რორშახი

რორშახი, დაბადებული, როგორც ვოლტერ კოვაქსი, არის DC Comics-ის ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟი. საზოგადოებამ ის გაიცნო ალან მურის კომიქსების სერიის “Watchmen”-ის საშუალებით. მის ნიღაბზე რორშახის ტესტის ნიმუშები იხატება, სახელიც აქედან ეწოდა.

ადრეული წლები

რორშახის დედა იყო მეძავი სილვია კოვაქსი, მამისა კი მხოლოდ სახელია ცნობილი – ჩარლი. ბავშვობაში ვოლტერს ხშირად უწევდა დედისგან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების ატანა. 1951 წლის ივლისში, 10 წლის ასაკში, ვოლტერს ორ უფროს ბიჭთან ხელჩართული ჩხუბი მოუწია. ერთს ანთებული სიგარეტი მიაჭირა თვალზე და დააბრმავა, მეორეს კი ლოყაზე უკბინა და ქსოვილების ნაწილი მოაკბიჩა. 1956 წელს ის დედას მოაშორეს და გაგზავნეს ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა სახლში. აქ ვოლტერი გამოსწორდა, კარგ ნიშნებს იღებდა სწავლისას, ასევე გამოიჩინა დაინტერესება ტანვარჯიშისა და სამოყვარულო კრივის მიმართ.

16 წლისამ ბავშვთა სახლი მიატოვა და ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, სადაც ძირითადად ქალის ტანისამოსთან ჰქონდა შეხება. ამის გამო სამუშაოს “უსიამოვნოს” უწოდებდა. სწორედ აქ წააწყდა იმ ქსოვილს, რომლითაც მოგვიანებით ნიღაბი შეიკერა. ქსოვილი შექმნილი იყო დოქტორ მანჰეტენის მიერ. ქსოვილი შეიცავდა ტემპერატურისა და წნევის მიმართ მედეგი სითხის ორ შრეს, რაც ცვალებადი შავ-თეთრი გამოსახულების ეფექტს ქმნიდა. ვოლტერმა ქსოვილი აიღო იმ კაბიდან, რომელიც ახალგაზრდა იტალიელი ქალისთვის უნდა მიეყიდათ, მაგრამ ამ უკანასკნელმა დაიწუნა და გადააგდეს.

ბრძოლა დანაშაულთან

ორი წლის შემდეგ, 1964 წელს ვოლტერმა გაზეთი იყიდა, სადაც კეტრინ სუზან ჯენოვესის გაუპატიურებისა და მკვლელობის შესახებ წაიკითხა. ეს სწორედ ის ქალი იყო, ვინც კაბა დაიწუნა. როცა ჩავიდა იმ მონაკვეთზე, სადაც ეწერა, რომ მეზობლებს დახმარება შეეძლოთ, მაგრამ ხელი არ გაანძრიეს, ვოტლერი დადარდიანდა არამარტო დანაშაულის, არამედ საზოგადოების გულგრილობის გამოც, რომელიც ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა. ამ ფაქტმა მისი ცხოვრება შეცვალა – შეიკერა ნიღაბი და დაიწყო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი სახელით – რორშახით. საწყის ეტაპზე ის იჭერდა კრიმინალებს და აბარებდა პოლიციას. 60-იანებში გაიცნო “ღამის ბუ (Nite Owl)”, რომელიც მისი პარტნიორი გახდა.

1975 წელს რორშახი იძიებდა მცირეწლოვანი გოგონას, ბლეარ როშის გატაცების საქმეს. მის მშობლებს პირობა მისცა, რომ ცოცხალსა და უვნებელს მოუყვანდა. ძიება-ძიებაში მიტოვებულ სამკერვალოს წააწყდა, სადაც ღუმელში გოგონას კაბა იპოვა, გარეთ კი ძაღლები მის ძვალს ხრავდნენ. ამ შენობაში გერალდ დრაისი ცხოვრობდა, ძაღლების პატრონიც ის იყო. რორშახმა ძაღლები ყასბის დანით დახოცა და გერალდის მოსვლას დაუცადა. როცა დაბრუნდა, რორშახმა მოკლული ძაღლების გვამები ესროლა, შემდეგ გააკავა და ბორკილები დაადო. გერალდმა ხვეწნა დაუწყო, შეებრალებინა, უარყოფდა დანაშაულს. რორშახმა კი ამასობაში მის გარშემო ბენზინი მოასხა. შემდეგ ხერხი მისცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავის დასაღწევად ხელი უნდა მოეჭრა. 2009 წლის ფილმ “Watchmen”-ში ეს მონაკვეთი შეცვლილია, რორშახი მოძალადეს არ აძლევს გადარჩენის საშუალებას და ყასბის დანის რამდენიმე დარტყმით თავს შუაზე უპობს. ეს სცენა მეტაფორაა იმისა, რომ ვოლტერ კოვაქსის ჰუმანურობა დასრულდა, მის მაგივრად შეუბრალებელი და აგრესიული რორშახი მოევლინა სამყაროს.

მეთვალყურეები (Watchmen)

რორშახი ერთადერთია, რომელსაც არასდროს მიუტოვებია დანაშაულთან ბრძოლა და არ ჩამოუხსნია ნიღაბი (თუ არ ჩავთვლით კომედიანტსა და დოქტორ მანჰეტენს, რომლებიც სახელმწიფოს სამსახურში იყვნენ). რორშახი იწყებს ვინმე ედვარდ ბლეიკის მკვლელობის გამოძიებას და აღმოაჩენს, რომ ის იგივე კომედიანტი იყო. ის ფიქრობს, რომ ვიღაცას ნიღბიანი სუპერგმირების განადგურება სურს. ამ ეჭვს უძლიერებს ის ფაქტიც, რომ დოქტორი მანჰეტენი გადასახლდება მარსზე, ხოლო ადრიან ვეიტზე, იგივე ოზიმანდიასზე თავდასხმა მოხდება.

რორშახი დაკითხავს სუპერდამნაშავე მოლოქს, რომელმაც ბევრი არაფერი იცის. რამდენიმე დღეში იღებს წერილს, სადაც მოლოქი მისვლას სთხოვს. სახლში მას გარდაცვლილს იპოვის და ამ დროს პოლიციის ალყაშიც აღმოჩნდება. ხვდება რა, რომ ეს ხაფანგი იყო, რორშახი იწყებს ბრძოლას სპეცრაზმელებთან, შემდეგ კი ფანჯრიდან გადახტება, მაგრამ იჭერენ და ნიღაბს ხდიან.

რორშახს ციხეში სვამენ, სადაც სხვა დამნაშავეებთან ერთად სასჯელს იხდის “დიდი ფიგურა”, კრიმინალური სამყაროს ჯუჯა ბოსი და რორშახის დაუძინებელი მტერი. პატიმრობისას რორშახისგან ინტერვიუს იღებს ფსიქოლოგი მალკოლმ ლონგი, რომელსაც სჯერა, რომ მისი “განკურნება” შეუძლია. რორშახი უყვება მას თავის ცხოვრებაზე, ჩადენილ მკვლელობებზე, თავის ხედვასა და იდეოლოგიაზე საზოგადოების რეალური ბუნების შესახებ. მალკოლმი ხვდება, რომ ის აწყდება ადამიანს, რომლის შეცვლაც უკვე შეუძლებელია.

ერთ დღეს სადილობისას ერთი პატიმარი რორშახის მოკვლას შეეცდება, რორშახი კი თავდაცვის მიზნით მას საჭმლისთვის გამზადებულ მდუღარე წყალს ასხამს სახეზე. როცა ის კვდება, ციხეში არეულობა იწყება. “დიდი ფიგურის” ორი თანაშემწე რორშახის მოკვლას შეეცდება, მაგრამ რორშახი ჭკუით აჯობებს და ორივეს დახოცავს. ღამის ბუ და აბრეშუმის ზმანება (Silk Spectre) მის თეორიას სუპერგმირების დევნაზე სეროზულად იღებენ და დახმარებას გადაწყვეტენ.

რორშახი და ღამის ბუ გამოძიებას იწყებენ. ისინი წააწყდებიან საიდუმლო ორგანიზაცია ” Pyramid Deliveries”-ს. მასალების გატეხვისა და დათვალიერებისას აღმოაჩენენ, რომ ამ ყველაფერში ადრიან ვეიტია პასუხისმგებელი. ღამის ბუ და რორშახი ანტარქტიდაზე მიფრინავენ. იქ შეიტყობენ შეთქმულების შესახებ – ადრიანს სურს, გააერთიანოს ხალხი მოსალოდნელი თავდასხმის წინააღმდეგ და ამ გზით შეაჩეროს ბირთვული ომი. ამ დროს გამოჩნდებიან დოქტორი მანჰეტენი და აბრეშუმის ზმანება. რორშახის გარდა ყველა თანხმდება, რომ ამ საიდუმლოს შეინახავს. რორშახი კი ამერიკაში გაფრენასა და ოზიმანდიასის მხილებას გადაწყვეტს. დოქტორი მანჰეტენი მის შეჩერებას შეეცდება, ბოლოს კი სხვა გზა რომ აღარ რჩება, ნაწილებად შლის და აორთქლებს.

შესაძლებლობები

“მეთვალყურეების” პერსონაჟების უმეტესობის მსგავსად, რორშახს რაიმე სახის ზებუნებრივი უნარი არ გააჩნია. მისი იარაღი არის ფიზიკური ძალა, სიმარჯვე და შეუპოვრობა. რორშახი საკმაოდ საზრიანია, შეუძლია ჩვეულებრივი ნივთი იარაღად აქციოს. მაგალითად, ერთხელ პილპილით პოლიციის თანამშრომელი დააბრმავა. ხოლო თმის ლაქითა და ასანთით ცეცხლი გააჩინა და რამდენიმე პოლიციელი მოიგერია მოლოქის სახლში ბრძოლისას. სხვადასხვა დროს ასევე გამოუყენებია საკვები ცხიმი, უნიტაზი, სიგარეტი, ჩანგალი და ქურთუკიც კი. აქვს მოსაჭიდი იარაღი, რომელიც კაუჭს გამოსტყორცნის და მაღალ შენობებზე ასასვლელად ეხმარება. კომიქსების პირველი თავის მიხედვით, ის ღამის ბუმ დაუმზადა.

რორშახი დახელოვნებულია ქუჩურ ჩხუბში, ტანვარჯიშსა და კრივში. მას შეუძლია გაუმკლავდეს თავდამსხმელების არმიას არც ისე დიდი ძალისხმევით. დიდად არ მოქმედებს მასზე ფიზიკური ტკივილი და ამინდის ცვალებადობა. ანტარქტიდაზე ყოფნის დროსაც კი ჩვეულებრივად აცვია. შეუძლია კარების შემტვრევა ერთი დარტყმით თითქმის ყველანაირ შენობაში. აქვს არაჩვეულებრივი ძალ-ღონე და ფიზიკური მონაცემები – ერთ მომენტში უნიტაზს ერთი დარტყმით ნაწილებად ამსხვრევს, ერთხელ კი საკმაოდ მძიმე კარიც შეანგრია.

გონებრივი არასტაბილურობის მიუხედავად, რორშახი ხასიათდება როგორც “ტაქტიკური, საუცხოო და არაპროგნოზირებადი” ადამიანი. გააჩნია გამოძიების ალღო და დეტექტივის უნარ-ჩვევები. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კომედიანტის კოსტუმს მიაგნებს მის სახლში, როცა მანამდე პოლიციამ ეს ვერ შეძლო.

რორშახის ცნობილი ფრაზები

Never compromise. Not even in the face of Armageddon. – არანაირი დათმობა, გინდაც არმაგედონის წინაშე ვიდგე.

God doesn’t make the world this way. We do. – ღმერთი არ ქმნის სამყაროს ასეთს, ჩვენ ვქმნით.

Once a man has seen society’s black underbelly, he can never turn his back on it. Never pretend, like you do, that it doesn’t exist. – როცა ადამიანი საზოგადოების ბნელ მხარეს დაინახავს, უკან ვეღარასდროს დაბრუნდება. თქვენსავით არასდროს მოიკატუნებს თავს, თითქოს ის არ არსებობს.

When you walk down the street in a city dying of rabies, past the human cockroaches talking about their heroin and child pornography, do you really feel normal? – როცა ცოფიანი ქალაქის ქუჩებს მიუყვები, ჩაუვლი ტარაკან ადამიანებს, რომლებიც ჰეროინსა და ბავშვების პორნოგრაფიაზე საუბრობენ, თავს მართლა ნორმალურად გრძნობ?

There is good and there is evil, and evil must be punished. Even in the face of Armageddon I shall not compromise on this. – არსებობს კარგი და არსებობს ბოროტი. ბოროტი უნდა დაისაჯოს და არმაგედონიც რომ მოხდეს, ამაზე აზრს არ შევიცვლი.

Advertisements

3 responses to “რორშახი

  1. cucqira 22/03/2011, 1:01 AM

    ეს კატეგორია მომწონს 🙂

    Like

  2. Kate_AlukaЯD 22/03/2011, 7:08 PM

    მმმ…. მიყვარს კომიქსები ^^
    მე მისტიკზე და გაბიტზე ვარ შეყვარებული :დ ♥♥♥

    Like

  3. Pingback: “მოწმის ეფექტის” ცნობილი შემთხვევები « ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: