ოვიცების ოჯახი და ნაცისტთა ექსპერიმენტები


მათგან, ვინც გარკვეული ფიზიკური მახასიათებლებით სხვებისგან გამოირჩეოდა და ამის გამო ფათერაკებისა და უსიამოვნებების გადალახვა უწევდა, ცოტაოდენს თუ ხვდა წილად ისეთი მძიმე ხვედრი, როგორიც ელიზაბეტ ოვიცსა და მის და-ძმას. ისინი სამედიცინო წამებისა და ექსპერიმენტების მსხვერპლი იყვნენ „სიკვდილის ანგელოზის” იოზეფ მენგელეს ხელში.

ოვიცების ოჯახის წევრები ტრანსილვანიელი ებრაელები იყვნენ. მათი მამა, შიმშონ ისააკ ოვიცი (1868-1923), იყო პატივცემული რაბინი და ჯუჯა. ორი ქორწინებიდან მას 10 შვილი ჰყავდა, მათგან 7 დაავადებული იყო ფსევდოაქონდროპლაზიით, რაც კიდურების ნორმალურ განვითარებას აფერხებს. შიმშონის სიკვდილის შემდეგ მისმა ქვრივმა გადაწყვიტა, რომ ზრდაშეჩერებული ოვიცების მეშვეობით კარგ ფინანსურ სარგებელს ნახავდა, თუკი მათგან მუსიკალურ დასს ჩამოაყალიბებდა და იმოგზაურებდა. და-ძმებმა შექმნეს ჯგუფი „ლილიპუტების ჯაზ-ბენდი” და კარიერა ცენტრალურ ევროპაში დაიწყეს.

1942 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ევროპა სახიფათო ადგილი იყო ნაცისტების თარეშის გამო, ოვიცების ოჯახი ისევ აგრძელებდა საქმიანობას, ოღონდ ამჯერად თავიანთ ებრაულ წარმომავლობას მალავდნენ. იმავე წლის მაისში ელიზაბეტი გათხოვდა ერთ-ერთი თეატრის ახალგაზრდა მმართველზე, იოშკო მოსკოვიცზე. თუმცა ქორწინებიდან 10 დღის შემდეგ იოშკო იძულებით გაამწესეს მძიმე სამუშაოზე, რის გამოც წყვილს დაშორება მოუწია. ოვიცები კიდევ ორი წელი მოგზაურობდნენ და წარმოდგენებს მართავდნენ, თუმცა 1944 წლის მარტში გერმანელმა ჯარისკაცებმა დაიპყრეს უნგრეთი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ. 17 მაისს ოვიცები დააპატიმრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი.

ელიზაბეტი იხსენებს იმ მომენტს, როცა პირველად ნახა იოზეფ მენგელე. ნაცისტი ექიმი შემაღლებულ ადგილზე იდგა და ახალ ტყვეებს ანაწილებდა ორ კატეგორიად: ვინც მაშინვე უნდა დახოცილიყო და ვინც საკონცენტრაციო ბანაკის ექსპერიმენტების ობიექტი გახდებოდა. ოვიცების ოჯახის დანახვისას მენგელეს თვალები გაუბრწყინდა: მას ნაწამები ჰყავდა, ექსპერიმენტები ჩაეტარებინა და ნაწილებად დაეჭრა ათობით ტყუპი და-ძმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათი შინაგანი ორგანოების მსგავსებები და განსხვავებები დაედგინა, ხოლო ოვიცების ოჯახი ამ საკითხში კულმინაცია იქნებოდა. ლილიპუტების პოვნა გაცილებით რთული იყო, ვიდრე ტყუპი დედმამიშვილებისა. ელიზაბეტის მიხედვით, მენგელემ განაცხადა: „ახლა შემდეგი 20 წლისთვის სამუშაო მასალა მექნება. მეცნიერებას საინტერესო საკითხი მიეცემა განსახილველად.”

მენგელემ „გულმოწყალება” გამოიჩინა და ოვიცებს შედარებით ჰიგიენური გარემო და საარსებო პირობები შეუქმნა. ისინი ცხოვრობდნენ სუფთა გარემოში, ჰქონდათ სხვებზე უკეთესი კვება და საკუთარი საწოლი. მათ თავიანთი ტანისამოსიც კი დაუტოვეს და ექსპერიმენტის ტერიტორიაზე მათი მიყვანა სხვა, უფრო მაღალ პატიმრებს ევალებოდათ.

როგორც ბანაკის ყველა ტყვე, ოვიცებიც მრავალგვარი ექსპერიმენტის საცდელი თაგვების როლში აღმოჩნდნენ. მენგელეს თანაშემწეები მათ ძვლის ტვინს აცლიდნენ, აძრობდნენ კბილებსა და თმებს, რათა გენეტიკური დარღვევის მიზეზი აღმოეჩინათ. ყურებში ცივ და ცხელ წყალს ასხამდნენ, აბრმავებდნენ ქიმიური ხსნარებით. 18 თვის შინშონ ოვიცი ყველაზე ცუდ დღეში აღმოჩნდა, რადგან მას უფრო მაღალი მშობლები ჰყავდა და ამასთან, დროზე ადრე დაიბადა. მენგელემ შინშონს ყურებთან და თითებთან ვენები გადაუჭრა და სისხლი გამოწურა.

ელიზაბეტი წერდა: „ყველაზე საშინელი მაინც გინეკოლოგიური ექსპერიმენტები იყო. ისინი მაგიდაზე გვაბამდნენ და სისტემატურად გვაწამებდნენ. საშვილოსნოში სხვადასხვა საგნებს გვტენიდნენ, სისხლს გვადენდნენ, ხორცს გვისერავდნენ და ნიმუშებს იღებდნენ. შეუძლებელია, სიტყვებით გამოიხატოს ის გაუსაძლისი ტკივილი, რომლის გადატანაც გვიწევდა და ექსპერიმენტის დასრულებიდან რამდენიმე დღე კიდევ გრძელდებოდა.”

გინეკოლოგიური ექსპერიმენტები იმდენად სასტიკი იყო, რომ დამხმარე ექიმებსაც კი სიბრალული მოერიათ და საბოლოოდ უარი თქვეს მის გაგრძელებაზე, რადგან ნათლად ხედავდნენ, რომ ამ პროცედურებს ოვიცები დიდხანს ვეღარ გაუძლებდნენ. მენგელემ მოქმედება შეარბილა, რადგან თავისი „ლაბორატორიის ვირთხების” სიცოცხლის გარისკვა არ სურდა. მაგრამ სანაცვლოდ არანაკლებ სადისტური ექსპერიმენტები დაიწყო.

„ისინი ხერხემლიდან სითხეს გვიღებდნენ. თმების მოცილება ისევ განაგრძეს და როცა სიკვდილისთვის მზად ვიყავით, დაიწყო ახალი მტკივნეული ცდები თავზე, ცხვირზე, პირზე და ხელების მიდამოში. ყველა ნაბიჯს დაწვრილებით აღწერდნენ ილუსტრაციებით. აღსანიშნავია, რომ ჩვენ იმ მცირეოდენს შორის ვიყავით, ვისი წამებაც «მეცნიერულად» აღწერეს მომავალი თაობებისთვის.”

შემდგომ პერიოდში ოვიცებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ დახოცეს ნაცისტებმა ბანაკში მოყვანილი ორი ჯუჯა, შემდეგ კი მოხარშეს, რათა მათი ძვლები მუზეუმში გამოფენილიყო. თანაც ამ ყველაფერს ფირზეც იღებდნენ. თავად ოვიცებს კი მენგელე აშიშვლებდა და უფროსი ნაცისტების წინაშე წარადგენდა ხოლმე გენეტიკაზე ჩატარებული ლექციებისას. გარდა ამისა, ჰიტლერის საამებლად იღებდა ფილმს, სადაც შეშინებული ოვიცები გერმანულად მღეროდნენ. თუმცა ამ და ექსპერიმენტების ჩანაწერებს ომის შემდგომ ვერსად წააწყდნენ, შესაძლოა მენგელემ თან გაიყოლა გაქცევისას.

მთლიანობაში ოვიცების ოჯახი 7 თვის განმავლობაში იყო მენგელეს წამების ობიექტი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი გადარჩნენ და მოესწრნენ ოსვენციმის ბანაკიდან ტყვეების გათავისუფლებას 1945 წლის 27 იანვარს. მანამდე ორი დღით ადრე მენგელე ელიზაბეტთან მივიდა და შუშის თვალები მიაზომა, როგორც ჩანს, მისთვის მხედველობის ორგანოების ამოღება ჰქონდა განზრახული.

წითელმა არმიამ ნაცისტთა ტყვეები საბჭოთა კავშირში გადაიყვანა, სადაც გარკვეული პერიოდი ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი საბოლოოდ გათავისუფლდნენ. მათ 7 თვე ფეხით იარეს, სანამ მშობლიურ სოფელს მიაღწევდნენ, მოგვიანებით კი ბელგიაში გადასახლდნენ. 1949 წლის მაისში ისრაელს შეაფარეს თავი და ჰაიფაში დასახლდნენ, განაგრძეს წარმოდგენების გამართვა და საკმაო წარმატებასაც მიაღწიეს. 1955 წელს ეს საქმიანობა მიატოვეს და კინოთეატრი შეიძინეს.

ომის შემდგომ იოზეფ მენგელე ინკოგნიტოდ ცხოვრობდა გერმანიაში, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკაში გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ნადირობა იყო გამოცხადებული, როგორც ომის კრიმინალზე, მენგელე წარმატებით ახერხებდა დამალვას. ის არასდროს დაუჭერიათ და არც ჩადენილი დანაშაულებისთვის უგია პასუხი. გარდაიცვალა 1979 წლის 7 თებერვალს, 67 წლის ასაკში, ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ცურვისას მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად.

Advertisements

11 responses to “ოვიცების ოჯახი და ნაცისტთა ექსპერიმენტები

  1. tami 25/08/2012, 9:05 AM

    ავადმყოფი ადამიანების ავადმყოფური ფანტაზიები. მეზიზღება მეორე მსოფლიო ომის სამარცხვინო პერიოდი, შავა ლაქა მსოფლიო ისტორიაში.

    Like

  2. qeta 26/08/2012, 8:11 PM

    shen unda yofiliyavi saeqsperimento masala da naxavdi rogori vargisiani gasartobi iqnebodi:@

    Like

  3. alkash 27/08/2012, 3:39 PM

    საწყალი კაცი,წყალში დამხრჩვალა.ეს ჩემისები რამ გადაარჩინათ ასეთ წამებას.

    Like

  4. გიორგია 28/08/2012, 8:32 PM

    tami 25/08/2012 at 9:05 am

    ავადმყოფი ადამიანების ავადმყოფური ფანტაზიები. მეზიზღება მეორე მსოფლიო ომის სამარცხვინო პერიოდი, შავა ლაქა მსოფლიო ისტორიაში.

    თამი მსოფლიოს ისტორიას მუდამ თან სდევს ასეთი ისტორიები.

    მაგალითად სადამ ჰუსეინს(ერაყის დიქტატორს რომელიც ამერიკამ ჩამოახრრჩო) ჰქონდა მჟავით სავსე აუზი რომელშიც ჰყრიდა საწამებელ ობიექტებს(ადამიანებს)

    შუა საუკუნეების ევროპაში საკმაოდ იყო გავრცელებული ცეცხლზე დაწვა და ასევე წყალში მოხარშვა.

    ეხლა წარმოიდგინე ჩემო კარგო რა ძნელია მჟავაში ჩავარდნილი ადამიანის ბედი როცა მჟავა კანს გწვავს ნელნელა, როცა აგდებენ მჟავაში და თვალში რომ შეესხმება მჟავა, როცა კანს დასწვავს მჟავა და უკვე კუნთებს სწვავს.

    ანდაც როცა ასანთი გწვავს ხელს რა მწვავეა და ეხლა წარმოიდგინე ცეცხლი რომ ჯერ უბრალოდ სწვავს, მერე კანი ცოცხლად იბრაწება, მერე ორგანიზმს ცეცხლი ეკიდება, და თუ ის ადამიანი ჯერ კიდევ არ არის გაგუდული იმ მხრჩოლავი და ხველების გამომწვევი ბოლით გაგუდული მაშინ ის იმასაც იგრძნობს როგორ ეკიდება მის სხეულს ცეცხლი

    რაც შეეხება წყალში მოხარშვას. ჯერ რამდენიმე წვეთი მდუღარე წყალი რას უშვრება ადამიანს და ეხლა წარმოიდგინე როცა ნელნელა თბება, მერე ცხელდება, ბოლოს დუღილისკენ მიდის და ამ მთელი ხნის განმავლობაში ვიღაცა იქ არის დამწყვდეული, ვერ ამოდის(დაბმულია). მან იცის რომ იგი ამ წყალში 1 ან 2 საათში მოიხარშება მაგრამ არაფერი შეუძლია.

    Like

  5. Apple Butaphory 04/09/2012, 11:27 AM

    საშინელებაა. მაგრამ სწორედ ნაცისტების ექსპერიმენტების შედეგადაა განვითარებული გერმანიის მედიცინა ასეთ დონეზე ..თუმცა არანაირი გამართლება არ აქვს ამას, მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაც მიმართავდა ადამიანებზე ცდების ჩატარებას , შენაერთი”731 სისხლიანი საკურა”

    Like

  6. Pingback: ადამიანებზე ჩატარებული შოკისმომგვრელი ექსპერიმენტები | ჩრდილოეთის ციალი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: