ახალი ინფორმაცია უძველეს ასტეროიდზე


3.26 მილიარდი წლის წინ – დინოზავრებამდე დიდი ხნით ადრე – დაახლოებით 58 კმ სიგანის ასტეროიდი დედამიწაზე ჩამოვარდა. გეოლოგებმა შეძლეს ამ კატაკლიზმური მოვლენის რეკონსტრუქცია და, როგორც აღმოჩნდა, გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.

გეოფიზიკოსების ნორმან სლიპისა და დონ ლოუის მეშვეობით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

თავად ასტეროიდის ზომა 37-დან 58 კმ-მდე იყო. ეს კი დაახლოებით აჭარის ხელაა და 4-6-ჯერ აღემატება იმ ასტეროიდს, რომელსაც დინოზავრების გადაშენებას უკავშირებენ. დედამიწასთან შეჯახების მომენტში მისი სიჩქარე იყო 20 კმ წამში (72000 კმ/სთ).

შეჯახებამ სრულიად პლანეტის მასშტაბით გამოიწვია მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც რიხტერის შკალით 10.8 ბალზე მეტი იყო. მთელ დედამიწაზე ასობით კილომეტრი სიგრძის სეისმური ტალღები ვრცელდებოდა, ინგრეოდა კლდეები და წარმოიქმნებოდა ახალი მძლავრი მიწისძვრები. დედამიწა ნახევარი საათის განმავლობაში ირყეოდა, რაც 2011 წელს იაპონიაში მომხდარ მიწისძვრაზე 6-ჯერ ხანგრძლივია.

ამ მოვლენამ დედამიწის ტექტონიკურ სისტემაში ნაწილობრივი გადაწყობა გამოიწვია. ლოუის თქმით, რომელიც სამხრეთ აფრიკის რეგიონის, სახელად ბარბერტონის მწვანე ბაზალტის სარტყლის, გეოლოგიურ თავისებურებებს შეისწავლის, შეჯახებამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ტექტონიკური ფილების სისტემას. ეს არის პირველი კვლევა, რომელმაც 3 მილიარდ წელზე დიდი ხნის წინ მომხდარი შეჯახების მოდელირება მოახდინა.

ასტეროიდის ჩამოვარდნამ ასევე წარმოქმნა ათასობით მეტრი სიმაღლის ცუნამები – გაცილებით მასშტაბური, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი ნებისმიერი მიწისძვრის დროს იყო შესაძლებელი. ეს ცუნამები მოედვნენ მთელ ოკეანეებს, რომლებიც იმ პერიოდში დედამიწის უდიდეს ნაწილს ფარავდნენ.


ჩამოვარდნის შედეგად მიღებული კრატერი 500 კმ სიგანის იყო, რაც დაახლოებით უტოლდება თბილისიდან სოჭამდე მანძილს.

დედამიწის ზედაპირი მთლიანად „შეიბრაწა”. ცა გახურდა და გაწითლდა, ატმოსფერო მტვრითა და ნამსხვრევებით გაივსო, ოკეანეების ზედაპირმა კი დუღილი დაიწყო. ორთქლად ქცეული ქვები ატმოსფეროში აღმოჩნდნენ, სადაც პლანეტის გარშემო მოძრაობა დაიწყეს და თხევად წვეთებად შესქელდნენ, შემდეგ ისევ გამყარდნენ და უკან, ზედაპირზე ჩამოცვივდნენ.

მეცნიერთა თქმით, ეს მოვლენა ერთ-ერთი იყო იმ ათეულებიდან, როცა დედამიწას ასტეროიდები ეჯახებოდნენ გვიანი მძიმე დაბომბვის პერიოდის დასკვნით ნაწილში, 3-4 მილიარდი წლის წინ. მას შემდეგ ეროზიისა და სხვა ბუნებრივი პროცესების შედეგად შეჯახების ადგილთა უმეტესობა გადაიფარა. თუმცა გეოლოგები წააწყდნენ გარკვეულ არეებს სამხრეთ აფრიკასა და დასავლეთ ავსტრალიაში, რომლებიც ასტეროიდების ჩამოცვენის მტკიცებულებებს შეიცავენ. მათი ვარაუდით, ეს უძველესი ასტეროიდი ბარბერტონის მწვანე ბაზალტის სარტყლიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით მდებარე რეგიონს შეეჯახა.

ასტეროიდებით დაბომბვის ეპოქამ გავლენა მოახდინა მზის სისტემის სხვა სხეულებზეც. მარსზე, ვენერაზე, მერკურსა და მთვარეზე უზარმაზარი ხვრელები გაჩნდა.

3.26 მილიარდი წლის წინანდელი შემთხვევა პლანეტის ზედაპირის გარემოსთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნებოდა. უფრო პატარა, დინოზავრების მკვლელმა ასტეროიდმა გამოათავისუფლა მილიარდჯერ მეტი ენერგია, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკის ამაოხრებელმა ბომბებმა. მაგრამ მასზე დიდი ხნით ადრე ჩამოვარდნილი ასტეროიდი კიდევ უფრო მეტ ენერგიას გამოყოფდა, ამბობენ მეცნიერები. ასევე, რა თქმა უნდა, შეიცვალა პირობები დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის, რომელიც 3.8 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა, მოვლენამდე 500-600 მილიონი წლით ადრე. იმ პერიოდში არსებული ცოცხალი ორგანიზმების დიდი ნაწილი გადაშენდებოდა, გადარჩენილებს კი შეცვლილ გარემოსთან მოუწევდათ ადაპტირება.

io9.com

Daily Mail

Space News

One thought on “ახალი ინფორმაცია უძველეს ასტეროიდზე

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s