კარლ სეიგანი – რატომ უნდა ვერკვეოდეთ მეცნიერებაში

მეცნიერული უცოდინრობა საფრთხეს უქმნის ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობას, ეროვნულ უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ პროცესს. მეტი ძალისხმევაა საჭირო.

კარლ სეიგანი, 1989 წლის 10 სექტემბერი. გაზეთი „Parade”

თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი, ის მელოდებოდა, ხელში ეჭირა აბრა, რომელზეც ჩემი სახელი ეწერა. მე მეცნიერებისა და ტელეწამყვანების კონფერენციაზე მივდიოდი, ორგანიზატორებმა კი თავაზიანობა გამოიჩინეს და მძღოლი გამომიგზავნეს.

„წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რაღაც რომ გკითხოთ?” მითხრა მან, ვიდრე ჩემს ბარგს ველოდებოდით. „უცნაური არაა, რომ ზუსტად ის სახელი და გვარი გაქვთ, რაც იმ მეცნიერს?” მისახვედრად ცოტა დრო დამჭირდა. ხომ არ მეხუმრებოდა? „მე ვარ ის მეცნიერი”, ვუპასუხე მე. მან გამიღიმა. „უკაცრავად, ჩემი ბრალია. მე მაქვს ეგ პრობლემა და თქვენს შემთხვევაშიც იგივე მეგონა.” ხელი გამომიწოდა. „მე უილიამ ფ. ბაკლი ვარ” (სინამდვილეში ზუსტად უილიამ ფ. ბაკლი არ ერქვა, თუმცა კამათის მოყვარული ტელეწამყვანის სახელ-გვარი ჰქონდა, რის გამოც უდავოდ ხშირად უწევდა ხუმრობების მოსმენა).

როცა მანქანაში ჩავსხედით და ხანგრძლივი მგზავრობისთვის მოვემზადეთ, მითხრა, რომ მოხარული იყო, მე რომ ვიყავი „ის მეცნიერი” – მითხრა, რომ მეცნიერების შესახებ მრავალი კითხვა ჰქონდა. წინააღმდეგი ხომ არ ვიქნებოდი? ამიტომ საუბარი დავიწყეთ. თუმცა არა მეცნიერებაზე. მას სურდა, განეხილა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, „ჩენელინგი” (გარდაცვლილი ადამიანების აზრების გაგების მეთოდი – თუმცა, როგორც წესი, ბევრს ვერაფერს იგებენ), კრისტალები, ასტროლოგია… თითოეულ საგანზე ენთუზიაზმით იწყებდა საუბარს და ყოველ ჯერზე მიწევდა, მისთვის იმედი გამეცრუებინა: „მტკიცებულებები მწირია”, ვუმეორებდი მე. „ბევრად უფრო მარტივი ახსნა არსებობს”. წვიმაში მივდიოდით და ვხედავდი, თანდათან როგორ იღუშებოდა. მე არამარტო ფსევდომეცნიერებას ვესხმოდი თავს, არამედ მისი ცხოვრების ნაწილსაც.

და მაინც, რამდენი რამეა ნამდვილ მეცნიერებაში არანაკლებ ამაღელვებელი, უფრო მეტად იდუმალი, უფრო დიდი ინტელექტუალური გამოწვევა, რომლებიც უფრო ახლოსაცაა სიმართლესთან. იცოდა თუ არა მან სიცოცხლის მოლეკულურ საშენ ბლოკებზე, რომლებიც ვარსკვლავებს შორის ცივ, თხელ აირებშია? სმენოდა თუ არა ჩვენი წინაპრების ნაკვალევზე, რომელიც 4 მილიონი წლის ვულკანურ ფერფლში იყო შემონახული? ან ჰიმალაების ამაღლებაზე, როცა ინდოეთი აზიას შეეჯახა? ან როგორ ანადგურებენ ვირუსები უჯრედებს, არამიწიერი ინტელექტის ძიება რადიოტალღებით, ან ებლას უძველესი ცივილიზაცია? ბატონმა „ბაკლიმ” – კარგად მოსაუბრემ, ინტელიგენტმა, ცნობისმოყვარემ – ფაქტიურად არაფერი იცოდა თანამედროვე მეცნიერებაზე. მას სურდა, მეცნიერებაზე მეტი გაეგო. მაგრამ სანამ მასთან მიაღწევდა, მეცნიერება მთლიანად იფილტრებოდა. რაც საზოგადოებიდან მასთან აღწევდა, მეტწილად თვალთმაქცობა და დაბნეულობა იყო. და მისთვის არასდროს უსწავლებიათ, როგორ გაერჩია ერთმანეთისგან ნამდვილი მეცნიერება და იაფფასიანი იმიტაცია.

მთელ ამერიკაში არიან ჭკვიანი, ნიჭიერი ადამიანებიც კი, რომლებსაც ბუნებრივად აქვთ მეცნიერებისადმი ლტოლვა. მაგრამ ეს ლტოლვა ცალმხრივია. ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ ამერიკელების 94% „მეცნიერულად გაუნათლებელია”.

კატასტროფის წინაპირობა

ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლის არსებობაც დამოკიდებულია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე, მაგრამ იშვიათად თუ ერკვევა ვინმე მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ეს აშკარად კატასტროფის წინაპირობაა. სახიფათო და სულელური ქმედებაა ჩვენი მხრიდან, უცოდინარი დავრჩეთ გლობალურ დათბობაზე, ოზონის ხვრელზე, ტოქსიკურ და რადიოაქტიურ ნარჩენებზე, მჟავა წვიმებზე. სამუშაოები და ხელფასები მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. თუკი შეერთებული შტატები ვერ შეძლებს, მაღალი ხარისხით აწარმოოს და დაბალ ფასში გაყიდოს ის პროდუქცია, რომლის ყიდვაც ხალხს სურს, საწარმოები შეერთებულ შტატებს დატოვებენ და განვითარებას მსოფლიოს სხვა ნაწილში განაგრძობენ. მეცნიერების ეროვნული ფონდი ვარაუდობს, რომ 60-იანებსა და 70-იანებში დაბალი შობადობის გამო 2010 წლისთვის დაახლოებით 1 მილიონით ნაკლები პროფესიონალი მეცნიერი და ინჟინერი იქნება. ვინ შეავსებს მათ ადგილს? რას ვიტყვით ბირთვულ სინთეზზე, სუპერკომპიუტერებზე, აბორტზე, სტრატეგიული იარაღების მასიურ შემცირებაზე, ნარკომანიაზე, მაღალი გარჩევადობის ტელევიზიაზე, ავიახაზებისა და აეროპორტების უსაფრთხოებაზე, საკვებ დანამატებზე, ცხოველთა უფლებებზე, ზეგამტარობაზე, მიჯეტმენისა და რეილ-გარისონის რაკეტებზე, მარსზე გამგზავრებაზე, შიდსისა და კიბოს მკურნალობის მეთოდის პოვნაზე? როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ეროვნული პოლიტიკა, თუკი ძირითად საკითხებში ვერ ვერკვევით?

ვიცი, რომ მეცნიერება და ტექნოლოგია არ არის მითიური სიუხვის რქები, საიდანაც სიკეთეები იღვრება. მეცნიერებმა არამარტო გამოიგონეს ბირთვული იარაღები, არამედ პოლიტიკურ ლიდერებს უჩიჩინებდნენ, რომ მათ ერს – რომელიც გინდა ყოფილიყო მოცემულ შემთხვევაში – პირველს უნდა შეექმნა ეს იარაღი. შემდეგ მათი დახმარებით 60 000 ბირთვული იარაღი დამზადდა. ჩვენმა ტექნოლოგიამ შექმნა თალიდომიდი, ქლორფტორნახშირბადი, აგენტი ნარინჯისფერი, ნერვული აირი და იმდენად ძლიერი საწარმოები, რომ პლანეტის კლიმატის განადგურება შეუძლიათ. არსებობს მიზეზი, რის გამოც ადამიანები მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან დაკავშირებით შიშობენ.

ამის გამო მსოფლიოს მოსვენებას არ აძლევს შეშლილი მეცნიერის ხატი – დოქტორი ფაუსტიდან დოქტორ ფრანკენშტეინამდე, დოქტორ სტრეინჯლავამდე და თეთრხალათიან მთვარეულებამდე, რომლებიც შაბათობით საბავშვო გადაცემებში ჩნდებიან (ეს ყველაფერი მეცნიერად ყოფნას არ შთააგონებს ადამიანს). მაგრამ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ასე უბრალოდ ვერ ჩავთვლით, რომ მეცნიერება ზედმეტად დიდ ძალაუფლებას აძლევს მორალურად სუსტ ტექნოლოგებს ან გახრწნილ, ძალაუფლებაზე გაგიჟებულ პოლიტიკოსებს და მასზე უარი ვთქვათ. მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში მომხდარმა პროგრესმა უფრო მეტი სიცოცხლე იხსნა, ვიდრე ყველა ომმა ერთად შეიწირა. ტრანსპორტირების, კომუნიკაციისა და გასართობი საშუალებების განვითარებამ ჩვენი მსოფლიო გარდაქმნა. მეცნიერების მახვილი ორლესულია. მისი საოცარი ძალა ყველა ჩვენგანს, მათ შორის პოლიტიკოსებსაც, ახალ პასუხისმგებლობას გვაკისრებს – მეტი ყურადღება დავუთმოთ ტექნოლოგიის გრძელვადიან შედეგებს, გლობალურ და თაობათაშორის პერსპექტივას, თავიდან ავირიდოთ ნაციონალიზმისა და შოვინიზმისკენ მიდრეკილებები. შეცდომები ძალიან ძვირად გვიჯდება.

მეცნიერება ბევრად მეტია, ვიდრე ცოდნის ნაკრები. ის აზროვნების მეთოდია. ეს არის მისი წარმატების მიზეზი. მეცნიერება გვთავაზობს, ვაღიაროთ ფაქტები მაშინაც კი, როცა ისინი ეწინააღმდეგებიან ჩვენს წინასწარ შექმნილ აზრებს. მეცნიერება გვირჩევს, გონებაში ალტერნატიული ჰიპოთეზები გვქონდეს და ვნახოთ, რომელი ერგება ყველაზე კარგად ფაქტებს. მეცნიერება გვიბიძგებს, ვიპოვოთ ოქროს შუალედი ახალი აზრების დაუბრკოლებლად მიღებას, როგორი ერეტიკულიც გინდა იყოს, და ყველაფრისადმი მკაცრ სკეპტიკურ დამოკიდებულებას შორის – იქნება ეს ახალი იდეები თუ საყოველთაოდ აღიარებული სიბრძნე. ამ ტიპის აზროვნება უფრო მეტად უნდა დავაფასოთ. ის მუშაობს. ის დემოკრატიის აუცილებელი მექანიზმია ცვლილებების ეპოქაში. ჩვენი ვალია, არამხოლოდ მოვამზადოთ მეტი მეცნიერი, არამედ გავაღრმავოთ საზოგადოების ცოდნა მეცნიერებაში.

რამდენად ცუდადაა საქმე?

ძალიან ცუდად. „უკვე ოფიციალურად დადასტურდა”, ნათქვამია საგაზეთო სტატიის სათაურში. „მეცნიერებაში არ ვვარგივართ”. ამერიკელების ნახევარზე ნაკლებმა იცის, რომ დედამიწა მზის გარშემო მოძრაობს და საამისოდ ერთი წელი სჭირდება – ფაქტი, რომელიც საუკუნეების წინ გახდა ცნობილი. მსოფლიოს მრავალ რეგიონში 17 წლის ახალგაზრდებში ალგებრაში ჩატარებულ ტესტებში შეერთებულმა შტატებმა მკვდარი ბოლო ადგილი დაიკავა. იდენტურ ტესტებში ამერიკელი ბავშვები საშუალოდ 43%-ს აგროვებდნენ, იაპონელები კი – 78%-ს. ჩემი თვალთახედვით, 78% საკმაოდ კარგია, მისი შესაბამისი ნიშანია C+ ან B-. 43%-ის შესაბამისია F. ქიმიის ტესტში 13 ერიდან მხოლოდ ორს ჰქონდა შეერთებულ შტატებზე უარესი შედეგი. ჩვენთან შედარებით დიდმა ბრიტანეთმა, სინგაპურმა და ჰონგ-კონგმა იმდენად მაღალი ქულები დააგროვეს, ლამის ზღვარს გადაცდნენ, 18 წლის კანადელების 25%-მა კი ქიმია ისევე კარგად იცოდა, როგორც ამერიკელი მაღალკლასელების საუკეთესო 1%-მა (მათი უმეტესობა „მოწინავე” პროგრამებზე იყო). მინეაპოლისელი მეხუთეკლასელების ოცეულიდან საუკეთესოებს წინ უსწრებდა ნებისმიერი კლასი იაპონიის ქალაქ სენდაის ოცეულიდან და ტაივანის ქალაქ ტაიბეის 20-დან 19 კლასი. სამხრეთკორეელი მოსწავლეები ბევრად უსწრებდნენ წინ ამერიკელ მოსწავლეებს მათემატიკისა და მეცნიერების ნებისმიერ საკითხში, ბრიტანეთის კოლუმბიელმა (დას. კანადა) 13 წლის მოსწავლეებმა ამერიკელი კონკურენტები ყველაფერში უკან ჩამოიტოვეს (ზოგ სფეროში მათ კორეელებზე უკეთესი შედეგი აჩვენეს). ამერიკელი ბავშვების 22% ამბობს, რომ სკოლა არ უყვართ. იგივე აზრზე კორეელების მხოლოდ 8%-ია. თუმცა ამერიკელების 2/3 და კორეელების მხოლოდ 1/4 ამბობს, რომ მათ „კარგად ესმით მათემატიკა”.

რატომ ვიჭრებით

როგორ ახერხებენ ბრიტანეთის კოლუმბია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და კორეა ჩვენზე უკეთესი შედეგის მიღწევას?

დიდი დეპრესიის პერიოდში მასწავლებლები უზრუნველყოფილი იყვნენ უსაფრთხო სამსახურით, კარგი ხელფასით, პატივისცემით. სწავლება ღირსეული პროფესია იყო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ სწავლა ფართოდ ითვლებოდა სიღარიბიდან თავის დაღწევის გზად. დღეს ბევრად განსხვავებული სიტუაციაა. შესაბამისად, მეცნიერების (და სხვა საგნების) სწავლება ძალიან ხშირად არაკომპეტენტურად და მოსაწყენად ხდება. საოცარია, მაგრამ მასწავლებლებს თავიანთ საგნებში ხანმოკლე ან ნულოვანი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ – ზოგჯერ თავადაც ვერ ასხვავებენ ერთმანეთისგან მეცნიერებასა და ფსევდომეცნიერებას. ვისაც გამოცდილება აქვს, ხშირად სხვაგან საქმდება მაღალი ანაზღაურებით.

მეტი თანხა გვჭირდება მასწავლებლების მომზადებისა და ხელფასებისთვის, ასევე ლაბორატორიებისთვის – რათა ბავშვებმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, ნაცვლად მხოლოდ წიგნების კითხვისა. თუმცა ამერიკაში სკოლასთან დაკავშირებული საკითხები კენჭისყრაზე საკმარის ხმებს ვერასდროს აგროვებს. ამერიკელი მშობლები უფრო მეტად არიან კმაყოფილი იმით, რასაც მათი შვილები სწავლობენ მეცნიერებასა და მათემატიკაში, ვიდრე, მაგალითად, იაპონელი და ტაივანელი მშობლები – რომელთა შვილებსაც ბევრად უკეთესი შედეგები აქვთ. არავინ ამბობს, რომ ქონების გადასახადით უნდა შეივსოს სამხედრო ბიუჯეტი, ან დაფინანსდეს სოფლის მეურნეობა ან ტოქსიკური ნარჩენების მოშორება. რატომ მხოლოდ განათლება? რატომ არ შეიძლება მისი დაფინანსება ზოგადი გადასახადებიდან ადგილობრივ და სახელმწიფო დონეებზე? იქნებ განათლების სპეციალური გადასახადის დაწესება სჯობდეს იმ მრეწველობებზე, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ ტექნიკური გამოცდილების მქონე თანამშრომლები?

ამერიკელ ბავშვებს საკმარისი საშინაო დავალება არ ეძლევათ. მაღალკლასელი მოსწავლე კვირაში საშუალოდ 3.5 საათს უთმობს საშინაო დავალებას. სწავლისთვის დათმობილი დრო, კლასში და მის გარეთ, ჯამში დაახლოებით კვირაში 20 საათია. იაპონელი მეხუთე კლასელი კვირაში საშუალოდ 33 საათი მეცადინეობს.

თუმცა ამერიკელი ბავშვების უმეტესობა სულელი არაა. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ სწავლობენ ბეჯითად, ისაა, რომ ამისგან რეალურ სარგებელს იშვიათად იღებენ. კომპეტენცია (ანუ საქმის რეალური ცოდნა) ვერბალურ უნარებში, მათემატიკასა და მეცნიერებაში საშუალო ახალგაზრდას დღესდღეობით არ ეხმარება შემოსავლის გაზრდაში სკოლის დამთავრებიდან პირველი 8 წლის განმავლობაში. მათი უმეტესობა კი სამრეწველო სამუშაოების ნაცვლად მომსახურების სფეროში საქმდება.

ეკონომიკის სამეწარმეო სექტორებში სიტუაცია განსხვავებულია. მაგალითად, ავეჯის ზოგიერთი ქარხანა შეიძლება ბაზრიდან გავიდეს – არა იმიტომ, რომ კლიენტები არ ყავთ, არამედ დამწყები თანამშრომლებიდან ცოტას თუ შეუძლია მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულება. ელექტრონიკის მსხვილი კომპანიის მოხსენების მიხედვით, აპლიკანტების 80% ვერ აბარებს მეხუთე კლასის მათემატიკის ტესტს – და ეს არის ამერიკული და არა კორეული მეხუთე კლასის დონე. შეერთებული შტატები უკვე კარგავს წელიწადში 25 მილიარდ დოლარს (ძირითადად მწარმოებლურობის დაცემისა და სპეციალური განათლების ხარჯების გამო), რადგან მუშაკების დიდ ნაწილს არ შეუძლია კითხვა, წერა, ანგარიში ან აზროვნება. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილების საარსებო საშუალებები შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, რამდენად კარგად იციან მათემატიკა და მეცნიერება. სკოლაში ყოფნის პერიოდი ის დროა, როცა ბავშვებმა უნდა ისწავლონ. მშობლებს შეუძლიათ, სკოლები წაახალისონ გასაგები და დახვეწილი მეცნიერული კურსების დანერგვაში, შვილები კი – სწავლაში. ასევე შეუძლიათ, შვილებს შეუზღუდონ გონების დამაჩლუნგებელი სატელევიზიო გადაცემების ყურების დრო.

რისი გაკეთება შეგვიძლია

ისინი, ვისაც ამერიკაში ყველაზე დადებითი დამოკიდებულება აქვთ მეცნიერებისადმი, ძირითადად ახალგაზრდა, შეძლებული, უმაღლესი განათლების მქონე თეთრკანიანი მამაკაცები არიან. მაგრამ დღევანდელობასა და 2001 წელს შორის პერიოდში ახალი ამერიკელი მუშაკების 3/4 იქნებიან ქალები, არათეთრკანიანები და ემიგრანტები. მათ მიმართ დისკრიმინაცია არამარტო უსამართლობაა, არამედ საკუთარ თავთან ბრძოლაც. ის ამერიკულ ეკონომიკას ართმევს კვალიფიცირებულ მუშაკებს, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება.

შავკანიანი და ლათინოამერიკელი მოსწავლეები სტანდარტულ სამეცნიერო ტესტებში ამჟამად უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე გვიან 1960-იანებში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საშუალო სხვაობა მათემატიკაში თეთრკანიან და შავკანიან სკოლადამთავრებულებს შორის ისევ მაღალია – 2-3 კლასის დონეზე. მაგრამ სხვაობა ამერიკელ და იაპონელ, კანადელ, ბრიტანელ ან ფინელ სკოლადამთავრებულებს შორის ორჯერ მაღალია. თუკი არ გაგაჩნიათ საკმარისი მოტივაცია და განათლება, ბევრი არაფერი გეცოდინებათ – ეს საიდუმლო არ გახლავთ. გარეუბნელი შავკანიანები, რომელთაც უმაღლესი განათლების მქონე მშობლები ჰყავთ, კოლეჯში ისევე კარგად სწავლობენ, როგორც უმაღლესი განათლების მქონე მშობლების თეთრკანიანი შვილები. ღარიბი ბავშვის ჩართვა „ჰედ სტარტის” პროგრამაში აორმაგებს მოგვიანებით მისი დასაქმების შანსებს. ის, ვინც „აფვორდ ბაუნდის” პროგრამას გაივლის, უმაღლესი განათლების მიღების 4-ჯერ მეტი შანსი აქვს. თუკი სერიოზულად ვართ განწყობილი, ვიცით, რაც უნდა ვქნათ.

რას ვიტყვით კოლეჯსა და უნივერსიტეტზე? სკოლის მსგავსად აქაც არსებობს აშკარა ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას: მასწავლებლებს დაახლოებით ისეთი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, როგორიც მრეწველობაში დასაქმების შემთხვევაში ექნებოდათ. მეტი სტიპენდიები, გაერთიანებები და ლაბორატორიული აღჭურვილობები. ლაბორატორიული სამეცნიერო კურსები, რომლის გავლაც ყველასთვის აუცილებელია. და განსაკუთრებული ყურადღების დათმობა მათთვის, ვინც ტრადიციულად მეცნიერებას ჩამოშორებულია. ასევე ფინანსური და მორალური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ აკადემიკოს მეცნიერებს, რათა მეტი დრო დაუთმონ საჯარო განათლებას – ლექციებს, საგაზეთო და ჟურნალის სტატიებს, ტელევიზიაში სტუმრობას. ეს მეცნიერებს ავალდებულებს, რომ გასაგებად გადმოსცენ აზრი და მოსასმენად საინტერესოები იყვნენ. ჩემთვის უცნაურია, რომ ზოგიერთ მეცნიერს, ვისი კვლევებიც სახელმწიფო დაფინანსებაზეა დამოკიდებული, არ სურს, საზოგადოებას აუხსნას, რას საქმიანობენ. საბედნიეროდ, იმ მეცნიერთა რიცხვი, ვისაც საზოგადოებასთან საუბრის სურვილი და შესაძლებლობა აქვს, ყოველწლიურად იზრდება. თუმცა საკმარის რაოდენობას ჯერ მაინც ვერ მივუახლოვდით.

ამერიკაში თითქმის ყველა გაზეთს აქვს დღიური ჰოროსკოპის სვეტი. რამდენს აქვს დღიური სამეცნიერო სვეტი? ჩემს ბავშვობაში მამაჩემს სახლში მოჰქონდა ყოველდღიური გაზეთი და იკვლევდა (ხშირად დიდი ინტერესით) ბეისბოლის ანგარიშების ცხრილს. ჩემთვის ეს ბუნდოვანი აბრევიატურები (W, SS, SO, W-L, AB, RBI) ძალიან მოსაწყენი იყო, მაგრამ მამაჩემისთვის რაღაცას ნიშნავდა. გაზეთები მას ყველგან ბეჭდავდნენ. ვიფიქრე, რომ შესაძლოა, არც ისე რთული გასაგები ყოფილიყო ჩემთვის. საბოლოოდ მეც ჩავერთე ბეისბოლის სტატისტიკის სამყაროში (ეს დამეხმარა ათწილადების სწავლაში და ჯერ კიდევ მაქვს მცირე დისკომფორტი, როცა მესმის, რომ ვიღაც „ათასზე ჩამოდის ფსონს”. 1.000 არ არის 1000. იღბლიანი მოთამაშე 1-ზე ჩამოდის ფსონს).

