პოლარული ციალი


ჩრდილოეთის ციალი, იგივე aurora borealis, წარმოადგენს აღმაფრთოვანებელ, გასაოცარ, მაგიურ სანახაობას, რასაც ყველა მისი მნახველი აღტაცებაში მოჰყავს – მაგრამ რა იწვევს ამ უჩვეულო ბუნებრივ მოვლენას?

მზის სისტემის ცენტრში მდებარეობს მზე, ყვითელი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას უზრუნველყოფს. მისი მაგნიტური ველები ვარსკვლავის ღერძის გარშემო ბრუნვის გამო იმრუდება და იღუნება. ველების გაერთიანებისას კი ხდება აფეთქება და ე.წ. მზის ლაქების წარმოქმნა. როგორც წესი, მზის ლაქები წყვილებად ჩნდებიან. მათგან უდიდესი შეიძლება დედამიწას რამდენჯერმე აღემატებოდეს დიამეტრში.


მზის ცენტრში ტემპერატურა დაახლოებით 15 მილიონი გრადუსია. ზედაპირზე ტემპერატურის ცვლილების გამო მზე დუღს და ბუშტებით იფარება. მზის ლაქების რეგიონიდან პლაზმის ნაწილაკები თავის დაღწევას ახერხებენ და კოსმოსში იჭრებიან, რასაც მზის ქარები ეწოდება. მზის ქარებს დაახლოებით 40 საათი სჭირდებათ დედამიწამდე მოსაღწევად, ხოლო როცა ამას ახერხებენ, შესაძლოა გამოიწვიონ საოცარი სანახაობა, რომელიც ცნობილია, როგორც პოლარული ციალი.

მზის ლაქები და ციკლები

მზის ლაქები და ქარიშხლები, რომლებიც ჩრდილოეთის ციალის აღმაფრთოვანებელი სანახაობის მიზეზი ხდებიან, საშუალოდ ყოველ 11 წელში მეორდებიან. მზის ციკლმა 2013 წელს მიაღწია პიკს, თუმცა საუკუნის მასშტაბით ეს იყო ყველაზე სუსტი მზის აქტივობის მაქსიმუმი.

რადგანაც მზის აქტივობისა და ციკლების აღწერა 1749 წელს დაიწყო, მხოლოდ 22 სრული ციკლია აღწერილი. მკვლევარები კოსმოსურ ამინდს აკვირდებიან, რადგან მას გავლენა აქვს ორბიტაზე მყოფ ხომალდებზე, თიშავს ელექტროქსელებსა და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას დედამიწაზე, აძლიერებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ციალებს. მეცნიერები ასევე იკვლევენ, როგორ ზემოქმედებს რხევები მზის აქტივობაში ჩვენი პლანეტის ამინდზე.

ნაწილაკები და პოლარული მიზიდვა

დედამიწა კოსმოსიდან მუდმივად იბომბება ნამსხვრევებით, რადიაციითა და სხვა მაგნიტური ტალღებით, რომელიც ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის მომავალს საფრთხეში აყენებს. პლანეტის მაგნიტური ველი უმეტესწილად არაჩვეულებრივად ასრულებს თავის მოვალეობას და გვარიდებს ამ პოტენციურად მავნე სხივებსა და ნაწილაკებს, მათ შორის მზიდან წამოსულებს.

მზიდან გამოტყორცნილი ნაწილაკები დედამიწამდე მოსაღწევად 150 მილიონ კმ-ს გადიან, რის შემდეგაც თავს იყრიან მაგნიტურ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან. დედამიწის მაგნიტურ ფარში შეჭრისას ისინი ეჯახებიან ჟანგბადის, აზოტის, წყალბადისა და სხვა ელემენტების ატომებსა და მოლეკულებს, რის შედეგადაც ცაზე მიიღება აღმაფრთოვანებელი სანახაობა.

დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ ციალს ეწოდება aurora borealis, ხოლო სამხრეთში, ანტარქტიკულ ცაზე აბრდღვიალებულს – aurora australis.

რა წარმოქმნის ფერებს?

პოლარული ციალის ფერები უმეტესად ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი, იისფერი და ხანდახან ფორთოხლისფერი და თეთრია. მზის დამუხტული ნაწილაკების ჟანგბადთან შეჯახებისას წარმოიქმნება ყვითელი და მწვანე ფერი, აზოტთან კი – წითელი, ვარდისფერი და იშვიათად ლურჯი.

ციალის შეფერილობაზე გავლენას ახდენს შეჯახების ტიპიც: ატომური აზოტი წარმოშობს ლურჯს ფერს, მოლეკულური აზოტი კი – მეწამულს. თავის როლს თამაშობს სიმაღლეც. მწვანე ციალი 240 კმ სიმაღლემდე წარმოიქმნება, წითელი კი 240 კმ-ის ზემოთ. ლურჯი ფერი 100 კმ სიმაღლემდეა, მეწამული და იისფერი – 100 კმ-ის მაღლა.

