აშშ-ში 2010 წელს საავტომობილო ავარიების შედეგად 2.24 მილიონი ადამიანი დაშავდა, რაც დიდწილად ადამიანური შეცდომების გამო მოხდა. ალკოჰოლი, კონცენტრაციის ნაკლებობა (მობილურზე ტექსტის აკრეფა, ჭამა, საუბარი) და არასწორი გადაწყვეტილებები (სიჩქარის მომატება, აგრესიული მართვა, საგზაო პირობების მცდარი შეფასება) შემთხვევათა 85%-ის მიზეზია. იმავე წელს ავარიებს 35 332 ადამიანი შეეწირა, რაც ცეცხლსასროლი იარაღით დაღუპულებს მინიმუმ 3-ჯერ აღემატება. გუგლი იმედოვნებს, რომ ქუჩებს უსაფრთხოდ აქცევს ისეთი ავტომობილის შემოტანით, რომელიც დამოუკიდებლად იმართება. თავდაპირველად გამოშვებული იქნება 100 პროტოტიპი, რომლებიც ერთ წელზე ნაკლები დროის პერიოდში გავლენ გზებზე.
ავტომობილი ძალიან ჰგავს ბაზარზე უკვე არსებულ ორადგილიან კომპაქტურ მანქანებს, მაგრამ არის შესამჩნევი სხვაობებიც: არანაირი საჭე ან პედლები სიჩქარის მოსამატებლად და შესამცირებლად. მძღოლი რეალურად ძალიან პატარა როლს თამაშობს მის მართვაში. საჭიროა მხოლოდ ღილაკზე მიჭერა, რაც მანქანას ჩართავს და შემდეგ დანიშნულების ადგილის შეყვანა კომპიუტერში, რომელიც გუგლის რუკებით ხელმძღვანელობს. ავტომობილი გზაში არ ისვენებს, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის არსებობს საავარიო მუხრუჭი.
ელექტრომობილის წინა მხარე სპეციალურად მიამსგავსეს მულტფილმის პერსონაჟის სახეს. საქარე მინა მოქნილი და პლასტიკურია, მანქანის ზედა მხარეს განთავსებული სენსორი კი აქტიურად ბრუნავს და 180 მეტრის რადიუსში მიდამოს აკვირდება. კომპიუტერი ინფორმაციას იღებს როგორც ლაზერული, ისე რადარული სენსორებიდან, ასევე ითვალისწინებს კამერებიდან მიღებულ მონაცემებსაც. ეს გამორიცხავს ე.წ. ბრმა ლაქებს, ხოლო გადაკვეთის ადგილებსა და მოსახვევ ბილიკებს გაცილებით უსაფრთხოს ხდის.
გუგლის მიერ წარმოებული პირველი ავტომობილები კომერციულად ხელმისაწვდომი არ იქნება, არამედ მხოლოდ საკვლევი მიზნებით გამოიყენებენ. ამჟამად ავტომობილს შეუძლია 40 კმ/სთ-ის განვითარება, ასევე დიდად არ გამოირჩევა კომფორტული მახასიათებლებით, თუ არ ჩავთვლით ჭიქის ჩასადებს, უსაფრთხოების ღვედებსა და მეტ სივრცეს ფეხებისთვის. გუგლის მთავარი საზრუნავი იმის დადგენაა, როგორ მოქმედებს მანქანა რეალურ პირობებში და შესაძლებელია თუ არა სისტემის მისადაგება უფრო დიდ და პრაქტიკულ მოდელებზე.
წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება დილის რეჟიმი, თუკი სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის იარსებებს დამატებითი დრო მანქანაში წასაკითხად ან საუზმისთვის, ხოლო რამდენად სწრაფი იქნება მგზავრობა, თუკი მინიმუმამდე დავა საგზაო ინციდენტები, რომლებიც ხალხის თავშეყრას იწვევს? საშუალო ამერიკელი სახლიდან დანიშნულების ადგილამდე მისვლას 25 წუთს ანდომებს, ხოლო ადამიანთა 8% დღეში ერთ საათზე მეტს ატარებს მანქანაში მხოლოდ იმისთვის, რომ სამსახურში იაროს. უმძღოლო ავტომობილი ყოველწლიურად დაგვაზოგინებს მინიმუმ 200 საათს, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ წიგნების წასაკითხად, ნაცვლად წინ მდგომი მანქანების უკანა ფარებზე მიშტერებისა.
თვითმართვადი ავტომობილები ასევე შეღავათი იქნება მათთვის, ვისაც არ შეუძლია ჩვეულებრივი მანქანის მართვა ასაკის, მხედველობის გაუარესების თუ რიგი სამედიცინო მიზეზების გამო. კანონების დარეგულირების შემთხვევაში ასეთ ავტომობილებს არასრულწლოვნებიც გამოიყენებენ.
ცხადია, არსებობს გარკვეული ეჭვები ასეთი ავტომობილების მომავალთან დაკავშირებით. ეს შეიძლება სამსახურის დაკარგვის საფრთხე იყოს იმ მრავალი ადამიანისთვის, რომლებიც მგზავრებს ატარებენ ტაქსებით, ავტობუსებით, ლიმუზინებით და ა.შ. გარდა ამისა, არსებობს საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემებიც. ეს მანქანები ჩვენს ცხოვრებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის, თუმცა რისკი მაინც იარსებებს. თუკი ფეხით მოსიარულე მანქანის წინ გადაკვეთს გზას, შეიძლება საკმარისი დრო არ იყოს დასამუხრუჭებლად. ვინ იქნება ამ დროს დამნაშავე? გარდა ამისა, ავარიის აღბეჭდვისას ავტომობილმა შეიძლება ისეთი პირადული ინფორმაციაც შეინახოს, რომლის სადაზღვევო კომპანიების ხელში მოხვედრა არასასურველი იქნება.
ჰეითერებმა http://goo.gl/Ckl1BD – ო :დ მერე სადღაც ვნახე 13 დიზაინი გააკეთეს და ეს მხოლოდ ერთ-ერთიაო.
LikeLike
ნელ-ნელა დახვეწავენ, ეს დასაწყისია 😀
LikeLike