექცია ჩაატარა მათზე, ვინც ექსპერიმენტს გადაურჩა. 200 პატიმრიდან 80 ექსპერიმენტმა იმსხვერპლა, დანარჩენებს კი ნაცისტებმა სხვადასხვა გზით მოუსწრაფეს სიცოცხლე.

● ექსპერიმენტი ნაადრევ ორსულობაზე
თუკი ორსულობის პერიოდის ხანგრძლივობის შემცირება შესაძლებელი გახდებოდა, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა არიული რასის სწრაფი და ეფექტური ზრდისთვის. ნაადრევი ორსულობის გამომწვევი მეთოდები იყო ხელოვნური ჩარევა და საშვილოსნოდან ნაყოფის ამოყვანა ან ხსნარის შეშვება მშობიარობის მომენტის დადგომისთვის. ამ პროცედურების შემდეგ ქალები რამდენიმე კვირის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდნენ.

● სხვა ექსპერიმენტები
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ნაცისტებს თავში აზრად მოუვიდათ ისეთი ექსპერიმენტების განხორციელებაც, როგორიცაა ტიფის, ყვავილისა და ქოლერას ხელოვნურად გამოწვევა, შემდეგ კი წამლების გამოცდა. ქალებში ჰორმონების შეშვება და შედეგებზე დაკვირვება. 112 ებრაელის დახოცვა, რათა მათი ჩონჩხების კოლექცია სტრასბურგის უნივერსიტეტში გამოეფინათ, ებრაელი ერის გაწყვეტის შემდეგ კი მუზეუმში გადაეტანათ. მოხუცების, გიჟების, განუკურნებელი დაავადებების მქონეების, დეფექტიანი ბავშვების საიდუმლოდ ხოცვა ევთანაზიის გზით, შემდეგ კი იგივეს გაგრძელება ბანაკებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

Advertisements

18 responses to “ნაცისტთა ექსპერიმენტები ადამიანებზე

  1. Z E I T G E I S T 26/04/2012, 9:53 PM

    ვაახ რა საშინელებაა 😦

    Like

    • Charlius 26/04/2012, 10:18 PM

      ყველაზე “მაგარი” ისაა, რომ ცოცხალ ცხოველებზე აკრძალეს ექსპერიმენტები ( http://wp.me/s1qtYm-nazis ), არაეთიკურიაო და ამ ხალხს რა დღე აყარეს. როგორც ჩანს, ცხოველებზე დაბალ რანგში გაჰყავდათ. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჰიტლერი თავის თავს სამაგალითო ქრისტიანად თვლიდა :დ

      Like

      • Z E I T G E I S T 27/04/2012, 1:24 AM

        ის პოსტი არ მქონდა წაკითხული, რაც მიმითითე და მეამა ძაან 😀 რა თქმა უნდა ადამიანებზე ექსპერიმენტს გამართლება არ აქვს, თუმცა ცხოველებთან მიმართებაში ძია ადოლფს ამ სიკეთეს ვერ დავუვიწყებ 😀 ეტყობა მაგას “ქრისტიანობა” სხვანაირად ესმოდა 😀

        Like

  2. Apple Butaphory 26/04/2012, 10:48 PM

    731 სისხლიანი საკურა გამახსენდა.. იგივე სისასტიკე,იგივე წამება ადამიანებზე.. რამდენი რამ ქონიათ საერთო იაპონელებს ნაცისტებთან………

    Like

  3. Verzonti 26/04/2012, 11:20 PM

    ათეისტები რომ ყოფილიყვნენ, კიდევ შეიძლებოდა პრაქტიკული თვალსაზრისით ამის ახსნა – ხელოვნური სელექცია, გადარჩევა, ახალი, ძლიერი, გამძლე, ბრძოლისუნარიანი „ჯიშების“ გამოყვანა, რასის კულტივირება… მაგრამ ქრისტიანებისგან ასეთი დონის სადიზმი წარმოუდგენელია
    “…ნაცისტურმა ორგანიზაციამ მენგელეში ტალანტი დაინახა…” – 😦

    Like

    • Z E I T G E I S T 27/04/2012, 1:33 AM

      რა შუაშია ათეიზმი აქ ვერ გამიგია და საერთოდ ამ ცნებას უარყოფითი დატვირთვა როდემდე უნდა ჰქონდეს?! ჩვეულებრივი ხალხი ვართ ათეისტები, ბევრ ქრისტიანზე მილიონი თავით უკეთესი და იცი რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ სიკეთეს თუ ვაკეთებთ იმიტო არა, რომ მერე ღმერთი სამოთხეში ადგილს დაგვიჯავშნის. რელიგიური ხალხის უმეტესობა სიკეთეს ღვმერთის შიშით თუ აკეთებს.
      ქრისტიანები არ იყვნენ ღმერთის სახელით რომ ათასგვარ სისაძაგლეს და არაადამიანობას ჩადიოდნენ? დავიჯერო ინკვიზიციაზე არაფერი გსმენია? 🙂 ქრისტიანობა არ იყო გენიოსებს რომ დევნიდა და კოცონზე წვავდა? ქრისტიანობა არ აცხოვრებდა ხალხს უმეცრების ჭაობში?
      ათეისტებს არ ჭირდებათ რელიგია იმისათვის, რომ იყვნენ კანონმორჩილნი და ბოროტება არ აკეთონ, ჩვენ გვაქვს მორალი და სინდისი, რომელსაც რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს და ჩვენც შეგვიძლია აკრძალვების დაწესება საკუთარი თავისთვის. ქრისტიანი სრულებით არ არის უფრო კეთილი, ვიდრე ათეისტი, და საერთოდ, მე პირიქით უფრო მგონია 🙂

      Like

      • ვაიბი 09/01/2014, 1:21 AM

        #ZEITGEIST
        “ჩვენ გვაქვს მორალი და სინდისი, რომელსაც რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს და ჩვენც შეგვიძლია აკრძალვების დაწესება საკუთარი თავისთვის.”
        HUGE RESPECT!
        შვედეთი ავიღოთ, 85 % ათეისტია და რა “დაქცეული” ქვეყანაა… ტწ ტწ…

        Like

    • michael 27/04/2012, 1:35 AM

      ჩემი დასკვნით რწმენა არ რწმენა არ განსხაზღვრავს დანაშაულისკენ და სისასტიკისკენ მიდრეკილებას, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობას რელიგიური მორალი ფასადურად ესმის ან თავის ინტერესებს და მიდრეკილებებს ისე არგებს როგორც უნდა.

      Like

  4. prepie 27/04/2012, 2:20 PM

    გული მერევა 😐 ერთი წუთით წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა ნაცისტები საქართველოშიც რომ შემოსულიყვნენ. თუმცა მგონი ამით არც არაფერი შეიცვლებოდა, დარწმუნებული ვარ, მსგავსი ექსპერიმენტები არც სტალინისდოინდელ საბჭოთა კავშირში იყო უცხო 😦

    Like

  5. tsotnee 27/04/2012, 8:20 PM

    არა, სად და რაში ხარჯავდნენ თავიანთ ფანტაზიას! 😦

    Like

  6. @@@@ 01/05/2012, 10:41 AM

    როგორი სასტიკი ადამიანები იყვნენ ვინც ასეთ ექსპერიმენტებს ატარებდნენ საცოდავ ტყვეებზე 😦 ადამიანზე სასტიკი და ბოროტი არსება მეორე არაა დედამიწაზე

    Like

  7. nino qoqosadze 01/05/2012, 3:48 PM

    da kidev vigacas eyofa tavxedoba ganacxados: holokosti mogoniliao!

    Like

  8. Pingback: ოვიცების ოჯახი და ნაცისტთა ექსპერიმენტები « ჩრდილოეთის ციალი

  9. Pingback: ადამიანებზე ჩატარებული შოკისმომგვრელი ექსპერიმენტები | ჩრდილოეთის ციალი

  10. AkOo Bezarashvili 02/02/2014, 10:48 PM

    SASTAV PASHISTEBS IMITO EJAVREBODAT EBRAELEBI RO QRISTES JVARZE GAKVRAS VER PATIOBDNEN MAT DA AMASHI ADANASHAULEBDNEN. DASWORED AMITO TVLIDA HITLERI TAVS SAMAGALITO QRITIANAD:) DA ISEKI ZDMETIC MOUVIDAT:|

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: