2013 წლის მთავარი მეცნიერული სიახლეები


● ღეროვანი უჯრედებით ორგანო შეიქმნა.
პლურიპოტენციური ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მკვლევარებმა შექმნეს მინიატურული ღვიძლი, რომელსაც მეტაბოლიზმის უნარი ჰქონდა. ხოლო როცა თაგვის ორგანიზმში გადანერგეს, შესაძლებელი გახდა მიმოქცევის სისტემასთან დაკავშირება. რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი? ორგანოების გადანერგვის ტრადიციული მეთოდის შემდეგ პაციენტს უწევს იმუნიტეტის დამაქვეითებელი წამლების მიღება, რათა ორგანიზმმა ახალ და მისთვის უცხო ორგანოს ბრძოლა არ გამოუცხადოს. ორგანიზმი მას აღიქვამს უცხო სხეულის ნაწილად და შესაბამისად, პოტენციურ საფრთხედ. ამიტომ ოპერაციის შემდგომ სიცოცხლის ბოლომდე წამლების მიღება აუცილებელია გართულებების რისკის შესამცირებლად. ხოლო ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ ეს საჭირო აღარ იქნება, რადგან ორგანო პაციენტის ღეროვანი უჯრედებით მიიღება და მისივე გენები აქვს.


 


● მოხდა ადამიანის ემბრიონის კლონირება.
უჯრედების, ელექტროშოკებისა და მრავალი ცდის დახმარებით მეცნიერებმა პირველად შექმნეს ადამიანის ემბრიონის კლონი. მათ კვერცხუჯრედს მოაშორეს ბირთვი (რეგიონი უჯრედში, სადაც ინახება დნმ) და მასში მოათავსეს 8 თვის ბავშვის კანის უჯრედის ბირთვი, ელექტროშოკის დახმარებით კი ზრდის სტიმულირება მოხდა. მომავალში ემბრიონის ღეროვანი უჯრედები გამოყენებული იქნება თითქმის ნებისმიერი ორგანოს შემცვლელის შესაქმნელად. გარდა ამისა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ემბრიონის ღეროვანი უჯრედების მეშვეობით განკურნავენ მრავალ დაავადებას, მათ შორის დიაბეტს, ალცჰაიმერს, პარკინსონს და ზურგის ტვინის დაზიანებებსაც კი. მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ კლონირების ტექნიკით ემბრიონული ღეროვანი უჯრედების შექმნას, რადგან ისინი პაციენტის გენეტიკასთან თავსებადია და არ მოხდება ორგანიზმის მიერ უარყოფა.

 


● კოსმოსური სხივები სუპერნოვადან მოდის.
დიდი ხნის განმავლობაში იყო დავა, როგორ წარმოიქმნებოდა კოსმოსური სხივები. კოსმოსური სხივები – ესაა მაღალენერგეტიკული სუბატომური ნაწილაკები, რომლებიც დედამიწაზე გარე სამყაროდან აღწევენ და გზაში წარმოუდგენლად მაღალ სიჩქარეს ავითარებენ ხოლმე (ზოგჯერ სინათლის სიჩქარესაც უახლოვდებიან). ეს სწრაფი ნაწილაკები მუდმივად „ბომბავენ” დედამიწას და მიიჩნევა, რომ მათი უმეტესობის სათავე სუპერნოვებია. 2013 წელს „ნასას” ფერმის სახელობის კოსმოსური ტელესკოპით ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ კოსმოსური სხივების უმეტესი ნაწილი წარმოიშობა მასიური ვარსკვლავების აფეთქების შედეგად. უფრო მეტიც, ასტრონომიული და გეოლოგიური მონაცემების შეჯერებით ირკვევა, რომ ახლომდებარე სუპერნოვებმა დიდი გავლენა იქონიეს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის განვითარებაზე 500 მილიონი წლის წინ.

 


● შიდსის პოტენციური მკურნალობა წარმატებული იყო მაიმუნებზე.
მკურნალობიდან 3 წლის შემდეგ რეზუსის სახეობის მაიმუნების ორგანიზმი ისევ თავისუფალია მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსისგან (იგივე SIV – შიდსის მონათესავე ვირუსი, რომელიც ზოგიერთი სახეობის მაიმუნებში მსგავს დაავადებას იწვევს). მკვლევარებმა გამოიყენეს სხვა ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, რათა დაეინფიცირებინათ სისხლის თეთრი CD8 უჯრედები, მათ კი მაიმუნების SIV-ით დაავადებული უჯრედები გაენადგურებინათ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მალე დანერგავენ ანალოგიურ წარმატებულ პრაქტიკას ადამიანებში შიდსზე სამკურნალოდ.

 


● შიდსით დაავადებული ბავშვი განკურნეს.
მისისიპის შტატის ექიმები მედიცინის ისტორიაში შევიდნენ მას შემდეგ, რაც შიდსით დაავადებული 2 წლის ბავშვი განკურნეს. როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტს მედიკამენტები აღარ სჭირდება, მისი ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება და ძალიან დაბალი შანსია იმისა, რომ მისგან ვინმე შიდსით დაავადდეს. ბავშვის დედამ არ იცოდა, რომ დაინფიცირებული იყო, ამიტომ ექიმებმა პაციენტის მკურნალობა დაბადებიდან 30 საათის შემდეგ დაიწყეს. მათ გადაწყვიტეს, მიემართათ აგრესიული მეთოდისთვის და გამოეყენებინათ 3 სხვადასხვა ძლიერმოქმედი წამალი. 1 თვეში შიდსის დონე იმდენად დავარდა, რომ ტრადიციული ტესტები ვირუსის აღმოჩენას ვერ ახერხებდნენ. დედა-შვილი რეგულარულად სტუმრობდა კლინიკას მომდევნო წელი, თუმცა შემდეგ თანდათან შეამცირეს ვიზიტები და ბოლოს საერთოდ შეწყვიტეს. 18 თვის ასაკიდან პაციენტს წამლები აღარ მიუღია და ექიმებს მხოლოდ 2 წლის ასაკში ეწვია. მათი მოლოდინის საპირისპიროდ, რამდენიმე სხვადასხვა ტესტმა აჩვენა, რომ შედეგი უარყოფითი იყო – სისხლში შიდსის ვირუსი არ ფიქსირდებოდა.

 


● ლაბორატორიაში თაგვის თირკმელი გამოზარდეს.
ისტორიაში პირველად ლაბორატორიაში შექმნილი თირკმელი ფუნქციური აღმოჩნდა მიმღები (რეციპიენტი) ორგანიზმისთვის. ლაბორატორიულმა თირკმელმა შეძლო შარდისა და კრეატინის (უჯრედების, განსაკუთრებით კუნთოვანის, ენერგიის წყარო) წარმატებით გამომუშავება. თავდაპირველად მეცნიერებმა დაავადებული თაგვის თირკმელს უჯრედების დიდი ნაწილი მოაშორეს და მხოლოდ შემაერთებელი ქსოვილები დატოვეს. შემდეგ ადამიანის სისხლძარღვის უჯრედების დახმარებით შეძლეს ძარღვების გაყვანა, ხოლო ახალშობილი თაგვის თირკმლის უჯრედებით – ორგანოს ქსოვილების გამოზრდა. ეს იყო კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ლაბორატორიული ორგანოების დამზადების სფეროში.

 


● შექმნეს ნაწილაკების მინიატურული ამაჩქარებელი.
გასული წლის იანვარში ტეხასის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა დაამზადეს ნაწილაკების მინიატურული ამაჩქარებელი, რომელიც მაგიდაზეც მოთავსდება. თუმცა ამ მოწყობილობას შეუძლია ისეთი ენერგიისა და სიჩქარის გამომუშავება, რომელსაც მანამდე მხოლოდ მსხვილ ლაბორატორიებში აღწევდნენ (ძირითადად ასობით მეტრი სიგრძისა და ასობით მილიონი დოლარის ღირებულების კოლაიდერებით). ნაწილაკების ამაჩქარებლის 10 000-ჯერ შემცირებით 2 გიგაელექტრონვოლტი ენერგიის მქონე ელექტრონები 1 დუიმის (2.5 სმ) ზომის არეალში ჩქარდებოდნენ. ასეთი კომპაქტური აქსელერატორი შეიძლება გამოყენებული იქნას მაღალენერგეტიკული X სხივების მისაღებად, რაც გამოსახულების უფრო ზუსტ და მაღალი ხარისხის სურათს მოგვცემს ხოლმე. მოწყობილობის შემქმნელი ფიზიკოსების თქმით, მათ ააჩქარეს ნახევარი მილიარდი ელექტრონი 2 გიგაელექტრონვოლტამდე, რაც მანამდე მხოლოდ ორი საფეხბურთო სტადიონის ზომის კოლაიდერებში ხდებოდა.

 


● ჰიგსის ბოზონი დადასტურდა.
დიდი ადრონული კოლაიდერიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად მკვლევარები დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ჰიგსის ბოზონი აღმოაჩინეს. 2013 წლის მარტში „ცერნმა” გამოაცხადა, რომ კოლაიდერში ნაწილაკების შეჯახების შედეგად აღმოჩენილი ბოზონი ნამდვილად ჰიგსის ბოზონი იყო – იგივე ე.წ. „ღმერთის ნაწილაკი”, რომელსაც ათეულობით წლების განმავლობაში ეძებდნენ. ამით ამოავსეს ნაპრალი ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტულ მოდელში. ჰიგსის ბოზონს შეუძლია ახსნას, როგორ იძენენ სამყაროში არსებული სხვადასხვა ნაწილაკები მასას. რადგანაც ჰიგსის ბოზონი სწრაფად იშლება და გარდაიქმნება სხვა, უფრო გამძლე ნაწილაკებად, მასზე დაკვირვება ან გამოჭერა უფრო ძნელია, ვიდრე სხვა ელემენტარული ნაწილაკებისა. მისი არსებობა მხოლოდ წამის მესეპტილიონედი (სეპტილიონი – 24 ნულიანი რიცხვი) გრძელდება.

 


● ჩვენს გალაქტიკაში 40 მილიარდი პოტენციურად დასახლებადი პლანეტაა.
„ნასას” კეპლერის სახელობის კოსმოსური ობსერვატორიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ „ირმის ნახტომის” გალაქტიკაში ყოველ მეხუთე მზისნაირ ვარსკვლავს გარს უვლის ისეთი პლანეტა, რომელიც ზომით დედამიწის მსგავსია და მდებარეობს ხელსაყრელ ზონაში (პლანეტის დედა-ვარსკვლავიდან იმ დისტანციაზე ყოფნა, რომელზეც შესაძლებელი ხდება ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობა). თხევადი წყალი აუცილებელი ფაქტორია სიცოცხლის იმ ფორმით არსებობისთვის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, შესაბამისად ასეთი პლანეტების აღმოჩენა მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ერთ დღესაც შეიძლება დედამიწიდან მოშორებით არამიწიერ სიცოცხლეს წავაწყდეთ.

 


● 400 000 წლის წინანდელი ჰომინინის გენომი გაშიფრეს.
მეცნიერებმა გაშიფრეს თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი 400 000 წლის წინ მცხოვრები ჰომინინის მიტოქონდრიული დნმ-ი. აღმოჩნდა მსგავსებები დენისოველებთან და ნეანდერტალელებთან, თუმცა უფრო მეტად დენისოველებთან (რომლებიც ჰომინინებს მიეკუთვნებიან და ახლო წარსულში მოხდა ციმბირში აღმოჩენილი 40 000 წლის ძვლის ანალიზი). ეს იყო ადამიანის წინაპრებიდან ყველაზე ძველი დნმ-ის გაშიფრვა, ხოლო ზოგადად ყველაზე ძველი დნმ-ი, რომელიც 2013 წელს გამოიკვლიეს, ეკუთვნოდა 700 000 წლის ცხენს კანადის იუკონის ტერიტორიიდან.

 


● Voyager 1-ის მიერ მზის სისტემიდან გასვლა დადასტურდა.
„ნასას” კოსმოსური ხომალდი Voyager 1 გახდა ადამიანის პირველი ქმნილება, რომელმაც მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეებში გაიჭრა. ის თავის ტყუპისცალ Voyager 2-თან ერთად 1977 წელს გაუშვეს. მან ჩაუფრინა იუპიტერს, შემდეგ სატურნს, ამჟამად კი კოსმოსში ნავარდობს. როგორც მიღებული ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, 2012 წლის 25 აგვიტოს რაღაც უჩვეულო მოხდა. თუკი მანამდე მზის სისტემის შიგნით არსებული დაბალი ენერგიის მქონე ნაწილაკების ნაკადის კლება შეინიშნებოდა, მას მერე მზის სისტემის მიღმა მყოფმა მაღალენერგეტიკულმა ნაწილაკებმა დაიწყეს ზრდა. მეცნიერთა თქმით, ეს 90%-ით ადასტურებს იმას, რომ Voyager 1 მზის სისტემაში აღარ იმყოფება. ამჟამად მას დედამიწიდან 19 მილიარდი კმ აშორებს და მისგან ინფორმაციის აქამდე მოღწევას მინიმუმ 17 საათი სჭირდება.

 


● პაციენტს ხელოვნური გული გადაუნერგეს.
მედიცინის ისტორიაში პირველად ფრანგმა ექიმებმა პაციენტს გულის ადგილას სრულად ფუნქციონირებადი მექანიზმი ჩაუდგეს. ის ჩვეულებრივ გულზე სამჯერ მძიმეა, მუშაობს ბატარეაზე და მთლიანად ბაძავს გულის მოქმედებას. აქამდე მსგავსი მექანიზმები დონორის მოლოდინამდე ედგმებოდათ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ლოდინი საჭირო აღარ იქნება – ხელოვნური გული მთლიანად ანაცვლებს ბუნებრივს. სავარაუდოდ მალე ანალოგიური ოპერაციები სხვებზეც განხორციელდება, თუმცა ზომის გამო მიესადაგება მამაკაცების 86%-ს და ქალების მხოლოდ 20%-ს. ბიოსამედიცინო კომპანია „კარმატის” განცხადებით, მომავალში ისინი უფრო პატარა ზომის მექანიზმსაც შექმნიან, რათა მიესადაგოს როგორც ქალებს, ისე ჩინელ და ინდოელ პაციენტებს.

Advertisements

One response to “2013 წლის მთავარი მეცნიერული სიახლეები

  1. ამოუცნობი გიჟი 07/01/2014, 8:09 PM

    ძალიან საინტერესო იყო მიუხედავად იმისა რომ ზოგი ტერმინი გაუგებარი იყო ჩემთვის მაინც არ გამჩენია კითხვის შეწყვეტის სურვილი

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: