როგორი მამები არიან ცხოველები?

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ყველაზე გავრცელებული ბუ – დიდი რქიანი ბუ – შრომისმოყვარე პარტნიორი და მამაა. გვიან ზამთარში, როცა მისი მეწყვილე ბუდეში რჩება 2 ან 3 კვერცხთან, მამრი დაფრინავს და მათთვის აქტიურად ეძებს საკვებს. მიაქვს თაგვები, ვირთხები, ციყვები. როცა ნაშიერები იჩეკებიან, საქმე ურთულდება – დამატებით ორი ან სამი მღრღნელის მიტანა უწევს.


 
 

მამრი ფლამინგოები მოსიყვარულე ქმრები და ყურადღებიანი მამები არიან. ისინი ცხოვრობენ ჯგუფურად და მათმა რაოდენობამ შეიძლება ასობით ათასი შეადგინოს. თუმცა უმეტესად ისინი მონოგამები არიან – მთელი ცხოვრება ერთ პარტნიორთან რჩებიან. მამრი ბუდის ადგილის შერჩევას მდედრს ანდობს, შემდეგ კი ტალახისგან მასთან ერთად ძერწავს. დადებულ კვერცხს რიგრიგობით მეთვალყურეობენ და ბუდესაც მონაცვლეობით იცავენ.

 
 

წითელი მელა მზრუნველი მამაა, ხშირად ეთამაშება ლეკვებს და სახლში საკვები მიაქვს მთელი ოჯახისთვის. თუმცა სამი თვის ასაკიდან პატარა მელიებს თავად უწევთ საშოვარზე სიარული. მამა აქაც ეხმარება და არ ტოვებს მშიერს – საკვებს ახლომახლო მალავს და ამგვარად ასწავლის მათ ყნოსვის გამოყენებას.

 
 

რეა სამხრეთ ამერიკის მობინადრე დიდი, უფრთო და ფრენის უნარის არმქონე ფრინველია, რომელიც სირაქლემებს ენათესავება. მართალია, მონოგამი არაა, მაგრამ ვერავინ დაადანაშაულებს იმაში, რომ ცუდი მამაა. შეწყვილების ყოველ სეზონზე მამალი რეა აგებს ბუდეს და მისი ჰარამხანის მდედრებს ეპატიჟება შიგნით, რომ კვერცხები დადონ. ასეთი მდედრების რაოდენობა 15-მდე ადის, კვერცხებისა კი – 25-50-მდე. ამის შემდეგ მდედრები სხვა მამრის საძებნელად მიდიან, მამრი კი კვერცხებზე ჯდება. 6 კვირის განმავლობაში ის ძალიან ცოტას ჭამს და იშვიათად ტოვებს ბუდეს. გამოჩეკის შემდეგაც თავგამოდებით იცავს ბარტყებს – უხეში და აგრესიულია ყველა არსების მიმართ, ვინც მათ მიუახლოვდება, გინდაც ეს იყოს დედალი რეა.

 
 

მართალია, მამალი ზღვის ცხენები არ ეთამაშებიან შვილებს და არც კუდში დასდევენ, მაგრამ ერთი რამით ჯობნიან სხვებს: ისინი ცხოველების იმ უიშვიათეს სახეობებში შედიან, რომლებშიც ნაშიერს მამრი აჩენს. ეს არსებები ტროპიკული და ზომიერი სარტყლის წყლებში ბინადრობენ. მამრ ზღვის ცხენებს ჩანთის ფორმის ნაკეცი აქვთ მუცლის მხარეს. შეწყვილებისას მდედრი ამ ჩანთაში კვერცხებს ყრის, მამრი კი ანაყოფიერებს მათ. შემდეგ გამოჩეკამდე ატარებს და საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდგომ პატარა ზღვის ცხენებს გარეთ, ღია წყალში უშვებს.

 
 

ტრადიციული მშობლის როლი პირიქითაა საიმპერატორო პინგვინებში, რომლებიც ანტარქტიკული ყინულების მობინადრენი არიან. ზამთრის შეწყვილების პერიოდში მდედრი დებს კვერცხს, შემდეგ კი საკვების საძიებლად სასწრაფოდ წყლისკენ მიეშურება. კვერცხის თბილად შენახვის ტვირთი გადაინაცვლებს მამრის მხრებზე, ან უკეთ რომ ვთქვათ, ტერფებზე. მამრი ფეხებზე იდებს კვერცხს, აბალანსებს და ბუმბულიანი სხეულით ეფარება. ორი თვის განმავლობაში მამრი საერთოდ არაფერს მიირთმევს და მთლიანად ანტარქტიდელი თანამოძმეების იმედზეა. როცა პატარა პინგვინი გამოიჩეკება, მამა კვებავს რძით, რომელიც საყლაპავ მილში არსებულ ჯირკვალში გამომუშავდება. ამის შემდეგ ბრუნდება მდედრი და განაგრძობს პატარაზე ზრუნვას, მამრი კი საკვების საძიებლად მიდის ზღვაში.

 
 

მამრი ორეოფრინის ბაყაყი პაპუა-ახალი გვინეიდან მშობლის მოვალეობას ასრულებს: მეთვალყურეობს კვერცხებს და ორ ახლად გამოჩეკილ ნაშიერს. ყოველ ღამეს ის ეხვევა და სხეულით ეფარება კვერცხებს, სავარაუდოდ იმისთვის, რომ ნესტი შეუნარჩუნოს, ან დაიცვას პატარა მტაცებლებისგან, მაგალითად მწერებისგან.

 
 

აფრიკული მამრი ლომები უსაქმურობით არიან ცნობილები. ხშირად კოტრიალობენ ჩრდილში, უყურადღებოდ ტოვებენ ბოკვერებს იმ დროს, როცა მდედრები სიცოცხლესაც აგდებენ საფრთხეში მათთვის ნადირობისას. როცა მდედრი ნადავლს მოიტანს, მამრი ყოველთვის პირველი მიირთმევს მას, ხშირად მიაძღება და მხოლოდ ნარჩენებს უტოვებს ოჯახის წევრებს. მამობრივი ინსტინქტი მხოლოდ მაშინ იღვიძებს, როცა ბოკვერები საფრთხეში არიან. ამ დროს ლომის მეფური მრისხანება იღვიძებს და ოჯახის დასაცავად ყველაფერს აკეთებს.

 
 

გრიზლის დათვები ცუდი მამები არიან – მონაწილეობას არ იღებენ პირმშოების აღზრდაში. ეს კიდევ საპატიებელი იქნებოდა, რომ არა მეორე, უფრო ცუდი ჩვევა: ისინი კლავენ ნებისმიერ გრიზლის ბელს, რომელიც მათ ტერიტორიაზეა და არაა მათი შვილი. რამდენიმე თეორია არსებობს, მაგრამ მეცნიერებს მაინც ვერ ამოუხსნიათ, რა არის ამ უცნაური ქცევის მიზეზი.

 
 

მამალი ვერცხლისფერზურგიანი მთის გორილა მკაცრი არისტოკრატის როლს თამაშობს. მეთაური ოჯახისა, რომელიც შეიძლება 30 წევრისგან შედგებოდეს, თავად ასწავლის პატარებს საჭმლის მოძიებას, აგვარებს შფოთს კლანში, იბრძვის საფრთხის ასარიდებლად. საფრთხე ძირითადად მოდის სხვა მამრი გორილებისგან, რომლებიც ვერცხლისფერზურგიანი გორილების ოჯახზე თავდასხმისას პატარებს ხოცავენ. მამები, როგორც წესი, ნაზად ექცევიან შვილებს, მაგრამ მოთმინება ელევათ, თუკი ერთ-ერთი მათგანი განგებ აღიზიანებს ან პირველობაში ეცილება.

Advertisements

One response to “როგორი მამები არიან ცხოველები?

  1. cucqira 28/06/2011, 7:42 PM

    ლომი რა უსინდისოა 😀

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: