ავსტრალიის ქალაქ ვაგა-ვაგაში არაქნოფობების კოშმარი რეალობად იქცა – წყალდიდობის შემდეგ უამრავმა ობობამ აბლაბუდით დაფარა მიდამო. 1 კვირიანი თავსხმა წვიმის შედეგად გამოწვეულმა დატბორვამ აიძულა ობობები (ასევე მინიმუმ 13 000 ადამიანი), თავის გადასარჩენად სახლები დაეტოვებინათ.
მასიურმა ქსელებმა ვაგა-ვაგას ვრცელი ტერიტორიები დაფარა. ამ პერიოდში ასეთი ადგილები ობობების დროებით თავშესაფარს წარმოადგენს, რადგან მათი საბინადრო წყლითაა დაფარული. ჯორჯიის უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა ენტომოლოგიის (მწერების შემსწავლელი მეცნიერება) დარგში, რობერტ მეთიუსმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ არასდროს უნახავს. ,,ეს უბრალოდ გასაოცარია”, აღნიშნა მან.
წყალდიდობა ობობებს აიძულებს, შემაღლებულ ადგილებს მიაშურონ. თავი რომ გადაირჩინონ, ისინი უფრო მტკიცე ქსელებს ქსოვენ. ნესტიანმა წელმა ავსტრალიაში მწერების ბუმი გამოიწვია, რამაც თავისთავად გაზარდა ობობების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით – მათ დიდი რაოდენობით საკვები გაუჩნდათ.
ავსტრალიელი ქალი ძაღლებს მიასეირნებს ქსელებიან მინდორზე ვაგა-ვაგაში.
მურუმბიჯის მდინარე – ვაგა-ვაგას წყალდიდობათა უმეტესობის მიზეზი – ნელ-ნელა უკან იხევს მას შემდეგ, რაც 11 მეტრის სიმაღლეს მიაღწია 6 მარტს.
აბლაბუდებით დაფარულ ტერიტორიებს აღტაცებული რობერტ მეთიუსი თოვლიან მინდორს ადარებს. ამ ქსელების შემოქმედნი არიან სფეროსებრი ქსელის მრთველი (Araneidae) და მგლისებრი (Lycosidae) ობობები – ორი სახეობა, რომლებიც ადამიანებისთვის საშიშად არ ითვლებიან.
სურათები ნათლად გამოხატავენ ,,იმ მრავალფეროვნებას, რისი შექმნაც ობობებს შეუძლიათ ქსელის მეშვეობით”, ამბობს მეთიუსი. ქსელის შექმნის უნარი ,,უზარმაზარი ევოლუციური ნახტომია” და ,,სწორედ ესაა კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაა ობობების რიგი (Araneae) ასეთი წარმატებული”.
ვაგა-ვაგას მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ობობების აბლაბუდები აღმოჩნდა ყურადღების გადასატანი შესანიშნავი საშუალება რამდენიმედღიანი წყალდიდობისა და ზარალის შემდგომ. ,,ასეთი ქსელები ადრე არასდროს მინახავს”, განუცხადა ავსტრალიელმა ჯენეტ ჰიუმმა გაზეთ ,,დეილი ტელეგრაფის” ჟურნალისტს.
ობობების ქსელი ძლიერი ქარის დროს ვაგა-ვაგაში, 6 მარტს.
ავსტრალიამ სულ ცოტა ხნის წინ დააღწია თავი 10 წლიან გვალვასა და ქვეყნის ისტორიაში უსაშინლეს ხანძრების სერიას, ამჯერად კი წყლის სტიქიამ იმძლავრა და აღმოსავლეთი ნაწილი დატბორა.
7 მარტს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი ვერტმფრენიდან ათვალიერებს ვაგა-ვაგას წყალდიდობებისგან დაზარალებულ ადგილებს.
აღმოსავლეთ ავსტრალიაში მომხდარი დატბორვები ყველაზე მასშტაბური იყო ბოლო 160 წლის მანძილზე და შეიძლება, 1 თვეზე მეტხანს გაგრძელდეს, გვამცნობს ავსტრალიური გაზეთი ,,Sydney Morning Herald”.
P.S. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოვლენა მანამდე პაკისტანში დაფიქსირდა 2010 წელს.
აი, საოცრებაც ამას ჰქვია
LikeLike
ეს ზედმეტი მოუვიდათ მაგრამ ❤
LikeLike