გასული კვირა მეცნიერებაში [26.05-01.06]


● ცხოველი, რომელიც გადაშენებული ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა.
ზღვის პატარა ცხოველი, რომელიც 4 მილიონი წლის წინ გადაშენებული ეგონათ, ახალ ზელანდიაში აღმოაჩინეს. ეს „ცოცხალი ნამარხი” წარმოადგენს საცეცებიან პოლიპს, პროტულოფილას, და აქამდე მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნამარხებში პოულობდნენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათი ისტორია იწყება 170 მილიონი წლის წინ, შუა იურულ პერიოდში, თუმცა ბოლო კვალს პლიოცენის 4 მილიონი წლის წინანდელ ნამარხებში აწყდებოდნენ. წელს მათ ახალ ზელანდიაში აღმოაჩინეს ნამარხები, რომლებიც მილიონ წელზე ნაკლების აღმოჩნდა. ამიტომ მკვლევარებმა ხელახლა შეამოწმეს 2008 წელს ახალ ზელანდიაში ნაპოვნი ლენტისებრი ჭიები და აღმოაჩინეს, რომ თავის დროზე მათზე მობინადრე პროტულოფილები ვერ შენიშნეს. პალეონტოლოგები თვლიან, რომ პროტულოფილა ენათესავება ზღვის ფრინტებსა და მარჯნებს.


iflscience.com

 


● ადამიანებზე ანაბიოზის ცდები მალე დაიწყება.
ტრავმული დაზიანების მკურნალობისას დროს ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. რა მოხდებოდა, ქირურგებს რომ პაციენტის „დაპაუზება” შეეძლოთ და სამკურნალოდ საჭირო დრო მოეგოთ? ანაბიოზს მრავალ ფილმში შეხვდებით, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება რეალობაში? აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ თანხმობა გასცა კვლევაზე, რომლის ფარგლებშიც პიტსბურგის საავადმყოფოში ადამიანებზე ცდები დაიწყება. აორტაში ხსნარის შეყვანით ტემპერატურას 10 გრადუსზე დაიყვანენ, რაც ბიოლოგიურ პროცესებს შეანელებს და სისხლის დანაკარგისგან დაიცავს სხეულს. 2000 წელს ეს ტექნოლოგია 40 ღორზე გამოიცადა, სასიკვდილო ჭრილობის მიყენების შემდგომ ისინი ჰიპოთერმიულ მდგომარეობაში გადაიყვანეს და 90%-ის გადარჩენა შეძლეს.

iflscience.com
 


● პორნოგრაფიის ყურება შესაძლოა ტვინზე ცუდად მოქმედებდეს.
ბერლინში მდებარე მაქს პლანკის სახელობის ადამიანის განვითარების ინსტიტუტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს პორნოგრაფიის ყურებასა და ტვინის რუხი ნივთიერების ცვლილებებს შორის კავშირს. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 21-45 წლის 64 ჯანმრთელი მამაკაცი. კვირის განმავლობაში პორნოგრაფიისთვის დათმობილი დროის მოცულობა მათში განსხვავებული იყო, თუმცა უმეტესწილად 4 საათზე მეტს არ უთმობდნენ. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით იკვლევდნენ თითოეული მონაწილის ტვინს, ხოლო პარალელურად პორნოგრაფიული ან არასექსუალური ხასიათის გამოსახულებებს აჩვენებდნენ. აღმოჩნდა, რომ პორნოგრაფიაზე დახარჯული დროის რაოდენობასა და ტვინის მარჯვენა მხარეს რუხი ნივთიერების მოცულობას შორის ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს. პორნოგრაფიული მასალის ყურება ასევე ცუდად აისახება ტვინის იმ რეგიონზე, რომელიც მოტივაციას უზრუნველყოფს. თუმცა დაზუსტებით მაინც ძნელია იმის თქმა, მხოლოდ პორნოგრაფიის დამსახურებაა ეს ყველაფერი თუ არა, ამიტომ ამ საკითხზე მომავალში დამატებითი კვლევები ჩატარდება.

iflscience.com
 


● დედამიწა მეექვსე დიდი გადაშენების ზღვარზეა.
დედამიწა მასზე მობინადრე სახეობების მასიური გადაშენების ზღვარზეა, თუმცა ამჯერად კატაკლიზმის მიზეზი არც ასტეროიდი იქნება და არც გამყინვარება. მეცნიერთა თქმით, მცენარეები და ცხოველები იხოცებიან მინიმუმ 1000-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ადამიანის მოსვლამდე იყო და 10-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე აქამდე ეგონათ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია.

 


● ზემასიური შავი ხვრელები შესაძლოა ჭიის ხვრელებს წარმოადგენდნენ.
ფუდანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ზილონგ ლიმ და კოსიმო ბამბიმ უჩვეულო იდეა წამოაყენეს – ზემასიური შავი ხვრელები, რომლებიც ითვლება, რომ მრავალი გალაქტიკის ცენტრშია, შესაძლოა სინამდვილეში ჭიის ხვრელები იყვნენ. ჭიის ხვრელი, იგივე აინშტაინ-როზენის ხიდი, წარმოადგენს სამყაროში დროისა და სივრცის ორ წერტილს შორის არსებულ მოკლე გასასვლელს, ან შესაძლოა ორ სამყაროს შორის არსებულ კარიბჭეს, თუ გავითვალისწინებთ მულტისამყაროს თეორიებს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია.

 


● კრაზანა, რომელსაც ბიოლოგიური „ბურღი” აქვს.
მდედრი ლეღვის კრაზანებისთვის კვერცხების დასადები საუკეთესო ადგილი ლეღვის განვითარებადი ნაყოფია. ხოლო პარაზიტი მდედრებისთვის ის ნაყოფია უკეთესი, რომელიც სხვა მწერების მატლებს შეიცავს, რადგან მის პატარებს საკვები ექნებათ. ხოლო იმის დასადგენად, უმწიფარ და უხეშ ნაყოფში მატლები არიან თუ არა, მდედრი აღჭურვილია (სხეულის კვალობაზე) საკმაოდ გრძელი, ნემსის მსგავსი გამონაზარდით. მისი სიგრძე 7-8 მილიმეტრია და ბასრი წვერით ბოლოვდება. ელექტრონული მიკროსკოპით დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ პარაზიტული კრაზანის გამონაზარდის დაბოლოება ბურღის დრელის მსგავსია, ხოლო დამტვერავი კრაზანის შემთხვევაში კოვზს მოგვაგონებს. შემადგენლობის გასაგებად მეცნიერებმა გამონაზარდისკენ ელექტრონების ნაკადი მიმართეს და გამოშვებულ იქს-სხივებს დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ ის შეიცავს თუთიას, რაც მას ამაგრებს და ზრდის წინააღმდეგობის გაწევის უნარს. სიმაგრე 0.5 GPa-ს შეადგენს, რაც უტოლდება კბილის პროთეზებში გამოყენებულ აკრილს.

iflscience.com
 


● მეცნიერებმა კვანტური ტელეპორტაცია განახორციელეს.
ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კვანტური ტელეპორტაციის საკითხში განახორციელეს სერიოზული წინსვლა, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, რომ აინშტაინი ცდებოდა კვანტური გალახლართვის საკითხში, როცა მას „მოჩვენებითი დისტანციური ქმედება” უწოდა. დელფტის უნივერსიტეტის ნანომეცნიერების დეპარტამენტის ფიზიკოსებმა მოახერხეს კვანტური ინფორმაციის გადაგზავნა ალმასის ორ სხვადასხვა ნაჭერს შორის, რომლებსაც ერთმანეთისგან 3 მეტრი აშორებდათ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია.

 


● ლაზერის მეშვეობით ღეროვანი უჯრედებისგან კბილი შექმნეს.
წარმოიდგინეთ, რომ სტომატოლოგთან მისვლისას კბილში გაჩენილი ღრმულის მკურნალობა არ მოიცავს მთელ რიგ უსიამოვნო პროცედურებს, არამედ ღეროვანი უჯრედებით ახალი ჯანმრთელი კბილის გამოზრდა ხდება. სწორედ ესაა ჰარვარდის მეცნიერთა ჯგუფის ამოცანა და თაგვებზე ცდისას უკვე მიაღწიეს წარმატებას. დაბალი სიმძლავრის ლაზერით ისინი ღეროვან უჯრედებს აიძულებენ დენტინის წარმოქმნას, რაც აადვილებს კბილის მკურნალობას, დაზიანების აღმოფხვრასა და ძვლოვანი ქსოვილების აღდგენას. თუმცა სიტუაცია ისეთი მარტივი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ღეროვანი უჯრედებისგან ქსოვილების შექმნა ხდება ინ-ვიტრო მეთოდით და შემდეგ გადანერგავენ ხოლმე პაციენტში. ეს მოითხოვს სათანადო ტექნოლოგიას და პროცესისას დიდ ყურადღებას, რაც პროგრესს ანელებს. ჰარვარდის მეცნიერების თქმით, მათ შეიმუშავეს უფრო მარტივი მეთოდი, რაც პროცესის დაჩქარების საშუალებას იძლევა. ჯგუფი იმედოვნებს, რომ მალე დაიწყება მომავალი კვლევები, რომლებიც უკვე ადამიანებზე ჩატარდება.

iflscience.com

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: