გავრცელებული ხარვეზები ადამიანის ფიქრებში

ადამიანის გონება საოცარი რამაა. ცოდნა და ფიქრის უნარი გვაძლევს საშუალებას, სწრაფად დავამუშავოთ ინფორმაცია. შეიძლება ერთ საკითხზე ფიქრობდეთ, მაგრამ ტვინის ქვეცნობიერი ათასობით სხვა იდეებს ამუშავებდეს. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი ტვინი არაა სრულყოფილი, მას გააჩნია ხარვეზები, უშვებს შეცდომებს, რაც გარკვეულ სიტუაციებში ვლინდება. ეს ემართება ყველას, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, განათლებისა, ინტელექტისა და სხვა ფაქტორებისა.

***


ხალხის აზრი. საქართველოში ფართოდ გავრცელებული ხარვეზი. ამ დროს იქცევი და საუბრობ ისე, რომ ასიამოვნო სხვას, აირიდო კონფლიქტი, ანუ იყო ისეთი, როგორიც უმრავლესობაა, რეალურად კი არ ხარ ასეთი. ამ მოვლენას “ჯოგის აზროვნებას” ან “ბრბოს აზროვნებას” უწოდებენ. მსგავსი რამ ესადაგება მოდას – იცვამ ისე, როგორც საზოგადოება, გაქვს ისეთი ჰობი, როგორიც სხვებს, ყიდულობ იმ მანქანას, რაც “მოდაშია” და ა.შ. ბევრი რამ ასევე იმიტომ გადადის “მოდიდან”, რომ ე.წ. უმრავლესობას აღარ მოსწონს.

***


რეაქტიული წინააღმდეგობა. ეს წინა პუნქტის საპირისპიროა. ამ შემთხვევაში ადამიანი აკეთებს იმის საპირისპიროს, რასაც მისგან სხვები ელიან. ძირითადად ამის მოტივი არის თავისუფალი არჩევანის შენარჩუნება. განსაკუთრებით ხშირია ეს მოვლენა მეამბოხე თინეიჯერებში, რომლებიც არავის უჯერებენ მათი ახლობლებისა და ნათესავებისგან და ამ გზით ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას. შეიძლება სულაც არ სურდეთ ამის გაკეთება, მაგრამ აზრი, რომ ეს არ უნდა გააკეთონ, ერთგვარად აიძულებს მათ ასე მოიქცნენ.

***


მოთამაშის ცდომილება. ეს არის მიდრეკილება, იფიქრო, რომ მომავალში მოსალოდნელი ცვლილებები წარსულში მომხდარ ფაქტებზეა დამოკიდებული, როცა სინამდვილეში ასე არაა. მაგალითად, თუკი მონეტას ააგდებ 10-ჯერ და ათჯერვე დაჯდება გერბი, შეიძლება იფიქრო, რომ მე-11 შემთხვევაშიც გერბი იქნება, რაც მცდარი მიდგომაა. უხეშად, გერბის მოსვლის ალბათობაც 50%-ია და საფასურისაც. ავიღოთ სხვა მაგალითი: მე ვთამაშობ რულეტს და ბოლო 4 დაჯდომა შავზე იყო. ახლა წესით წითლის დროა არა? არა. წითელზე დაჯდომის ალბათობა ისევ 47.37%-ია (38-დან 18-ია წითლის წილი). ერთი შეხედვით თითქოს ამას რა ახსნა უნდა, მაგრამ ამ მიდგომის გამო ძალიან ბევრი მოთამაშე დამარცხებულა აზარტულ თამაშებში.

***


რეაქტიულობა. მოვლენა, როცა ადამიანები იქცევიან სხვანაირად, როცა იციან, რომ მათ ვიღაც აკვირდება. გასული საუკუნის 20-იან წლებში მსხვილმა კომპანიამ “Hawthorne Works”-მა ჩაატარა ცდა, როგორ მოქმედებდა მუშებზე განათება. შედეგი საოცარი იყო: სხვადასხვანაირი განათება ზრდიდა შრომის ნაყოფიერებას. მაგრამ დასრულდა დაკვირვება და შედეგი ადრინდელს დაუბრუნდა, განათება აღარ მოქმედებდა. ეს იმის გამო მოხდა, რომ რეალურად სინათლე არაფერ შუაში იყო. მთავარი მოტივატორი მუშაობისას გახლდათ აზრი, რომ მათ აკვირდებოდნენ.

***


პარეიდოლია. ეს არის სიტუაცია, როცა რაიმე სურათს ან ხმას ადამიანი ისე აღიქვამს, როგორც თავად აწყობს და მიიჩნევს მნიშვნელოვნად. გავრცელებული ვარიანტებია ცნობილი პოლიტიკოსების ან მომღერლების ჩანაწერის უკან დატრიალება და რაღაც არასასურველი სიტყვების “დაჭერა”, ასევე რაიმე ობიექტებში ან საჭმელში წმინდანთა სახეების დანახვა. ხოლო რეალურად, როგორც წესი, ამ მოვლენას არანაირი სპეციფიკური მნიშვნელობა არ აქვს. მას ისეთი ხასიათი მიეცემა, როგორსაც მხილველი ისურვებს. თუმცა ცხადია, ყველა შემთხვევას არ ეხება.

***


თვითასრულებული წინასწარმეტყველება. ქცევა, როცა რაღაც აზრი შენს დამოკიდებულებაზე მოქმედებს და საბოლოოდ, ამის გამო მართლდება. მაგალითად, მოსწავლეს სჯერა, რომ გამოცდაში ცუდ ნიშანს მიიღებს. ამის გამო სწავლის ხალისი ეკარგება და ნაკლებ დროს უთმობს, წინა მასალასაც აღარ იმეორებს და ისიც ცუდად ახსოვს, რის გამოც მართლა ცუდ ნიშანს იღებს და იძახის, “აი, ხომ ვამბობდი?!” არადა, ამ დროს შეეძლო საპირისპიროდ მოქცეულიყო და კარგი შედეგი ჰქონოდა. მსგავსი რამ ურთიერთობებშიც ხდება. მაგალითად, ადამიანი შეყვარებულია და იწყებს ურთიერთობას, მაგრამ ეჭვი ღრღნის, რომ ეს ურთიერთობა ვერ შედგება. ამის გამო სხვანაირად იქცევა, ნერვიულობს, რაც შედეგად მართლა იწვევს უერთიერთობის გაფუჭებას. ამ მოვლენას კარგად იცნობენ და წარმატებულად იყენებენ მედიუმები.

***


შარავანდედის ეფექტი. მიდგომა, როცა რომელიმე ადამიანის ქცევებში ცდილობ, მუდმივად ცუდი იპოვო, ან მუდმივად კარგი. ეს ხშირად ხდება უფროსსა და დაქირავებულს შორის. მაგალითად, რომელიმე ფირმის თანამშრომელი, სახელად ირაკლი, უკვე სამი დღეა აგვიანებს. ფირმის ხელმძღვანელი ასკვნის, რომ ირაკლი ზარმაცია და სამსახური დიდად არ ანაღლებს, არც მისი პატივისცემა აქვს. რეალურად კი შეიძლება ირაკლი შორს ცხოვრობს, ამ დღეებში მანქანა დაუზიანდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დროზე მისვლას ვერ ახერხებს. შეიძლება ცუდი ამინდის გამო შეყოვნდა და ა.შ. მაგრამ ირაკლის დაგვიანებაზე უფრო დიდი პრობლემა იმაშია, რომ მისი უფროსი არც ცდილობს მიზეზის გარკვევას, არამედ უკვე გამოაქვს ნეგატიური დასკვნა, რომ ის ცუდი თანამშრომელია.

***


ჰიპერბოლური თამასუქი. ტენდენცია, როცა ადამიანს ურჩევნია, მიიღოს მცირეოდენი გასამრჯელო ახლავე, ვიდრე დაიცადოს და მიიღოს უფრო მეტი მომავალში. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კვლევა ჩატარებულა და როგორც აღმოჩნდა, დრო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია არჩევანის გაკეთებისას. მაგალითად, ადამიანების უმეტესობას ურჩევნია, ახლავე მიიღოს $20, ვიდრე ყოველწლიურად $100. მსგავსი გადაწყვეტილება გასაგები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მაშინვე მისაღები თანხა დიდი იქნებოდა, მომავალში მისაღები კი ნაკლები, თუნდაც ვალუტის კურსის გამო.

***


ვალდებულების ესკალაცია. მოვლენა, როცა ხალხი იმეორებს იმავეს, რამაც წარსულში კრახი განიცადა და წარუმატებლობა ისევ გარდაუვალია. ლოგიკური მოქმედება ასეთ სიტუაციებში არის ან მიდგომის შეცვლა და სხვა ხერხების ცდა, ან საერთოდ თავის განებება. მაგრამ უმეტესწილად, არათუ თავს ანებებენ, არამედ უფრო აფუჭებენ საქმეს. მაგალითად, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ შემოსავლის ნახევარი ბიზნესისთვის გადაინახოთ. 6 თვის შემდეგ აშკარაა, რომ ბიზნესი მარცხს მარცხზე განიცდის. სწორი გამოსავალი ან სხვა გზის მონახვაა, ან თავის დანებება. მაგრამ დაკარგული თანხა ისე გაშფოთებთ, რომ კიდევ აგრძელებთ ფულის დაზოგვას, შეიძლება მეტისაც და იგივე შეცდომას იმეორებთ იმ იმედით, რომ დაკარგული ფულის ამოღება მოხდება.

***


პლაცებოს ეფექტი. პლაცებოს ეფექტისას ადამიანი ფიქრობს, რომ უმოქმედო ნივთიერებას რაიმეს განკურნება შეუძლია და იმ შედეგის მიღება, რაც მას სურს. პაციენტებზე ბევრჯერ ჩატარებულა ცდა, მათ შაქრის ნატეხებს აძლევდნენ და არწმუნებდნენ, რომ წამალი იყო. პაციენტების უმრავლესობა თვითშთაგონებით, რეალური წამლის გარეშე გამოდიოდა მდგომარეობიდან და უკეთ ხდებოდა. პლაცებო ჯერ კიდევ ამოუხსნელი საიდუმლოა მეცნიერებისთვის. ჯერ კიდევ დაუდგენელია ზუსტად, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში და რა იწვევს რეალურად ავადმყოფობის დამარცხებას.

***


თვითმომსახურების სინდრომი. შემთხვევა, როცა ადამიანი შინაგან ფაქტორებს ანიჭებს დადებით მნიშვნელობას და გარეგანს – უარყოფითს. ამის კარგი მაგალითი ნიშნებია. როცა მოსწავლეს გამოცდაში კარგი ნიშანი აქვს, ამის მიზეზად მიიჩნევს მის ცოდნას, მონდომებას, შრომისმოყვარეობას. ცუდი ნიშნის მიღებისას კი იგივე მოსწავლე შედეგს აბრალებს მასწავლებლის არაობიექტურობას, ან ცუდად შედგენილ ტესტებს.

***


მიდრეკილება დასტურისკენ. მოვლენა, როცა რაიმე შემთხვევას ან ფაქტს ადამიანი ისე განმარტავს, როგორც თვითონ “აწყობს”. ამით აძლიერებენ საკუთარ შეხედულებებსა და მოსაზრებებს, რაც რეალურად უმეტესწილად, ფაქტების დამახინჯების ხარჯზე ხდება. მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ სავსე მთვარის პერიოდში სასწრაფოს უფრო მეტი გამოძახება აქვს. შემდეგ სადღაც წავაწყდი ცნობას, რომ უკანასკნელი სავსე მთვარეობისას 78 გამოძახება იყო და ჩემი აზრი სწორად ჩავთვალე. მაგრამ მე შეცდომას ვუშვებ იქ, რომ არ ვუყურებ მთლიანი თვის სტატისტიკას. შეიძლება იმ თვეში საშუალო დღიური გამოძახება 90 იყო, რაც ჩემს მოსაზრებას აქარწყლებს. ეს მოვლენა განსაკუთრებით საშიშია მაშინ, როცა მსგავსი მიდგომით ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

***


ვარგისიანობის ჰევრისტიკა. როცა რაიმე მოვლენის მოხდენის ალბათობა ეფუძნება უფრო მარტივ მოგონებებს, იმას რაც უფრო ადვილად შედის თავში. ადამიანებს უჩვეულო რამის უფრო ეშინიათ, ვიდრე ყოველდღიური საშიშროების. მაგალითად, უფრო მეტ ადამიანს ეშინია თვითმფრინავით ფრენისას ავარიაში მოყოლის, ვიდრე მანქანით სეირნობისას. არადა სტატისტიკურად მანქანა უფრო სახიფათოა. ამაში დიდი როლი მედიას უჭირავს, ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ცხოველის ადამიანზე თავდასხმა, გარდაცვალება ოპერაციის დროს, სტიქიური უბედურებები და ა.შ. ხალხიც ამას ისე იღებს, თითქოს მისი მოხდენის შანსი მაღალი იყოს.

