კაიროს ეგვიპტური სამეცნიერო კომპლექსის შენობაში დამწვარი გვერდებიდან ფარაონთა სახეები შემოგვცქერიან. ეს გვერდები იმ ათასობით უძვირფასეს ისტორიულ ნაშრომში შედის, რომლებიც უიკენდზე მიმდინარე ხანძარმა დააზიანა ან გაანადგურა. კომპლექსს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც “ეგვიპტის ინსტიტუტი”, ცეცხლი შაბათს (17 დეკ.) გაუჩნდა პროტესტანტებისა და პოლიციის თანამშრომლებს შორის ტაჰრირის მოედანზე მომხდარი მორიგი შეტაკებისას.
ეგვიპტის ინსტიტუტი დაარსებულია თვით ნაპოლეონის მიერ 1798 წელს და ეძღვნებოდა სამეცნიერო კვლევა-ძიების განვითარებას. კომპლექსში ინახებოდა დაახლოებით 200 000 დოკუმენტი და მანუსკრიპტი, რომელთაგან ზოგი თარიღდება 1500-იანი წლებით.
ორშაბათს (19 დეკ.) ეგვიპტელ მამაკაცს გამოაქვს ცეცხლმოკიდებული წიგნები ეგვიპტის ინსტიტუტის შენობიდან მას შემდეგ, რაც ცნობილი მუზეუმი და ბიბლიოთეკა ცეცხლში მოექცა.
გაერთიანებული პრესის მონაცემების მიხედვით, კონფლიქტის ბოლო ეტაპი კაიროში დაიწყო 16 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა დაადანაშაულეს სამხედრო პირები დაუცველ პროტესტანტზე იერიშის მიტანაში. რიგითი ეგვიპტელები ნოემბრის ბოლოდან იყვნენ დაბანაკებულნი ქუჩებში, რათა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი, ქამალ ალ-განზური გადაეყენებინათ.
ეგვიპტელი წიგნების რესტავრატორი გასაშრობად ალაგებს დამწვარ და დაზიანებულ წიგნებს ეგვიპტის ინსტიტუტის ბაღში. ცეცხლმა დიდი ზიანი მიაყენა მთელ შენობას, გაანადგურა შიგ მყოფი მასალების უმეტესობა. ეგვიპტურ სამეცნიერო კომპლექსს მეორენაირად “ცოდნის ტაძარს” უწოდებენ. ეს უბედური შემთხვევა უდიდესი ზარალია ეგვიპტოლოგებისთვის.
დამწვარი ანტიკური წიგნები ნაწილობრივ გადარჩა და ამჟამად ინახება წიგნების აღდგენის ცენტრში, კაიროში. სამეცნიერო ინსტიტუტმა დიდი როლი ითამაშა ეგვიპტური იეროგლიფური ტექსტების გავრცელებაში, მას შემდეგ, რაც მე-19 საუკუნეში მათი გაშიფვრა მოხდა.
შაბათ დღეს აქციის მონაწილე ცეცხლმოკიდებული შენობის წინ დგას. ეგვიპტური ახალი ამბების გადმოცემების მიხედვით, მოხალისეები, დაწყებული აკადემიკოსებით და დამთავრებული უბრალო მოქალაქეებით, დაზიანებული ტექსტების გამოტანაში ეხმარებოდნენ მუშებს და ეძებდნენ ისეთ მასალებს, რომელთა გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა.
ეგვიპტელი წიგნების რესტავრატორები და ექსპერტები გარს ეხვევიან ავტომობილს, რომელიც სავსეა დაზიანებული წიგნებით. სულ ესაა ის მასალა, რისი გადარჩენაც მოხერხდა ხანძრის დროს. ეგვიპტის მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ზეინ აბდელ-ჰადიმ, გაერთიანებულ პრესასთან ასეთი კომენტარი გააკეთა: “ორი დღეა, არ მიძინია და გუშინ ძალიან ბევრი ვიტირე. მშვიდად ვერ ვუყურებ დამწვარ წიგნებს… მთელი ეგვიპტე მოთქვამს.”
მუშა კამერას უჩვენებს გვერდს ფრანგული ნაშრომიდან “ეგვიპტის აღწერა” (Le Description de l’Égypte). “ეგვიპტის აღწერა” წარმოადგენდა ილუსტრირებული ტექსტების სერიას, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღო უამრავმა სწავლულმა, მხატვარმა და ზოგადად თავისი საქმის ტექნიკის კარგმა მცოდნეებმა, რომლებიც ნაპოლეონს ახლდნენ ეგვიპტეში 1798 წელს. ის იყო დაწვრილებითი კატალოგი როგორც ძველი დროის, ისე მომდევნო პერიოდის იმ არტეფაქტებისა, რომლებსაც ფრანგები მოგზაურობისას წააწყდნენ.
24 ტომიანი სერიები წარსულში ციფრულ ფორმატშიც გადაიყვანეს და მათი წაკითხვა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, ასე რომ კატალოგში არსებული ინფორმაცია არ დაკარგულა დაზიანების მიუხედავად. თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ღირსშესანიშნავი ნაშრომის პირველი 5 ასლი შესაძლოა განადგურებულია. გაურკვეველია, სურათზე ნაჩვენები ფურცელი ეკუთვნის თუ არა პირველად ვერსიებს.
ეგვიპტის ინსტიტუტის შიდა ტერიტორიის ხედი ზემოდან კვირა დღეს (18 დეკ.). მიუხედავად იმისა, რომ შენობა საკმაოდ ხნიერია, ის ჯერ კიდევ გამოიყენებოდა ეგვიპტოლოგიის სფეროში გამართული მნიშვნელოვანი კონფერენციების ჩასატარებლად. ეგვიპტის ინსტიტუტი არ გამოირჩეოდა კომფორტით – შენობაში არ იყო საჰაერო კონდიცირება და არც დარბაზი იყო სრულყოფილი, მაგრამ ამის მიუხედავად, მას დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ.