ყველაზე უცნაური არსებები (National Geographic)


ჩოქელა იმდენად უცნაური გარეგნობის მქონე ქმნილებაა, რომ ძველი ბერძნების რწმენით, მას ზებუნებრივი შესაძლებლობები ჰქონდა. სწორედ ამიტომ ეწოდა სახელად “Mantis”, რაც ნიშნავს წინასწარმეტყველს. ეს მტაცებელი მწერი იკვებება ცოცხალი მწერებით, რომელთა დაჭერასაც ახერხებს წინა ეკლიანი ფეხებით. შეწყვილების დროს მდედრი ხშირად მიირთმევს მამრს, დასაწყისში კი თავს აჭამს. მომაკვდავ მამრს სპაზმები ემართება და დიდი რაოდენობით სპერმას გამოყოფს. ამის შემდეგ მდედრი აგემოვნებს მისი პარტნიორის ტანსა და შიგნეულობას, რაც დამატებითი საზრდოა იმისთვის, რომ 200-მდე კვერცხი დაყაროს.


 


მდედრი ობობა შავი ქვრივი თავის ქსელში ზის და მსხვერპლის გამოჩენას უცდის. მას 8 თვალი აქვს, მაგრამ იშვიათად იყენებს, სამყაროს უფრო მეტად თმიანი ფეხებით შეიგრძნობს. მსხვერპლის გამოჩენასაც ქსელის ვიბრაციით ხვდება. თავდაპირველად ბადეში მოხვედრილ გზააბნეულ მწერს ობობა კბენს და მის სხეულში ნეიროტოქსინს უშვებს, რაც ამ უკანასკნელის პარალიზებას იწვევს. შემდეგ საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მეშვეობით ათხიერებს მწერის ორგანიზმს და შესრუტვას იწყებს. პერიოდულად უკანა ფეხებით ახალი ქსელი გამოაქვს ორგანიზმიდან და მსხვერპლს მასში ახვევს, რათა თუკი ბოლომდე არ შეჭამა ან სულაც ჯერჯერობით არ შია, შემდეგი სადილისთვის გადაინახოს. თუმცა როცა ძალიან შია, მწერს მთლიანად მიირთმევს და სუპივით ხვრეპს.

 


ექიდნა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ეკლიანი ჭიანჭველიჭამია, კვერცხისმდებელია და ამით განსხვავდება სხვა ძუძუმწოვრებისგან. დანარჩენ ძუძუმწოვრებთან შედარებით ასევე სხეულის ძალიან დაბალი ტემპერატურა აქვს (30-32°). საკბილო მწერების ძიებისას ექიდნა შეიგრძნობს ვიბრაციებს ცილინდრული ფორმის შიშველი ნისკარტით, რომელიც ამოშვერილია მისი გუმბათოვანი, ეკლებით დაფარული სხეულიდან.

 


ზღვის კურდღელს ეს სახელი უწოდეს თავზე არსებული კურდღლის ყურების ფორმის გამონაზარდების გამო, რომლებიც რეალურად მის ცხვირს წარმოადგენენ. ზღვის კურდღლები არიან ჰერმაფროდიტები – აქვთ როგორც მამრის, ისევე მდედრის ორგანოები. შეწყვილების პერიოდში ერთ-ერთი ზღვის კურდღელი იწყებს მდედრივით მოქმედებას, შემდეგ მასთან მოდის მეორე, რომელიც მამრს ბაძავს პირველისთვის და მდედრს მესამისთვის და ასე მიიღება ზღვის კურდღლების ვრცელი ხაზი, სადაც ბოლოში მყოფი მხოლოდ მამრივით იქცევა. ზღვის კურდღელი ყრის სპაგეტის ფორმის მილიონობით კვერცხს ლამინარიებში, რათა პატარებისთვის საარსებოდ მყუდრო გარემო იყოს.

 


შიშველი მიწისმთხრელი არც ვირთხაა და არც თხუნელა. ეს მოვარდისფრო უთმო მღრღნელები მთელ სიცოცხლეს თითქმის სრულ სიბნელეში ატარებენ – მათი საცხოვრებელი მიწისქვეშა სოროებისა და გვირაბების ქსელია. ბნელ სამყაროში ცხოვრებისას მათ გამოიმუშავეს სოციალური ურთიერთობის მკაცრი ფორმები, რომლითაც ჭიანჭველებს ან ფუტკრებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ტიპიურ ძუძუმწოვრებს. იერარქიის თავშია გრძელი და ძლიერი დედოფალი. მისი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ის და მისი არჩეული რამდენიმე მამრი მრავლდებიან. დანარჩენებს დედოფალი აშინებს და უკრძალავს შეწყვილებას. ზოგიერთი მიწისმთხრელი ირჩევა ჯარისკაცად და ისინი მეთვალყურეობენ კოლონიას სხვა მიწისმთხრელებისგან და მტაცებლებისგან დასაცავად. სხვები უვლიან სოროებს, თხრიან გვირაბებს და ეძებენ საკვებს. უზარმაზარი საჭრელი კბილები პირიდან გარეთაა გამოშვერილი, ამიტომ მათ თხრა მიწისა და ჭუჭყის ყლაპვის გარეშე შეუძლიათ. შიშველი მიწისმთხრელები თითქმის ბრმები არიან, სხეულზე არსებული სპეციფიკური თმები მათ ეხმარებათ გზის გაკვლევასა და ორიენტაციაში.

 


მსხვერპლის გამოდევნების ნაცვლად, თევზი-ბაყაყები კამუფლაჟის ოსტატებად არიან ქცეულნი. ისინი ხშირად ემსგავსებიან გარემოს, წვანან მშვიდად და ელიან მსხვერპლს, გამოჩენისას კი აცდუნებენ გამონაზარდით, რომელიც ამოშვერილია ზურგის პირველი ფარფლიდან. თევზი-ბაყაყი უკბილოა, ამიტომ ის პირს ფართოდ აღებს და საკვებს მთლიანად ყლაპავს, შემდეგ ყბით ქმნის ძლიერ წნევას. ამ მეთოდით ის უფრო მალე ინელებს მსხვერპლს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ხერხემლიანი ცხოველი – სულ რაღაც 6 მილიწამში.

 


ბრტყელი ჭიები ჰერმაფროდიტები არიან ორივე სქესის ორგანოებით. მაგრამ როცა საქმე ეხება შთამომავლობის გაჩენას, ისინი არ წყვეტენ, ვინ ითამაშებს მამრის და ვინ მდედრის როლს – ბრძოლა, რომელიც ზოგჯერ სიკვდილამდე გრძელდება ხოლმე. ბრტყელი ჭიების შემთხვევაში ორი მათგანი პოულობს მესამეს და თავიანთი ორგანოებით ანაყოფიერებენ მას.

 


დაბადებისას კამბალა ორმხრივად სიმეტრიულია – მას თავის ორივე მხარეს თითო თვალი აქვს. თუმცა რამდენიმე დღეში თვალები იწყებენ გაერთიანებას და თევზი მკვეთრად იხრება ერთ მხარეს. მოზრდილი კამბალები ძირითადად ფსკერზე ცხოვრობენ, თვალი კი ზემოთ იცქირება. სხეულის ქვედა მხარე საბოლოოდ კარგავს თავის ბუნებრივ ფერს.

 


რქიან ხვლიკს ზოგჯერ ასევე ეძახიან რქიან ბაყაყს ან რქიან გომბეშოს, მაგრამ ის არაა ამფიბია. ჩრდილოეთ ამერიკის დასავლურ უდაბნოებში მობინადრე ხვლიკი ქვეწარმავალია, რომელსაც თავდაცვის უცნაური სტრატეგია აქვს. როცა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება მაგალითად კოიოტისგან, რქიანი ხვლიკი თვალთან არსებულ წვრილ კაპილარებს წნევით აწვება, ხეთქავს და იქიდან სისხლს ასხამს. დამაბნეველი ფაქტორის გარდა, ამ ქმედების მიზეზი ისიცაა, რომ სისხლი შეიცავს არასასიამოვნო სუნის მქონე ქიმიკატებს, რაც მტაცებელს აიძულებს, სასწრაფოდ მოშორდეს იმ ადგილს.

 


90 სმ-მდე სიმაღლის მამრი ხორთუმიანი მაიმუნები იწონიან თითქმის ორჯერ მეტს მდედრებთან შედარებით. ცხვირის ზომას კი პარტნიორის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბორნეოს ჭაობიან მანგროს ტყეებში მცხოვრები ეს მაიმუნები კარგ საკბილოს წარმოადგენენ ნიანგებისა და სხვა მტაცებლებისთვის. მარტოხელა მამრები ძირითადად ერთად ცხოვრობენ, ზოგიერთი მათგანი კი მარტოსულ ცხოვრებას ამჯობინებს ან მდედრების ჰარამხანას ქმნის. საფრთხის მოახლოებისას ლიდერი მამრი ცხვირის მეშვეობით გამოსცემს საგანგაშო ძახილს, რომლის მეშვეობითაც ყველას ატყობინებს საშიშროების შესახებ.

 


დედის ჩანთაში მყოფი პატარა კენგურუ თითქმის 1 წლისაა. 1 თვის ასაკში ნაშიერი, რომლიც ზომით კანფეტს არ აღემატება, მუცლიდან გარეთ გამოდის და დედის ბეწვს ეჭიდება. თვალები ჯერ არ აქვს ახელილი და ინსტინქტებს ენდობა მოძრაობისას. რამდენიმე წუთში ის აღწევს ჩანთას და დედის ძუძუს ეჭიდება. შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში პატარა კენგურუ ჩანთაში ვითარდება. მთელი 9 თვე პატარა ისევ დედის მზრუნველობის ქვეშაა საკვების მოპოვების, საფრთხისგან დაცვისა და გადაადგილების საკითხებში. ჩანთიდან გარეთ გამოსვლისას ის ჯერ კიდევ არაა მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ჩანთის დატოვების შემდეგ ის ერთიდან ექვს თვემდე ისევ დედასთანაა. თუმცა მალე დედას შეიძლება ახალი ნაშიერი გაუჩნდეს და მას დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლა უწევს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: