მოგზაურობა, რომელიც 9 წელი და 4.8 მილიარდი კმ გრძელდებოდა, ორი დღის წინ კულმინაციას მიუახლოვდა, როცა ნასას უპილოტო ხომალდმა New Horizons-მა მიაღწია ჯუჯა პლანეტა პლუტონს, რასაც ამდენს ხანს ელოდნენ. წარმოგიდგენთ 6 საინტერესო ფაქტს, რომლებიც ამ კვირაში ჯუჯა პლანეტის შესახებ New Horizons-ის მეშვეობით შევიტყვეთ:
1. პლუტონის გული ცვალებადია.
უახლეს ფოტოებში კარგად ჩანს პლუტონის გულის ფორმის არეალის ლანდშაფტი – რომელიც სავარაუდოდ ყინვისგან წარმოიშვა – და ის მუდმივად იცვლება. New Horizons-ის პლანეტების შემსწავლელმა მეცნიერმა ბონი ბურატიმ განაცხადა: „60 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით რეგიონს, რომელსაც ამჟამად პლუტონის გული ეწოდება და ნამდვილად ისე ჩანს, რომ ის დროთა განმავლობაში ეროზიას განიცდის.”
2. პლუტონი შეიძლება პატარაა, მაგრამ იმაზე დიდია, ვიდრე გვეგონა.
New Horizons-მა ასევე შეძლო პლუტონის უფრო ზუსტი მონაცემების გამოგზავნა. უკანასკნელი და ყველაზე ზუსტი გაზომვით, პლუტონის დიამეტრია 2370 კმ, რაც დაახლოებით 56 მარათონის სიგრძისაა. ეს მონაცემი 70 კმ-ით აღემატება მეცნიერთა უფრო ადრეულ დასკვნებს. ეს ნიშნავს, რომ მზის სისტემაში ნეპტუნის ორბიტის მიღმა პლუტონი უდიდესი ობიექტია.
3. პლუტონის კრატერებს შეიძლება Star Trek-ის პერსონაჟების სახელები ეწოდოს.
პლუტონის ზედაპირზე არსებული კრატერები სავარაუდოდ კოსმოსში გაფანტული ქვების პლანეტასთან შეჯახების კვალია. მკვლევარებმა ამ კრატერების ნაწილს შესაძლოა Star Trek-ის პერსონაჟების სახელები დაარქვან.
4. პლუტონის ატმოსფეროში რაღაც შენიშნეს.
New Horizons-მა პლუტონიდან აზოტის გამოყოფა დააფიქსირა მაქსიმალურ მიახლოებამდე ჯერ კიდევ 5 დღით ადრე, რაც მკვლევარებისთვის მოსალოდნელ დროზე ბევრად ადრე იყო.
New Horizons-მა ეს აირადი გამონაბოლქვი დააფიქსირა ზედაპირიდან 6 მილიონი კმ-ის მოშორებით, ნაცვლად ნაწინასწარმეტყველები 2.5 მილიონი კმ-ისა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აირების წყარო ნავარაუდებზე უფრო ძლიერია, პლუტონის ატმოსფერო გაცილებით თხელია, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ ან სრულიად სხვა მიზეზის გამოა ასე. საბედნიეროდ, New Horizons-ს უნდა მოეხერხებინა საკმარისი მონაცემების შეგროვება, რათა ზუსტი მიზეზის დადგენა მოხერხდეს.
5. პლუტონის ბნელი მხარე.
პლუტონის ზედაპირზე ბნელი ლაქები შენიშნეს. ამ უსწორმასწორობებში ყველაზე უცნაური მათი ზომებისა და შუალედების მსგავსებაა. სამწუხაროდ New Horizons-ის მიახლოებისას პლანეტის ღერძის გარშემო ბრუნვის გამო ისინი თვალს მიეფარნენ, ამიტომ ამ მისიიდან მათზე მეტს ვერაფერს შევიტყობთ.
6. პლუტონის ზედაპირზე ყინულია.
არსებობდა თეორიები, რომ პლუტონზე მყინვარული გუმბათები იყო, თუმცა ამ დრომდე დაზუსტებით ვერაფერს ამბობდნენ. ამჟამად დადასტურებულია, რომ პლუტონის ზედაპირზე ნამდვილად არის გაყინული მეთანისა და აზოტის ყინულის გუმბათები.