მცდარი წარმოდგენები ნუდიზმზე


ბევრი ადამიანისთვის ნუდიზმი თავისუფლებისა და რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ფართო საზოგადოებაში ნუდიზმი (მეორენაირად ნატურალიზმი) ერთ-ერთი ყველაზე არასწორად გაგებული ცხოვრების გზაა. ამიტომ ამ ეგზოტიკური მიმდინარეობის შესახებ დროთა განმავლობაში გარკვეული მითები დაგროვდა.


 
 

● ნუდისტური კურორტები და მოვლენები სექსუალური აქტების ჩატარების ადგილია.
ეს ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა. სინამდვილეში, იქ, სადაც რეალური ნუდიზმის დემონსტრირება ხდება, მკაცრადაა აკრძალული სექსუალური აქტიურობა, ექსჰიბიციონიზმი და ვუაიერიზმი. მსგავსი ქცევები შედეგად იწვევს იმას, რომ აღვირახსნილ მონაწილეს ნუდისტური კლუბიდან აგდებენ და აღარასდროს აბრუნებენ უკან. სხვა მონაწილეებიც თუკი შენიშნავენ დარღვევას, მაშინვე აცნობებენ ხოლმე ორგანიზატორს.

 

● ნუდიზმი სექსუალურ სტიმულაციას იწვევს.
ბევრი ადამიანი, როცა ნუდიზმს გამოცდის, გაოცებული რჩება, რადგან აღმოაჩენენ, რომ სიშიშვლე სულაც არ ყოფილა სექსუალური სტიმული. შიშველ ადამიანთა გარემოცვაში ყოფნის განსაკუთრებით მამაკაცებს ეშინიათ ხოლმე გასაგები მიზეზის გამო, თუმცა მათ წინასწარ უხსნიან, რომ მსგავსი რამის მოხდენის საშიშროება თითქმის არ არსებობს. ნატურალისტების თავშეყრის ადგილზე იმდენი გასართობი რამაა, რომ როგორც წესი, უმეტესობას ავიწყდება კიდეც, შიშვლები რომ არიან. სექსუალური აღგზნების შანსი ნუდისტურ ადგილებზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პლაჟზე ან საცურაო აუზზე, სადაც საცურაო კოსტუმებით დადიან, რადგან ამ შემთხვევაში დამალულია ის, რაც ყურადღებას იპყრობს.

 

● ნუდისტებს მიმზიდველი სხეული აქვთ.
ნუდისტებს, ისევე როგორც დანარჩენ ადამიანებს, განსხვავებული ფორმისა და ზომის სხეულები აქვთ. ნუდისტი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს, აქ მრავალფეროვნებაა ასაკისა და სხვა მახასიათებლების მხრივ. ბევრი ადამიანი იმიტომ ამბობს უარს ნუდიზმზე, რომ რცხვენია საკუთარი სიმსუქნის, სხეულზე არსებული ნაიარევის, ან უბრალოდ იმის, რომ კარგი ფორმის სხეული არ აქვს. რეალურად ნუდიზმი არაა სილამაზის კონკურსი, ნუდისტებში ყველა მსურველი მიიღება და ცუდი ფორმების გამო არავის დასცინებენ.

 

● ნუდიზმი მხოლოდ მოზრდილთათვისაა.
ნუდიზმში დაიშვებიან ბავშვებიც და ხშირია შემთხვევები, როცა მოხალისე ოჯახები ბავშვებთან ერთად მიდიან ხოლმე. ბავშვები ყველაზე ენთუზიასტი ნუდისტები არიან, რადგან მათ ჯერ არ აქვთ განვითარებული საკუთარ ან სხვის სიშიშვლესთან დაკავშირებული სირცხვილის გრძნობა და არც ნუდიზმს აიგივებენ სექსთან. ნუდისტური თავშეყრის ადგილებზე გამოყოფილი ტერიტორიებიც კია ბავშვებისთვის სათამაშოდ და გასართობად. თუმცა ბავშვები მხოლოდ მაშინ დაიშვებიან, თუკი მათ მშობლები ან კანონიერი მეთვალყურეები ახლავთ.

 

● ნუდისტები არიან გარყვნილები, ექსცენტრიკულები და სექსუალურად ნორმიდან გადახრილები.
სინამდვილეში ნუდისტები, როგორც წესი, არიან ღია, გამგები და საკმაოდ მეგობრული ადამიანები. ნუდისტები სიამოვნებით უსმენენ სხვა ადამიანებს და იზიარებენ მათ განცდებს, აზრებსა და შეხედულებებს, შესაძლებლობის შემთხვევაში კი ეხმარებიან კიდეც. ისინი გაშლილი ხელებით ეგებებიან ახალბედებს და ნაკლებად საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა პორნოგრაფია.

 

● ნუდისტები ასექსუალურები არიან.
ბევრი მიიჩნევს, რომ თუკი ადამიანის ცხოვრებაში ნუდიზმი ჩვეულებრივი მოვლენა გახდება და ის ასოცირებული აღარ იქნება სექსთან, სექსუალურობაც თანდათან შემცირდება. რეალურად კი ნუდისტებიც ისევე ქმნიან ოჯახებს და მრავლდებიან, როგორც დანარჩენი ადამიანები. ისინი უბრალოდ არ მიმართავენ სექსს ან არ ფიქრობენ მასზე გამუდმებით შიშვლად ყოფნის დროს, რადგან ეს გაამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ნუდიზმი სექსთან ასოცირდება. მათ, ისევე როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, განცალკევებულ ადგილას ურჩევნიათ სიყვარულით დაკავება.

 

● ნუდისტებს ხელშეუხებლობის განცდა არ აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ნუდისტებს შიშვლად ყოფნა ურჩევნიათ, არც ისეთი აქტიურები არიან კამერების წინ და არც ბოლომდე იხსნებიან ყველა დეტალში. ის, რომ ვიღაც ნუდისტია, აპრიორი არ ნიშნავს, რომ მათი ცხოვრება ღია დღიურია ან თავისუფლად შეიძლება მათთვის სურათების გადაღება. ნატურალისტების გარემოცვაში უმეტესწილად შეზღუდული ან აკრძალულია სურათების გადაღება, ბავშვებისა კი – ყველა შემთხვევაში დაუშვებელი. ამას ვუაიერისტებისა და სექსუალური გადახრების მქონეთა დაფრთხობის მიზნით აკეთებენ. როცა ადამიანი ნუდისტების კლუბს უერთდება, მისი პირადი ინფორმაცია დაცულია, ისევე როგორც სხვა საზოგადო ადგილებში.

 

● ნუდიზმი უკანონოა.
ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ნუდისტური ადგილები შავი ბაზრის მსგავსია, სადაც ადამიანები საიდუმლოდ იკრიბებიან და არ აცხადებენ ოფიციალურად, რადგან ეშინიათ დაპატიმრებისა და დევნის. ცხადია, პლანეტაზე შეიძლება არსებობდეს მსგავსი რეგიონები, თუმცა უმეტეს ქვეყნებში კანონი მკაცრად სულაც არ ეპყრობა ნუდიზმს. როგორც წესი, სიშიშვლე აკრძალულია მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო ნუდისტური ადგილები კი ამ კანონიდან გამონაკლისად ითვლება, რადგან ვინც მანდ მიდის, წინასწარ თანხმდება სიშიშვლეზე. ასეთი ადგილები კი დასახლებული ტერიტორიებიდან შორსაა. გარდა ამისა, ნუდისტური ცხოვრების წესის რეკლამირება ბევრგან ხდება მედიის საშუალებით და ეს არ ითვლება არალეგალურად. ნუდისტებში პოლიციის თანამშრომლებიც კი არიან, ასევე მოსამართლეები და ადვოკატები. თუმცა არის ადგილები, სადაც ნუდისტები შევიწროებაში არიან – მსგავსი ქმედება ოფიციალურად აკრძალულია არკანზასში, ირანში, ერაყსა და საუდის არაბეთში.

 

● ნუდიზმი ახალი ხილია და ისტორიისთვის უცხოა.
ადამიანები თავდაპირველად შიშვლები ცხოვრობდნენ როგორც ისტორიული, ისე ბიბლიური ვერსიით. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ შემოსვის მიზეზი სხეულისთვის სითბოს შენარჩუნება იყო. შემდეგ კი ათასწლეულების განმავლობაში ტანისამოსის სტატუსი შეიცვალა და ის ადამიანის სოციალურ მდგომარეობას აღნიშნავდა. თუკი ესტუმრებით ინგლისის უძველეს ტაძრებს, იხილავთ შიშველი ადამიანების ქანდაკებებს, რომელთა ავტორები არიან პიერ ოგიუსტ რენუარი, დონატელო და მიქელანჯელო ბუანოროტი. ნუდისტური კლუბები ახალია ჩრდილო ამერიკაში, მათ დაახლოებით 1 საუკუნის ისტორია აქვთ, მაგრამ ასევე ახალია საცურაო კოსტუმიც. ისიც დაახლოებით 1 საუკუნის წინ შექმნეს საცურაოდ და საუნისთვის და დროთა განმავლობაში მათი ზომა იკლებს, შესაბამისად სხეულს სულ უფრო ნაკლებად ფარავს. თუკი 1 საუკუნის წინანდელ ამერიკაში მოხვდებით დღევანდელი საცურაო კოსტუმით, პატიმრობა დაგემუქრებათ, ხოლო 2 საუკუნის შემდეგ ალბათ გასაკვირი იქნება, რატომ გაცვიათ ცურვის დროს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: