ყოველ წელს ორგანოების ტრანსპლანტაციის მომლოდინე ათასობით ადამიანი იღუპება, რადგან ორგანოები საკმარისი რაოდენობით არაა ხელმისაწვდომი. ამის გამო მეცნიერებმა გადაწყვიტეს, უჩვეულო მეთოდისთვის მიემართათ: გენეტიკურად მოდიფიცირებული (გმ) ღორებისთვის. როგორც ჩანს, ამ გზით მივიღებთ იმას, რაც შეუძლებელია ადამიანთა მიერ დონაციით – ორგანოების თითქმის შეუზღუდავი რაოდენობით მოწოდება.
მკვლევარებმა განაცხადეს, რომ მათ შეძლეს, ღორის გული მუშა მდგომარეობაში შეენარჩუნებინათ ბაბუინის სხეულში 945 დღის განმავლობაში. მათ ასევე მოხსნეს რეკორდი ამ ორ სახეობას შორის თირკმლის ტრანსპლანტაციაში, რაც 136 დღე გაგრძელდა. წინა რეკორდი 90 დღე იყო, თუმცა მეცნიერები ირწმუნებიან, რომ 30 დღეზე მეტხანს ფუნქციონირება უჩვეულოა. აღმოჩენები, რომლებიც ჟურნალ Xenotransplantation-ში გამოქვეყნდა, კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ღორიდან ადამიანის სხეულში ტრანსპლანტაციისკენ. მეცნიერები თვლიან, რომ ახალგაზრდა ღორები იდეალურ ცხოველებს წარმოადგენენ ორგანოების გადანერგვისთვის, რადგან მათი შინაგანი ორგანოები შესაბამისი ზომისაა.
ამ სფეროში პიონერები არიან Revivicor-ის მეცნიერები, რომელიც ბიოტექნოლოგიური კომპანიის United Therapeutics-ის შემადგენლობაში შედის და რეგენერაციულ მედიცინას იკვლევს. თანააღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ როტბლატმა ჟურნალ MIT Technology Review-ში აღნიშნა, რომ მათი მიზანია, შექმნან „გადანერგვადი ორგანოების შეუზღუდავი მარაგი” და ბოლოს და ბოლოს განახორციელონ ღორიდან ადამიანზე წარმატებული ტრანსპლანტაცია.
ერთი სახეობიდან მეორეში ორგანოების გადანერგვის ისტორია ააშკარავებს იმ სიძნელეებს, რაც ამ ურთულეს ქირურგიულ პროცედურას ახლავს თან. 1960-იანებში კეით რიმსტმამ შიმპანზეების თირკმლები 13 ადამიანს გადაუნერგა. პაციენტთა უმეტესობა 4-8 კვირაში გარდაიცვალა, თუმცა ერთმა მათგანმა 9 თვე იცოცხლა და თავის სამუშაოსაც კი (სკოლის მასწავლებელი) დაუბრუნდა. მისი სიკვდილის მიზეზად ექიმები მწვავე ელექტროლიტურ დისბალანსს თვლიან. წარსულის შეცდომების აღმოსაფხვრელად მკვლევარებმა უნდა იპოვონ გზა, რომ ჩაახშონ პაციენტის იმუნური სისტემის ძლიერი რეაქციები და მნიშვნელოვნად შეამცირონ ინფექციის რისკი.
კვლევა ეფუძნება წინამორბედ გამოკვლევებს, რა დროსაც მოაცილეს შაქრის მოლეკულა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ტრანსპლანტატის მოცილების ჰიპერმწვავე რეაქციაში. მკვლევარებმა გამოიყვანეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორები, რომლებსაც დაუმატეს ადამიანური გენები, რათა ორგანოები უფრო მეტად თავსებადი ყოფილიყო და გადანერგვისას წარმატების მეტი შანსი ყოფილიყო. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ადამიანის გენების დამატებით ორგანო შეაკავებს იმუნურ რეაქციებს, შედეგად პაციენტები ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული იმუნიტეტის ჩამხშობი წამლების უზარმაზარ დოზებზე. მომავალ წელს ღორების ნაწილს კიდევ 8 გენს დაუმატებენ.
ამ სფეროში კიდევ ბევრი პროგრესული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო და მკვლევარებმაც უფრო ამბიციური მიზანი დაისახეს: მომდევნო რამდენიმე წელიწადში მოახდინონ ღორიდან ადამიანზე ფილტვის წარმატებული გადანერგვა. ფილტვების ტრანსპლანტაცია გაცილებით რთულია, თუმცა როტბლატი მოუთმენლად ელის კვლევის ამ გზით გაგრძელებას.