პოლარულ ციალს შეიძლება უძრავი ზოლების ფორმა ჰქონდეს, ხოლო მზეზე აქტიური ამოფრქვევების დროს ფერსა და ფორმას იცვლიდეს.

პოლარული ციალის ისტორია

ათასწლეულების განმავლობაში პოლარული ციალი მითქმა-მოთქმის, ცრურწმენებისა და აღტაცების საგანი იყო. საფრანგეთში აღმოჩენილია ამ ბუნებრივი ფენომენის ამსახველი გამოქვაბულის ნახატები, რომლებიც 30 000 წლით თარიღდება.

ცრუმორწმუნეებისთვის პოლარული ცილი ომის ან განადგურების მაუწყებლად ითვლებოდა, ვიდრე ადამიანებმა მისი გამომწვევი რეალური მიზეზი არ დაადგინეს. ბევრი კლასიკური ფილოსოფოსი, მწერალი და ასტრონომი, მათ შორის არისტოტელე, დეკარტე, გოეთე და ჰალეი, ჩრდილოეთის ციალს თავიანთ შრომებში აღწერენ.

ჯერ კიდევ 1616 წელს ასტრონომი გალილეო გალილეი მათ აღსაწერად იყენებდა ტერმინ aurora borealis-ს, რომელიც მომდინარეობს განთიადის მითიური რომალური ქალღმერთის, ავრორას სახელიდან და ჩრდილოეთის ქარის ბერძნული შესატყვისიდან, ბორეასიდან.

სამხრეთის ციალი, ანუ aurora australis, სამხრეთ პოლუსის მიდამოში ხდება. მაგრამ რადგანაც ის ჩრდილოეთ პოლუსზე უფრო მეტად დაუსახლებელია, სამხრეთის ციალის ხილვა უფრო რთულია.

სად შეიძლება ციალის ნახვა

ჩრდილოეთის ციალის სანახავად საუკეთესო ადგილებია ალასკა და ჩრდილო კანადა, თუმცა აქ მოხვედრა ყოველთვის ადვილი არაა. შესანიშნავი რეგიონებია ასევე ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი. მზეზე აქტიური ამოფრქვევების დროს პოლარული ციალი შეიძლება უფრო ფართოდაც გავრცელდეს და მოედოს შოტლანდიას და ჩრდილო ინგლისსაც კი.

იშვიათ შემთხვევებში ნათება უფრო შორეულ სამხრეთშიც შეუნიშნავთ. პირველად მსგავსი რამ ევროპელმა მოსახლეებმა აღწერეს 1791 წელს ახალ ინგლისში (აშშ). 1891 წელს გამოქვეყნებულ „ახალი ინგლისის ისტორიულ ქარიშხლებში” სიდნი პერლი წერდა: „1719 წლის 15 მაისი, აქ დაფიქსირდა ყველაზე ლამაზი და გასაოცარი ჩრდილოეთის ციალი, ვიდრე ამას რომელიმე პერიოდის ჩანაწერი ან ტრადიცია აღწერდეს, და როგორც ამბობენ, ინგლისში პირველად სამი წლის წინ შენიშნეს. იმავე წლის დეკემბერში ავრორა ისევ გამოჩნდა, რამაც ხალხი დიდად ააფორიაქა, მას არა განადგურების, არამედ იმ ცეცხლის მომასწავებლად თვლიდნენ, რომელიც განკითხვის დღესა და მოახლოებულ საფრთხეებს წინ უსწრებს.”

როდის შეიძლება ციალის ნახვა

ჩრდილოეთის ციალი ყოველ სეზონზე ჩანს, თუმცა, როგორც წესი, ზამთარი საუკეთესო დროა, სინათლით დაბინძურების დაბალი დონისა და სუფთა, გამჭვირვალე ჰაერის გამო. გამორჩეული პერიოდებია სექტემბერი, ოქტომბერი, მარტი და აპრილი. მზის ლაქების აქტივობის მაქსიმუმიდან ორი დღის განმავლობაში ციალი უფრო აქტიური, ნათელი და კაშკაშაა. ზოგი სააგენტო, როგორიცაა ნასა და ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია, აკვირდება მზის აქტივობას და ინფორმაციას აქვეყნებს ავრორას გამოჩენაზე, როცა მოსალოდნელია განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახაობები.

space.com

Advertisements

3 responses to “პოლარული ციალი

  1. fallsoul 18/08/2015, 11:27 PM

    მე მეკუთვნის ეს პოსტი, i don’t care 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: