ბავშვების ჩაგვრის ყველაზე საზარელი შემთხვევები მსოფლიოში


იდეებით გაბრუება და ტვინის გამორეცხვა. პალესტინელ, არაბ და ზოგადად მუსლიმურ სამყაროში მცხოვრებ ბავშვებს ხშირად პატარაობიდანვე ასწავლიან, რომ ებრაელები უნდა სძულდეთ. აჩვევენ იმ აზრს, რომ ჯიჰადი, ძალადობა, სიკვდილი და თავის გაწირვა კეთილი საქმეა, მათი კულტურისა და ბედისწერის შემადგენელი ნაწილი. მადრასებში, არაბულ სამყაროში არსებულ ისლამურ სკოლებში, მასწავლებლებად ხშირად ბოროტმოქმედები ჰყავთ.

ერთ-ერთი 12 წლის მოსწავლე, რომელიც 2003 წელს გაიქცა კენიური მადრასიდან, შემდგომში ყვებოდა: “ეს საშინელი ადგილი იყო, გვიკრავდნენ ხელებსა და ფეხებს, ზოგჯერ ერთმანეთზე გვიბამდნენ. სადილისა და საუზმის დროს გვცემდნენ, დუნდულებზე წკეპლას გვირტყამდნენ. ვჭამდით ჯაჭვებით, გვეძინა ჯაჭვებით, ჯაჭვებით მივდიოდით ტუალეტში. ზოგჯერ სახურავზე დამაგრებულ კაუჭზე გვკიდებდნენ და ასე გვტოვებდნენ. გვაზეპირებინებდნენ ყურანს, თუ შეგვეშლებოდა, ვისჯებოდით.” მადრასებში ბავშვების წამება ყველაზე ხშირად ფიქსირდება პაკისტანში, ავღანეთსა და სუდანში. მოსწავლეების საერთო რაოდენობაა 800 000-დან 1 მილიონამდე. მადრასებს ხშირად მფარველობენ რელიგიური ორგანიზაციები. ბავშვებს იტყუებენ უმეტესად ღარიბი ოჯახებიდან, სთავაზობენ რა უფასო საკვებსა და თავშესაფარს.

 


სიღარიბე. UNICEF-ის მონაცემებით, ყოველდღე 25 000 ბავშვი კვდება სიღარიბის გამო. განვითარებადი ქვეყნების ბავშვებიდან 27-28% ზრდაშეჩერებულია ან წონის მაჩვენებელი ნორმაზე დაბალი აქვს. ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა ამ მხრივ სამხრეთ აზიისა და სუბსაჰარული აფრიკის რეგიონებში. განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობიდან 1.1 მილიარდ ადამიანს საკმარისად არ მიეწოდება წყალი, ხოლო 2.6 მილიარდს არ აქვს ნორმალური სანიტარული ნორმები. 3-დან 2 ადამიანს არ გააჩნია სუფთა სასმელი წყალი. წელიწადში 1.8 მილიონი ბავშვი კვდება დიარეის მიზეზით. განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები 1.9 მილიარდი ბავშვიდან 640 მილიონს არ აქვს ნორმალური თავშესაფარი, 400 მილიონს არ აქვს სუფთა წყალი, 270 მილიონს არ აქვს ჯანმრთელობის დაცვის საშუალება.

2003 წელს გარდაიცვალა 5 წელს მიღწეული 10.6 მილიონი ბავშვი, რაც საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთისა და იტალიის მთლიან მოსახლეობას უტოლდება. წელიწადში 1.4 მილიონი ბავშვი იღუპება სანიტარიისა და სუფთა წყლის არარსებობის გამო, 2.2 მილიონი კი – ვაქცინაციის გაუკეთებლობის გამო. მილიონობით მშობელი იძულებულია, შეეგუოს იმ აზრს, რომ მათმა შვილებმა შესაძლოა, სიცოცხლის პირველი წლებიც ვერ გადალახონ. არადა იმ დაავადებების უმეტესობა, რაც ბავშვებს იწირავს, განკურნებადია.

 


ლტოლვილად ცხოვრება. მსოფლიოში 50 მილიონი ლტოლვილიდან და გადასახლებულიდან დაახლოებით ნახევარს ბავშვები შეადგენენ. ლტოლვილი ბავშვების გამრავლების უმთავრესი მიზეზი ომებია. ომია ასევე ბავშვების დაშავების, სიკვდილისა და დაობლების მიზეზი. ბოლო ათწლეულში ომმა შეიწირა 2 მილიონი ბავშვი, დაჭრა 6 მილიონი და დააობლა 1 მილიონი. ბავშვები ასევე გარბიან საცხოვრებლიდან, რადგან მათ ეშინიათ გაუპატიურების, სექსუალური მონობის, მძიმე სამუშაოში ჩართვის. ამას ემატება სხვა ვითარებებიც, მაგალითად ყოველ წელს 40 მილიონ ბავშვს არ ეძლევა დაბადების მოწმობა, რაც ართმევს მათ კანონიერ სახელსა და ეროვნებას. ომი და შიდსის ეპიდემია ერთდროულად მოქმედების დროს საშინელ შედეგებს იღებს. განსაკუთრებით ეს აფრიკაშია შესამჩნევი. რუანდას სამოქალაქო ომმა 45 000 ბავშვი აიძულა, საოჯახო მეურნეობებს თავად ჩასდგომოდნენ სათავეში. აქედან 90% გოგონა იყო.

არსებობს ტერმინი “გამოყოფილი ბავშვები”, რომლითაც აღნიშნავენ 18 წელს ქვემოთ ისეთ პიროვნებებს, რომლებიც ცხოვრობენ სამშობლოს გარეთ, არ ჰყავთ არც მშობლები და არც მფარველები, რომ მოუარონ. ყოველ წელს 20 000 ასეთ ბავშვს იფარებენ სხვადასხვა ორგანიზაციები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ზოგადად თავშესაფრის მაძიებელთა ნახევარი ბავშვებზე მოდის. თუმცა ყველა მათგანს არ აძლევენ ლტოლვილის სტატუსს. მაგალითად, ევროპაში 50 000 “გამოყოფილი” ბავშვია, მათგან ლტოლვილად მხოლოდ 1-5% ითვლება.

 


განათლების უკმარისობა. 100 მილიონზე მეტ ბავშვს არ შეუძლია სკოლაში სიარული. ვისაც დაწყებით კლასებში შეაქვს განცხადება, მათგან დაახლოებით 150 მილიონი შემდეგ თავს ანებებს, რისი მთავარი მიზეზიც მსოფლიოს 92 ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სახის გადასახადია. სასკოლო განათლების მიღება განსაკუთრებით რთულია სოციალურად არახელსაყრელი სეგმენტის მოსახლეობისთვის, რომლებიც ძირითადად არიან ღარიბები, ობლები, ფიზიკური დეფექტისა და შეზღუდული უნარის მქონეები. ამას კი შედეგად მოაქვს ის, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში 15-24 წლის ახალგაზრდებში 15% გაუნათლებელია.

ცხადია, მნიშვნელოვანია ისიც, თუ სად იბადება ბავშვი. ზოგიერთ არეალში განსაკუთრებით რთულია განათლების მიღება. მაგალითად, ინდოეთის მაღალ არეალებში წელიწადში 7 თვის მანძილზე ამინდი მკაცრია და არახელსაყრელი სკოლაში მოსიარულეთათვის, რაც აიძულებს ბავშვებს, სახლში დარჩნენ. თავისი როლი აქვს სქესსაც. 25 ქვეყანაში მაღალ კლასებში მოსიარულე ბიჭების რაოდენობა გოგონებისაზე მინიმუმ 10%-ით მეტია. ხოლო ინდოეთში, ნეპალში, ტოგოში, თურქეთსა და იემენში ეს მაჩვენებელი ადის 20%-მდე და ზოგჯერ აჭარბებს კიდეც. ყველაზე ცუდი მდგომარეობაა სამხრეთ აზიაში, სადაც სკოლის მოსწავლეა ბიჭების 52% და გოგონების 33%. სუბსაჰარულ აფრიკაში იგივე მაჩვენებლებია მხოლოდ 27% და 22%. ბევრ ქვეყანაში რელიგიური თუ კულტურული მოტივების საფუძველზე მიაჩნიათ, რომ გოგონებისთვის შეუფერებელია სკოლაში სიარული.

 


უარყოფილი ბავშვები. მიტოვებული ბავშვების საკითხი ისევ მწვავედ დგას მსოფლიოში. მისი ძირითადი მსხვერპლი ჩვილი ბავშვები არიან. მკვლევარ ჯეიმს გაუდინის თქმით, ასეთ ბავშვებს ძალიან უჭირთ ენის ათვისება, სიტყვების წარმოთქმა, უქვეითდებათ გაგების უნარი. უარყოფილ ბავშვებს ასევე აქვთ დაბალი შედეგები ინტელექტუალური კოეფიციენტის (IQ) ტესტებში.

ემოციური უარყოფა, რომელიც მშობლის მხრიდან უყურადღებობაში და ნაკლები სითბოს გამომჟღავნებაში გამოიხატება, აისახება ბავშვის განვითარებაზე. ხშირად ამის გამო ბავშვი ფიზიკურად ნორმალურად ვერ ვითარდება, იშვიათ შემთხვევებში კი შედეგად სიკვდილი მოსდევს. შვილების მიმართ უყურადღებობა გამოიხატება მშობლების მიერ მათი სანიტარიის დაუცველობით, ცივ ამინდში შეუსაბამოდ ჩაცმით, განათლების მიღების საკითხში უყურადღებობით, წარმატების მიღწევაში ხელშეუწყობით, პრობლემების გადაჭრაში დაუხმარებლობით. ასეთი ბავშვების წილი ნიუ-ჰემფშირში (აშშ) არის 3.2%, მონრეალში (კანადა) – 10%, სინგაპურში – 19.4%, ბუსანში (კორეა) – 36.4%.

 


მუშა ბავშვები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Labor Organization) მონაცემებით, მსოფლიოში 5-14 წლის ასაკის ბავშვებიდან 211 მილიონი მუშაობს. მათგან 120 მილიონი სრული დროით, რათა ხელი შეუწყონ ოჯახს ფინანსურ საკითხებში. მილიონობით ბავშვია მსოფლიოში, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ ძალით ამუშავებენ. არამარტო იმიტომ, რომ მუშაობისთვის მცირე ასაკისანი არიან, არამედ ხშირ შემთხვევაში ამას იძულებით აკეთებენ და არა ნებით. უმეტესად კი ამაში მშობლები არიან დამნაშავეები – ეს ხდება დამატებითი შემოსავლის მიღების ან ვალის გადახდის მიზნით.

ხშირად ბავშვებს იტაცებენ კიდეც და ოჯახიდან შორს მიჰყავთ, ან სხვაგვარად ატყუებენ, შემდეგ კი საროსკიპოებში აბარებენ ან მძიმე ექსპლუატაციაში ჰყავთ. გარდა ამისა, მილიონობით ბავშვი იძულებულია, საოჯახო საქმეები – მაგალითად საქონლის მოვლა, სახლის დალაგება – ადრეული ასაკიდან იტვირთოს. მძიმე პირობების გარდა, საქმეს ისიც ართულებს, რომ იმეტესად მუშა ბავშვებს მცირე გასამრჯელოს აძლევენ. მათგან ითხოვენ იმაზე მეტს, ვიდრე ფიზიკურად შეუძლიათ. აყენებენ ისეთ სიტუაციაში, რაც ვნებს ბავშვების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და ნორმალურ განვითარებას. ხდებიან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზი.

 


ბავშვების პროსტიტუცია. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ტაილანდში მეძავთა მესამედი არის 18 წელს ქვემოთ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი მყარად იზრდება და სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში ბავშვები შეადგენენ სხეულით მოვაჭრეების 5-20%-ს. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) შეფასებით, ფილიპინებში 60 000 მეძავი ბავშვია და ქალაქ ანჯელესში 200-ზე მეტ საროსკიპოს მომსახურე პერსონალში შედიან ბავშვები.

ინდოეთში 14 წელს ქვემოთ ასაკის 200 000 ნეპალელი გოგონა გაყიდეს და შემდეგ პროსტიტუციაში ჩართეს. ნეპალელ გოგონებს ღია ფერის კანი აქვთ, ამიტომ ინდოეთში ძვირად ფასობენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ქალწულები არიან. ყოველ წელს 10 000 ნეპალელ გოგონას ყიდულობენ ინდური საროსკიპოები, მათი უმეტესობა კი 9-16 წლისაა. სალვადორში (სამხ. ამერიკა) 14-17 წლის მეძავებს შორის მესამედს ბიჭები შეადგენენ. მეძავი ბავშვების საშუალო ასაკი მსოფლიოს მასშტაბით შეადგენს 13 წელს.

 


ბავშვების ინტერნეტ-პორნოგრაფია. ბავშვებზე მონადირეებისთვის ინტერნეტი წარმოადგენს ვირტუალურ სათარეშო ადგილს. ეს არის ადგილი, სადაც თავისუფლად და ყველაზე ხშირად ხდება კანონის დარღვევა. იმის მიუხედავად, რომ პედოფილიური პორნოგრაფია უკანონოა, არახელსაყრელი პირობების გამო ასეთი შემთხვევების მხოლოდ 2%-ის გამოძიება ხდება. ინტერპოლის სტატისტიკის მიხედვით კი გამოძიებული შემთხვევებიდანაც ცოტაოდენი სრულდება სასჯელაღსრულებით.

2008 წლის 2 სექტემბერს ოპრა უინფრიმ თავის შოუში აჩვენა რუკა, სადაც ნათლად იყო ნაჩვენები, თუ რა სწრაფად შეიძლება გავრცელდეს ბავშვების პორნოგრაფიის ხასიათის თუნდაც ერთი ფოტო. ვაშინგტონში მდებარე კომპიუტერიდან ინტერნეტში გაშვებული სურათი 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა. ბავშვების პორნოგრაფიაზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ ეს სფერო სულ უფრო მეტად ფართოვდება.

 


ტრეფიკინგი და მონობა. ტრეფიკინგი თანამედროვე მონობის სწრაფად მზარდი ფორმაა, რომელიც გავრცელებულია ყველა კონტინენტზე და ქვეყნების უმეტესობაში. ბავშვებით ვაჭრობის ხშირი შემთხვევებია ბანგლადეშში, პაკისტანში, სუდანსა და იემენში, შემდეგ კი უმეტესწილად გადაჰყავთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და აქლემების ჟოკეიდ იყენებენ. მონობის საწინააღმდეგო არასამთავრობო ორგანიზაციის Anti-Slavery International-ის მტკიცებით კი, იგივე შემთხვევები იმავე მიზნით ხდება სპარსეთის ყურის ქვეყნებში – ქუვეითში, კატარში, ომანში.

ბავშვების გამოყენება აქლემის ჟოკეებად თავისთავად ცხადია, რომ უკიდურესად საშიში ქმედებაა და შეიძლება გამოიწვიოს მათი სერიოზული დაშავება, რიგ შემთხვევებში – სიკვდილიც. ასეთ ბავშვებს ხშირად სჯიან, არ აძლევენ ნორმალურად კვების საშუალებას და სცემენ. ბავშვების გარიდება ოჯახებიდან და წაყვანა ისეთ ქვეყანაში, სადაც არის სრულიად განსხვავებული ხალხი, ენა, კულტურა, აიძულებს ბავშვებს, მთლიანად დაემორჩილონ მათ მყიდველებს და გახდნენ დამოკიდებულნი. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში 200 000 ბავშვია მონად ქცეული. ბიჭებს ყიდიან ბამბისა და კაკაოს პლანტაციებზე სამუშაოდ, გოგონებს კი მსახურებად და მეძავებად აქცევენ ხოლმე. ბავშვებს ზოგჯერ იტაცებენ, ზოგჯერ თავად ოჯახი ჰყიდის მათ. ფასი კი შეიძლება სულ რაღაც $14 იყოს.

 


ჯარისკაცი ბავშვები. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვებს ირჩევენ როგორც შეიარაღებული ძალები, ისე შეიარაღებული ოპოზიციური დაჯგუფებები, შემდეგ კი იწყებენ მათ გაწვრთნას მეომრებად. 18 წელს ქვემოთ დაახლოებით 250 000 ბავშვია დღეს ჯარისკაცი და იბრძვიან ცხელ წერტილებში, ამას დამატებული ასი ათასობით სხვა ჯარისკაცი ბავშვი, რომლებიც რეზერვში ჰყავთ და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩართონ ომში. მათი ასაკი უმეტესწილად 15-დან 18 წლამდე მერყეობს, თუმცა მსგავს ქვეყნებში ახალწვეულთა მიღება 10 წლიდან ხდება, ზოგჯერ კი უფრო მცირე ასაკიდანაც. ამის დასადასტურებლად ბევრჯერ გამოუაშკარავებიათ სამხედრო დოკუმენტები და აღრიცხვები.

ბავშვების მანიპულირება ადვილია, ამიტომ მათ ადვილად უბეჭდავენ თავში იდეებს და უბიძგებენ ისეთი საშინელებების ჩადენისკენ, როგორიცაა მშვიდობიანი მოსახლეობის გაუპატიურება და მკვლელობა. მათი იარაღი უმეტესწილად არის AK-47 და G4. ხანდახან უბრძანებენ, საკუთარი ან სხვა ბავშვების ოჯახის წევრები დახოცონ. სხვები მსახურობენ მზარეულებად, ჯაშუშებად, მცველებად, მაცნეებად ან სექსუალურ მონებად.

 
 

შენ ისევ ფიქრობ, რომ ცხოვრებაში არ გაგიმართლა?
 

Advertisements

4 responses to “ბავშვების ჩაგვრის ყველაზე საზარელი შემთხვევები მსოფლიოში

  1. Chiamaria 21/07/2011, 2:07 PM

    გული დამეწვა

    Like

  2. გია 17/11/2011, 11:25 PM

    ცივილიზებულ ქვეყნებში ადამიანის დაცულობის მხრივ კარგი მდგომარეობა არ ნიშნავს იმას რომ ადამიანი ადამ და ევას მერე,გაიზარდა.ის ისეთივე პირველყოფილი დარჩა (ან უფრო უარესი)როგორიც იყო

    Like

  3. Pingback: 2011 წლის საუკეთესო პოსტები « ჩრდილოეთის ციალი

  4. Irakli Rizhamadze 09/01/2012, 12:36 AM

    ძალიან საინტერესო პოსტია 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: