უდიდესი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო ძეგლები National Geographic-ის მიხედვით


ვიეტნამელი მეთევზეები კონუსის ფორმის ქუდებით მიეშურებიან სათევზაოდ ჰალონგის ყურეში. ჰალონგი ერთ-ერთია იმ 67 საერთაშორისო ადგილიდან, რომლებიც მსოფლიო მონუმენტების ფონდმა (WMF) შეარჩია პროგრამისთვის “2012 წლის მსოფლიო მონუმენტებზე მზრუნველობა”. სია 2 წელიწადში ერთხელ დგება და ირჩევა კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლები მსოფლიოს გარშემო, რომლებიც კრიტიკულ საფრთხეში არიან ბუნებრივი, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების გამო.

ჰალონგის ყურე ცნობილია უნიკალური მოტივტივე სათევზაო დასახლებებით, რომლებიც სათავეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იღებენ. ტურიზმის განვითარებამ და კლიმატის ცვლილებამ ამ ადგილს დიდი ზიანი მიაყენა, საფრთხეში ჩააგდო თევზაობის მრეწველობა და ტერიტორიის ეკოლოგია.

 


ჰაიტის ერთ-ერთი უძველესი მე-19 საუკუნის თაფლაკვერას სახლი ჯერ კიდევ ფეხზე დგას იანვრის მიწისძვრის შემდეგ, განსხვავებით თანამედროვე აგურის ღობისგან, რომელიც მას გარშემო არტყია. ხის ჩუქურთმებით მორთული სახლები თანდათან სულ უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარდება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამის შეჩერებას ცდილობს. თაფლაკვერას სახლები ევროპული სტილისა და ჰაიტის ტრადიციების ნაზავს წარმოადგენენ, ამიტომ უნიკალური რამაა.

WMF-ის განცხადებით, ისტორიული მნიშვნელობის გარდა, დაცვა იმიტომაცაა საჭირო, რომ ეს შენობები თანამედროვე არქიტექტორებს ასწავლიან, როგორ ააგონ ბუნებრივი კატასტროფების მიმართ გამძლე ნაგებობები. მიწისძვრის დროს ისინი დაზიანდნენ, თუმცა თანამედროვე ბეტონის შენობებზე გაცილებით ნაკლები ზარალი მიიღეს.

 


ბურკინა-ფასოელი ქალი ხელახლა ხატავს მიწის შენობას, რომელიც 1.2 ჰექტარის ფართობის სამეფო სასახლეში მდებარეობს. ეს ადგილი წარმოადგენს კასენას ხალხის მეთაურის რეზიდენციას. ბოლო მეთაური 2006 წელს გარდაიცვალა, თუმცა ნახატებს ისევ ინარჩუნებენ. ბურკინა-ფასოს ამ ადგილას მმართველობის ახალი ფორმის შემოღებაა საჭირო, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ტერიტორიის დაცვა, თუმცა დაცული უნდა იქნას ბალანსი, რომ არც ტრადიცია განადგურდეს და არც დროში გაიყინოს.

 


ჩონჩხი ხელში ნამგლით წარმოადგენს ერთ-ერთ იკონოგრაფიას ბეტ ჰაიმში, მე-17 საუკუნის პორტუგალიურ-ებრაულ სასაფლაოზე, რომელიც ჰოლანდიის ქალაქ აუდეკერკ-ან-დე-ამსტელში მდებარეობს. ძეგლების შერჩევისას დიდი დრო დაუთმეს ძველ სასაფლაოებს, განსაკუთრებით ქალაქურებს, რადგან მათ დიდი კულტურული ღირებულება გააჩნიათ. თუმცა უმეტეს შემთხვევებში ცუდ მდგომარეობაში არიან.

 


ხისგან აგებული რუმის ობოლთა თავშესაფარი, რომელიც თურქეთში, პრინცესას კუნძულებზე მდებარეობს, წარმოადგენს ევროპაში უდიდეს ხის ნაგებობას. გარდა იმისა, რომ შენობა დაძველებულია, ბოლო 50 წელია, უყურადღებოდაა, რამაც მისი მდგომარეობა გააუარესა. თავდაპირველი დანიშნულებით, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ის მდიდრული სასტუმრო და კაზინო იყო, მოგვიანებით კი ობოლთა თავშესაფრად გადაკეთდა და 1964 წლამდე, სანამ დაიხურებოდა, ათასამდე ბიჭი შეიფარა.

 


თვითმფრინავი რეისს ასრულებს უზარმაზარი ანტიკური ობობის თავზე, რომელიც პერუს რეგიონ ნასკაშია გამოკვეთილი სანაპიროს ვაკე ტერიტორიაზე. ეს ობობა ერთ-ერთია ე.წ. “ნასკას ხაზებიდან”, რომლებიც წარმოადგენს ხელოვნების უზარმაზარ ნიმუშებს და თარიღდება ქრისტეს შობამდე 500 წლიდან ქრისტეს შობიდან 500 წლამდე პერიოდით. ეს უძველესი “ტილოები” მთლიანობაში 450 კვ. კმ-ზე მეტ ტერიტორიას ფარავენ.

 


არქეოლოგები ფრთხილად თხრიან მიწას მოზაიკური ქვაფენილის გარშემო უძველეს ქრისტიანულ მონასტერში, რომელიც პალესტინაში, ღაზას ტერიტორიაზე მდებარეობს და ცნობილია, როგორ ტელ-უმ-ელ-ამრი, იგივე წმინდა ილარიონის მონასტერი. აქ არსებული არტეფაქტები და სტრუქტურები რომის იმპერიის პერიოდით თარიღდება. ეს არის ერთადერთი არქეოლოგიური ადგილი ღაზაში, რომელიც ღიაა მკვლევართათვის.

 


ნიუ-იორკის მსხვილი ბანკის, “Manufacturers Hanover Trust Company”-ის, ამჯერად უბრალოდ 510 მეხუთე ავენიუს შენობა წარმოადგენს მეოცე საუკუნის შუახანების არქიტექტურის მნიშვნელოვან ნიმუშს. ის დიდი ხანია ბანკად აღარ გამოიყენება, მინისა და ალუმინის შენობა 1954 წელს გაიხსნა და ამჟამად განხეთქილების მიზეზია. შენობის ამჟამინდელ მფლობელებს სურთ, მისი ორიგინალური ინტერიერი შეცვალონ და განაახლონ. როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ეს შენობა მნიშვნელოვანია, თუმცა ნაკლებად დაფასებული.

 


პოლონეთში მდებარე წმინდა პარასკევას ეკლესიის გახუნებული ფრესკები მე-17 საუკუნით თარიღდება. ეს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია მე-16 საუკუნეში აშენდა ჰორიზონტალურად დაწყობილი მორებისგან, რომლებიც ხის ყავარით გადახურეს და შეფისული სახურავით დაფარეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიცვალა საზღვარი უკრაინასა და პოლონეთს შორის, ეკლესია დაიხურა და პოლონეთის მთავრობის მფლობელობაში გადავიდა.

 


სასახლე, რომელიც დასაბამს იღებს ნანიუეს სამეფოს პერიოდიდან, მდებარეობს აქტიური ქალაქური დასახლების, გუანჯოუს შუაგულში და მისგან მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი. ნანიუეს სასახლე სიაში იმიტომ შეიტანეს, რომ მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი.

 


ბრიტანელი მოქალაქე მისეირნობს ცემენტის მონოლითური ნაგებობის წინ, რომელიც მეოცე საუკუნის შუახანებში პოპულარული არქიტექტურის, ბრუტალისტური სტილის მიხედვითაა აშენებული. მშენებლობა 1976 წელს დასრულდა და მიიჩნევა ხელოვნების გალერეისა და თეატრალური სივრცის არაპრაქტიკულ კომბინაციად. ბევრი ლონდონელი მას სიმახინჯედ თვლის. 2012 წლის მონუმენტების სიაში მყოფი სხვა ძეგლების მსგავსად, ეს შენობაც ითვლება თავისი პერიოდის მოსახლეობისა და მდგომარეობის აღწერის კარგ მაგალითად.

 


დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებობის გამო მეათე საუკუნის ქართული მონასტერი ოშკი სავალალო მდგომარეობაშია და ძლიერ დაზიანდა. ისტორიული ძეგლი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ერთ-ერთ ხეობაში. ოშკი თავისი პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული მონასტერი იყო. საუკუნეების წინ, სანამ მიატოვებდნენ, ის დროებით გადააკეთეს ისლამურ მეჩეთად, როცა რეგიონს ოტომანის იმპერია განაგებდა.

ღაზაში მდებარე ტელ-უმ-ელ-ამრის მსგავსად, ოშკი ხელმისაწვდომი და ღია კულტურული მემკვიდრეობაა პოლიტიკური კონფლიქტების მიუხედავად.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s