ან ფინანსურ გვერდს შეხედეთ. არის თუ არა შესავალი ინფორმაცია? ამხსნელი შენიშვნები? აბრევიატურის განსაზღვრებები? არა. ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა გაიგოთ. შეხედეთ ამ უზარმაზარ სტატისტიკას! მიუხედავად ამისა, ხალხი თავისი ნებით კითხულობს მას. ეს მათ შესაძლებლობებს არ აღემატება, მხოლოდ მოტივაციის საკითხია. რატომ არ შეიძლება იგივეს გაკეთება მათემატიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საკითხში?

ჯერჯერობით მეცნიერებისადმი ინტერესის ზრდის ყველაზე ეფექტური საშუალება ტელევიზიაა. ტელევიზიაში მრავლად არის ფსევდომეცნიერება, საკმარისად – მედიცინა და ტექნოლოგია, მაგრამ იშვიათად – მეცნიერება, განსაკუთრებით სამ მსხვილ კომერციულ ქსელზე, რომელთა აღმასრულებელი დირექტორებიც ფიქრობენ, რომ სამეცნიერო პროგრამები რეიტინგის კლებასა და მოგების შემცირებას იწვევს, სხვა დანარჩენს კი მნიშვნელობა არ აქვს. რატომ არ არსებობს მთელ ამერიკაში სატელევიზიო დრამა, რომლის გმირიც ცდილობს ამოხსნას, როგორაა მოწყობილი სამყარო?

მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში ამაღელვებელი პროექტები ახალგაზრდებს იზიდავს და შთააგონებს. სამეცნიერო დისერტაციების რაოდენობამ მაქსიმუმს აპოლოს პროგრამების პერიოდში მიაღწია და მას შემდეგ კლება დაიწყო. ეს მნიშვნელოვანი პოტენციური გვერდითი მოვლენაა ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა ადამიანების გაგზავნა მარსზე, ზეგამტარი სუპერკოლაიდერის გამოყენება მატერიის სტრუქტურის კვლევისთვის ან ადამიანის სრული გენეტიკური რუკის შედგენა.

დროგამოშვებით მიმართლებს და საბავშვო ბაღში ან პირველ კლასში გაკვეთილს ვატარებ ხოლმე. ამ ბავშვებიდან ბევრი ცნობისმოყვარეა, გონებრივად აქტიური, სვამენ გამომწვევ და გამჭრიახ კითხვებს, მეცნიერებისადმი დიდ ენთუზიაზმს ავლენენ. როცა მაღალკლასელებს ვესაუბრები, სხვა სიტუაციას ვაწყდები. ისინი იზეპირებენ „ფაქტებს”. მაგრამ აღმოჩენის ბედნიერება, ამ ფაქტებს მიღმა არსებული სიცოცხლე მათში აღარ არის. მათ ეშინიათ „სულელური” კითხვების დასმის. ისინი მზად არიან, მიიღონ არაადეკვატური პასუხები. არ სვამენ თანმდევ კითხვებს. ირიბად ავლებენ მზერას თანატოლებს, რათა დარწმუნდნენ, რომ მათგან მხარდაჭერა აქვთ. პირველ და მე-12 კლასს შორის რაღაც მოხდა და ეს მხოლოდ მომწიფება არ ყოფილა. ვფიქრობ, ეს ნაწილობრივ სოციალური წნეხია, რომ სხვებისგან გამორჩეულები არ იყვნენ (გარდა სპორტისა). ნაწილობრივ ისიც, რომ საზოგადოება მათ ხანმოკლე კმაყოფილებას ასწავლის. ნაწილობრივ ის შთაბეჭდილება, რომ მეცნიერებით ან მათემატიკით სპორტულ ავტომობილს ვერ იყიდი. ნაწილობრივ ის, რომ მოსწავლეებისგან ასე ცოტას ელიან. და ნაწილობრივ ისიც, რომ ძალიან ცოტა მისაბაძი ადამიანია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე ინტელექტუალური მსჯელობებისთვის ან მათი შესწავლის სტიმულირებისთვის.

თუმცა არის სხვა ფაქტორიც: ბევრი უფროსი ადამიანი თავიდან იშორებს ახალგაზრდებს, როცა ისინი მეცნიერულ კითხვებს სვამენ. ბავშვებმა შეიძლება იკითხონ, რატომ არის მზე ყვითელი, რა არის სიზმარი, რამდენად ღრმა ორმოს ამოთხრაა შესაძლებელი, როდის აქვს მსოფლიოს დაბადების დღე ან რატომ გვაქვს თითები. ძალიან ბევრი მასწავლებელი და მშობელი გაღიზიანებით ან დაცინვით პასუხობს, ან სწრაფად ცვლიან საუბრის თემას. ვერასდროს ვიგებდი, რატომ იჩემებენ ზრდასრული ადამიანები ყოვლისმცოდნეობას 5 წლის ბავშვებთან. რა არის ცუდი იმის აღიარებაში, რომ რაღაც არ იცით? ბავშვები მალე ხვდებიან, რომ ასეთი კითხვები რატომღაც ბევრ უფროსს აღიზიანებს. კიდევ რამდენიმე ასეთი შემთხვევა და კიდევ ერთ ბავშვი ეთიშება მეცნიერებას.

ბევრი უკეთესი პასუხი არსებობს. თუკი პასუხზე წარმოდგენა გვაქვს, შეგვიძლია ახსნა ვცადოთ. თუკი არ გვაქვს, შეგვიძლია ენციკლოპედია ან ბიბლიოთეკა დავიხმაროთ. ან შეგვიძლია ბავშვს ვუთხრათ: „არ ვიცი პასუხი. შეიძლება არც არავინ იცის. იქნებ შენ იყო პირველი, როცა გაიზრდები, ვინც ამას ამოხსნის.”

მაგრამ მხოლოდ წახალისება საკმარისი არ არის. ბავშვებს სასარგებლოს და მავნეს გარჩევაც უნდა ვასწავლოთ. მოსვენებას არ მაძლევს ფიქრი ამერიკელთა თაობაზე, რომელიც ვერ შეძლებს, რეალობა და ფანტაზია განასხვავოს, დასამშვიდებლად კრისტალებს ებღაუჭებიან, არ შეუძლიათ, დასვან სწორი კითხვები ან გაიაზრონ პასუხები. მინდა ვიხსნათ ბატონი „ბაკლი” და მილიონობით მისნაირი ადამიანი. ასევე მინდა, მაღალკლასელები აღარ იყვნენ გრძნობისგან დაცლილები, არაცნობისმოყვარეები და წარმოსახვას მოკლებულები. ვფიქრობ, ამერიკას სჭირდება და იმსახურებს მოქალაქეებს, რომელთაც ექნებათ გახსნილი გონება და ზოგადი წარმოდგენა, თუ როგორაა სამყარო მოწყობილი.

საზოგადოების მიერ მეცნიერებაში გარკვევა ბევრად მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ვიდრე სტრატეგიული იარაღების სისტემები. ამერიკელი ახალგაზრდების საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი მეცნიერებასა და მათემატიკაში და ზრდასრულებში მეცნიერებისა და მათემატიკისადმი უცოდინრობისა და გულგრილობის გავრცელება განგაშის საფუძველი უნდა იყოს.

2 thoughts on “კარლ სეიგანი – რატომ უნდა ვერკვეოდეთ მეცნიერებაში

  1. პრომეთე

    საინტერესოა ჩვენც ამერიკასავით საცოდავნი ვართ თუ სარ-იც გვჯობია..

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s