1960-იან წლებში ადამიანებმა წითელი პლანეტის გამოკვლევა განიზრახეს. დღესდღეობით ნასა იმედოვნებს, რომ 2030-იან წლებში მარსზე პირველი ადამიანი დადგამს ფეხს.
მარსმა ადამიანთა ყურადღება მაშინვე მიიპყრო, როცა კაცობრიობამ პირველად ახედა ღამის ცას ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად. მოწითალო შეფერილობა და ცაზე შემოწერილი რკალი ამ პლანეტას ადვილად გამოარჩევდა მოციმციმე და-ძმებისგან. 1800-იანი წლების მიწურულს ტელესკოპების მეშვეობით საინტერესო თავისებურებების მქონე ზედაპირის დანახვაც გახდა შესაძლებელი — ფიგურები და რელიეფის ფორმები, რომლებიც მეცნიერებმა თავდაპირველად არასწორად დაუკავშირეს მარსის ფუსფუსა ცივილიზაციას. დღეს ჩვენ ვიცით, რომ მარსზე ხელოვნური ნაგებობები არ არის. თუმცა ასევე შევიტყეთ, რომ მშრალი, ტოქსიკური პლანეტა ერთ დროს დედამიწასავით სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებით გამოირჩეოდა, რასაც ბოლო მოეღო 3.5 მილიარდი წლის წინ.
1960-იანი წლებიდან მოყოლებული ადამიანებმა მიზნად დაისახეს, გაეგოთ, რა შეიძლება ვისწავლოთ მარსისგან პლანეტების ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ და არსებობდა თუ არა აქ ოდესმე უცხოპლანეტური სიცოცხლე. ჯერჯერობით წითელ პლანეტას მხოლოდ უპილოტო კოსმოსური ხომალდები ეწვია, მაგრამ ეს მოცემულობა შეიძლება მალე შეიცვალოს. ნასა იმედოვნებს, რომ 2030-იან წლებში მარსზე ადამიანებს დასვამს, მანამდე კი რამდენიმე ახალი მისია გაეშურება, რათა გამოკვლევის პროცესმა წინ წაიწიოს. ვნახოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს მისიები და რა ვისწავლეთ მარსის შესახებ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კვლევებით.
ㅤ
ㅤ
რატომ ვიკლევთ მარსს
ყველაფერი, რაც კი ბოლო საუკუნის განმავლობაში მარსის შესახებ შევიტყეთ, იმაზე მიანიშნებს, რომ ერთ დროს ეს პლანეტა ეკოსისტემების მასპინძლობისთვის ხელსაყრელი პირობებით გამოირჩეოდა და დღესაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლის ინკუბატორს წარმოადგენდეს.
მარსი დედამიწის შემდგომი, მზიდან რიგით მეოთხე კლდოვანი პლანეტაა. ის მომცრო ზომისაა, დედამიწის ნახევარს ცოტათი აღემატება, მისი გრავიტაცია კი დედამიწის გრავიტაციის მხოლოდ 38%-ს შეადგენს. მზის გარშემო ორბიტის შემოვლას დედამიწაზე მეტხანს ანდომებს, თუმცა საკუთარი ღერძის გარშემო დაახლოებით იგივე სიჩქარით მოძრაობს. სწორედ ამის გამოა, რომ მარსზე ერთი წელი დედამიწის 687 დღეს გრძელდება, ხოლო მარსული დღე დედამიწისაზე მხოლოდ 40 წუთით ხანგრძლივია.
მცირე ზომის მიუხედავად პლანეტის სახმელეთო ფართობი დაახლოებით უტოლდება დედამიწის კონტინენტების არეალს. ეს იმას ნიშნავს, რომ თეორიულად მარსზე დაახლოებით იგივე ოდენობის დასახლებადი მიწაა. სამწუხაროდ ამჟამად პლანეტას გარს არტყამს ნახშირორჟანგის თხელი ატმოსფერო და დედამიწის ცოცხალი ორგანიზმები აქ ვერ გაძლებენ. ამ გამომშრალი პლანეტის ატმოსფეროში პერიოდულად ჩნდება მეთანის აირიც, ხოლო ნიადაგი შეიცავს ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმებისთვის მომწამლავი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მარსზე წყალი არსებობს, ის პლანეტის ყინულოვან პოლარულ ქუდებშია გამომწყვდეული, ნაწილი კი, შესაძლოა ჭარბი რაოდენობითაც, მარსის სიღრმეებშია, ზედაპირის ქვეშ.

დღესდღეობით, როცა მეცნიერებმა უკვე ზედმიწევნით შეისწავლეს მარსის ზედაპირი, შენიშნეს რელიეფის ისეთი ფორმები, რომლებიც უდავოდ უძველესი ნაკადების კვალს წარმოადგენს: განტოტვილი დინებები, მდინარის ხეობები, აუზები და დელტები. ეს დაკვირვებები მიანიშნებს, რომ პლანეტას შეიძლება ოდესღაც ჰქონდა ვრცელი ოკეანე, რომელიც მის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ფარავდა. სხვა რეგიონებში კოკისპირული წვიმები ალბობდა ლანდშაფტს, ტბები ერთიანდებოდნენ და მდინარეები თქრიალით გადმოდიოდნენ კალაპოტიდან, რა დროსაც რელიეფში ღრმულებს ჭრიდნენ. ასევე სავარაუდოა, რომ პლანეტას ამ დროს სქელი ატმოსფერო ჰქონდა, რომლის წყალობითაც მარსის ტემპერატურისა და წნევის პირობებში თხევადი წყლის შენარჩუნება ხდებოდა.
მარსმა თავისი ევოლუციის გარკვეულ მომენტში მკვეთრი გარდასახვა განიცადა და ერთ დროს დედამიწის მსგავსი ციური სხეულისგან მხოლოდ მტვრიანი მშრალი პლანეტა დარჩა. ჩნდება კითხვა, რა მოხდა? სად წავიდა ეს სითხე და რა დაემართა მარსის ატმოსფეროს?
მარსის გამოკვლევა ეხმარება მეცნიერებს, მეტი გაიგონ კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებმაც შეიძლება ძირფესვიანად გარდაქმნან პლანეტა. ასევე საშუალებას გვაძლევს, ვეძებოთ ბიოლოგიური კვალი, ანუ ნიშნები, რომ პლანეტაზე წარსულში ცოცხალი ორგანიზმები იყვნენ გავრცელებული და შესაძლოა, დღესაც არსებობდნენ. რაც მეტი გვეცოდინება მარსზე, მით მეტად მომზადებული ვიქნებით ამ პლანეტაზე გადასახლების მომენტისთვის, რაც მომავალში ოდესღაც დადგება.
ㅤ
ㅤ
წარსულის მისიები და მნიშვნელოვანი აღმოჩენები
1960-იანი წლებიდან დღემდე ადამიანებმა მარსზე ათობით კოსმოსური ხომალდი გაგზავნეს მისი შესწავლის მიზნით. ადრეულმა მისიებმა პლანეტას ჩაუფრინეს და ამ დროს უხვად გადაიღეს ფოტოები. მოგვიანებით კოსმოსური ზონდები მარსის ორბიტაზე იწყებდნენ მოძრაობას; ახლო წარსულში კი დასაჯდომი მოდულები და მარსმავლები პლანეტის ზედაპირზე დაეშვნენ.

მარსზე კოსმოსური ხომალდის გაგზავნა რთული საქმეა, პლანეტის ზედაპირზე დაშვება კი – უფრო რთული. მარსის თხელი ატმოსფერო დაშვების პროცესს აძნელებს, რის გამოც ზედაპირზე დაჯდომის მცდელობათა 60% წარუმატებლად დასრულდა. ჯერჯერობით მარსის ორბიტაზე კოსმოსური ხომალდის გაშვება მხოლოდ 6-მა კოსმოსურმა სააგენტომ მოახერხა — ნასამ, სსრკ-ის კოსმოსურმა პროგრამამ/რუსეთის როსკოსმოსმა, ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ (ESA), ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციამ (ISRO), არაბთა გაერთიანებული საამიროების მუჰამედ ბინ რაშიდის სახელობის კოსმოსურმა ცენტრმა და ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ. რაც შეეხება პლანეტის ზედაპირზე ხომალდის დასმას, 2021 წლამდე ეს მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა შეძლო 8 წარმატებული მისიით. 2021 წლის თებერვალში სიას შეემატა ჩინეთი მისიით „ტიანვენ-1“, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური ზონდი მარსის ორბიტაზე გავიდა, ხოლო მარსმავალი ზედაპირზე დაჯდა.
მარსის ადრეული მისიებიდან გამორჩეულია ნასას ხომალდი „მარინერ-4“, რომელმაც მარსს 1965 წლის ივლისში ჩაუფრინა და ამ უცხო სამყაროს პირველი ფოტოები გადაიღო ახლო ხედით. 1971 წელს საბჭოთა კავშირის კოსმოსურმა პროგრამამ პირველი კოსმოსური ხომალდი გაგზავნა მარსის ორბიტაზე. პროგრამამ, რომელსაც „მარს-3“ ერქვა, პლანეტის ტოპოგრაფიაზე, ატმოსფეროზე, ამინდსა და გეოლოგიაზე 8 თვიანი დაკვირვების შედეგები გამოგზავნა. მისიის ფარგლებში დასაჯდომი მოდულიც დასვეს ზედაპირზე, მაგრამ მხოლოდ 20 წამის განმავლობაში აგზავნიდა მონაცემებს, შემდეგ კი დადუმდა.
შემდგომ ათწლეულებში ორბიტულმა აპარატებმა ბევრად უფრო დეტალური მონაცემები გამოგზავნეს პლანეტის ატმოსფეროსა და ზედაპირის შესახებ და საბოლოოდ გაქარწყლდა მოსაზრება, რომ მარსის არხები უცხოპლანეტურმა ცივილიზაციებმა შექმნეს. ეს იდეა 1800-იანი წლებიდან ფართოდ იყო გავრცელებული სამეცნიერო საზოგადოებაში. ასევე გაირკვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ამ პატარა პლანეტაზე მზის სისტემის უდიდესი ვულკანები და ერთ-ერთი უდიდესი კანიონია — უფსკრული, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ზომისაა.

ზედა ნაწილს ეწოდება მელასის კანიონი და ყველაზე განიერ სეგმენტს წარმოადგენს.
1976 წელს ნასას „ვიკინგ-1“ და „ვიკინგ-2“ გახდნენ პირველი კოსმოსური ხომალდები, რომლებმაც წარმატებით დაიწყეს მუშაობა პლანეტის ზედაპირზე და ფოტოებს 1982 წლამდე აგზავნიდნენ. მათ მარსის ნიადაგზე ბიოლოგიური ექსპერიმენტებიც ჩაატარეს არამიწიერი სიცოცხლის ნიშნების აღმოსაჩენად, თუმცა შედეგები არასარწმუნო იყო და მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა განმარტონ ამ პერიოდში მიღებული მონაცემები.
ნასას მარსის გზამკვლევის (Pathfinder) მისიამ, რომელიც 1996 წელს გაუშვეს, პლანეტაზე დასვა პირველი თავისუფლად მოძრავი მარსმავალი, სახელად „სოჯორნერი“. მის მემკვიდრეებს შორის არიან მარსმავლები „სპირიტი“ და „ოპორტუნიტი“, რომლებიც პლანეტას უფრო დიდხანს იკვლევდნენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო და 100 000-ზე მეტი გამოსახულება გამოაგზავნეს, ვიდრე მტვრის ქარიშხლებმა მათი მზის პანელები არ გაანადგურა 2010-იან წლებში.

ამჟამად მარსზე აქტიურია ნასას სამი კოსმოსური ხომალდი: „ინსაითი“ პლანეტის შიდა ნაწილს იკვლევს და უკვე აღმოაჩინა, რომ პერიოდულად ადგილი აქვს ძლიერ „მარსძვრებს“ (მიწისძვრები მარსზე), რაც ზედაპირზეც იგრძნობა. „კურიოზიტი“, რომელიც 2012 წელს გაუშვეს, გეილის კრატერის გარშემო მოძრაობს, უცხო პლანეტაზე სელფებს იღებს და კრატერის უძველესი ტბის ფსკერზე დაგროვილ ქანებსა და დანალექებს იკვლევს, ასევე აანალიზებს ადგილობრივ პირობებს პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრისთვის. „პერსევერანსი“ 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვა მარსზე და ეზეროს კრატერს შეისწავლის. მის მიზანს წარმოადგენს მიკრობული სიცოცხლის ოდესმე არსებობის მტკიცებულების მოპოვება, მარსის გარემო პირობების შესწავლა იმის დასადგენად, რამდენად ხელსაყრელია სიცოცხლისთვის, ქანებისა და ნიადაგის ნიმუშების აღება და იმ ტექნოლოგიის გამოცდა, რომელსაც მარსის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგიდან ჟანგბადის მიღება შეუძლია. ასევე 2021 წელს დაეშვა მარსზე ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის მარსმავალი „ჟურონგი“, რომელიც „ტიანვენ-1“ მისიის ნაწილია. მისი მიზანია მარსის ტოპოგრაფიისა და გეოლოგიის კვლევა, ქანების, მინერალების, ნიადაგისა და ყინულის ნიმუშების ანალიზი და ატმოსფეროს შესწავლა.

თუმცა მარსს ეგზოტიკური მხარეც აქვს, რომლის მსგავსს დედამიწაზე ვერ შეხვდებით. ამ ფოტოზე ჩანს სამხრეთ პოლუსის რეგიონი. აქაური ყინულოვანი ქუდები შედგება ნახშირორჟანგისგან (მშრალი ყინული), რომელიც ჩვენს პლანეტაზე ბუნებრივად არ ჩნდება. წრიული ფოსოები ამ მშრალი ყინულის ფენებში არსებული ხვრელებია, რომლებიც ყოველ მარსულ წელიწადს რამდენიმე მეტრით ფართოვდება.
ლანდშაფტს მუდმივად ემატება ახალი მშრალი ყინული, რადგან ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგი იყინება და თოვლივით ეცემა პლანეტის ზედაპირზე. ატმოსფეროს ასეთი გაყინვის გამო პოლუსებზე ტემპერატურა შეიძლება -130°C-ზე ჩამოვიდეს. მარსის არცერთ სხვა რეგიონში (და არც დედამიწაზე) არ ფიქსირდება ასეთი დაბალი ტემპერატურა.
რამდენიმე ხომალდი მარსის ორბიტიდან გადმოსცემს ინფორმაციას: ნასას ორბიტერი „მეივენი“, მარსის „მზვერავი“ ორბიტერი და „მარსის ოდისეა“; ESA-ს „მარს-ექსპრესი“ და მარსის ატმოსფეროს მცირე კომპონენტების შემსწავლელი ორბიტერი „TGO“; ასევე ინდოეთის მარსის ორბიტერის მისია (იგივე მანგალიან-1), არაბთა გაერთიანებული საამიროების „ალ-ამალი“ (იმედი) და ჩინეთის „ტიანვენ-1“.
ამ მისიებმა ერთობლივად აჩვენეს მეცნიერებს, რომ მარსი აქტიური პლანეტაა, რომელიც მდიდარია ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო ინგრედიენტებით — წყალი, ორგანული ნახშირბადი და ენერგიის წყარო. ახლა კითხვა ასე დგება: განვითარდა თუ არა ოდესმე სიცოცხლე მარსზე და არსებობს თუ არა დღემდე?
ㅤ
ㅤ
მარსის კვლევის მომავალი
ყოველ 26 თვეში ერთხელ დედამიწა და მარსი მზის ერთ მხარეს აღმოჩნდებიან ხოლმე, რაც მგზავრობის დროსა და ხარჯებს ამცირებს. საპლანეტათშორისო მოგზაურობას ამ დროს დაახლოებით ნახევარი წელი სჭირდება. დედამიწის კოსმოსური სააგენტოები სწორედ ასეთი დამთხვევებისას გზავნიან ზონდებს, მათგან ყველაზე უახლესი იქნება 2022 წლის აგვისტოში ნასას მისია „ფსიქე“. მან პლანეტების ბირთვების წარმოშობა უნდა შეისწავლოს მეტალური ასტეროიდის „16 ფსიქეს“ გამოკვლევით, გზაში კი მარსს ჩაუფრენს.

გეგმაშია ასევე იაპონიის საჰაერო სივრცის კვლევის სააგენტოს მარსის მთვარეების გამოკვლევის მისია (MMX), რომელიც 2024 წელს გაეშვება და ფობოსის პირველი ნიმუშებით დაბრუნდება, დეიმოსს კი ჩაფრენის დროს დააკვირდება, ასევე შეისწავლის მარსის კლიმატს. ამავე წელს გაეშვება ნასას „EscaPADE“ და ინდოეთის „მანგალიან-2“. პირველის მიზანი იმის გარკვევაა, მარსის ჰიბრიდული მაგნიტოსფერო რა გავლენას ახდენს იონურ დინებებზე და როგორ გადაეცემა ენერგია და იმპულსი მზის ქარებისგან მარსის მაგნიტოსფეროს. „მანგალიან-2“ კი წინამორბედის მსგავსად მარსის ზედაპირსა და ატმოსფეროს დააკვირდება, ოღონდ უფრო ხელსაყრელი სიმაღლიდან.
ეს ყველა რობოტული სამუშაოები, ცხადია, ნიადაგს ამზადებს ადამიანების სხვა პლანეტაზე გაგზავნისთვის. ნასას განცხადებით, 2030-იანი წლები გონივრული ვადაა მარსზე პირველად ფეხის დადგმისთვის და მუშაობს კოსმოსური კაფსულის, „ორიონის“ დახვეწაზე, რომლითაც ადამიანები ჯერ მთვარეზე დაბრუნდებიან 2025 წელს, მოგვიანებით კი მის მიღმა გამგზავრებასაც შეძლებენ.
კოსმოსური ფრენების კერძო კომპანიები, როგორიცაა „SpaceX“, ასევე ჩაერთვნენ ამ მარათონში. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუკი გადარჩენა გვსურს, კაცობრიობა „მულტიპლანეტარულ სახეობად“ უნდა იქცეს. საამისოდ ის მუშაობს გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც ამ საუკუნის მიწურულამდე მარსზე მილიონამდე ადამიანი დასახლდება.
მალე კაცობრიობას ეცოდინება, ჩვენს მეზობელ პლანეტაზე ოდესმე იყო თუ არა სიცოცხლე და შეძლებს თუ არა ჩვენი სახეობა მომავალში დედამიწის მიღმა არსებობას.
წყარო: National Geographic