***


კონტროლის ილუზია. მცდარი შეგრძნება, როცა ადამიანს ჰგონია, რომ რაიმე მოვლენას აკონტროლებს ან მასზე გავლენა აქვს. ეს ხარვეზი განსაკუთრებით ხშირია მოთამაშეებში, მათ ჰგონიათ, წინასწარ შეუძლიათ განჭვრიტონ, რა მოხდება. მაგალითად, ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ამოიცნონ მონეტა რომელ მხარეს დაჯდება. საინტერესო ფაქტია, რომ კაზინოში თამაშისას როცა კამათლის გაგორების დრო მოდის, დიდი ძალით ისვრიან იმ შემთხვევაში, თუკი მაღალი ციფრის მოსვლა სურთ, ხოლო დაბლის შემთხვევაში – ნელა. ეს კონტროლის ილუზიის მაგალითია. რეალურად, ტყორცნის ძალა არ იძლევა გარანტიას სასურველი კუთხით დაჯდომისა.

***


დაგეგმვის ცდომილება. შემთხვევა, როცა რაიმე ამოცანის შესასრულებლად საჭირო დროის სათანადოდ შეფასება ვერ ხდება. ეს ძირითადად ემართებათ მათ, ვინც ზედმეტად ოპტიმისტურად უყურებენ ყველაფერს. განსაკუთრებით ხშირია მოვლენა მაშინ, თუკი ამ ამოცანის შესრულება პირველად ხდება. მაგალითად, თუ მე ვკითხავ მეზობელს, რა დროა საჭირო უახლოეს მაღაზიამდე მისვლისთვის, გაიხსენებს თვითონ რამდენი სჭირდება და ჩემთან შესაბამისობაში მეტყვის პასუხს. მაგრამ თუ ვკითხავ, რა დრო უნდა ევერესტზე ასვლას, დიდი ალბათობით იმაზე გაცილებით ნაკლებ დროს მეტყვის, ვიდრე რეალურადაა საჭირო. მსგავსი ცდომილება რომ არ დაგემართოთ, დაიმახსოვრეთ ჰოფსტატერის წესი: ყოველთვის უფრო მეტი დრო გჭირდება, ვიდრე გგონია, მაშინაც კი, როცა ითვალისწინებ ჰოფსტატერის წესს.

***


მიდრეკილება თავშეკავებულობისკენ. როცა გადაჭარბებულად აფასებ საკუთარი თავის უნარს, გაუმკლავდე ცდუნებას ან გააკონტროლო იმპულსები. ძირითადად ეს ეხება შიმშილს, ნარკოტიკს და რა თქმა უნდა, სექსს. რეალობა ისაა, რომ ადამიანები ვერ უმკლავდებიან შინაგან მოთხოვნილებებს. შეგიძლია დააიგნორო შიმშილი, მაგრამ ვერ მოსპობ მას. როგორც იტყვიან, ცდუნების არიდების გზა მასთან ზიარება არისო. ამიტომ შიმშილის მოკვლის ერთადერთი გზა საკვების მიღებაა. იმპულსებთან გამკლავება ძალიან რთული საქმეა, რასაც დიდი ვარჯიში სჭირდება. ამის მიუხედავად, ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ სხვაზე უკეთ შეუძლია ამის გაკეთება.

***


სამართლიანი სამყაროს ფენომენი. მოვლენა, როცა უსამართლობის მოწმე ეძებს მიზეზს, რომ მომხდარი გაამართლოს და იპოვოს ხელმოსაჭიდი რამ, რითაც დადასტურდება, რომ დაზარალებული იმსახურებდა ამას. კარლ ველესლის უნივერსიტეტმა ასეთი ცდა ჩაატარა: მონაწილეებს ერთსა და იმავე ამბავს უყვებოდნენ ქალისა და კაცის უთიერთობაზე განსხვავებული დასასრულით. პირველში კაცი აუპატიურებს ქალს, მეორეში კი ცოლობას სთავაზობს. ორივე შემთხვევაში მონაწილეები ამბობდნენ, რომ ამ შედეგამდე მისვლა ქალის ქმედებებმა გამოიწვია.

***


შენაძენის ეფექტი. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი უფრო მეტს ითხოვს რაიმე ნივთის დათმობის სანაცვლოდ, ვიდრე გადაიხდიდა ყიდვისას. ამ მოვლენის ახსნა დაფუძნებულია ჰიპოთეზაზე, რომ საკუთრებას ნორმაზე მაღალ შეფასებას ვაძლებთ. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა საქმე მიდგება მანქანის გაყიდვაზე, მფლობელები ადებენ მაღალ ფასს, რის გამოც ყველა ცხვრის უბზუებს. ეს მოვლენა დაკავშირებულია ერთ-ერთ თეორიასთან, ე.წ. ზარალის ზიზღთან, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ქცევის მიზეზი დანაკარგის თავიდან აცილება უფროა, ვიდრე სარგებლის მიღების სურვილი.

***


ბრმა ლაქის სინდრომი. მოვლენა, როცა ადამიანები არ აღიარებენ საკუთარი აზროვნების ხარვეზებს, ისეთებს, როგორებიც მაგალითად ამ პოსტშია. პრინსტონის უნივერსიტეტში კვლევა ჩაატარეს, სადაც მონაწილეებს უხსნიდნენ ისეთ რამეებს, როგორიცაა თვით-მომსახურების სინდრომი და შარავანდედის ეფექტი. როცა ჰკითხეს, ეს ხარვეზები რამდენად მიესადაგებოდათ მათ, ყველამ განაცხადა, რომ ასეთი რამეები ნაკლებად ახასიათებდათ. ეს არის სინდრომი, როცა ადამიანი საკუთარ თავს ახასიათებს უკეთესად, ვიდრე საშუალო მოქალაქეა.

Advertisements

14 responses to “გავრცელებული ხარვეზები ადამიანის ფიქრებში

  1. nancygaladriel 20/09/2011, 2:26 PM

    ძალიან საინტერესოა

    Like

  2. cucqira 21/09/2011, 3:55 PM

    აქედან მარტო პლაცებოს ეფექტზე ვიცოდი 🙂

    ჰოფსტატერის წესს კიდე არ ვეთანხმები მე 🙂

    Like

  3. cucqira 22/09/2011, 4:25 PM

    ყოველთვის უფრო მეტი დრო გჭირდება, ვიდრე გგონია, მაშინაც კი, როცა ითვალისწინებ ჰოფსტატერის წესს.

    რატომ და მე ყოველთვის ნაკლები დრო მჭირდებახოლმე ვიდრე მგონიახოლმე 🙂 უნივერსიტეტში რო მაგვიანდებახოლმე და მგონიახოლმე დავაგვიანეთქო დროზე ადრე მივდივარხოლმე და დროც მრჩებახოლმე 🙂

    Like

  4. Ruska Beridze 24/09/2011, 6:14 PM

    ბოლოს გარდა ყველა მესადაგება :დ

    Like

  5. Ruska Beridze 24/09/2011, 6:15 PM

    რაღაც მომენტებში : ))

    Like

  6. მარიტა ♔ 10/10/2011, 11:30 PM

    ყველა შემხვედრია ცხოვრებაში, ზოგი საკუთარ თავში ვაღიარებ! , ზოგიც მეგობრებში 🙂 ძალიან საინტერესო იყო ისე.. მალე ჩავიკითხე და ყურადღებით.

    Like

  7. გია 19/11/2011, 7:15 PM

    ჩემთვის ნიშანდობრივია ხალხის აზრი და რეაქტიულობა.საინტერესო პოსტია,მადლობა ავტორო

    Like

  8. BergFrau 09/12/2011, 4:39 PM

    ძალიან საინტერესოა. გამიხარდა, რომ ვნახე ეს პოსტი.

    Like

  9. Giorgi Dadeshqeliani 11/12/2011, 9:00 PM

    კარგი პოსტია

    Like

  10. Pingback: 2011 წლის საუკეთესო პოსტები « ჩრდილოეთის ციალი

  11. mwvanevashli 23/02/2013, 11:59 PM

    სასარგებლო პოსტია. ისე, დიდი ხანია აღარცერთ ბლოგზე აღარ ვყოფილვარ, შემომიტყუა :დ

    Like

  12. Lizi Khoperia 27/03/2013, 10:32 PM

    dzalian sainteresoa… vagiareb ramdenime maxasiatebs :))

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: