ბუნების 7 ახალი საოცრება (National Geographic)


სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე, იგუასუს ჩანჩქერი მდებარეობს. ნამგალა მთვარის ფორმის ჩანჩქერები ერთ-ერთ გამარჯვებულ ნომინაციაში მოხვდნენ საერთაშორისო გამოკითხვაში, სადაც ხალხი ინტერნეტითა და მობილური ტელეფონით ირჩევდა მსოფლიოს 7 ბუნებრივ საოცრებას.

2007 წელს ამ კონკურსში მონაწილეობისთვის 220 ქვეყანა დარეგისტრირდა და მთლიანობაში 440 კანდიდატურა წარმოადგინეს. New7Wonders–მა ისინი ნელ-ნელა გამორიცხა და 28 ფინალისტამდე შეამცირა, მათგან კი გამარჯვებულები ხალხმა აირჩია. ხმის მიცემა 2011 წლის 11 ნოემბრამდე გრძელდებოდა.

რობერტ რაიდმა, Lonely Planet-ის მოგზაურობის განყოფილების რედაქტორმა განაცხადა, რომ იგუასუს ჩანჩქერები ფართოდ აღიარებული საოცრებაა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ჩანჩქერად ითვლება. “იგუასუ შეიძლება შევადაროთ ნიაგარის ჩანჩქერისა და ტაჯ-მაჰალის ნაზავს.”

ამ ადგილის გრანდიოზულობა როგორც ხედებში, ისე ჩანჩქერის მიერ გამოცემულ ხმებშია. “გასულ წელს ამ ადგილს ტონი გაილსთან ერთად ვესტუმრე. ის ბრმა მოგზაურია, რომელსაც მსოფლიო აქვს შემოვლილი”, ამბობს რაიდი. “როგორც კი ჩანჩქერს მივუახლოვდით, მან მითხრა, რომ ის სიმფონიასავით ჟღერს.”

 


ხის ტურისტული ნავები სტუმრობენ მოტივტივე სათევზაო სოფელს ვიეტნამის ჰალონგის ყურეში. ტურისტების განსაკუთრებულმა აქტიურობამ და გარემოს დაბინძურებამ ამ ადგილს უარყოფითი შედეგები მოუტანა. ვიეტნამის მთავრობა შესაბამის პოლიტიკას ატარებს სიტუაციის გამოსასწორებლად, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.

გარემოს დამცველების ნაწილი წუხს იმაზე, რომ ამ კონკურსს ცუდი მხარეც ექნება – ის კიდევ უფრო მეტად მოაქცევს ყურადღების ცენტრში ისეთ ტერიტორიებს, რომლებსაც გაფრთხილება და ტურისტების ნაკადის შემცირება ესაჭიროებათ.

 


სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპთაუნში შუაღამის შუქები ანათებს მაგიდის მთის კალთებს. რაიდის თქმით, მაგიდა მთა აქტიური ადგილი და ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ყოველ 10 ან 20 წუთში აქ ხალხი საბაგირო ტრანსპორტით ადის, ადგილობრივები კი ხშირად ფეხით მიაშურებენ ხოლმე. თან ყოველთვის მიაქვთ ბოთლით ღვინო.

 


მდინარე ამაზონის ტალახიანი წყლები ამაზონის ტროპიკული ტყის ნოტიო სანაპიროს გასწვრივ მიედინებიან. ხალხის გადაწყვეტილებით, ამაზონის ტყეები 7 ბუნებრივი საოცრებიდან ერთ-ერთი გახდა. ის 9 ქვეყნის მიწაზეა გადაჭიმული და ფართობით 5.7 მილიონი კვ. კმ-ია (570 მილიონი ჰექტარი). ამ მონაცემებით ის პლანეტის ტროპიკული ტყეების ნახევარს შეადგენს.

რობერტ რაიდის თქმით, ადამიანთა უმეტესობა გაოცებული რჩება ამაზონის ხილვის შემდეგ, რადგან ის არ ემთხვევა მათ წარმოდგენებში არსებულს. “ხალხს ჰგონია, რომ აქ ჩამოსვლისას მარცხნივ და მარჯვნივ იაგუარები დახვდებათ, მაგრამ ამ ცხოველებს იშვიათად შეხვდებით. ნახავთ დატბორილ ტყეებს, მდინარის ვიწრო და ფართო შენაკადებს, მაგრამ თუ ელოდებით ისეთ ხედებს, როგორიცაა ფილმში ‘ჯორჯი ჯუნგლებიდან’, იმედი გაგიცრუვდებათ.”

 


მყვინთავი მიცურავს ტროპიკულ თევზებს შორის მარჯნის რიფებში, ინდონეზიის კომოდოს ეროვნულ პარკში. ის 1980 წელს დაარსდა, რათა კომოდოს დრაკონი დაეცვათ, თუმცა შემდეგ სხვა სახეობებიც შეიფარეს, მათ შორის ზღვის არსებებიც.

 


თოვლის ნარჩენები ფარავს ჰალას მთის კრატერს სამხრეთ კორეაში, ჯეჯუს კუნძულზე. ჯეჯუ ვულკანური კუნძულია, მასზე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ფართობით კი 1848 კვ. კმ.-ია. კუნძულზე სულ ორი ქალაქია – ჯეჯუ და სეოგვიპო. აქვე მდებარეობს ეროტიკული პარკი Jeju Loveland, რომელიც 2004 წელს გაიხსნა.

 


ცარიელი ნიჩბიანი ნავები მგზავრებს ელიან პუერტო-პრინცესას მიწისქვეშა მდინარის მთავარ შესასვლელთან, რომელიც ფილიპინებში მდებარეობს. 8.2 კმ სიგრძის მდინარე გადის რამდენიმე მსხვილ გამოქვაბულს, რომლებიც ზემოდან ჩამოზრდილი სტალაქტიტებითა და ქვემოდან ამოშვერილი სტალაგმიტებით არიან მდიდარნი. საბოლოოდ კი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩაედინება. გამოქვაბულის შესასვლელთან უძველესი ხეების მიერ სუფთა ლაგუნა იქმნება.

როგორც ჰალონგის ყურის შემთხვევაში, ისე პუერტო-პრინცესას მიწისქვეშა მდინარის საკითხშიც არის ეჭვები და შიშები, რომ მისი მოხვედრა გამარჯვებულთა სიაში გაზრდის ცნობისმოყვარეთა რაოდენობას და შესაბამისად, მისი დაბინძურების საშიშროებას. სწორედ ამიტომ New7Wonders დაადანაშაულეს იმაში, რომ კონკურსის მსვლელობისას ხაზგასმით არ აღნიშნულა საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიების ამბავი, რომ ისინი უნიკალური ადგილებია და ტურიზმის გადამეტებული მაჩვენებელი მხოლოდ ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: