კანაფს კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში მოიხმარდა და მისი კრიმინალიზაცია ინგლისსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოხდა, შესაბამისად გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გასულ საუკუნეებში მას ჩვეულებრივად მოიხმარდნენ.
თუმცა მაინც საინტერესოა, რომ ინგლისის ისტორიაში ზოგიერთი უდიდესი ლიტერატურული ნაწარმოები შეიძლება ამ ცუდი რეპუტაციის მქონე ნარკოტიკის გავლენით დაწერილიყო. ახალი კვლევის მიხედვით, უილიამ შექსპირი (1564-1616) შეიძლება კანაფს ეწეოდა და მის შემოქმედებაშიც არსებობს გარკვეული მომენტები, რომლებიც ამ განცხადებას ადასტურებს.
სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების ჯგუფმა სასამართლო ექსპერტიზა ჩაატარა 400 წლის წინანდელ ჩიბუხებზე, რომლებიც აღმოაჩინეს სტრატფორდ-აფონ-ეივონში, მათ შორის შექსპირიც ბაღშიც. ჩიბუხების 24 ფრაგმენტიდან 8-ში კანაფის კვალს წააწყდნენ, აქედან 4 კი შექსპირის საკუთრება გახლდათ. 2 ფრაგმენტი კოკაინის ნარჩენებსაც შეიცავდა, თუმცა ისინი შექსპირს არ ეკუთვნოდა და არც იმის ეჭვი არსებობს, რომ დიდებული ინგლისელი პოეტი კოკაინის მომხმარებელი იყო.
აღმოჩენები, რომლის შესახებაც სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში მდებარე ვიტვატერსტრანდის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრენსის ტეკერეიმ განაცხადა, სიახლეს არ წარმოადგენს. კვლევა 2000 წელს ჩატარდა, თუმცა მხოლოდ ახლახანს გამოქვეყნდა „სამხრეთ აფრიკის მეცნიერების ჟურნალში” მას შემდეგ, რაც შექსპირის მიერ კანაფის მოხმარების საკითხი ისევ გააქტიურდა ბრიტანულ ჟურნალ „Country Life-ში” გამოქვეყნებული სტატიით, რომლის ავტორიც ფსიქოლოგი მარკ გრიფიტსია.
გრიფიტსი თვლის, რომ პიესა სახელად „სოფლის დავა” დაწერილია შექსპირის მიერ და მასში არის მინიშნება ბალახზე, რომელიც „თავად დროსაც კი აჭკნობს”.
„ვფიქრობ, ეს ფარული მინიშნებაა კანაფზე, რომლის ერთ-ერთი ცნობილი ეფექტი დროის ‘შენელება’ გახლავთ – სწორედ ასეთი შეგრძნება აქვს კანაფის მწეველ ადამიანს”, აღნიშნა ტეკერეიმ.
თავდაპირველი სასამართლო ექსპერტიზის კვლევაში ნარკოტიკების კვალის აღმოსაჩენად გამოიყენეს ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია, როგორც გაზქრომატოგრაფიული მას-სპექტრომეტრია, რომელსაც ნარკოტიკის აღმოჩენა ამხელა დროის გასვლის შემდეგაც კი შეუძლია.
„მე-17 საუკუნეში მცხოვრებთა თიხის ჩიბუხების ნაშთების ქიმიური ანალიზი ადასტურებს, რომ ევროპაში მრავალფეროვან მცენარეებს ეწეოდნენ”, ამბობს ტეკერეი. „ლიტერატურული ანალიზი და ქიმიური მეცნიერება შეიძლება ორმხრივად სასარგებლო იყოს, გააერთიანოს მეცნიერება და ხელოვნება, რათა მეტი გავიგოთ შექსპირსა და მის თანამედროვეებზე.”
ამ გადმოსახედიდან შექსპირის შემოქმედების ანალიზისას ნამდვილად წავაწყდებით გარკვეულ მინიშნებებს, რომ ავტორი კანაფის გავლენის ქვეშ იყო. Shakespeare-Online-ზე აღნიშნულია, რომ 76-ე სონეტში ის გადაკვრით ამბობს „ცნობილი ბალახის” გამოყენების შესახებ „გამოგონებისთვის” (წერისთვის), თუმცა თავს არიდებს „უცნაურ ნაერთებს”, რაშიც შეიძლება კოკაინი იგულისხმებოდეს.
სრული სიმართლე შესაძლოა ვერასდროს გავიგოთ, მაგრამ აღმოჩენა სულ მცირე მიანიშნებს იმაზე, რომ 38 პიესისა და 154 სონეტის წერის პერიოდში შექსპირი შეიძლება ზოგჯერ დამხმარე საშუალებებს იყენებდა.
ღარიბაშვილს რომ კითხო არ უნდა მარიხუანაზე გაზრდილი თაობა.
LikeLike