ისლანდია


Velkomin til Íslands 🙂

● მდებარეობა: ჩრდილოეთ ევროპა, ატლანტის ოკეანე

● დედაქალაქი: რეიკიავიკი

● ქვეყნის კოდი: +354

● სახელმწიფო სისტემა: საპარლამენტო რესპუბლიკა

● სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ოლაფურ რაგნარ გრიმსონი

● საკანონმდებლო ორგანო: ალტინგი (ერთპალატიანი პარლამენტი 63 წევრით)

● დროშა: ფერები ასოცირდება ისლანდიის ლანდშაფტთან: წითელი – ისლანდიური ვულკანების ცეცხლის ფერი, თეთრი – ყინულისა და თოვლის ფერი, ლურჯი – ატლანტის ოკეანის წყლის ფერი.

● გერბი: ისლანდიის დროშიანი ფარი უჭირავს ოთხ ლეგენდარულ მცველს. ხარი (გრითუნგური) სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიის მცველია, არწივი/გრიფონი (გამური) იცავს ჩრდილო-დასავლეთ ისლანდიას, გველეშაპი (დრეკი) – ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო გიგანტი (ბერგრისი) – სამხრეთ-აღმოსავლეთ ისლანდიას. ეს ოთხი სიმბოლური მცველი ტრადიციულად დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ისლანდიაში.

● ეროვნული ვალუტა: ისლანდიური კრონი (ISK) [1 USD = 125 ISK]

● მოსახლეობა: 318 452 სული (2011 წ.)

● უმუშევართა რაოდენობა: მოსახლეობის 7.1% (2010 წ.)

● ოფიციალური ენა: ისლანდიური.

● გავრცელებული ენები: სკანდინავიური ენები, გერმანული, ინგლისური.

● რელიგია: სახელმწიფო რელიგიად ლუთერანობაა გამოცხადებული, თუმცა კონსტიტუცია რელიგიურ თავისუფლებას უჭერს მხარს. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 80.7% ისლანდიის ეროვნული ეკლესიის მიმდევარია. 2001 წლის სტატისტიკით კი 23% საკუთარ თავს ათეისტად ან აგნოსტიკოსად მიიჩნევდა.

***

ისლანდიელთა რაოდენობა დაახლოებით 500 000 ადამიანია, ამათგან დაახლოებით 319 000 ისლანდიაში ცხოვრობს, 75 000 კანადაში, 89 00 აშშ-ში, 15 000 კი დანიაში. ისინი ძველსკანდინავიელთა შთამომავლები არიან. ისლანდია დასახლდა ნორვეგიელი მიგრანტების მიერ მე-9 საუკუნის ბოლოს. ისლანდიელი ერის ჩამოყალიბებაში, ნორვეგიელებთან ერთად, სკანდინავიელთა დაქვემდებარებაში მყოფი ირლანდიისა და შოტლანდიის მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ისლანდიის პირველი მოსახლე იყო ნორვეგიელი ინგოლფ არნარსონი. თუმცა პერიოდულად მანამდეც სტუმრობდნენ კუნძულს და ზამთარში რჩებოდნენ. ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების უმეტესობას შეადგენენ პოლონელები, დანიელები და ფილიპინელები.

ინგოლფ არნარსონი

მე-10 საუკუნეში შეიქმნა სახალხო კრება (ალტინგი), რომელიც სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებს ატარებდა. 1000 წელს ისლანდიამ ქრისტიანობა მიიღო. მე-13 საუკუნეში დაიწყო შიდა ომები კლანებს შორის, რაც დასრულდა ისლანდიის ნორვეგიის სამეფოს დაქვემდებარებაში შესვლით 1262 წელს. 1380 წლიდან დანიის სამფლობელო იყო, დამოუკიდებელი გახდა 1944 წელს. 1985 წელს ისლანდია უბირთვო ზონად გამოცხადდა.

ისლანდია გეოლოგიურად და ვულკანურად აქტიურ ზონაშია. შიდა ტერიტორია უმთავრესად შედგება პლატოებისგან, სადაც დიდი ადგილი უკავია ქვიშის ველებს, მთებსა და მყინვარებს. მყინვარებიდან წამოსული წყალი მდინარედ იქცევა და დაბლობის გავლით ზღვაში ჩაედინება ხოლმე. კლიმატს ათბობს გოლფსტრიმის დინება, რის გამოც არქტიკასთან სიახლოვის მიუხედავად არც ისე ძალიან ცივა.

ისლანდიელთა ძირითადი საქმიანობა მეთევზეობა, თევზის რეწვა და სოფლის მეურნეობაა. ადამიანთა მუდმივმა დასახლებებმა დაარღვია სუსტი ეკოსისიტემა, ვულკანური ნიადაგები და მრავალფეროვნების ისედაც მწირი სახეობები შეზღუდა. საუკუნეთა მანძილზე ტყეები იჩეხებოდა და სამხერხაოებში იგზავნებოდა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.

კუნძულზე სულ 1300 სახეობის მწერია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, რადგან მსოფლიოში ერთ მილიონზე მეტი სახეობის მწერი ბინადრობს. ისლანდიის ცხოველთა სამყარო მოიცავს ისლანდიურ ცხვარს, საქონელს, წიწილას, თხასა და ისლანდიურ ცხენს. კუნძულის ირგვლივ, ოკეანის წყლებში, თევზების უამრავი სახეობა ბინადრობს. გარეული ცხოველები მოიცავენ არქტიკულ მელას, წაულას, თაგვებს, ვირთხებს, კურდღლებსა და ჩრდილოეთის ირმებს. ფრინველები, განსაკუთრებით კი ზღვის ფრინველები, ისლანდიის ცხოველთა სამყაროს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პოპულაციის სიხშირით ქარიშხალები და მეზღვიასებრნი გამოირჩევიან.

ისლანდიას თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა აქვს და კონკურენტ ქვეყნებთან შედარებით, დაბალი გადასახადებით გამოირჩევა. ქვეყანაში მოქმედებს კეთილდღეობის სისტემის სკანდინავიური მოდელი – სახელმწიფო უნივერსიტეტებში განათლების მიღება უფასოა, ჯანმრთელობის დაცვის ელემენტარული სერვისები კი ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის. ბოლო წლებში ისლანდია შევიდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და განვითარებულ ერებს შორის. 2011 წელს ყველაზე განვითარებული ქვეყნების სიაში მას მე-14 ადგილი ერგო, პროდუქტიულობის მხრივ კი – მე-4. გასულ წელსვე ისლანდია აღიარეს, როგორც ყველაზე მშვიდობიანი და რიგით მეორე ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა (ნორვეგიის შემდეგ). 2006 წლის მონაცემებით, მოსახლეობის საშუალო IQ შეადგენს 101 ქულას, რითიც მე-9 ადგილზე არიან. მინიმალური ანაზღაურება 2006 წელს 1400 ევროს შეადგენდა, საშუალო ხელფასი კი – 3765 ევროს.

ისლანდიის სამზარეულო მეტად განსაკუთრებულია და ძირითადად თევზსა და ცხვრის ხორცს ემყარება. ადგილობრივ დელიკატესებს ტორამატური ჰქვია. უამრავი სახეობის ბოსტნეული მოჰყავთ გეოთერმულ სათბურებში. ყველაზე უბრალო კერძია გრაფლაქსი (ჩადებული ორაგული კამით). ერთ-ერთი მთავარი ეროვნული კერძი კი ჰაუკარლია (ზვიგენის გამომშრალი ხორცი). დაჭერილ ზვიგენს ნახევარი წლით ქვიშაში ფლავენ, რათა გახრწნის გარკვეულ დონეს მიაღწიონ. ამის შემდგომ ამოთხრიან, ისევ გარკვეული პერიოდით თოკებზე კიდებენ, შემდეგ კი მზა სახით არაყთან ერთად მიირთმევენ. ისლანდიაში მსოფლიოში ყველაზე თხელ პურს აცხობენ, რომელსაც ლიოვაბრიოზს უწოდებენ, აქვე მზადდება ,,ვულკანური პურიც”.

გრაფლაქსი

ჰაუკარლი

ლიოვაბრიოზები

ისლანდიაში ძირითადად ყავას სვამენ. ყავახანებში მხოლოდ პირველი ფინჯნის ფულს იხდიან, ყველაფერ დანარჩენს კი უფასოდ იღებენ. ლუდი, ღვინო და სხვა სახეობის სპირტიანი სასმელები შედარებით ძვირია: მაგალითად, ლუდის მოზრდილი კათხა $8 ღირს, პატარა კი – $5. 1989 წლამდე ისლანდიაში მთელი 75 წლის განმავლობაში ლუდის სმა საერთოდ აკრძალული იყო. ისლანდიური არაყი ბრენივინი კარტოფილისგან მზადდება და კვლიავით არის არომატმიცემული. ქვეყანაში მრავლადაა რესტორნები, სადაც მსურველი ეროვნულ კერძებთან ერთად ევროპულ საკვებსაც დააგემოვნებს. რესტორნებში სადილის საშუალო ფასი 20-50 დოლარია. ოფიციანტისთვის ,,ფეხის ქირის” მიცემა არ არის რეკომენდებული.

ისლანდიურ კულტურას ფესვები სკანდინავიურ ტრადიციებში აქვს. პოპულარულია ისლანდიური ლიტერატურა, განსაკუთრებით საგასა და ედას ჟანრის ნაწარმოებები, რომლებიც მაღალ და გვიანდელ შუა საუკუნეებშია შექმნილი. ზოგიერთი ტრადიციული რწმენა დღემდე შემორჩენილია. მაგალითად, ისლანდიელთა უმეტესობას სჯერა ელფებისა და ჯუჯების ან ბედისწერის არსებობის.

ისლანდიური მუსიკა სკანდინავიური ხასიათისაა, მოიცავს ფოლკისა და პოპის ტრადიციებს. ტრადიციულ მუსიკას ძლიერი რელიგიური გავლენა ეტყობა, მაგალითად, მე-17 საუკუნეში ჰალგრიმურ პეტურსონმა მრავალი პროტესტანტული ჰიმნი დაწერა. მე-19 საუკუნიდან მოდერნიზება დაიწყო, როცა მაგნუს სტეფენსენმა ორღანი შემოიტანა, რასაც შემდეგ ფისჰარმონია მოჰყვა. დღევანდელობაში ცნობილია მუსიკალური ანსამბლი Voces Thules, რომელიც 1992 წელს დაარსდა. ასევე ალტერნატიული როკ-ჯგუფი The Sugarcubes, მომღერლები Björk და Emilíana Torrini, პოსტ როკის მიმდევარი ჯგუფი Sigur Rós. ისლანდიის ჰიმნს Lofsöngur ეწოდება, ასევე ცნობილია როგორც Ó Guð vors lands (ო, ღმერთო ჩვენი მიწისა).

ისლანდიას პროგრესული დამოკიდებულება აქვს არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანთა (გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი) მიმართ. 1996 წელს პარლამენტმა კანონიერად გამოაცხადა ერთი სქესის წყვილთა ურთიერთობა, მიანიჭა მათ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის თითქმის ყველანაირი უფლება. 2006 წელს ერთულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც არატრადიციული ორიენტაციის მქონე წყვილებს ბავშვის აყვანისა და მშობლის მოვალეობის შესრულების უფლება მიეცათ. 2010 წლის 11 ივნისს პარლამენტმა შესწორება შეიტანა კანონმდებლობაში და ქორწინება განსაზღვრა, როგორც უბრალოდ ორი ადამიანის ურთიერთობა, რამაც მთლიანად გაათანაბრა LGBT მოქალაქეები ტრადიციული ორიენტაციის მქონეებთან.

***

საინტერესო ფაქტები

● რეიკიავიკი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დედაქალაქია.
● ისლანდიის პარლამენტი ალთინგი მსოფლიოში ყველაზე ძველი პარლამენტია.
● ისლანდიელებში ქერათმიანთა პროცენტული რაოდენობა უმაღლესია მსოფლიოში – 92%. აქედან 80% ღია ქერაა.
● ხანდახან ისლანდიას გრენლანდიიდან აისბერგებით მოგზაური თეთრი დათვები სტუმრობენ ხოლმე.
● ისლანდიის ტერიტორიის 10%-ზე მეტი მყინვარებით არის დაფარული (12 ათ. კმ²).
● ისლანდიის უგრძესი მდინარეა ტიოურსაუ — 230 კმ.
● ისლანდიელების გვარი შედგება მამის სახელისა და “ძის” ან “ასულისგან”. მაგალითად, გუდმუნდსდოტირი ნიშნავს გუდმუნდის ასულს.
● მოსახლეობის 60% დედაქალაქ რეიკიავიკში ცხოვრობს.
● ცხვრების რაოდენობა ადამიანებისას ორჯერ აჭარბებს.
● კრივი 2002 წლამდე აკრძალული იყო.
● ზაფხულში ხშირი მოვლენაა ე.წ. ,,შუაღამის მზე”, როცა მზე 24 საათის განმავლობაში ანათებს. დეკემბერში კი მზის დანახვა საკმაოდ ძნელია.
● ისლანდიელთა უმეტესობა 11 წლიდან სწავლობს დანიურსა და ინგლისურს.
● კოკა-კოლის მოხმარებით ისლანდიელებს მსოფლიოში ბადალი არ ჰყავთ.
● ისლანდია პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც ქალი პრეზიდენტი ჰყავდა (ვიგდის ფინბოგადოტირი 1980-1996 წლებში).
● ყველაზე გავრცელებული სახელებია ჯონი და ანა.
● სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ისლანდიაში შეადგენს 81.3 წელს ქალისთვის და 76.4 წელს მამაკაცისთვის, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

***

ბოლოს კი National Geographic-ის ფოტოებს გადავავლოთ თვალი 🙂

ისლანდიის მთავარი გზა, რომელსაც ,,სამეფო გზას" უწოდებენ, 1300 კმ-ზეა გაჭიმული

 

სელიალანდსფოსის ჩანჩქერი

 

ლურჯი ლაგუნა ქალაქ გრინდავიკში

 

კლეიფარვატნის ტბა

 

არნავატნი, იგივე არწივის ტბა, ვულკანურ კრატერში მდებარეობს

 

ისლანდიური ცხენები

 

ეკიულსაურლოუნის ტბა, იგივე მყინვარის ლაგუნა

 

ნამაფიალის კრატერი

 

ჩრდილოეთის ციალი

 

60 მ სიმაღლის ჩანჩქერი სელიალანდსფოსი

 

კვარცით მდიდარი ცხელი ტბორი

 

ბარნაფოსის ჩანჩქერები

 

ეკიულსაურლოუნის ტბა

 

ბუნების ორი საოცრება – ვულკანური ამოფრქვევა და ჩრდილოეთის ციალი – ერთ ადგილას

 

ბამბის ველი ლანდმანალაუგარში

 

ჰნაუსაპოლურის ტბა

 

მივატნის ტბა

 

ჩრდილოეთის ციალი

 

უგრძესი ხიდი ისლანდიაში მდინარე სკეიდარაზე


 
 

Advertisements

10 responses to “ისლანდია

  1. cucqira 19/01/2012, 11:56 PM

    რა მცირე მოსახლეობა ქონიათ, საქართველო დიდ ქვეყნად მომეჩვენა ამათთან შედარებით. ისე ამ ქყვეყანაზე რატო დაწერე ისე? ბუნება მართლაც კარგი აქვთ მაგრამ შენ მაინც ჩრდილოეთის ციალი გადაგაწყვეტინებდა ამას 😀

    Like

  2. თამაზი სანაია 20/01/2012, 12:54 AM

    დიდი მადლობა სტატიისთვის… საინტერესო იყო!
    თუ შეგიძლიათ იგივე სახის სტატია დადოთ გრენლანდიისა და ახალი ზელანდიის შესახებ?

    Like

  3. თამაზი სანაია 20/01/2012, 1:04 AM

    მართლა საკმაოდ სასურველი ქვეყანა იქნებოდა საცხოვრებლად ჩემთვის ასე ძალიან რომ არ ციოდეს იქ!

    Like

  4. tsotnee 20/01/2012, 12:39 PM

    აწწწ! “სელიალანდსფოსის ჩანჩქერი” – რა მაგარია! 🙂

    Like

  5. michael 20/01/2012, 5:35 PM

    ლამაზია ისლანდია

    Like

  6. Chiamaria 22/01/2012, 10:52 AM

    “ისლანდიაში ძირითადად ყავას სვამენ. ყავახანებში მხოლოდ პირველი ფინჯნის ფულს იხდიან, ყველაფერ დანარჩენს კი უფასოდ იღებენ. ” ნეტავ რატომ არ მიკვირს. : )
    კარგი სტატია იყო, ძალიან ინფორმატიული და საიტერესო. ერთი ეგაა, ჩემი გასტრონომიული ცნობიმოყვარეობა ძალიან აღძრა იმ “გრაფლაქსად” წოდებულმა კერძმა..

    Like

  7. faifuris angelozi 26/01/2012, 1:44 AM

    თეთრი დათვი მინდა მესტუმროს)) დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ისლანდიაში.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: