სტივ ჯობსი გარდაიცვალა


ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო, “Apple”-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი, გუშინ 56 წლის ასაკში გარდაიცვალა პანკრეასის კიბოს გამო. ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მან მთავარი აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა ტექნოლოგიური გიგანტის კომპანიაში, რომელსაც საფუძველი სტივ ვოზნიაკთან ერთად ჩაუყარა მშობლების ფარეხში.

Apple-ის საიტის მთავარი გვერდი დღეს მთლიანად სტივ ჯობსის შავ-თეთრმა ფოტომ დაიკავა. “Apple-მა დაკარგა შემოქმედებითი გენია, მსოფლიომ კი – არაჩვეულებრივი პიროვნება. მათ, ვისაც გვქონდა სტივთან მუშაობისა და ნაცნობობის ბედნიერება, დავკარგეთ ძვირფასი მეგობარი და შთამაგონებელი დამრიგებელი. სტივმა დაგვიტოვა კომპანია, რომლის აშენებაც მხოლოდ მას შეეძლო, მისი შემართება კი ყოველთვის Apple-ის საძირკველი იქნება.” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

“Apple”-ის დირექტორთა საბჭომ განცხადება გაავრცელა: “ძალიან ვწუხვართ, მაგრამ უნდა შეგატყობინოთ, რომ სტივ ჯობსი გარდაიცვალა. მისი ბრწყინვალება, ჟინი და ენერგია იყო წყარო უამრავი ინოვაციისა, რომლებმაც გააუმჯობესეს და გაამდიდრეს ჩვენი ცხოვრება. სტივის წყალობით სამყარო გაცილებით უკეთესი გახდა. ყველაზე მეტად მას მეუღლე ლორენი და ოჯახი უყვარდა. ვუსამძიმრებთ მათაც და ყველას, ვისაც გული დაწყდა.”

სტივ ჯობსის ნათესავების თქმით, ის მშვიდობიან და წყნარ გარემოში გარდაიცვალა, ოჯახის წევრების გარემოცვაში. “საზოგადო ცხოვრებაში მას მეოცნებედ იცნობდნენ, პირად ცხოვრებაში კი ოჯახზე მზრუნველი იყო. მადლობელი ვართ ყველა იმ ადამიანის, რომლებიც სტივის ბოლო წლებში მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდნენ.”

Apple-ის ახალმა დირექტორმა, სტივ კუკმა კომპანიის თანამშრომლებს ახალი ამბავი ელექტრონული ფოსტით შეატყობინა. “ძალიან ცუდი ამბავი უნდა გაუწყოთ ყველას. დღეს სტივი გარდაიცვალა. ვერცერთი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ მწუხარებას, რაც მისმა სიკვდილმა მოგვიტანა ან იმ მადლიერებას, რაც მასთან მუშაობისას გვეუფლებოდა. მისი ხსოვნის პატივსაცემად ჩვენს თავებს სამსახურს მივუძღვნით, რათა განვაგრძოთ ის საქმე, რაც სტივს ასე ძალიან უყვარდა.”

როგორც კი სტივ ჯობსის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ახალი ამბავი ინტერნეტში გავრცელდა, მაშინვე უამრავ საიტზე დაიდო სხვადასხვა ადამიანთა მიერ გამოთქმული მწუხარების წერილები. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტვიტერზე დაპოსტა: “მშვიდად განისვენე, სტივ ჯობს, მადლობა იმ საქმისთვის, რომლითაც ჩვენი ცხოვრება შეცვალე.”

მოგვიანებით პრეზიდენტმა სრული განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ სტივი “საკმარისად მამაცი იყო, რათა დაეჯერებინა, რომ მსოფლიოს შეცვლა შეეძლო, და საკმაოდ ნიჭიერი იმისთვის, რომ ეს განეხორციელებინა. მე და მიშელი სამძიმარს ვუცხადებთ მის ცოლს, ლორენს, მის ოჯახს, ასე ყველას, ვისაც ის უყვარდა. სტივი ხშირად ამბობდა, რომ ის ყოველ დღეს ისე ატარებდა, თითქოს მისთვის ბოლო ყოფილიყო. სწორედ ამის გამო მან ჩვენი ცხოვრება შეცვალა, ახალი მიმართულება მისცა მთელ მრეწველობას, ასევე მიაღწია იმას, რაც კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ მცირეოდენმა შეძლო – შეცვალა ჩვენი ხედვა სამყაროსთან დაკავშირებით.”

მაშინაც კი, როცა წარსულში სტივმა 2 წლით შეწყვიტა მუშაობა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დირექტორის პოზიციას მაინც ინარჩუნებდა. ამ პერიოდში მილიარდერ გენიოსს უჭირდა მოძრაობა და პაპარაცებს ხშირად დაუფიქსირებიათ მისი ღონემიხდილი და გაძვალტყავებული სახე, რაც ბევრს აფიქრებინებდა, რომ სტივის დღეები დათვლილი იყო. თუმცა მან ბრძოლა არ შეწყვიტა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. უფრო მეტიც, მან მეორე თაობის iPad წარუდგინა საზოგადოებას და პრეზიდენტ ობამასაც შეხვდა ტექნოლოგიების მომავალზე სასაუბროდ.

სტივ ჯობსი 2001 (მარცხნივ) და 2011 (მარჯვნივ) წლებში

2004 წელს სტივმა ოპერაცია გადაიტანა, რომელმაც სიმსივნის ნაწილი მოაშორა, 2009 წელს კი ღვიძლი გადაინერგა. აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მისი შემოსავალი სულ რაღაც 1$ იყო წელიწადში, მაგრამ ფლობდა 5 მილიარდ 426 მილიონი დოლარის ღირებულების აქციებს, ასევე “დისნეის” 138 მილიონი დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებს. მისი ქონება 5 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

სან-ფრანცისკოში დაბადებული სტივი ბიოლოგიურმა დედამ გააშვილა, 17 წლის ასაკში უნივერსიტეტში ჩააბარა და მალევე გაანება თავი, კომპიუტერთან დაკავშირებულ პირველ სამუშაოს კი იმიტომ გამოეხმაურა, რომ ფული სჭირდებოდა ინდოეთში წასასვლელად და სულიერი თავშესაფრის საპოვნელად. იქიდან თავგადაპარსულ ბუდისტად დაბრუნდა და მოგვიანებით აღიარა, რომ ხშირად იღებდა LSD-ს, მისგან გამოწვეულ შეგრძნებას კი უწოდა “სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამიდან ერთ-ერთი”, რაც მის ცხოვრებაში გაუკეთებია.

ჩრდილოეთ კალიფორნიაში დაბრუნებისას მან მუშაობა დაიწყო კომპიუტერულ ფირმაში “Atari”, შემდეგ კი თავად დააარსა ახალი კომპანია “Apple” მშობლების ფარეხში სტივ ვოზნიაკთან, რონალდ უეინთან და მაიკ მაკულასთან ერთად, 1976 წელს. 1985 წელს მან კომპანია დატოვა და 11 წლის შემდეგ დაბრუნდა, რამაც შემდეგი 14 წლის განმავლობაში კომპანიის საოცარი სისწრაფით ზრდას შეუწყო ხელი.

სტივმა შეძლო და სამსახურში მაქსიმალურად მყუდრო გარემო შექმნა, მისი თანამშრომლები თავს კომფორტულად და თავისუფლად გრძნობდნენ. თუმცა არც სიმკაცრეს აკლებდა – ჭორები ამბობენ, რომ მან თავისი ასისტენტი მხოლოდ იმიტომ დაითხოვა, რომ ერთხელ განსხვავებული ბრენდის მინერალური წყალი მიუტანა.

სტივ ჯობსი Apple I-Mac-ით 1998 წლის 18 მაისს კალიფორნიაში
სტივ ჯობსი Apple II კომპიუტერით 1977 წელს (მარცხნივ) და 1994 წელს (მარჯვნივ)
ჯობსი პოზირებს Apple Macintosh-თან 1984 წელს

სტივი და ლორენი იოსემიტის ეროვნულ პარკში დაქორწინდნენ 1991 წელს, საცხოვრებლად კი კალიფორნიის შტატის ქალაქ ვუდსაიდში გადაინაცვლეს. მოგვიანებით მათ სამი შვილი შეეძინათ – რიდ პოლი, ერინ სიენა და ევა. სტივს კიდევ ერთი შვილი შეეძინა მეგობარი გოგონასგან, კრის ანა ბრენანისგან 1978 წელს. მისი სახელია ლიზა ბრენან ჯობსი.

სტივის ბიოლოგიური მამა იყო კაზინოს მფლობელი სირიელი მამაკაცი აბდულფათაჰ ჯონ ჯანდალი, დედა კი სტუდენტი ჯოან კეროლ შიბლე. წყვილი დაქორწინებული არ იყო და ბავშვის დატოვება ორივეს სახელის შერცხვენას გამოიწვევდა.

ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა მიმართვა გაავრცელა: “სტივ, მადლობა იმისთვის, რომ იყავი კარგი დამრიგებელი და მეგობარი. მადლობა იმის ჩვენებისთვის, რომ იმას, რაც შენ გააკეთე, სამყაროს შეცვლა შეუძლია. მომენატრები.”

“მაიკროსოფტის” დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა, ასევე გამოთქვა მწუხარება: “მართლა ძალიან დამამწუხრა იმის გაგებამ, რომ სტივი გარდაიცვალა. პირველად ჩვენ დაახლოებით 30 წლის წინ შევხვდით, ჩვენ ვიყავით კოლეგები, მეტოქეები და მეგობრები ნახევარ სიცოცხლეზე მეტი ხნის განმავლობაში. მსოფლიოზე იშვიათად თუ ახდენს ვინმე ისეთ გავლენას, როგორიც სტივმა მოახდინა, ეს ეფექტი თაობებზე იმოქმედებს. ჩვენ, ვისაც მასთან მუშაობის ბედნიერება გვხვდა წილად, იყო უდიდესი პატივი. სტივი უზომოდ მომენატრება.”

გუგლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლარი ფეიჯმა, “Google+”-ზე დაპოსტა: “ძალიან ვწუხვარ სტივის გამო. ის იყო უდიდესი ადამიანი დაუჯერებელი მიღწევებითა და გასაოცარი ბრწყინვალებით. მას ყოველთვის შეეძლო, რამდენიმე სიტყვით გადმოეცა ის, რაც იმ დროს ფიქრებში გიტრიალებდა.”

სტივი შთამაგონებელი პიროვნება იყო მისი თანამშრომლებისა და მილიონობით მომხმარებლისთვის. კომპიუტერების გარდა, ის ჩართული იყო მუსიკისა და საგამომცემლო ბიზნესში, შექმნა რა ისეთი პროდუქტები, როგორიცაა iPod, iPhone და iPad. დიდი გავლენა მოახდინა შვილობილ კომპანია “Pixar”-ზეც. მისი მეშვეობით იხილეს მაყურებლებმა “Toy Story” და “Finding Nemo”. 2006 წელს “პიქსარი” შეიძინა კომპანია “დისნეიმ”, რითაც სტივ ჯობსი იქცა მედიის უდიდეს აქციონერად.

მადლიერი მყიდველები “ეფლის” მაღაზიებთან ყვავილებს ტოვებენ და სანთლებს ანთებენ. სტივის გარდაცვალებიდან 1 საათში ტვიტერზე 170 000-ზე მეტ ტვიტში იყო ნახსენები ფრაზა “RIP Steve Jobs”.

ყველაფერთან ერთად, სტივ ჯობსი შთამაგონებელ ადამიანად ითვლებოდა თავისი გამოსვლის გამო, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის 2005 წლის კურსდამთავრებულთა მიმართ წარმოთქვა.

გამორჩეული მოვლენები სტივ ჯობსის ცხოვრებაში:
● 1976 წელს დააარსა “Apple”.
● 1980 წელს “Apple”-ის ბრუნვა ბაზარზე გახდა უდიდესი “ფორდის” 1956 წლის მაჩვენებლის შემდეგ.
● 1985 წელს სტივმა დატოვა “Apple” და გადაერთო “Pixar”-სა და “NeXT”-ზე.
● 1997 წელს დაბრუნდა “Apple”-ში იმ პირობით, რომ უსიცოცხლო კომპანიას ახალ სულს შთაბერავდა.
● 2000 წელს “Apple”-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
● 2002 წელს გამოვიდა iPod.
● 2003 წელს გამოვიდა iTunes.
● 2004 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ პანკრეასის სიმსივნე სჭირდა და მოსაშორებლად ოპერაცია ჩაიტარა.
● 2007 წელს გამოვიდა iPhone.
● 2009 წლის ივნისში, ღვიძლის გადანერგვიდან 6 თვეში, სამუშაოს დაუბრუნდა.
● 2010 წლის იანვარში გამოვიდა iPad.
● 2011 წლის 17 იანვარს სტივმა განაცხადა, რომ შესვენებას აპირებდა, რადგან მალე ოპერაციას ჩაიტარებდა.
● 2011 წლის 11 მარტს გამოვიდა iPad 2.
● 2011 წლის 24 აგვისტოს სტივმა უარი თქვა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
● 2011 წლის 4 ოქტომბერს გამოვიდა iPhone 4S.
● 2011 წლის 5 ოქტომბერს სტივ ჯობსი გარდაიცვალა.

3 thoughts on “სტივ ჯობსი გარდაიცვალა

  1. ეხ, რა სწრაფად მიდის დრო. რამდენიმე წლის წინ რა დონის პაექრობა იყო ბილ გეითსა და სტივ ჯობსს შორის და დღეს, რევოლუციონერი სტივი აღარ გვყავს 😦

    Like

დატოვე კომენტარი