ოლივერი – ადამიანი-შიმპანზე

ოლივერი განსხვავდებოდა ჩვეულებრივი მაიმუნებისგან, თანაც ძალიან. ის 1960 წელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაიჭირეს, მალევე კი ცხოველთა მწვრთნელებმა – ფრენკ და ჯანეტ ბერგერებმა – შეიძინეს. მაშინ ოლივერი 2 წლის იყო. ფიზიკური აგებულებისა და ქცევების გამო იფიქრეს, რომ ის მაიმუნი კიარა, რაიმე ჰიბრიდი ან ქმნილება იყო. ოლივერი ბევრ რამეში ჰგავდა ადამიანებს: სახის მოყვანილობით – უფრო ბრტყელი ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივ შიმპანზეებს. ოთხის მაგივრად ორ (უკანა) ფეხზე დადიოდა, არ გამოუყენებია წინა კიდურების თითები სხეულის დასაყრდნობად. ასევე, სექსუალური კუთხით მდედრი ადამიანები უფრო იზიდავდა, ვიდრე შიმპანზეები. 2006 წლის 16 დეკემბერს, “Discovery Channel”-ის გადაცემაში ჯანეტი ირწმუნებოდა, რომ 16 წლის ასაკში ოლივერი მისით იყო დაინტერესებული. ერთხელ სექსუალური კავშირის დამყარებაც სცადა. შემდგომში ეს რამდენჯერმე განმეორდა და ოლივერის გაყიდვა გადაწყვიტეს, რათა ჯანეტს საფრთხე აღარ შექმნოდა.

70-იან წლებში ოლივერი ხშირად გამოდიოდა ცირკში, მონაწილეობას იღებდა იმ დროს პოპულარულ “მახინჯების შოუში”. მისი შემხედვარე ბევრმა იფიქრა, რომ ის გარდამავალი რგოლი იყო ადამიანსა და მაიმუნს შორის და უწოდეს humanzee (human + chimpanzee). ამას ამტკიცებდა სამედიცინო დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ოლივერს ჰქონდა 47 ქრომოსომა – ერთით მეტი ადამიანზე და ერთით ნაკლები შიმპანზეზე. თუმცა მოგვიანებით იგივე ტესტი ჩაატარეს 1996 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა და მათი დასკვნით, ეს მაჩვენებელი იყო 48. თავის ქალის აგებულება, ყურის ფორმა, ჭორფლები და სიმელოტე განსაკუთრებულ ნიშნად არ ჩაუთვლიათ. ამიტომ 90-იან წლებში ოლივერი ჩვეულებრივი შიმპანზეების რიგს მიაკუთვნეს.

თუმცა მანამდე, 70-იან წლებში, ოლივერის უჩვეულო გარეგნობა საყოველთაო ყურადღებას იპყრობდა. ადამიანის მსგავსი სახე, ღია ფერის თვალები, სიმელოტე და რბილი ხმა კიდევ უფრო აძლიერებდა მაყურებლებში იმ შთაბეჭდილებას, რომ მათ წინაშე ჩვეულებრივი პრიმატი არ იდგა. მისი მანერებიც ფრიად ადამიანური იყო, და ის ფაქტი, რომ ოლივერი ბიპედალი იყო – დადიოდა ორ ფეხზე, აღტაცებას იწვევდა. ამასთან უჩვეულოა ისიც, რომ ეს ბუნებრივად იყო – თავად ოლივერი ამჯობინებდა ორ ფეხზე სიარულს და ამისთვის სპეციალურად არ გაუწვრთნიათ.

ოლივერი ხშირად გამოდიოდა ედ სალივანის შოუებში, სადაც ცნობილი მწვრთნელები იკრიბებოდნენ. ამის შედეგად ოლივერმა მალე გაითქვა სახელი სხვადასხვა ქვეყნებში. ბერგერების ოჯახი ირწმუნებოდა, რომ შიმპანზეებს მასთან ურთიერთობა არ სურდათ, ყოველთვის რიყავდნენ და დასცინოდნენ. თუმცა დიდად არც ოლივერს ხიბლავდა მათთან ყოფნა, უფრო მეტად ადამიანების კამპანია ერჩივნა. კიდევ უფრო გააოცა პატრონები, როცა მათი დახმარება დაიწყო ყოველდღიურ სამუშაოებში – აჭმევდა ცხოველებს და ისწავლა იარაღების გამოყენება. იცოდა ურიკის ხმარებაც – როცა ტვირთი მძიმე იყო სათრევად, ურიკაში აწყობდა და ისე მიჰქონდა. რომ გაიზარდა, დილით ყავის და საღამოს კოქტეილის სმა დაიწყო, ზოგჯერ თავადაც ურევდა სხვადასხვა წვენებს. ეს ყველაფერი არ იყო უბრალოდ მიბაძვა, ოლივერი ხშირად ძლევდა დაბრკოლებებს და პოულობდა ხსნის გზას ლოგიკის ან წარსულში შეძენილი უნარ-ჩვევების გამოყენებით.

ოლივერს ქალები (ადამიანები) იზიდავდა და ამიტომ თავისი ძალის გამო საფრთხეს წარმოადგენდა მაყურებლებისა და მომვლელებისთვის. წლების განმავლობაში უამრავი მფარველი და მწვრთნელი გამოიცვალა და ყველა მათგანი უძლური იყო, ბოლომდე დაემორჩილებინა ოლივერი. 1986 წელს ის ლაბორატორიას მიჰყიდეს. საბედნიეროდ, მას არ მოუწია მტანჯველ და მძიმე ექსპერიმენტებში მონაწილეობა, რადგან მისი განსაკუთრებულობის გამო ჩათვალეს, რომ ეს შეიძლებოდა სიცოცხლისთვის საშიში ყოფილიყო. ამის ნაცვლად ოლივერმა რამდენიმე წელი გალიაში გაატარა.

1998 წელს ოლივერი გათავისუფლდა და გადაიყვანეს სპეციალურ ვილაში, სადაც შიმპანზეები ცხოვრობდნენ. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ანალიზით, მას ქრომოსომების ნორმალური, შიმპანზეებისთვის შესაფერისი რაოდენობა ჰქონდა, თუმცა გენეტიკური კოდი მთლად სტანდარტული არ იყო. ოლივერს ამ დროს დაქვეითებული ჰქონდა მხედველობა, სჭირდა კუნთების ათროპია, კანი კი დალაქავებოდა. ამის მიუხედავად, ის მაინც ახერხებდა ორ ფეხზე სიარულს, თუმცა რამდენჯერმე დამბლის შეტევა დაემართა და სპეციალური მოვლა გახდა საჭირო.

2006 წელს ოლივერი ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში – ტელევიზიაში რამდენიმე გადაცემა გაუშვეს მასზე, სადაც განაცხადეს, რომ მას “უფრენია ბოინგ 747-ით, ეწეოდა სიგარას და სვამდა ღვინო ხერესს”. ის მიჩვეული იყო უზრუნველ და თავისუფალ ცხოვრებას, არა ისეთს, როგორიც ბოლო წლებში ჰქონდა. ოლივერი ამჟამადაც ცოცხალია, ის 53 წლისაა.

შესაძლებელია ადამიანისა და მაიმუნის შეჯვარება? წარსულში ბევრი ფიქრობდა, რომ კი. 1929 წელს საბჭოთა ბიოლოგი ილია ივანოვი ჰიბრიდის მისაღებად ექსპერიმენტებს ატარებდა, თუმცა ამ ამბავმა ევროპა-ამერიკაში გაჟონა და მეცნიერი ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა. 1977 წელს მკვლევარმა მაიკლ ბედფორდმა აღმოაჩინა, რომ ადამიანის სპერმას შეუძლია შეაღწიოს გიბონის კვერცხუჯრედის გარეთა გარსში. გიბონი კი გენეტიკურად ძალიან შორს დგას ადამიანისგან (განსხვავებით შიმპანზესგან).

არის თუ არა ოლივერი ჰიბრიდი? უფრო სავარაუდოა, რომ არა. თუმცა კი ის ცხადია, რომ ნამდვილად არაორდინალური ქმნილება გახლავთ.

 

დოკუმენტური ფილმი ოლივერზე:

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: