სიცოცხლე სავარაუდოდ ხმელეთზე გაჩნდა და არა წყალში


დედამიწაზე სიცოცხლის პირველი უჯრედული ფორმა შესაძლოა თბილი, ლორწოვანი ტალახის გუბეში გაჩნდა, რომელიც ვულკანური ცხელი დინებებით საზრდოობდა და არა თავდაპირველ ოკეანეებში, გვამცნობენ მეცნიერები.

იდეა, რომელიც ემყარება ბოლოდროინდელ უჯრედულ და გეოლოგიურ კვლევებს, მოგვაგონებს დიდი მეცნიერის, ცნობილი ბუნებისმეტყველის ჩარლზ დარვინის მოსაზრებას, რომ სიცოცხლე შესაძლოა გავრცელებულიყო ,,პატარა თბილი გუბეებიდან”, რომლებიც მკვებავი ნივთიერებებით იყვნენ მდიდარი.

დარვინის ამ აზრების მიუხედავად, თეორიები, რომლებიც სიცოცხლის წარმოშობის ადგილად ოკეანეს ასახელებდნენ, ბოლო წლებში ძალიან პოპულარული იყო და მეცნიერთა დიდი ნაწილი ემხრობოდა, რადგან ოკეანოგრაფები მუდმივად პოულობდნენ სიცოცხლის ოაზისებს ფსკერის კვლევისას.

ამ ღრმა წყლის ეკოსისტემებში მარტივი, თუმცა სიცოცხლისუნარიანი მიკრობები იკვებებიან მავნე მინერალებით, რომლებიც ცხელი ვულკანური ხვრელებიდან ამოიფრქვევა ხოლმე. მრავალი მეცნიერი მიიჩნევდა, რომ სწორედ ასეთი სიტუაცია იყო პირველი უჯრედების დაბადებისას.

მაგრამ ახალ კვლევებზე დაყრდნობით ექსპერტები ეჭვქვეშ აყენებენ იმ მოსაზრებას, რომ სითხე, რომელსაც ყველა უჯრედი ინახავს თხელ გარსში, ოკეანეში გაჩნდა. მათი თქმით, უძველესი ოკეანური წყლები და უჯრედული სითხე მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. სანაცვლოდ მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ეს სითხე ძალიან ჩამოგავს სქელ ორთქლს, რომელსაც ხმელეთზე არსებულ ვულკანურ ტალახში წავაწყდებით ხოლმე.

ხმელეთზე არსებული ასეთი ადგილები განსაკუთრებით გამოირჩევა კალიუმისა და ნატრიუმის უხვი მარაგით. ამ ორ ელემენტს ვხვდებით ცოცხალ უჯრედებშიც. ამის საპირისპიროდ, ოკეანის არეებში ნატრიუმი უფრო იშვიათია.

,,იმისთვის, რომ პროტეინების – მათი მოლეკულური მანქანების – სინთეზირება მოადინონ, უჯრედებს დიდი რაოდენობით კალიუმი ესაჭიროებათ. ნატრიუმი ამ ქმედებებს ბლოკავს,” განაცხადა კვლევის თანაავტორმა არმენ მულკიჯანიანმა, ოსნაბრიუკის უნივერსიტეტის (გერმანია) ბიოფიზიკოსმა.

,,შეუძლებელია სიცოცხლის არსებობა პროტეინების სინთეზირების გარეშე, რასაც კალიუმის დიდი ოდენობა სჭირდება.”

დღესდღეობით უჯრედები რთული პროტეინების საშუალებით ახდენენ მემბრანიდან ზედმეტი ნატრიუმის გამოდევნას, რის შედეგადაც ნორმალურად ფუნქციონირებას ახერხებენ.

თუმცა პირველ უჯრედებს მათ განკარგულებაში ასეთი ,,აღჭურვილობა” არ გააჩნდათ – მათ ჰქონდათ პრიმიტიული უჯრედული მემბრანები და საკვები ნივთიერებები, რომელთა გამოჭერასაც და უჯრედის შიგნით შეყვანასაც მოახერხებდნენ.

ამის გამო პირველი უჯრედები გამოირჩეოდნენ მაღალი გამტარობით და მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ გარემო პირობებზე. კალიუმისა და ნატრიუმის პროპორცია გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ერთი ერთზე (1:1), კალიუმის სასარგებლოდ. მაგრამ უძველეს ოკეანეებსა და ზღვებში, ისევე როგორც თანამედროვე წყლებში, ნატრიუმი აჭარბებდა კალიუმს 40-ჯერ.

ამ დაბრკოლების გაანალიზების შემდეგ მულკიჯანიანმა თავის კოლეგებთან ერთად დასახმარებლად გეოლოგებს მიმართა, რათა გაერკვია, სხვაგან სად შეიძლებოდა სიცოცხლე გაჩენილიყო დაახლოებით 4.3-3.8 მილიარდი წლების წინ პერიოდში.

გუნდის წევრები მიხვდნენ, რომ ხმელეთზე არსებული გეოთერმული ველები შესაძლოა, სიცოცხლის ჩასახვის კანდიდატები ყოფილიყვნენ, განსაკუთრებით კი ტალახიანი გუბურები, როგორიცაა მაგალითად იელოსტოუნის ეროვნულ პარკში.

,,ტალახიანი გუბურები იქ ჩნდება, სადაც დინება დედამიწის ზედაპირზე ამოდის და შემდეგ სქელდება, თან მოაქვს ბევრი მინერალი, მათ შორის კალიუმიც. შესახედაობით ისინი ლორწოს ჰგავს და პირველი უჯრედებისთვის შესანიშნავი ინკუბატორი იქნებოდა”, განაცხადა მულკიჯანიანმა.

მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში აიგნორებდნენ ვულკანური ტალახის გუბეების ვერსიას, რადგან თანამედროვე გუბეები სავსეა გოგირდმჟავით (H2SO4), რაც მომაკვდინებელი ქიმიური ნაერთია და წარმოიქმნება მაშინ, როცა გოგირდწყალბადი (H2S) ურთიერთობაში შედის ატმოსფეროში არსებულ ჟანგბადთან.

,,ბევრს ეშინოდა ამ მჟავური მდგომარეობის საკითხის გამო, მაგრამ როცა სიცოცხლე გაჩნდა, მაშინ დედამიწის ატმოსფეროში ძალიან ცოტა ჟანგბადი იყო. ჟანგბადის უკმარისობით გამორჩეული გარემო უცვლელად რჩებოდა მილიონობით წლების მანძილზე და სავარაუდოდ ხელის შემწყობი იყო პლანეტაზე პირველი სიცოცხლის გაჩენისთვის”.

Advertisements

14 responses to “სიცოცხლე სავარაუდოდ ხმელეთზე გაჩნდა და არა წყალში

  1. Lshisa 22/02/2012, 6:12 PM

    კიდევ იკვლევენ სამყაროს თავისით წარმოშობის იდეებს? 😕 🙂
    როგორ არ იღლებიან… 🙂 🙂 🙂

    Like

    • Z E I T Ġ E I S T 22/02/2012, 10:32 PM

      აბა, ღმერთმა შექმნა და მორჩა?
      იღლებიან კი არა, აზარტში შედიან )))
      პ.ს. ცოტა დავიბენი, ეს თვალსაზრისი „Primordial Soup“-ის ჰიპოთეზას ეწინააღმდეგება?

      Like

      • Charlius 22/02/2012, 10:56 PM

        მე რამდენადაც ვიცი, ,,პირველყოფილი სუპის” თეორია ამბობს, რომ არსებობდა სიცოცხლის გაჩენისთვის ვარგისი სითხეები (ე.წ. სუპები), ოღონდ ის, რომ კონკრეტულად ოკეანეში არსებულმა სუპმა მისცა დასაბამი სიცოცხლეს, პირობითია. თუმცა აბიოგენეზში ვერ ვერკვევი კარგად და შეიძლება ვცდებოდე.

        ახლა შევედი ვიკიში და აბიოგენეზის სტატიაში ეს წერია:
        Biochemist Robert Shapiro has summarized the “primordial soup” theory of Oparin and Haldane in its “mature form” as follows:
        1. The early Earth had a chemically reducing atmosphere.
        2. This atmosphere, exposed to energy in various forms, produced simple organic compounds (“monomers”).
        3. These compounds accumulated in a “soup”, which may have been concentrated at various locations (shorelines, oceanic vents etc.).
        4. By further transformation, more complex organic polymers – and ultimately life – developed in the soup.
        http://en.wikipedia.org/wiki/Abiogenesis#.22Soup.22_theory_today:_Miller.27s_experiment_and_subsequent_work

        მესამე პუნქტიდან გამომდინარე, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს

        Like

      • Lshisa 22/02/2012, 11:45 PM

        რა ვიცი… მგონი იმის ძიებას რა როგორ შეიქმნა, იმის გაკეთილშობილება და გაუმჯობესება ბევრად სჯობს რაც უკვე შექმნილია…
        ცოდნა ცოდნად დაგვრჩება და მეტი არაფერი…
        თუ რა თქმა უნდა მეცნიერებას მიზნად არ აქვს ღმერთი მოკლას…
        ნუ ყველა ნიცშეს მსგავსი გენიოსი ხომ არ იქნება…. 🙂 🙂 🙂

        Like

        • Z E I T G E I S T 23/02/2012, 1:03 AM

          როგორ გგონია, მეცნიერება იმას აუარესებს, რაც უკვე შექმნილია? მე ვფიქრობ, მეცნიერების მიზანიც სწორედ ეგაა – არსებულის გაუმჯობესება.
          არსებული რომ გავაუმჯობესოთ, ჯერ უნდა ვიცოდეთ ამ არსებულის ჭეშმარიტი არსი და სტრუქტურა, ამიტომაც ცოდნა ანუ ჭეშმარიტება, როგორც სინამდვილის ადეკვატური აღქმა, გვეხმარება უკეთ შევიცნოთ ის სამყარო, რომელშიც გვიხდება არსებობა და მოვახერხოთ მასთან ჰარმონიული თანაცხოვრება. ცოდნა გვჭირდება იმისათვის, რათა ჭექა-ქუხილი ღმერთის რისხვად აღარ მივიჩნიოთ)))
          მეცნიერების შესწავლის საგანი ღმერთი არასოდეს ყოფილა და არც იქნება, რადგან ღმერთის ფენომენი მეტაფიზიკურია და ანტიმეცნიერული, ეს რწმენის სფეროა. მეცნიერება საერთოდ უგულებელჰყოფს ღმერთს და ცდილობს ყველაფერი მის გარეშე ახსნას. საბოლოოდ, მეცნიერება კი არ კლავს ღმერთს, არამედ ღმერთი კვდება თავისით )))

          Like

          • Lshisa 23/02/2012, 1:52 AM

            ჰო…
            მეც ვიცი რომ მეცნიერების საშუალებითაა რომ მე და თქვენ – ორი უცნობი, ნაცნობები ვხდებით მესამე უცნობის ბლოგზე…
            მაგრამ ნუთუ იმისთვის რომ ადამიანებმა თქვენს მსგავსად გარკვეული მორალით იცხოვრონ (ეს მართლაც კარგი რამაა), სამყაროს წარმოშობის შესახებ სჭირდებათ კვლევების ჩატარება და მერე მათი შედეგების ცოდნა?
            იცით მე არაფერს ვერჩი მეცნიერებას…
            უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ, რატომ ვირთულებთ ცხოვრებას? რატომ ვწირავთ ადამიანები ადამიანებს, “ჭეშმარიტებას?” ანდა ჭეშმარიტების სახელით ვკლავთ ადამიანურობას?
            ასეც და ისეც კაცობრიობა ვიდრე იარსებებს, იარსებებს რელიგიური მსოფლხედვა. რელიგიურობამ მოი-ტა-ყვა-ნა იგი აქამდე, რელიგიამ გადაარჩინა, რელიგია აცოცხლებდა ადამიანს.
            თუ გიფიქრიათ იმაზე, რწმენა რომ მოკვდეს ადამიანში და ის დარჩეს მეცნიერების ამარა, ერთხელაც მეცნიერება ისეთ ჩიხში შევიდეს სადაც ფილოსოფიის მსგავსად შეუცნობადობის ზღურბლზე თავს მოიკლავს, მაშინ მისი მიმდევარი ადამიანი ხომ დარჩება რწმენის, იმედის გარეშე? ხომ დარჩება “შეცნობილი” სამყაროს მხოლოდ ცნობადობა?
            ახლა ვისთვის არსებული და ვისთვის არ არსებული ღმერთის იმედად რამდენი ადამიანი იძინებს? და ხვალ განა მათ მეცნიერება მისცემს ამ იმედს? მეცნიერება ეტყვის მას, რომ იცით ჩვენ ამოვხსენით სამყაროს წარმოშობის საკითხი და მორჩა, ახლა ყველაფერი კარგად იქნება. და ის ადამიანი მართლაც კარგად იქნება? მაშინ როდესაც თქვენ, როგორც მატერიალისტს ყველაზე დიდი ფასეულობად ადამიანი უნდა მიგაჩნდეთ და ალბათ ასეცაა, ნუთუ ფიქრობთ რომ მეცნიერბაც ასე აზროვნებს? არ გიფიქრიათ იმაზე რომ მეცნიერება გარკვეული ადამიანების (მეცნიერების) ჟინია, მისი ახირებაა საკუთარი სახელი დაიმკვიდროს.
            მე არ ვსაუბრობ იმ მეცნიერებზე რომლებიც მართლაც ღამეებს ათენებენ ადამიანებისთვის. თუნდაც იმიტომ არ სძინავთ გამოიგონონ პროთეზები, მოსახერხებელი სავარძლები ინვალიდებისთვის, ისეთი “ორგანიზმები” რომ იცოცხლონ გენიოსებმა (თუნდაც ჰოუკინგის შემთხვევაში), ჩხუბობენ, ფინანსებს ეძებენ რომ აფრიკაში 30 წელი არ ითვლებოს “გადაღრძოებულ” ასაკად. მაგრამ მათ ვინც იკვლევს ატომის რაღაცის რაღაცეების რაღაცას, კოსმოსში გალაქტიკების იქით 5 მილიონი წლის სავალზე არსებულ სიცოცხლეს, მაპატიე და ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ და ალბათ არც გამემტყუნება…
            ძალიან ბევრი ვილაპარაკე და არც შვენის კომენტარს ეს ყოველივე, მაგრამ რატომღაც ასე მგონია და რავიცი, არვიცი… 🙂 🙂 🙂
            კაცია და გუნებაო!

            Like

            • Z E I T G E I S T 23/02/2012, 3:06 AM

              თითქმის თანატოლები ვართ, ამიტომ ჯობია „შენობით“ ფორმატში ვისაუბროთ…
              იცი, მორალით ცხოვრება არჩევანია და არც ერთი მეცნიერება გვაიძულებს ამას, ერთი კია, რომ ფილოსოფია ცდილობს დაგვარწმუნოს მორალის დიდ მნიშვნელობაში, რათა ადამიანური სახე შევინარჩუნოთ და უკიდურესობაში არ გადავარდეთ. რაც შეეხება ყველა სხვა მეცნიერებას, განსაკუთრებით ბუნებისმეტყველებას (ფიზიკა, ქიმია, ასტორნომია, კოსმოლოგია და ა.შ) მათ წმინდა პრაქტიკული და პრაგმატული მიზნები ამოძრავებთ, კერძოდ, სამყაროს კვლევები გვჭირდება, რათა ვიცოდეთ თუ რა საფრთხე გვემუქრება არაპროგნოზირებად კოსმოსურ სივრცეში უწესრიგოდ მოძრავი ასტეროიდებისა თუ სხვა ციური სხეულებისაგან და დავსახოთ მათგან თავდაცვის საშუალებები. კონკრეტულად იმ საკითხის ცოდნას, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე თუ სამყარო თავად, ის დანიშნულება აქვს, რომ გავიგოთ თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში და ვიფიქროთ იმაზე, შევძლებთ არა არასასურველი შედეგის შეცვლას.
              ყველაფერი წმინდა ადამიანური ცნობისმოყვარეობიდან იწყება. ადამიანის გონება ხომ სტატიკური არაა, მუდმივად ვითარდება, ფართოვდება მისი აზროვნების დიაპაზონი და შედეგად ვითარდება მეცნიერებაც, მეცნიერულ პროგრესის სიკეთეზე კი დავა არა მგონია ღირდეს. ამიტომაც, არ ვფიქრობ, რომ ამით ცხოვრებას ვირთულებთ, პირიქით, მუდმივი ცვალებადობა და სიახლეების ძიებაა ჩვენი ცხოვრება.
              თუ რელიგიას განსაკუთრებული დამსახურება აქვს კაცობრიობის წინაშე, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რელიგიის პარალელურად, ძველ დროში მეცნიერება არ და ვერ განიცდიდა აღმავლობას, რადგან ხალხი არ იყო განვითარებული და ცრუ წარმოდგენებიც მხოლოდ რელიგიის გამოისობითაა. უძველესი დროიდანვე ცდილობდა ადამიანი აეხსნა ბუნებრივი მოვლენები, თუმცა დაბალი ინტელექტის გამო ზებუნებრივ ძალებს მიაწერა მათი წარმოშობა, აქედან მოდის რელიგიის როლი და დანიშნულება. მეცნიერების აღორძნებამ კი, ავტომატურად რელიგიის დაკნინება გამოიწვია და ეს სრულიად ბუნებრივია, მეცნიერება ანაცვლებს რელიგიას, მაგრამ ის ვერ გვთავაზობს იმედს, ან კი რა ან რისი იმედი უნდა შემოგვთავაზოს? მეცნიერება ხომ სინამდვილის აღწერაა, ხოლო ფუჭი და უსაფუძვლო იმედები რაში გვჭირდება? თუ ვინმეს მეცნიერების გამო სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის იმედი უქარწყლდება და ამით დეპრესიაში ვარდება, ეს არათუ მეცნიერების, არამედ ადამიანების სუსტი ფსიქიკის და უსუსურების ბრალია. რელიგია თუ მეცნიერება? ესეც არჩევანია, და დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ რას ამჯობინებს – ტკბილ ტყუილს თუ მწარე სიმართლეს. თუ უსაფუძვლო ოპტიმიზმში სურს ვინმეს ცხოვრება, ნება მისია. მე მაინც იმ აზრზე ვდგავარ, რომ ჯობია ხალხის ცნობიერება ავამაღლოთ და მათ ფსიქიკას სიმტკიცე შევძინოთ და ჰაერიდან მოტანილი იმედებიც აღარავის დაჭირდება.
              პატივმოყვარე ხალხი ყველა სფეროშია, ალბათ მეცნიერებაშიც, რომლებიც შეიძლება უფრო საკუთარ თავზე ფიქრობენ, ვიდრე ხალხის კეთილდღეობაზე, თუმცა ეს მაინც გამონაკლისებია და ზოგადად მეცნიერებას ნამდვილად არ აკნინებს. თუნდაც ახირება იყოს, მის მიერ შეტანილი წვლილი მეცნიერების განვითარებაში, მაინც ისევ ხალხის კეთილდღეობას მოხმარდება საბოლოოდ.
              ატომის „რაღაც რაღაცების“ მკვლევარების მოტივაციას მე ცნობისმოყვარეობით უფრო ავხსნიდი, თუმცა დაე იყოს ამბიცია, რატომაც არა. არამიწიერი ცივილიზაციის აღმოჩენის შემთხვევაში, არა მგონია საერთო ენის გამონახვა გაგვიჭირდეს )))
              პ.ს. არც მე გამომივიდა გრძელი სიტყვა მოკლედ თქმული, თუმცა მეეჭვება მასპინძელი ამაზე გაგვინაწყენდეს )))

              Like

              • Lshisa 25/02/2012, 12:09 AM

                რადგან ჩრდილოეთის ციალი ქართულ მასპინძლობას გვიცხადებს, მოდი მეც აქვე გიპასუხებ… 🙂
                მაპატიე ასე გვიან რომ გამოვეხმაურე შენს კომენტარს… (შეთანხმებისამებრ – შ ე ნ) 🙂 🙂 🙂
                დავიწყებ იმით რომ მინდა განვმეორდე და ვთქვა: “მე მეცნიერებას არაფერს ვერჩი.” ბოლო-ბოლო სწორედ მეცნიერული პროგრესის წყალობითაა რომ ტურინის სუდარა გამოიკვლიეს და შეიმეცნეს… მეცნიერების წყალობითაა რომ მრავალი ხელნაწერი გადარჩა და განახლდა…
                ჩემი მიდგომა მეცნიერებისადმი მხოლოდ იქითკენაა მიმართული რომ ეს უკანასკნელი ძალიან ჰგავს კომიქსების კითხვას… ყოველთვის გინდა რაღაც უცნობი იპოვო და აღმოაჩინო იმ ფერად ნახატებსა და სიტყვებში რომელიც შენს წინაა გადაშლილი.
                მეცნერება ცოტა ფართო ცნებაა როგორც თავად აღნიშნე. კი მეც ვიცი რომ ადამიანის გონება დაუოკებელია, მას არ შესწევს უნარი სადმე რამეზე გაჩერდეს, მას არ შეუძლია არ იფიქროს, ლუარსაბ თათქარიძეც კი ფიქრობდა რაღაცაზე.
                მე არ ვსაუბრობ მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირებაზე.
                ერთ კარგ ფრაზას წავაწყდი ინტერნეტში რამდენიმე თვის წინ: “მეცნიერებამ საკუთარი თავი შეზღუდა, და ამით უზარმაზარი ძალა შეიძინა.” ამ ფრაზის ავტორი ლევან აბაშიძე გახლდათ. /საკმაოდ საინტერესო სტატია იყო და თუ ვიპოვე ვეცდები ამ დღეებში ჩემს ბლოგზეც განვათავსო./
                მართლაც ასეა, მეცნიერებას არ შეუძლია იმოქმედოს ლოგიკით, ცდებით, გამოთვლებით და ამავდროულად ისაუბროს შეუმეცნარ ღმერთზე. ამიტომ რწმენის თემას ზურგი აქცია, რითაც თავი შეიზღუდა და სამაგიეროდ ლოგიკით დიდი ძალა შეიძინა.
                მე ვერ ვიტყვი რომ მეცნიერება ღმერთის მტერია. საერთოდ, ეს ორი სიტყვა როგორ შეუძლება ერთმანეთს დავუკავშიროთ? თუნდაც როგორც ერთმანეთის მტრები? მეცნიერება – ანუ ცოდან ცოდანზე, და ღმერთი – შეუცნობელი არსი.
                ჩემო კარგო რაც შენს კომენტარში წავიკითხე, მხოლოდ ერთია რაზეც ვერ დაგეთანხმები.
                მეც მსმენია ფრაზა: აწმყო შიბილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო, მაგრამ მეცნიერბის მიხედვით 13 000 000 000 წლის წინ აფეთქებით შექმნილ სამყაროში, თუკი არ იყო ისეთი შემთხვევა რომ გრანდიოზული ასტეროიდი დაგვჯახებოდა და დედამიწა “მოეკლა”, ნუთუ არ უნდა გვქონდეს იმის შიში რომ ასეთი რამ არ მოხდება? მაგრამ ეგებ მოხდა და მე როგორც უდილეტანტესმა მეცნიერმა ამის შესახებ არაფერი ვიცი. მოკლედ, მე როგორც მეცნიერს იმაზეც არ მაქვს პასუხი, ამ აფეთქებამდე რა იყო… 🙂 რაც არ ვიცი, იმაზე არ ვიკამათებ.
                მაგრამ დავუშვათ და ხვალ მოფრინავს ასტეროიდი რომელსაც ამერიკელები ალბათ კატარინას დაარქმევენ. რა კოსმიურ მოვლენების მართვაზეა საუბარი როცა ტერორისტებს ვერ ვუმკლავდებით და ვახოცინებთ ათასობით სიცოცხლეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით? რომელი პლანეტა ანდა ასტეროიდი უნდა ვმართოთ და მოვარიდოთ დედამიწას, როცა ვერ გავრკვეულვართ იორდანე უკუღმა როგორ მიდის? ანდა მიდის თუ არა? ანდა აღდგომის ცეცხლი საიდან ჩნდება?
                ასეთი კითხვები რელიგიის სფეროა ალბათ, თუმცა ბევრ ცნობისმოყვარეს(ფილოსოფოსს) ამაზე პასუხი მართლაც აინტერესებს…
                მე მეცნიერებას მაშინ ვქომაგობ როცა მეხმარება პრაქტიაკში და არა ცოდნაში… იმიტომ რომ რწმენა ადამიანის მოთხოვნილებაა.
                მაგ: ჩვენ ყოველდღიურად, შეუცნობელად გვწამს სხვადასხვა რამის. გვწამს იმის რომ ნაბიჯს გადავდგამთ, მე არც ვფიქრობ ისე მწამს იმის რომ ამ კომენტარს ოდესმე დავასრულებ და დავაწვები ღილაკზე Post Comment, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ვერ მოხდეს? – თუ გულმა მწყვიტა.
                არ ვიცი რა გამომივიდა, ძალიან ბევრი ვისაუბრე, ვეცადე რაღაცნაირად ჩემი დამოკიდებულება გამომეთქვა მეცნიერების და რელიგიის შესახებ… საბოლოო სიტყვად ვტოვებ იმას რომ “ზომიერება ყველაფერს სჭირდება” რწმენასაც(ფანატიზმში რომა რ გადაგვეზარდოს) და მით უფრო ცოდნის გაღრმავებას (არარეალურის რეალურობად ჩათვლით, არარსებულის შემეცნება რომ არ დავიწყოთ).
                მგონი მოვრჩი…. 🙂

                Like

                • Z E I T G E I S T 25/02/2012, 1:59 AM

                  როცა მოისურვებ მაშინ მიპასუხე, არ არის პრობლემა 🙂
                  რაც შეეხება მეცნიერებისა და ღმერთის ურთიერთდამოკიდებულებას, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, კერძოდ ის, რომ ადამიანის გამოისობით ღმერთის ცნებამ იმდენად მისტიკური და ზებუნებრივი ხასიათი შეიძინა, რომ ერთიანად გადავიდა რწმენისა და ადამიანური ფანტაზიების სფეროში, შესაბამისად, თუ იმას გავითვალისწინებთ, ტომ მეცნიერება ცოდნის სფეროა, ხოლო რწმენა – რელიგიის, მაშინ დავასკვნით, რომ ღმერთი და მეცნიერება პირისპირ არასოდეს მდგარან და არც ზურგის შექცევა იქნებოდა საჭირო ანუ ღმერთი (რელიგია) და მეცნიერება სხვადასხვა სიბრტყეა. მათი საერთო მხოლოდ ის არის, რომ ორივე ცდილობს სინამდვილის (ობიექტური სამყაროს) აღწერას, განსხვავება კი აღწერილი რეალობის სარწმუნოობაშია, რელიგია ზღაპრული და მითოლოგიური ხერხებით აღწერს, მეცნიერება კი ექსპერიმენტებზე დაყრდნობით. ღმერთის ცნება სწორედ რელიგიამ შემოიტანა სამყაროს წარმოშობის ახსნის პროცესში და სწორედ ეს არის მისი უდიდესი ნაკლი.
                  დედამიწისა და ასტეროიდის შესაძლო დაჯახების საკითხი არაერთხელ გამოკვლეულა ასტრონომიაში. დედამიწის განვითარების ისტორიას კარგად ახსოვს ასტეროიდის დაუპატიჟებელი სტუმრობა დინოზავრების ეპოქაში, რამაც ამ უკანასკნელთა გადაშენება გამოიწვია, იგივეს განმეორება შესაძლებელია ნებისმიერ დროს და მეცნიერების დაუღალავი შრომა სწორედ ამისკენაა მიმართული. ასტეროიდთან გამკლავების გზები თოერიულად უკვე დასახულია და ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია. სრული ინფორმაცია იხილე ამ ლინკზე –> http://www.montrealgazette.com/technology/space/Photos+ways+stop+asteroid/5676350/story.html ისე, ჩვენი მასპინძელი, ჩარლიუსი თუ რაიმე სტატიას თარგმნის ამ საკითხზე საინტერესო იქნება ))) დედამიწისა და დაუპატიჯებელი ციური სხეულების ურთიერთობაზე შემიძლია გირჩიო ძალიან სასარგებლო და შემეცნებით დოკუმენტური ფილმი –> Earth: Making of a Planet http://www.youtube.com/watch?v=e1-F4lxJPo0&noredirect=1
                  რაც შეეხება ტერორისტებს, ეს უკვე წმინდა პოლიტიკის საქმე და ადამიანთა ნების და არა მეცნიერული პროგრესის. დამიჯერე, ამერიკას რომ მოისურვოს და ევროპული ქვეყნები შეუერთდეს ტერორისტებს დედაბუდიანად ამოწყვეტენ, თუმცა პოლიტიკური მანიპულაციები და თამაშები უნდა გაითვალისწინო. აღდგომის წიმინდა ცეცხლზე იმას ვიტყვი, რომ ეს მოვლენა ზებუნებრივად სრულადაც არ მიმაჩნია, პირიქით ეს უფრო გრანდიოზული აფერაა, რაღაც ფარსი, რათა მრევლი შეინარჩუნოს ეკლესიამ და რწმენა განუმტკიცოს, ანუ ესეც რელიგიური პოლიტიკის ამბავია.
                  ვერ დაგეთანხმები, რომ რწმენა ადამიანის მოთხოვნილებაა, ადამიანსაც გააჩნია. ზომიერება რომ ყველაფერში საჭიროა გეთანხმები, თუმცა მე პირადად რწმენა არაფერში მჭირდება))

                  Like

                  • Lshisa 25/02/2012, 2:45 AM

                    ჩემო კარგო შენ ხომ გწამს რომ ჭეშმარიტებას მეცნიერება იპოვის?
                    ჰოდა მე ეს რწმენა ვიგულისხმე. რწმენა აუცილებელია. 🙂 😉
                    მადლობა სასარგებლო ლინკებისთვის…
                    ———————
                    მე არ ვიცი სად გადის ზღვარი ფარსსა და რეალობას შორის, თუმცა კარგი იქნებოდა რომელიმე მოხალისე, ჭეშმარიტებისთვის შეწირულ მეცნიერს დაემტკიცებინა ამ მოვლენების აბსურდულობა. 🙂
                    ——————–
                    რელიგიაზე როგორც ინსტიტუტზე და მის ბერკეტებზე საკმაოდ ბევრი მსმენია…
                    სამწუხაროა რომ რაზეც შენ საუბრობდი, ჭეშმარიტების სახელით და დაგესესხები – “ადამიანის გამოისობით, ღმერთის ცნებამ იმდენად მისტიკური და ზებუნებრივი ხასიათი შეიძინა, რომ ერთიანად გადავიდა რწმენისა და ადამიანური ფანტაზიების (ჩავამატებ – ფანატიზმის) სფეროში”, მაგრამ მე მაინც მჯერა რომ თუკი ფანტაზიას მოვაშორებთ (მათ შორის სამეცნიერო მისტიკა-ფანტაზიასაც) და ლოგიკით, შემეცნებით მივყვებით ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს თვით ღმერთის რაობაც. თუკი ოდესმე მართლაც იყო დრო როცა დრო არ იყო, მის “როგორობას” ალბათ მეცნიერება ვერ ახსნის და აქ რწმენა აუცილებელია.
                    მოკლედ ასე თუ ისე კომენტარის დანიშნულება თითქმის ამოვწურე – ჩემი სათქმელი ვთქვი. საქმე ისაა რამდენად ნათლად. ეს “განმსჯელებმა” გადაწყვიტონ.
                    ვიცი რომ მეცნიერების, “ბუნების” (ფიზიკის) მამები საკმაოდ რელიგიურნი იყვნენ და ბევრ რამეს მათ მეცნიერულ კარიერაში სწორედ ეს ფაქტორიც განაპირობებდა…
                    ჩემს კომენტარებს გადავავლე თვალი და მინდა ვთქვა, რომ მე არც ძალა შემწევს, არს სურვილი და არც ვაპირებ განმანათლებელად მოგევლინო და შენი თეიზმში დაბრუნება ვიკისრო… 🙂 🙂 🙂
                    კაცია და გუნებას პრონციპს ყოველთვის ვიცავ…
                    შენც და მეც ორივე რაღას ვეძებდ ამ სამყაროში…
                    შენ ექსპერიმენტებით და შემცნებით, მე შემეცნებით და რწმენით…
                    შეიძლება ითქვას ორივეს თანაბარი იარაღი გვაქვს, უბრალოდ ჩემი მეორე იარაღით შედარებით მეტი ბარიერის გადალახვა შემიძლია.
                    ზემოთ რომ ვახსენე ის სტატია ვიპოვე და და ბარემ აქვე გავაპიარებ მის ლინკს: http://lshisa.wordpress.com/2012/02/25/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90/
                    ჩემს ბოლოს სიტყვასაც და დამოკიდებულებასაც ეს მოხსენება წარმოაჩენს…
                    მოკელდ ასე, წარმატებას გისურვებ ჭეშმარიტების ძიებაში.
                    მადლობა ჩრდილოეთის ციალს ასეთი სტატიისთვის და მადლობა შენ საინტერესო საუბრისთვის…

                    Like

  2. Charlius 23/02/2012, 2:13 PM

    რა საინტერესო დიალოგი გაგიმართავთ 😀

    Like

  3. Z E I T G E I S T 25/02/2012, 3:15 AM

    მე რელიგიური რწმენა ვიგულისხმე და ამიტომაც უარვყავი.
    თუ აღდგომის დღეს გადმოსულ ცეცხლზე ამბობ, მაშინ გეტყვი – შეუშვან მეცნიერები ეკლესიაში ცეცხლის გარდამოსვლის დროს, მისცენ დაკვირვების წარმოების შესაძლებლობა და ყველაფერს ფარდა აეხდება )))
    დიდად მეეჭვება ღმერთის რაობის შესაცნობად ლოგიკამ რამე გააწყოს, მეცნიერულად ღმერთი ალოგიკურია და იმიტომ.
    სტატიას წავიკითხავ აუცილებლად 🙂
    გაიხარე, მადლობა ასევე შენ და წარმატებას გისურვებ ღმერთთან ზიარებაში.
    ჩარლიუსი ზის და ხითხითებს – ამათ კი კაი თავსატეხი გავუჩინეო 😀

    Like

    • ზურა 11/05/2013, 11:20 PM

      ადვილია ცხოვრობდე მარტივი დოგმებით ვიდრე იკვლიო ეს ყველაფერი, რას ვიზამთ ზოგი მარტივ გზას ირჩევს ზოგიც რთულს, ზოგი კი არჩევნებამდეც ვერ მიდის : )) უნდა იყოს რწმენა, ასე ადვილია ბრბოს მართვა, ბრბოს სჯერა, შენ ამით მანიპულირებ, მსოფლიო მშვიდადაა, შენ კი შეიგრძნობ ამ ყველაფერს. ყველა თავის პონტშია : )

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: