“ზოგი მაშინვე ამჩნევს, ზოგიც საერთოდ ვერ ხედავს. ჩემი აზრით, ეს რწმენის საკითხია. მაგრამ ვიცი, რომ ნამდვილად ისაა – წვერითა და ეკლიანი გვირგვინით. მხოლოდ ღმერთმა უწყის, რატომ გამოჩნდა ის მაინცდამაინც ჩემი სახლის მილზე. იმედი მაქვს, ამის გამო პილიგრიმები არ დაიწყებენ აქ სიარულს.” – ასეთი კომენტარი გააკეთა ქალმა, რომელმაც თავის სახლში იესოს სახის მსგავსი გამოსახულება აღმოაჩინა.
ეს შემთხვევა გამონაკლისი არაა, ათობით მსგავსი რამ დაფიქსირებულა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში.
2011 წლის დეკემბერში კენტის საგრაფოს ქალაქ ორპინგტონში მცხოვრებმა 38 წლის სარა კრეინმა ქრისტეს სახე გასაშრობად გაფენილ წინდაში დაინახა. მისი ბოიფრენდი დაეთანხმა, რომ “წმინდა წინდაზე” გამოსახული ხაზები ნამდვილად აგონებდა ქრისტეს, როგორც გამოსახავენ მას ტრადიციულად. თუმცა ჩამოხსნის შემდეგ სახე გაქრა.
2011 წლის აპრილში ავსტრალიის ქალაქ ბრისბანის პიცერიაში ერთ-ერთ პიცაში იესოს სახე შენიშნეს. თანამშრომელმა მერი ფელანმა განაცხადა: “ზოგიერთმა ამ პიცას ‘ყველის ხატი’ შეარქვა. ამჟამად ვაკუუმის ფუთში გვაქვს მოთავსებული და გვჯერა, რომ წარმატებას მოგვიტანს.” შემდგომში პიცა “eBay”-ის საქველმოქმედო აუქციონზე გაიტანეს, სადაც 150 დოლარად გაიყიდა.
2010 წლის სექტემბერში მაცხოვრის დანახვა სატელეფონო გაყვანილობის ბოძზეც შეძლეს აშშ-ში. ეს გასაოცარი მსგავსება პირველად 26-ე გზატკეცილზე მიმავალმა მძღოლებმა შენიშნეს. ერთ-ერთმა მათგანმა, რიკი ნავარემ, ინტერვიუში განაცხადა: “ამ ბოძმა ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია და შევნიშნე, რომ ძალიან ჰგავდა ჯვარცმის გამოსახულებას.”
ლანკასტერელი ტობი ელსი პოზირებს ტაფით, რომელზეც, მისი თქმით, იესო გამოისახა მას შემდეგ, რაც ბეკონი დატოვა შესაწვავად და თვითონ ჩაეძინა. “ლუდი დავლიეთ და დაძინებამდე წახემსება გადავწყვიტე. ხორცის მომზადებამდე დივანზე წამოვწექი, ხოლო როცა გამეღვიძა, ოთახი კვამლით იყო სავსე. რომ არ გამღვიძებოდა, შეიძლებოდა, ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო. როგორც ჩანს, ვიღაც მუდმივად მფარველობს.”
34 წლის დევიდ ჰოულეტი ინდურ რესტორანს ესტუმრა ინგლისის ქალაქ ეშერში და საკმაოდ გაოცებული დარჩა, როცა ბრტყელ კვერზე იესო დაინახა.
მოკბეჩილ კიტ-კეტის ფილაზე თვითმხილველებმა იესო ამოიცნეს. “გაოცებული ვიყავი. მხოლოდ ერთხელ მოვკბიჩე და შემდეგ მასზე ქრისტეს სახე შევნიშნე.” – ასეთი წარწერა აქვს ქვემოთ სურათს ჰოლანდიურ საიტზე NU.nl. თუმცა არც ისე ბევრი ხედავს იგივეს. კომენტარებში ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ ნაკბეჩი დარტ ვეიდერს უფრო ჰგავს.
2010 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის ქალაქ როული რეჯისის მაცხოვრებელმა მიშელ გრეინჯერმა მესია თავისი ქათმის, სახელად გლორიას სხეულზე დაინახა, მას შემდეგ, რაც გადაღებულ ფოტოს დააკვირდა.
2004 წლის ნოემბერში ყველის სენდვიჩის ტოსტში წმინდა მარიამი ამოიცნეს და “eBay”-ის აუქციონზე გაიტანეს. უცნობმა მყიდველმა ის 28 000 დოლარად შეიძინა.
მსგავსი ბედი ეწია ბათქაშის ნაჭერს, რომელზე არსებული გამოსახულებაც იესოს მიამსგავსეს – ის $1999,99-ად შეფასდა.
მედდა ალექს კოტონმა ინგლისის ქალაქ ქოვენთრიდან გადაწყვიტა, რომ ღმერთმა მისცა ნიშანი, რადგან მისი სახლის სადრენაჟო მილზე იესო გამოისახა. მან რომის პაპიც კი დაპატიჟა, რათა გამოსახულება ენახა. “”ზოგი მაშინვე ამჩნევს, ზოგიც საერთოდ ვერ ხედავს. ჩემი აზრით, ეს რწმენის საკითხია. მაგრამ ვიცი, რომ ნამდვილად ისაა – წვერითა და ეკლიანი გვირგვინით. მხოლოდ ღმერთმა უწყის, რატომ გამოჩნდა ის მაინცდამაინც ჩემი სახლის მილზე. იმედი მაქვს, ამის გამო პილიგრიმები არ დაიწყებენ აქ სიარულს.”
მაცხოვრის სახე “გუგლის” რუკებზეც შენიშნეს. ერთ-ერთ უნგრულ მდელოზე არსებული გამოსახულების უჩვეულო მსგავსება შენიშნა 26 წლის ზაკ ევანსმა, რომელიც საუტჰემპტონში ცხოვრობს.
იესოს პორტრეტი უთოზე, რომელიც ეკუთვნის მერი ჯო კოუდის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ მეტიუენიდან. მერის თქმით, ამ გამოცხადებამ დაარწმუნა ის, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”.
2003 წლის ივნისში მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ მილტონის სამედიცინო ცენტრში ორ მინას შორის წყლის მიერ “ქალწულ მარიამის” გამოსახულება შეიქმნა, რის გამოც ამ ადგილს მალე ცნობისმოყვარე ადამიანთა ბრბო მიაწყდა.
ირლანდიაში, ლიმერიკის საგრაფოს ქალაქ რეტკილის ეკლესიის სიახლოვეს, ხის მოჭრილ კუნძზე მუშებმა ღვთისმშობლის გამოსახულება შეამჩნიეს.
1996 წლის დეკემბერში ასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ფლორიდის შტატის ქალაქ კლირუოტერში ფანჯრებზე გამოსახული წმინდა მარიამი ენახათ.
აკვარიუმის თევზი ასტრონოტუსი ლანკაშირის საგრაფოს ქალაქ როსენდეილიდან. ერთ მხარეს მას არაბულად აწერია “მუჰამედი”, მეორე მხარეს კი – “ალაჰი”.
სალიმ პატელს უჭირავს გაჭრილი ბადრიჯანი, რომელზეც ჩანს არაბული წარწერა “ალაჰი”. ინგლისის ქალაქი ბოლტონი, 1996 წლის მარტი.
კიდევ ერთი ბადრიჯანი, რომელსაც შუაგულში ასევე “ალაჰი” აწერია. იორდანია, 2005 წლის აპრილი.
მთაზე დანთებული კოცონის ფორმა მოგვაგონებს რომის პაპის იოანე პავლე II-ს სილუეტს. ფოტო გადაღებულია პოლონეთში, გრეგორჟ ლუკაშიკის მიერ 2007 წლის 2 აპრილს, როცა იოანე პავლე II-ის გარდაცვალების მეორე წლისთავს აღნიშნავდნენ. ფოტოაპარატის მიხედვით, გადაღების დროა 21:37:30 სთ, რაც პოლონელი პაპის გარდაცვალების დროს ემთხვევა.
დარიჩინის ნამცხვარი, რომელიც დედა ტერეზას სახეს მიაგავს, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის ერთ-ერთ ყავის სახლში გამოაცხვეს. ფოტოს გადაღებიდან ცოტა ხანში ნამცხვარი ვიღაცამ მოიპარა.